ღია საზოგადოების ფონდი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ ხელისუფლებას სთავაზობს რეკომენდაციებს მშრომელთა სოციალური უსაფრთხოების დროებით უზრუნველყოფისთვის. პოლიტიკის დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. მასში აღწერილია სოციალური დაცვის საჭიროების მქონე რამდენიმე ჯგუფი და ჩამოთვლილია ნაბიჯები, რომლებზეც ავტორების განმარტებით, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. დოკუმენტის ავტორია ანა დიაკონიძე, თანაავტორი - ვაკო ნაცვლიშვილი.
რადიო თავისუფლების ეთერში ვაკო ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ძირეულ რეფორმაზე მსჯელობა არარელევანტურია და რომ ღია საზოგადოების ფონდის მიზანია იმ ამოცანების გამოკვეთა, რაც პანდემიის პირობებში სწრაფად უნდა დაიძლიოს:
„ვეცადეთ, ამ რეკომენდაციებში, მთავრობისთვის ამ შეთავაზებაში გაგვეერთიანებინა სხვადასხვა ჯგუფი, რომელზეც სხვადასხვაგვარად მოქმედებს მიმდინარე სიტუაცია და სამი ასეთი ჯგუფი გამოვყავით:
1.დასაქმებულები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ასრულებენ კრიტიკულად აუცილებელ შრომას საზოგადოებისთვის (ექთნები, ექიმები, სანიტრები, საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ადამიანები და ა.შ.);
2.მეორე ჯგუფია არაფორმალური მშრომელები, რომლებიც კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ტრადიციული მშრომელებისგან განსხვავებით, რომელთაც აქვთ შრომითი ხელშეკრულებები და ჰყავთ დამსაქმებლები, ეს ადამიანები ასეთი ტიპის დაცვის შრეების მიღმა მუშაობენ ყოველდღე. ხშირად დღიურად გამოიმუშავებენ ანაზღაურებას. ასეთი ადამიანებში მოვიაზრებთ: ძიძებს, დამლაგებლებს, ტაქსის მძღოლებს, გარემოვაჭრეებს, ბაზრის მოვაჭრეებს და ა.შ..
3.მესამე ჯგუფია ტრადიციული მშრომელები, რომლებსაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ დისტანციურად განახორციელონ თავიანთი სამუშაო და ვნახეთ, რომ ბევრმა სამსახური დაკარგა. ეს სხვადასხვა ფორმით მოხდა: ზოგიერთ შემთხვევაში ვნახეთ გათავისუფლებები, ზოგიერთ შემთხვევაში - იძულება დამსაქმებლის მხრიდან, რომ მშრომელებს დაეწერათ არაანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნა, რაც, ცხადია, კანონდარღვევაა“.
ვაკო ნაცვლიშვილის მიერ აღწერილი ჯგუფები რეალურად არის მოქალაქეთა ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე დაუთვლელია. რას შეიძლება გაწვდეს სახელმწიფო? „დილის საუბრების“ სტუმარი განმარტავს:
„ვეცადეთ არსებულ მწირ სოციალური დაცვის სისტემაზე დაყრდნობით სოციალური უსაფრთხოების რაღაც ბადე შეგვეთავაზებინა ამ ადამიანებისთვის.
ეს გულისხმობს:
ტრადიციული მშრომელების შემთხვევაში, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და სახელმწიფო ფლობს ინფორმაციას, თუ ვის არ ჩაერიცხა ხელფასი, მაგალითად, მარტის თვეში, შესთავაზოს სოციალური დახმარების სისტემაში ჩართვა და გასცეს ის შემწეობა, რომელსაც სახელმწიფო გასცემს სოციალურად დაუცველებისთვის. საშუალოდ ეს არის 240 ლარი ოთხსულიან ოჯახზე. არის დამატებები არასრულწლოვნის ყოლის შემთხვევაში. არის სხვა სერვისები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს სჭირდება, მაგრამ არსებითია, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ მინიმალური საარსებო შემწეობა.
მეორე: არაფორმალური დასაქმებულების შემთხვევაში უფრო რთულად არის საქმე, რადგან სახელმწიფო ზუსტად არ ფლობს ინფორმაციას მათ შესახებ. ამიტომ, ამ პრობლემას სახელმწიფომ უნდა მიხედოს არა მხოლოდ მიზნობრივი, ე.წ. ტარგეტირებული პოლიტიკით, არამედ უნივერსალური ღონისძიებებითაც, როგორიც არის გამოსახლებების აკრძალვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომუნალურების გადავადების შესაძლებლობა. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო ზოგიერთ ოჯახს, რომელიც შედარებით ნაკლებ ელექტროენერგიას და გაზს მოიხმარს, დაუფარავს გადასახადს, მაგრამ ამის მიღმა რჩება ბევრი ოჯახი და განსაკუთრებით დაუცველები არიან დიდი ოჯახები, რომლებიც შესაძლოა ვერ ჩასხდნენ იმ ლიმიტში, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა. ამიტომ სახელმწიფომ მათ უნდა მისცესკომუნალურების გადახდის გადავადების საშუალება.
კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც, ვფიქრობთ, რაღაც ტიპის არაფორმალურ მშრომელებს დაფარავს, არის ის, რომ სახელმწიფომ დაახლოებით 13700 ოჯახს, რომელსაც შეჩერებული აქვს სოციალური დახმარების მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო, აღუდგინოს სოციალური დახმარების გაცემა“.
ვაკო ნაცვლიშვილი აგრეთვე თვლის, რომ რამდენიმე მსხვილი ბანკის გარდა, სხვა საფინანსო ორგანიზაციებმაც უნდა მისცენ მომხმარებლებს ვალდებულებების შესრულების გადავადების შესაძლებლობა:
„როცა კრიზისი გადაივლის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ მოახერხებს ამ თვეებში გადახდას, ეს ვითარება უნდა ჩაითვალოს პატივსადებ საფუძვლად იმისთვის, რომ ზედმეტი ფინანსური ტვირთი არ დააწვეთ მათ“.
ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლის შეფასებით, სახელმწიფო და ზოგადად პოლიტიკური კლასი მეტად ლაპარაკობს ბიზნესის მხარდაჭერის გეგმებზე, ვიდრე იმ ადამიანებზე, ვისაც გადაუდებლად სჭირდება სოციალური დახმარება.