Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გაჰყვება ღარიბაშვილს, ვის მოიყვანს კობახიძე, და არის ეს მნიშვნელოვანი?


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 2023 წლის 30 დეკემბერი.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 2023 წლის 30 დეკემბერი.

მომდევნო კვირა-ნახევარში გაირკვევა, პრემიერ-მინისტრის გადადგომა როგორ შეცვლის მთავრობის შემადგენლობას. პირველ რიგში, ოთხი მინისტრის ჩანაცვლებას ვარაუდობენ. ისინი პირადად ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრები იყვნენ.

29 იანვარს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომამ მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ მთავრობის შემადგენლობას ის მინისტრები დატოვებენ, რომელთა კარიერული წინსვლა მხოლოდ ყოფილ პრემიერს უკავშირდებოდა.

მედიაშიც ოთხი მინისტრის (მოვალეობის შემსრულებლის) შეცვლის შესახებ ვრცელდება ვერსიები:

  • ილია დარჩიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი;
  • ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის მინისტრი;
  • რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი.

მინისტრად დანიშვნამდე, სამმა მათგანმა ერთნაირი გზა გაიარა - ბურჭულაძე, აზარაშვილი და ბრეგაძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილეები იყვნენ. ილია დარჩიაშვილი კი პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების კადრების მნიშვნელოვან ნაწილს, ერთხელ მაინც უმუშავია „ქართუ ბანკსა“ თუ „ქართუ ფონდში“, მაგრამ ჯანდაცვისა და თავდაცვის მინისტრებს ერთნაირი პოზიციები ჰქონდათ.

  • ზურაბ აზარაშვილი - 2005-2008 წლებში „ქართუ ბანკის" პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი იყო;
  • ჯუანშერ ბურჭულაძე - 2004-2005 წლებში იყო „ქართუ ბანკის" პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

ოფიციალურ დასახელებამდე ვარაუდობენ, რომ ღარიბაშვილთან დაახლოებული ოთხი მინისტრი მასთან ერთად დაასრულებს საქართველოს მთავრობაში საქმიანობას. შესაძლოა, მათი პოლიტიკოსობაც ამით ამოიწუროს.

საქართველოს მთავრობის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. 2024 წლის 22 იანვარი.
საქართველოს მთავრობის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. 2024 წლის 22 იანვარი.

1 თებერვალს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მეორედ. 30 დეკემბერს პოლიტიკაში ოფიციალურად კიდევ ერთხელ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი ისარგებლებს საპატიო თავმჯდომარისთვის ახლად მინიჭებული უფლებამოსილებით და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაასახელებს.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ეს მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი პარლამენტს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, სამთავრობო პროგრამას წარუდგენს.

კობახიძის კადრები

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი კობახიძის შერჩევას ქართული დემოკრატიისთვის „ისტორიული მომენტი“ უწოდა.

„პირველად მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები შემდეგ არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით, თუ სხვა სახით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას“, - თქვა მან.

ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, კობახიძის მთავრობაში ვინ დაიკავებს ამა თუ იმ მინისტრის თანამდებობას. მედიაში ვრცელდება ვერსია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი რამდენიმე მინისტრს, სწორედ, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოდან გადაიყვანს.

ვარაუდობენ, რომ თავდაცვის მინისტრი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზეც ორი სავარაუდო კანდიდატია - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი.

„შემოთავაზება არ მიმიღია, თუ შემოთავაზება იქნება, მერე ვიფიქრებ", - თქვა სამხარაძემ მის შესაძლო დანიშვნაზე შეკითხვის პასუხად.

„TV პირველის“ ცნობით, ჯანდაცვის მინისტრად შესაძლოა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დანიშნონ, ხოლო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე - იუსტიციის მინისტრად.

მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები, ისევე, როგორც ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან.

შეფასება

პოლიტოლოგი, პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ამბობს, რომ კობახიძის გუნდის წევრები განსხვავდებიან ღარიბაშვილის თანაგუნდელებისგან, თუმცა, ის გამაერთიანებელ ნიშანზეც მიუთითებს: „ყველა არის ბიძინა ივანიშვილის სრული მონა-მორჩილი, რასაც ეტყვის, იმას გააკეთებენ“.

დავით ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ „ღარიბაშვილის გუნდი არის უფრო კლანური და ერთნაირად მოფიქრალი, მასში უფრო კონსერვატორი ადამიანები შედიან: ძველი სამეგობრო, სანათესაო, ნათელ-მირონები და ა.შ.“ ზურაბიშვილმა დაამატა, რომ „როდესაც ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრი [ზურაბ აზარაშვილი] წარადგინა, მის მთავარ ღირსებად დაასახელა, რომ ის არის ექიმის ოჯახიდან“.

მისი ვარაუდით, თუკი ღარიბაშვილი პარტიაში მხოლოდ ფორმალურად არ დარჩება, ის თავის კადრებს, ყოფილ მინისტრებს „ქართულ ოცნებაში“ წაიყვანს.

პარლამენტის ყოფილი წევრის განცხადებით, კობახიძის გუნდი, რეალურად, არც არსებობს. „მაგალითად, გახარია, როდესაც წავიდა პრემიერის თანამდებობიდან, მას გაჰყვა გარკვეული ნაწილი „ოცნების“ საპარლამენტო სიიდან და წავიდნენ ოპოზიციაში, - აღნიშნა ზურაბიშვილმა და განაგრძო, - დარწმუნებული ვარ, კობახიძე რომ გააგდოს [ივანიშვილმა], არავინ არ გაჰყვება, თუ ისინიც არ გააგდო ივანიშვილმა. ყველა ამჯობინებს ბიძინასთან დარჩენას.

ასეთი შეკრული გუნდი, რომელიც ჯერ კობახიძეზე იქნება ორიენტირებული და შემდეგ ივანიშვილზე, მას არ ჰყავს. ეს ბიძინას თვალში დიდი ღირსებაა. ამიტომ წინაურდება კობახიძე“.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

XS
SM
MD
LG