29 ნოემბერს მინსკში დაკრძალეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ულაძიმირ მაკეი, რომელიც 26 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა 64 წლის ასაკში. ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკის სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ბელარუსული მედიის, მათ შორის ოპოზიციური ინტერნეტგამოცემების ცნობით, ულაძიმირ მაკეი გულის შეტევით გარდაიცვალა. ანალიტიკოსების ნაწილს როგორც ბელარუსში, ასევე უკრაინასა და რუსეთში, არ სჯერა, რომ ლუკაშენკას შემდეგ ყველაზე გავლენიანი ბელარუსი პოლიტიკოსი, რომელიც, გარკვეულ წრეებში, ლუკაშენკას შემცვლელადაც კი განიხილებოდა, ბუნებრივი, არაძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
- ვინ იყო ულაძიმირ მაკეი?
- როგორ ურთიერთობა ჰქონდა მას დასავლეთთან და რუსეთთან?
- რა განაპირობებდა მის „მეორე კაცობას“ ბელარუსის ხელისუფლებაში?
- როგორ შეცვლის ულაძიმირ მაკეის გარდაცვალება ვითარებას ბელარუსში?
- ხომ არ გაიზარდა ბელარუსის არმიის უკრაინასთან ომში ჩაბმის რისკი?
მოკვდა თუ მოკლეს?
ულაძიმირ მაკეიმ 10 წელი იმსახურა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, რომელსაც იგი 2012 წლიდან იკავებდა, თუმცა მანამდე, 2000-2008 წლებში იყო ლუკაშენკას თანაშემწე, ხოლო 2008-2012 წლებში - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
64 წლის პოლიტიკოსი არც წინა დღეებში და არც გარდაცვალების დღეს არ უჩიოდა ჯანმრთელობას.
„ავადმყოფობის არანაირი წინაპირობა ან ნიშანი არ ყოფილა“, - განაცხადეს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, რომლის მიხედვითაც, 24 ნოემბერს მაკეი ОДКБ-ს ერევნის სამიტიდან დაბრუნდა მინსკში, 25-ში კი ვატიკანის ელჩს, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩს შეხვდა, ხოლო მომდევნო დღეს პოლონეთში, ეუთოს ერთ-ერთ ღონისძიებაზე აპირებდა გამგზავრებას.
თუმცა მოულოდნელი გარდაცვალების გარდა, ეჭვისა და მითქმა-მოთქმის საფუძველი ასევე გააჩინა ბელარუსის ხელისუფლებისა და სამთავრობო მედიების უცნაურმა რეაქციამ: ულაძიმირ მაკეის გარდაცვალება არ იქცა მთავარ ახალ ამბად სახელმწიფო მედიების ვებსაიტებსა და სატელევიზიო არხებზე.
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდაცვალების შესახებ მთელი დღის განმავლობაში ცნობა არ გამოუქვეყნებია საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთავრობას არ დაუსახელებია გარდაცვალების მიზეზი, მხოლოდ ითქვა, რომ „მოულოდნელად გარდაიცვალაო“. ასევე არ გამოქვეყნებულა ნეკროლოგი, რაც, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში კეთდება ხოლმე. ის, რომ ალექსანდრ ლუკაშენკამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა, მხოლოდ ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის მოკლე რელიზიდან გახდა ცნობილი.
როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი, ვალერი კარბალევიჩი ამბობს, მთავრობის გავლენიანი წევრის მოულოდნელმა გარდაცვალებამ დააბნია როგორც ბელარუსის ხელისუფლება, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი მედიაც.
„ბელარუსში სახელმწიფო მედია და მთელი პროპაგანდისტული მანქანა ყოველთვის სტაგნაციაში ვარდება, როცა არაორდინარული ამბავი ხდება. ისინი მიჩვეულნი არიან იმუშაონ მკაცრი ინსტრუქციების, დაწესებული ნორმებისა და ზემოდან მიღებული მითითებების შესაბამისად. მაღალი თანამდებობის პირის სიკვდილი კი ძალიან უჩვეულო ვითარებას ქმნის, რადგან რეალურად ბელარუსში ერთადერთი პოლიტიკოსი არსებობს, ყველა სხვა ლიდერი მხოლოდ ინსტრუმენტი და საშუალებაა ამ პოლიტიკოსის ხელში. ასეთ ვითარებაში, ერთი ჩინოვნიკისთვის, თუნდაც გარდაცვლილისთვის იმაზე მეტი მნიშვნელობის მინიჭება, ვიდრე საჭიროა, შეიძლება აღქმულ იქნეს მიუტევებელ შეცდომად. პრობლემა სწორედ ისაა, რომ არავინ იცის, რომელი ჩინოვნიკი როგორ გაშუქებას იმსახურებს, ვიდრე ამას ალექსანდრ ლუკაშენკა არ განსაზღვრავს“, - ამბობს ვალერი კარბალევიჩი, რომლის თქმითაც, როგორც ჩანს, თვითონ ლუკაშენკამაც დიდხანს ვერ გადაწყვიტა, რა რეაქცია უნდა ჰქონოდა თავისი მთავრობის გავლენიანი წევრის გარდაცვალებაზე.
