Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერეკლე ურუშაძე: დემოკრატია ქვეყანაში გამართულად ვერ მუშაობს, მაღალია კორუფციის რისკები


ქვეყნის 12 ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის უმრავლესობა სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ, - ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასება, რომელიც ასახულია კვლევაში „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემა 2020“.

აღნიშნული კვლევის მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ილაპარაკა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერმა, ერეკლე ურუშაძემ. მისი თქმით, სპეციალური მეთოდოლოგიით, ქულებით შეფასდა 12 ისეთი ინსტიტუტი, რომელთაც საკვანძო როლი აქვთ დემოკრატიული მმართველობისა და კორუფციის პრევენციის მიმართულებით.

„ეს არის ხელისუფლების სამი მთავარი შტო - ესაა პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება ანუ მთავრობა და სასამართლო. გარდა ამისა არის სამართალდამცავი უწყებები, როგორც ცალკე ინსტიტუტი გამოყოფილი, საარჩევნო ადმინისტრაცია, სახალხო დამცველი, საჯარო სამსახური, პოლიტიკური პარტიები და ასევე არასახელმწიფო ინსტიტუტები.ეს არის პოლიტიკური პარტიები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესის სექტორი“, - აღნიშნა ერეკლე ურუშაძემ. მისი თქმით, აღნიშნული 12 ინსტიტუტი შეფასდა ისეთი ინდიკატორებით, როგორებიცაა რესურსები, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კეთილსინდისიერება. ჩამოთვლილ ინდიკატორებს, ინსტიტუტის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაემატა ე.წ. როლის ინდიკატორები, შეფასდა ასევე კანონმდებლობა და პრაქტიკა. როგორც ერეკლე ურუშაძე განმარტავს, შეფასების შედეგების თანახმად, ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 12 ინსტიტუტიდან მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული საბოლოო ქულა - სახალხო დამცველს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საარჩევნო ადმინისტრაციას.

„სამი ინსტიტუტი ცოტაა. ეს მიუთითებს, რომ პრობლემები გვაქვს. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბოლოო ქულა მოიცავს როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის შეფასებას და კანონმდებლობა როგორც წესი უკეთესია, ჩვენს ქვეყანაში მათ შორის. ანუ კანონმდებლობის ქულები რომ გამოვაკლოთ მაგალითად და მარტო პრაქტიკის შეფასებას შევხედოთ, შედეგი კიდევ უფრო დაბალი იქნება და შეიძლება მარტო სახალხო დამცველი დაგვრჩეს, რომელსაც მაინც მაღალი ქულა ექნება. ამიტომ ცალსახად პრობლემაზე მიუთითებს, როდესაც ინსტიტუტების უმრავლესობას აქვს საშუალო ქულა. მარტო პრაქტიკას თუ შევხედავთ, მაშინ აღმოჩნდება რომ საშუალოზე დაბალი ქულაც კი აქვს ინსტიტუტების უმრავლესობას. ეს ცალსახად მიუთითებს, ერთის მხრივ, იმაზე, რომ დემოკრატია ქვეყანაში გამართულად ვერ მუშაობს და მეორეს მხრივ, იმაზე, რაც გამომდინარეობს პირველიდან, რომ კორუფციის რისკებიც არის მაღალი. კორუფციის რისკები პირდაპირ კავშირშია დემოკრატიის ხარისხთან. რაც უფრო დაბალია დემოკრატიის ხარისხი, მით უფრო მაღალია კორუფცია“, - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 2020-ის მონაცემებში ყველაზე დაბალი სასამართლოს საერთო ქულაა:

