Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექსპროპრიაცია კულტურაში“: რუსეთი აძლიერებს არტეფაქტების მითვისებას ოკუპირებულ უკრაინაში


უძველესი ბაზილიკის (წინა პლანზე) და წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრის (ფონი) ნანგრევები. სევასტოპოლი. 2017 წელი
უძველესი ბაზილიკის (წინა პლანზე) და წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრის (ფონი) ნანგრევები. სევასტოპოლი. 2017 წელი

ათობით ათასი შეუცვლელი კულტურის არტეფაქტი იქნა მიტაცებული რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში. ამ კამპანიას ზოგი კრიტიკოსი ძარცვას, სხვები ისტორიულ რევიზიონიზმს უწოდებენ.

გასული თვის ბოლოს, სამუზეუმო კომპლექს „ტავრიის ხერსონესში“, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში, გაიხსნა ახალი გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ქვის ხანის „კამიანა მოჰილაში“ აღმოჩენილ არტეფაქტებს უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში.

„ტავრიის ხერსონესის“ ნაკრძალის არტეფაქტები ამჟამად წარმოდგენილია რუსეთის ქალაქ ნოვგოროდშიც - გამოფენაზე, სახელწოდებით „ბიზანტიური ოქრო“. „გამოფენა მოიცავს 200-ზე მეტ ექსპონატს... რაც აშკარად მეტყველებს ხერსონესისა და ნოვგოროდის ეკლესიების წარსულ სიდიადეზე“, ნათქვამია მუზეუმის ბროშურაში გამოფენის შესახებ.

გამოფენა "ბიზანტიის ოქროს" ანონსი. 2023 წლის 26 მაისი
გამოფენა "ბიზანტიის ოქროს" ანონსი. 2023 წლის 26 მაისი

მსგავსი გამოფენები მხოლოდ მაგალითებია რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ფასდაუდებელი არტეფაქტების გატანისა უკრაინის სხვადასხვა ნაწილში, რომლებიც ამჟამად მათი კონტროლის ქვეშ იმყოფება, ან თავად რუსეთში - პროცესი, რომელიც უკრაინელი ექსპერტების თქმით, წარმოადგენს კულტურაში ექსპროპრიაციის თითქმის უპრეცედენტო შემთხვევას, რაც ომის დანაშაულის ტოლფასია.

„რუსეთის ქმედებები "უკანონო გადაცემას" და "უკანონო მითვისებას" წარმოადგენს“, განაცხადა დენის იაშნიმ, კიევ-პეჩორის ლავრის, ანუ პეჩორის მონასტრის მკვლევარმა.

„ოკუპანტების ყველა უკანონო მანიპულირება უკრაინის კულტურული მემკვიდრეობით, განსაკუთრებით, "ტავრიის ხერსონესითა" და "კამიანა მოჰილათი", არღვევს არა მხოლოდ უკრაინის კანონს, არამედ საერთაშორისო სამართალსაც“, განუცხადა საერთაშორისო სამართლის პროფესორმა და უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა ყირიმში, ბორის ბაბინმა, რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.

ესაა „კერძოდ, ჟენევის კონვენცია კულტურული მემკვიდრეობის ხელშეუხებლობის შესახებ და 1954 წლის ჰააგის კონვენციის ნორმები შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“.

რუსეთის მცდელობები, „გარდაქმნას მიტაცებული უკრაინული ძეგლების ისტორიული მნიშვნელობა“, არის ნაწილი „უკრაინელი ხალხის გენოციდის აშკარა განზრახვისა, და გაეროს 1948 წლის გენოციდის შესახებ კონვენციის უხეში დარღვევა“, ამბობს ბაბინი.

მუზეუმთაშორისი სამუშაო ჯგუფი

რუსეთი „განზრახ და მიზანმიმართულად“ ახორციელებს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ექსპროპრიაციას 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, განაცხადა უკრაინელმა მიმომხილველმა კულტურის და პოლიტიკის სფეროში, ევჰენ სავისკომ.

„რუსეთს სურს არა მხოლოდ მატერიალური ზარალის მიყენება უკრაინისთვის, არამედ კულტურის შრეების განადგურებაც ყირიმის რეგიონში“, დასძინა მან. „ეს აუცილებელია იმ ეთნიკური ჯგუფების ისტორიის გადასაწერად, რომლებიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ყირიმში“.

„და ეს ყველაფერი კეთდება რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებით“, განაგრძობს ის. „ყირიმის სამუზეუმო ექსპონატების უკანონო მითვისების ორგანიზება და კოორდინაცია ხორციელდებოდა, როგორც მინიმუმ, რუსეთის კულტურის სამინისტროსა და [უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB)] ცენტრალური აპარატის დონეზე“.

ყირიმი და სამხრეთ უკრაინის ნაწილები აზოვის ზღვისა და მდინარე დნეპრის გარშემო, პრეისტორიული დროიდან დასახლებული იყო ბერძენი, თურქი, სკვითი, გერმანული, რომაული და სლავური ხალხებით.