„საქმე ისაა, რომ ლუკაშენკას მმართველობის პერიოდში პირველად დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი თანამდებობის პირი. ლუკაშენკა დილემის წინაშე დადგა. ერთი მხრივ, მის დასაყრდენს წარმოადგენს უმაღლესი ნომენკლატურა, რაც მკაფიოდ გამოჩნდა 2020 წლის კრიტიკულ დღეებში, ამიტომ, მიზანშეწონილი იქნება, თუკი ადამიანებს, რომლებიც მისი ერთგულები არიან, შესაბამის პატივს მიაგებს (განსაკუთრებით, გარდაცვალების შემთხვევაში), რათა ყველამ დაინახოს, რომ ერთგულება წახალისებული და დაფასებულია. როგორც ჩანს, მაკეის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ სახელმწიფო მედიამ მიიღო შესაბამისი მითითება და ბელარუსის საინფორმაციო სააგენტომაც დაიწყო სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების სამძიმრის განცხადებების გამოქვეყნება, მაგრამ, მეორე მხრივ, ლუკაშენკას რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზომაზე მეტადაც არ განადიდონ თანამდებობის პირის დამსახურებები, რათა არ დაიჩრდილოს ერთადერთი და მთავარი პოლიტიკოსის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ვხედავთ ამგვარ ფრთხილ და წინააღმდეგობრივ ხაზს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გარდაცვალების გაშუქებაში“, - ამბობს ვალერი კარბალევიჩი.
ლუკაშენკას მაკიაველი
ნატალია რადინა - ბელარუსი ჟურნალისტი და საინფორმაციო საიტ „ქარტია-97“-ის რედაქტორი, ულაძიმირ მაკეის „ლუკაშენკას მაკიაველად“ მოიხსენიებს:
„მოკვდა ნაძირალა, ლუკაშენკას პატარა მაკიაველი. თავისით მოკვდა, თუ ვინმე დაეხმარა - არც ისე მნიშვნელოვანია. აშკარაა, რომ ხუნტა ტურბულენტობის ზონაშია შესული. რყევები კიდევ უფრო გაძლიერდება, ვიდრე საბოლოოდ არ დაინგრევა“.
ბელარუსი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, ვალერი ცეპკალოს თქმით კი, ულაძიმირ მაკეი სიცოცხლის ბოლომდე, ბოლო წუთამდე ემსახურა ლუკაშენკას - „ბელარუსი ხალხის მოღალატესა და კაციჭამიას“, რომელმაც, ცეპკალოს თქმით, „ათეულობით მინისტრი შეჭამა და რომელიც კიდევ არაერთ უხერხემლოს გადაყლაპავს იმ მოკლე დროში, რაც დარჩა“.
ოლჰა კარაჩი, ბელარუსი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ულაძიმირ მაკეიმ მთელი თავისი ბრწყინვალე გონება და უდავოდ დიდი პოლიტიკური ნიჭი მოახმარა ლუკაშენკას სისხლიანი და სადისტური რეჟიმის გაძლიერებას. კარაჩის თქმით, სწორედ მაკეი დაეხმარა 2009 წელს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს გერმანიის საგარეო უწყებიდან მნიშვნელოვანი გრანტის მიღებაში, რომლითაც შეიქმნა ინტერნეტში ხელისუფლებით უკმაყოფილო ბელარუსი მოქალაქეების თვალთვალის სისტემა.
„მაშინ გერმანელმა პოლიციელებმა არა მხოლოდ გადასცეს ბელარუს კოლეგებს უახლესი ტექნოლოგიები და პროგრამები ლუკაშენკას ოპონენტების გამოსავლენად, არამედ მოამზადეს ბელარუსის პოლიცია და კგბ ამ პროგრამების ათვისებაში, - ამბობს ოლჰა კარაჩი, - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გერმანელებს მიეწოდებოდათ როგორც ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომები. სწორედ ამ პროგრამების საშუალებით ჩაახშეს 2011 წელს მასობრივი საპროტესტო მოძრაობა - „რევოლუცია სოციალური ქსელის მეშვეობით“ და დღესაც ამ პროგრამების დახმარებით სვამენ ადამიანებს ციხეებში სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარებისთვის“.