„კანონმდებლობის ჩათვლითაც კი სასამართლოს საბოლოო ქულა არის 45. ანუ საშუალოზე უფრო დაბალი. ეს არის შედეგი პრობლემებისა, რომელიც დაგროვდა სასამართლოში ბოლო წლების განმავლობაში. წინა წლების კვლევები რომ გავიხსენოთ, 2011 წელს სასამართლოს ჰქონდა ასევე ძალიან დაბალი ქულა, 2015 წლის კვლევაში შედარებით გაუმჯობესებული იყო სასამართლოს ქულა იმიტომ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდგომ პირველ წლებში იყო შანსი, რომ სასამართლოში სიტუაცია შეცვლილიყო და რაღაც პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა და 2015 წლისთვის 2011 წელთან შედარებით იყო გაუმჯობესება სასამართლოში. ახლა ისევ გვაქვს გაუარესება. ქულამ ისევ დაიწია და ეს ქულა ჰაერიდან მოტანილი ხომ არ არის, ყველა ვხედავთ ბოლო ხუთ წლის განმავლობაში რა პროცესები მიმდინარეობს სასამართლოში. ე.წ. კლანის გაძლიერება, ხელისუფლების გავლენა სასამართლოზე, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, მიკერძოება, სამართლის შერჩევითად გამოყენება მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შედეგად გვაქვს რიგი პრობლემები სასამართლოში. ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შანსი, რომელიც 2012 წელს გაჩნდა სასამართლოს რეალური რეფორმირების და სასამართლოში სიტუაციის არსებითად გაუმჯობესების, ჩვენ ხელიდან გავუშვით და პირველ რიგში ხელისუფლებამ გაუშვა ხელიდან, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ერეკლე ურუშაძემ. გადაცემაში მან ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც, კვლევის მიხედვით, დემოკრატიული მმართველობისა და კორუფციის რისკების მიმართულებით გამოჩნდა:

„ერთ-ერთი მთავარი, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ინსტიტუტების უმრავლესობაში არის დამოუკიდებლობის პრობლემა. ანუ ისინი არ არიან სათანადოდ დამოუკიდებელნი პრაქტიკაში, არის გარე ჩარევა, არაჯეროვანი უკანონო ჩარევა მათ საქმიანობაში. ასეთ ვითარებაში, როდესაც ისინი ემსახურებიან არა საჯარო ინტერესებს, არამედ ინსტიტუტები ვეღარ შეასრულებენ თავიანთ დადგენილ ფუნქციას. ეს შეიძლება ითქვას მთავრობაზე, ეს შეიძლება ითქვას პარლამენტზე, სამართალდამცავ უწყებებზე, თუნდაც საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რომელსაც მთლიანობაში შედარებით უკეთესი ქულა აქვს, მედიაზე. ამიტომ ეს დამოუკიდებლობის პრობლემა ჩანს ცალსახად. ეს დამოუკიდებლობის პრობლემა, თავის მხრივ, მომდინარეობს იმ ვითარებიდან, როდესაც ძალაუფლება ქვეყანაში არის კონცენტრირებული, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია ფლობს თითქმის ტოტალურ ძალაუფლებას და შესაბამისად თითქმის ტოტალურ კონტროლს სხვა საჯარო ინსტიტუტებზე და ზოგიერთ შემთხვევაში არასაჯარო ინსტიტუტებზეც. მაგალითად მედიაში. არის რამდენიმე ტელევიზია, რომელსაც ცხადად ვხედავთ, რომ მთავრობა ან მმართველი პარტია აკონტროლებს. ასევე საჯარო ინსტიტუტებში. მაგალითად საჯარო სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი და პროფესიონალური, არ უნდა იყოს პოლიტიზებული და ის არ უნდა ემსახურებოდეს პარტიულ ინტერესებს, მაგრამ, ცხადია, რომ ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ვერც წინა ხელისუფლების დროს და ვერც ამ ხელისუფლების დროს ჩვენ ვერ შევქმენით რეალურად დამოუკიდებელი საჯარო სამსახური, სასამართლო, პარლამენტი და ა.შ“, - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ. პრობლემათა რიგში მან განსაკუთრებული ყურადღება არაფორმალურ მმართველობაზე გაამახვილა:

„გვაქვს ეს არაფორმალური მმართველობის პრობლემა, სიტუაცია, როდესაც, რა დასამალია, ერთი ადამიანი რეალურად იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაში იღებს ერთი ადამიანი და მას აქვს არა პარტიული, არამედ პირადი გავლენა მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე. შესაბამისად ეს ორი პრობლემა-ძალაუფლების კონცენტრაცია და არაფორმალური მმართველობა შეიძლება ითქვას, რომ არის სათავე ბევრი სხვა პრობლემისა, რომელიც ჩვენმა კვლევამ გამოავლინა“, - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ. მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოსაძიებლად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო შექმნას, წაახალისოს პოლიტიკური კონკურენცია, აღმოფხვრას კლანის გავლენა სასამართლო სისტემაში და თავი შეიკავოს სახალხო დამცველზე, მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნებისმიერი სახის ზეწოლისგან.

XS
SM
MD
LG