„ეს უბრალოდ ენით აუწერელი, საინტერესო ტერიტორიაა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ისტორიაში“, განაცხადა სერჰი ნემცევმა, ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური მუზეუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა. „ზაპოროჟიელი კაზაკები მხოლოდ ბოლო რგოლია კულტურებისა და საზოგადოებების იმ გრძელ ჯაჭვში, რომელიც ამ სანაპიროებზე არსებობდა“.

რუსეთის ისტორიული საზოგადოების ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი
რუსეთის ისტორიული საზოგადოების ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის მანიპულირების მცდელობებს ზედამხედველობას უწევს რუსეთის ისტორიული საზოგადოება, რომელსაც 2012 წლიდან ხელმძღვანელობს სერგეი ნარიშკინი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო თანამოაზრე, „კაგებეში“ მუშაობის გამოცდილებით, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა 2016 წლიდან.

"არაფერი საერთო"

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში მასობრივი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ისტორიულმა საზოგადოებამ შექმნა „მუზეუმთაშორისი სამუშაო ჯგუფი“, რომელიც მიმართული იყო უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებულ ნაწილებზე და მიზნად ისახავდა „ეჩვენებინა რეგიონის ისტორიულად განუყოფელი კავშირი რუსეთთან“, „მუზეუმებისა და არქივების კოლექციების ფონდიდან უნიკალური მასალების“ მეშვეობით, როგორც ეს ნათქვამია სამუშაო ჯგუფის განცხადებაში დაფინანსების (მიღების) შესახებ კულტურული ინიციატივების რუსეთის საპრეზიდენტო ფონდიდან 2022 წლის სექტემბერში.

2022 წლის ნოემბერში, მოსკოვში, პუტინთან შეხვედრისას, არტიომ რუბჩენკომ, რუსეთის ისტორიული საზოგადოების წარმომადგენელმა ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ ლუგანსკში, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეაჯამა.

„ის დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით - მუზეუმის თანამშრომლებით რუსეთის ფედერაციის წამყვანი მუზეუმებიდან და უნივერსიტეტის ექსპერტებით“, განაცხადა რუბჩენკომ. „ეს ჯგუფი აპრილიდან მუშაობს და მასში 20-მდე ადამიანია. იმ ტერიტორიებზე გამგზავრებისას, სადაც ამ წლის მთავარი მოვლენები მოხდა, 4000-ზე მეტი ექსპონატი შეგროვდა. ბევრი მათგანის შესწავლა უკვე მიმდინარეობს და ამ კოლექციის საფუძველზე, ჩვენ უკვე გავხსენით ოთხი გამოფენა რუსეთის მთავარ მუზეუმებში“. 2022 წლის ივლისში, „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნარიშკინმა წინადადება წამოაყენა, შეისწავლონ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში არსებული ძველი სიმაგრეები, „რომლებიც აგებული იყო რუსების და მალოროსების მიერ მათი საერთო სამშობლოს, ჩვენი რუსეთის დასაცავად“. „მალოროსი“ ანაქრონიზმი და უკრაინელების აღმნიშვნელი შეურაცხმყოფელი ტერმინია.

ნარიშკინმა ასევე თქვა, რომ ობიექტები, რომლებიც კვლევის დროს აღინუსხება, უნდა შეიტანონ „რუსეთის ფედერაციის ხალხების ერთიან სახელმწიფო რეესტრში“.

2022 წლის ნოემბერში რუსეთის ისტორიულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, სევასტოპოლის „ტავრიის ხერსონესის“ სამუზეუმო კომპლექსმა, სადაც წარმოდგენილია ყირიმის ძველბერძნული დასახლება, ადმინისტრაციული ზედამხედველობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ოლქის „კამიანა მოჰილას“.

„ვერც ერთი ისტორიკოსი, არქეოლოგი თუ კულტურის მკვლევარი ვერ მისცემდა შეგნებულ შეფასებას ამ ნაბიჯს“, - წერდა იანვარში უკრაინელი არქეოლოგი ეველინა კრავჩენკო. „ამ ნაკრძალების ... ობიექტები მიეკუთვნება სრულიად განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს და არ აქვს საერთო არც ისტორიულად, არც არქეოლოგიურად და არქიტექტურულად“, - წერდა კრავჩენკო.

უკრაინელი არქეოლოგი ეველინა კრავჩენკო
უკრაინელი არქეოლოგი ეველინა კრავჩენკო

კრავჩენკოს აზრით, ეს ნაბიჯი ნაკარნახევია რუსეთის სურვილით, მიანიჭოს „კამიანა მოჰილას“ „ყალბი მნიშვნელობა“, რომ ის ვითომ „რუსული მართლმადიდებლობის აკვანია“.

კოლოსალური დანაკარგები

„შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში იარაღის პარტია შემოვიდა“, - ნათქვამია უკრაინის კულტურის სამინისტროს 20 ოქტომბრის განცხადებაში.