თუმცა, ოლჰა კარაჩის თქმით, კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა ის, რაც ულაძიმირ მაკეიმ 2015 წელს გააკეთა:
„2015 წელს მან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შექმნა და გააძლიერა ლუკაშენკას რეჟიმის ლობისტების მთელი ქსელი, ასევე მფარველობდა ბელარუსის შესახებ ვითომ დამოუკიდებელი ანალიტიკური ინფორმაციის გავრცელებას. ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და უარესდებოდა, მაგრამ ამ ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ან წაუყრუებდნენ, ან შეძლებისდაგვარად არბილებდნენ წვრილ-წვრილი სიკეთეების სანაცვლოდ. იმ დროს, როცა ბელარუს უფლებადამცველებს იტაცებდნენ ქუჩებიდან, უწყობდნენ დახვრეტის იმიტაციებს გარეუბნებში, კგბ და შსს ბავშვებს ართმევდა უფლებადამცველ ქალებს, ხოლო ახალგაზრდების წინააღმდეგ ჯგუფურად იკერებოდა ყალბი სისხლის სამართლის საქმეები, მაკეის ლობისტები ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მასობრივად ავრცელებდნენ ინფორმაციას ბელარუსში „ლიბერალიზაციის“ შესახებ. ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების ლობისტების ეს მწყობრი და ფარულად მართული გუნდი ეხმარებოდა მაკეის და ლუკაშენკას სისხლიან რეჟიმს გაძლიერებასა და თავდაცვის მტკიცე ზღუდეების მშენებლობაში“.
რეჟიმის ამბივალენტური მსახური
ულაძიმირ მაკეის კრიტიკის პარალელურად, ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი შენიშნავს, რომ გარდაცვალილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბივალენტური ფიგურა იყო, რადგან ლუკაშენკას რეჟიმის გაძლიერების პარალელურად მას მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული დასავლეთთან დაახლოების და რუსეთისგან დისტანცირების თვალსაზრისით.
2020 წლის მასობრივი პროტესტების დროს გამოჩნდა, რომ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც 2014 წლიდან ევროპასთან დაახლოების კურსი ჰქონდა აღებული, მართლაც ყველაზე მედასავლეთე უწყება იყო: მაშინ ბევრმა ბელარუსმა დიპლომატმა პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური, ბევრი კი მოგვიანებით გაუშვეს საპროტესტო მოძრაობის თანაგრძნობისათვის.
როგორც ამბობენ, სხვა ბელარუს ჩინოვნიკებთან შედარებით ულაძიმირ მაკეი ყველაზე ხშირად იყენებდა ბელორუსულ ენას, რაც ასევე ნიშანდობლივი ფაქტია მოძალებული „რუსკი მირის“ ფონზე. მაკეის დამსახურება ასევე დიდია ლუკაშენკას ადმინისტრაციიდან ოდიოზური ჩინოვნიკების, „რუსული სამყაროს“ აპოლოგეტების გაშვებაში. შემთხვევით არ არის, რომ პუტინის მხარდამჭერი რუსი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი, სიარგეი მარკოვი თავშეუკავებლად აკრიტიკებს გარდაცვლილ ბელარუს დიპლომატს ანტირუსული ორიენტაციის გამო.
„ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკეი იყო დასავლეთის მთავარი ფავორიტი ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე, ლუკაშენკოს შეცვლის შემდეგ. მისი ამ ქვეყნიდან წასვლა არის სიმბოლო ბელარუსის კურსის შეცვლის შეუძლებლობისა. სწორედ ამის საპირისპიროს აკეთებდა მაკეი და სწორედ იგი იქნებოდა ამ საქმეში მთავარი გამარჯვებული, რადგან საგარეო კურსის შეცვლის შემთხვევაში ის გახდებოდა ბელარუსის პრეზიდენტი“, - ამბობს სიარგეი მარკოვი, რომლის მოსაზრებას, რომ ულაძიმირ მაკეის შეეძლო შეეცვალა ლუკაშენკა ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ბევრი იზიარებს, მათ შორის რუსეთისვე ოპოზიციურ წრეებშიც.
