Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესში ოთარ ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესში ოთარ ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აშშ-ის მიერ სანქცირების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს „გამონაკლისი“ დაუშვა, რის შედეგადაც სები აღარ ავალდებულებს კომერციულ ბანკებს, სანქციები გაავრცელონ ფარცხალაძეზე.

ეროვნული ბანკი ცვლილებას იმით ხსნის, რომ „ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს“.

სები იმეორებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არგუმენტებს და წერს, რომ:

  • „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია.
  • საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.

ცვლილება "საკანონმდებლო მაცნეში" 19 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ცვლილებას ხელს აწერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა. იგი სების პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, შემდეგ კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია.

18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა … გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას“.

14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომის გამო სანქციები გააფართოვა და, სხვა პირებთან ერთად, მათში მოაქცია ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ქართველი-რუსი ოლიგარქი უწოდა. აშშ-ის მთავრობის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.
სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტების თანახმად, ფარცხალაძე რუსულ კომპანიებში 50%-იან წილს ფლობს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად, - ეს უკანასკნელი კი, მათი ცნობითვე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ-ს) ოფიცერია. ვაშინგტონის თანახმადვე, სავარაუდოდ, სწორედ ონიშჩენკო დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, გაავრცელოს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, არაკონსტიტუციურია და მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

დამოუკიდებელი კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ საერთაშორისო ფინანსური სანქციები არ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და არც მათდამი დამორჩილებით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

საფინანსო და საბანკო საქმეთა ექსპერტები მიუთითებდნენ, რომ თუკი ეროვნული ბანკი სანქციებს არ აღასრულებდა, მთელი ქვეყნის ფინანსურ კეთილდღეობას შეუქმნიდა საფრთხეს.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მისთვის ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე არავის მიუმართავს, რაც აჩენს ეჭვს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს.

მას შემდეგ, რაც თურნავას ბრძანება ცნობილი გახდა, სების ყოფილმა პრეზიდენტმა, პარლამენტარმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს საფინანსო სექტორი „უდიდესი რისკის ქვეშ“ დააყენეს.

XS
SM
MD
LG