სამინისტრო იტყობინებოდა უკრაინაში აშშ-დან ჩატანილი „ენეოლითიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდის ძველი იარაღის“ 14 ერთეულის შესახებ.

არ იყო თავიდანვე ცხადი, უკრაინის მუზეუმიდან იყო მოპარული ეს ნივთები თუ ისინი მაროდიორებმა იპოვეს ლითონის დეტექტორის საშუალებით უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწაზე. ეს პრაქტიკა ფართოდ გავრცელდა ივნისში კახოვკის კაშხლის კატასტროფული გარღვევის და მისი წყალსაცავის დაშრობის შემდეგ.

მხოლოდ აშშ-ში მიაკვლიეს უკრაინიდან უკანონოდ გატანილი იარაღის 20-მდე პარტიას.

„ტერიტორია, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მიერ იქნა დატბორილი, კაზაკობის [მმართველობის] პერიოდში ცენტრი იყო“, - ამბობს უკრაინელი ისტორიკოსი, ალექსანდრ ალფიოროვი, როცა უკრაინის ადრეულ ისტორიაში ზაპოროჟიეს ოლქის ადგილზე მსჯელობს.

„დატბორილი არეალები არა მხოლოდ ზაპოროჟიეს გული იყო, ის იყო მნიშვნელოვანი „კიევის რუსეთისთვისაც“, როცა ის თავის ისტორიულ არეალს აფართოებდა. ახლა, უკრაინელი ისტორიკოსების აზრით, ადრე შეუსწავლელი, ან ნაკლებად შესწავლილი ობიექტები უკონტროლოდ არის დარჩენილი და იძარცვება. ბევრი ნივთი შეიძლება ვინმემ გადაადნოს კიდეც, როცა არ იცის მისი მნიშვნელობა, შიშობს ალფიოროვი.

ეკატერინა შტეპა, სახელმწიფო ურთიერთობათა კიევის ინსტიტუტის მკვლევარი, ამბობს, რომ უკრაინისთვის უიოლესია დაიბრუნოს ისტორიული ნივთები, როცა ისინი საზღვარგარეთაა გატანილი.

ივნისში ნიდერლანდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყირიმის ერთ-ერთი მუზეუმის, სკვითების პერიოდის არტეფაქტები, რომლებიც ამსტერდამის მუზეუმში იყო გამოფენილი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის პერიოდში, უკრაინისთვის დაებრუნებინა. რუსეთი თავის მხრივ ესწრაფოდა ამ ნივთების ყირიმში დაბრუნებას. „ექსპონატები უკრაინაში დაბრუნდა, სადაც არსებობს კანონიერი მთავრობა“, - თქვა შტეპამ და დასძინა, რომ „ამ საფუძველზე შეიძლება დავიბრუნოთ სხვა გატაცებული ნივთები, თუ ისინი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება“.

ანალიტიკოსი სავისკო კი თვლის, რომ მოსკოვი სისტემატურად უგულებელყოფს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთში გატანილი ნივთების „დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია... და მოპარული ნივთების ძებნაც შეუძლებელია ასეთი დიდი ქვეყნის ტერიტორიაზე“. ეს მხოლოდ მაშინ თუ მოხდება, როცა „ცნობილ მუზეუმებში გამოჩნდება საყურადღებო ექსპონატები“.

„ის ნივთები, რომლებიც ახლა აღმოაჩინეს, რუსეთის ოკუპაციის მერე, და ამიტომ არ იქნა კატალოგიზებული უკრაინელი მკვლევრების მიერ, ალბათ არასოდეს იქნება მიკვლეული და სათანადოდ შესწავლილი“, - დასძინა სავისკომ.

„დანაკარგი, შეიძლება ითქვას, კოლოსალურია“, ამბობს ისტორიკოსი იაშინი, მაგრამ არავინ იცი, რას მასშტაბისა.

2022 წლის 4 ნოემბერს პუტინი სიტყვით გამოვიდა რუსეთის ისტორიკოსების და მართლმადიდებელი სასულიერო პირების წინაშე, მანეჟში გამართულ გამოფენაზე, რომელიც ეროვნულ ერთიანობას მიეძღვნა.

მან ყოველგვარი მტკიცებულების მოტანის გარეშე გამოაცხადა, რომ „დასავლეთი ცდილობს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ განაწყოს, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“.

„თუ ვინმეს სურს სახელმწიფოს წაართვას სუვერენიტეტი და მისი მოქალაქეები ვასალებად აქციოს, - თქვა მან, - ის იწყებს სწორედ ქვეყნის ისტორიის გადახედვით, რათა ხალხს თავისი ფესვები წაართვას და ის გაუცნობიერებელი არსებობისთვის გაწიროს“, - სწორედ იმას, რის გაკეთებასაც პუტინი უკრაინას უპირებს.

XS
SM
MD
LG