ლევ შლოსბერგი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, დარწმუნებულია, რომ ულაძიმირ მაკეის ჰქონდა ქვეყნის ლიდერისთვის საჭირო როგორც მასშტაბი, ასევე ძალაუფლების ტვირთის ტარების უნარი. და კიდევ, როგორც შლოსბერგი ამბობს:
- ულაძიმირ მაკეის პირადი ნაცნობობის წრე მსოფლიოში საგრძნობლად აჭარბებდა ლუკაშენკას კონტაქტების წრეს. არსებითად, მაკეი მეორე ადამიანი იყო ბელარუსში
- ულაძიმირ მაკეი ახერხებდა ურთიერთობის შენარჩუნებას ბელარუსსა და ევროპას შორის. ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი ევროპა მას პარტნიორად აღიარებდა
- ალექსანდრ ლუკაშენკას საგარეო პოლიტიკის ე.წ. მრავალვექტორულობაც (2020 წლამდე) ულაძიმირ მაკეიზე იდგა
- ულაძიმირ მაკეი ბელორუსის სუვერენიტეტის შენარჩუნების მტკიცე მომხრე იყო. მთავრობაში მისი ყოფნა გამორიცხავდა რუსეთის მიერ ბელორუსის შთანთქმას
- ულაძიმირ მაკეი იყო კატეგორიული წინააღმდეგი უკრაინასთან საომარ მოქმედებებში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვისა
- ულაძიმირ მაკეი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბელარუს სამხედროებში
სიარგეი ნაუმჩიკი - ემიგრაციაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მწერალი, ამბობს, რომ სწორედ ულაძიმირ მაკეი იყო 2015-2019 წლებში ე.წ. რბილი ლიბერალიზაციის, „აღმოსავლეთ ევროპის შვეიცარიის“ პროექტის არქიტექტორი.
„მე არ ვიყავი იმათ შორის, ვინც ულაძიმირ მაკეიზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდა 2020 წელს, თუმცა ვაღიარებდი, რომ გარკვეულ სიტუაციაში და გარკვეული დროის განმავლობაში ის შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც იტყვიან, "გარდამავალი ფიგურა", როგორც, ვთქვათ, მალენკოვი იყო სტალინის შემდეგ. ძალიან ხშირად ტირანს ცვლის ხოლმე ნახევრად ტირანი ან მეოთხედი ტირანი, მაგრამ როგორც ელცინმა გააბათილა თავისი დამსახურება პუტინის მემკვიდრედ დანიშვნით, ასევე მაკეიმ, 2020 წელს გადაშალა ყოველივე ის, რასაც (ამა თუ იმ მიზეზის გამო) მანამდე აკეთებდა. ულაძიმირ მაკეიმ 2020 წელს ბოროტების მხარე აირჩია. შესაძლოა მას ეგონა, რომ ეს არ იყო მისი საბოლოო არჩევანი, მაგრამ ღმერთმა სხვაგვარად ინება“, - განაცხადა სიარგეი ნაუმჩიკმა.
2020 წლის კრიზისის დროს დასავლეთში მართლაც ბევრს ეგონა, რომ მაკეი ან გადადგებოდა, ან საერთოდ ოპოზიციის მხარეს გადავიდოდა და სათავეს დაუდებდა ლუკაშენკას რეჟიმის გახლეჩის პროცესს, მაგრამ, როგორც Carnegie Politika-ს წარმომადგენელი არტემ შრაიბმანი წერს „მედიაზონაში“, ულაძიმირ მაკეის შედარებითი პროგრესულობა უფრო სტილი და პოლიტიკური ამოცანების გადაჭრის საშუალება იყო, ვიდრე რეალურად განსხვავებული იდეოლოგია.
„შეცდომაა იმის მტკიცება, რომ მაკეი იყო დისიდენტი ან ლიბერალი. ის იყო ავტორიტარი მმართველი, ინტრიგების კარგი მხლართავი და კარგი მომლაპარაკებელი, რომელმაც კარგად იცოდა, თუ რის თქმას ელოდნენ მისგან. დასავლეთთან დაახლოება და მოსკოვისგან დისტანცირებაც მაკეისთვის მიზანი კი არა, საშუალება იყო, რათა მიეღწია ლუკაშენკას ავტორიტარული სისტემის მეტი მდგრადობისათვის. პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის გაზრდილი მადის ფონზე, საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორულობა ბელარუსის რეჟიმს გადარჩენის მეტ შანსს აძლევდა“, - ამბობს არტემ შრაიბმანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკას ძალიან გაუჭირდება ულაძიმირ მაკეის გარეშე, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა 20 წლის განმავლობაში და ბოლო თვეებშიც კი ცდილობდა დასავლეთთან რაღაც სახის კონტაქტების შენარჩუნებას.