ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეპრესიების პარალელურად, ანკარა უფრო და უფრო აქტიურად განაგრძობს ე.წ. „გიულენისტების“ მოძრაობის წევრების გამოვლენას და ყველა საშუალებით ცდილობს მათ დეპორტაციას. ანკარის მიერ შედგენილ ძებნილთა სიაში აღმოჩნდა აშშ-ის ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის ვარასკვლავი, “ნიუ-იორკ ნიკსის“ მოთამაშე, ენეს კანტერი, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს.
„კალათის“ ტერორისტი
გავრცელებული ცნობით, ანკარამ ინტერპოლს გაუგზავნა თხოვნა ენეს კანტერის დაპატიმრებაზე, რასაც 2.11 მეტრის სიმაღლის კალათბურთელი რამდენიმე ტვიტით გამოეხმაურა.
მსოფლიო მედიამ აიტაცა ტერორისტულ ქსელთან კავშირში მის დადანაშაულებაზე სპორტსმენის მიერ შემდეგი შინაარსის ტვიტერი: „ ერთადერთი, რის ტერორიზებას ვახდენ, კალათია“, - წერს კანტერი.
მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ არის.
აშშ-ის ეროვნული ასოციაციის ვეტერანმა კალათბურთელმა ამას წინათ განაცხადა, რომ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა არ დატოვოს აშშ-ის ტერიტორია და გაემგზავროს ლონდონში, სადაც 17 იანვარს ერთმანეთს შეხვდნენ „ნიუ-იორკ ნიქსი“ და „ვაშინგტონ ვიზარდი“.
გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად ენეს კანტერმა, რომლის წინააღმდეგაც თურქეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უარი თქვა თურქეთის პასპორტზე.
კანტერის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო თურქეთის ხელისუფლებას თავს დაატყდა დიდი კრიტიკა და სასტიკი გაკიცხვა სოციალურ მედიაში, კალათბურთელის თანაგუნდელების, რუსი დისიდენტების, ამერიკელი პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან.
მაგრამ, ამ კრიტიკის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ყოფილ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენს, ადანაშაულებენ იმ არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში, რომელსაც 2016 წლის ივლისში 250 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეზე თურქეთში დააპატიმრეს 50 ათასი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, სამხედროები, მასწავლებლები და სხვა საჯარო მოხელეები, ათეულათასობით ადამიანი კი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული.
გიულენი ბრალდებას უარყოფს და ანკარას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
ამას წინათ ანკარამ არაორაზროვნად განაცხადა, რომ თურქეთის სპეცსამსახურების ოპერაციები „გიულენისტების“ ქსელის წინააღმდეგ გაფართოვდება აშშ-ის ტერიტორიაზე, თუმცა არ არის ცნობილი, როგორ აპირებს ამის განხორციელებას თურქეთი ნატოს მოკავშირის ტერიტორიაზე.
ამ ფონზე კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ და უფრო დაუცველად გრძნობენ თავს თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ნატოს არაწევრ ქვეყნებს აფარებენ თავს.
„ტერორისტად“ ერთ ღამეში
იუნუს ერდოგდუ, ვეტერანი თურქი ჟურნალისტი და თურქეთის ავტოკრატი პრეზიდენტის ხშირი კრიტიკოსი, უკრაინის დედაქალაქში ლეგალურად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 13 წლის განმავლობაში, როგორც ახალი ამბების სააგენტო „ჩიჰანის“ სპეციალური კორესპონდენტი.
მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა 2016 წლის მარტში, როდესაც თურქეთის პოლიციამ რეიდი მოაწყო „ჩიჰანის“ ისტამბულის სათავო ოფისში მას შემდეგ, რაც, სასამართლოს განჩინებით, ახალი ამბების სააგენტო და ასევე თურქეთის ყველაზე პოპულარული გამოცემა „ზემანი“ სახელმწიფოს კონტროლს დაექვემდებარა.
მალევე ორივე გამოცემა დაიხურა გიულენთან კავშირში წაყენებული ბრალდების გამო.
„ლამის ერთ ღამეში გავხდი ეგრეთ წოდებული ტერორისტი“, - უთხრა ერდოგდუმ რადიო თავისუფლებას, რომელიც კიევში მოკრძალებულ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს.
რეჯეპ ტაიპ ერდოანი ორგანიზაცია „ფეტოს“ (FETO) უწოდებს „ფეტულას ტერორისტულ ორგანიზაციას“, რაც ორგანიზაციის წევრებსაც ავტომატურად აკრავს „ტერორისტის“ იარლიყს.
იუნუს ერდოგდუ, რომლისთვისაც საამაყოა იყოს გიულენის „მიმდევარი და მხარდამჭერი“, თურქეთის ხელისუფლების მიერ იძებნება 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისათვის. მისი სახელი აღმოჩნდა მედიაში გაჟონილ იმ თურქი დისიდენტების სიაში, რომელთა ექსტრადირებაც ანკარას სურს.
ერდოგდუ აცხადებს, რომ არაფერი საერთო არ აქვს გადატრიალების მცდელობასთან. ჟურნალისტი გიულენს უწოდებს „თავის სულიერ ლიდერს“, რომელიც ტოლერანტულ ისლამს ქადაგებს და მხარს უჭერს განათლებას, არის მორიდებული და ბევრს შრომობს.
იმის შიშით, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა შეიძლება გაიტაცონ და გადასცენ თურქეთის მხარეს, ედოგდუ არ გადის საცხოვრებელიბინიდან, საიდანაც ხელმძღვანელობს პატარა საიტს, რომელიც აკრიტიკებს რეჯეპ ტაიპ ერდოანს.
“ჩემთვის სახიფათოა ქუჩაში გასვლა“, - ამბობს ერდოგდუ, რომელიც ფანჯრიდან უყურებს სამყაროს.
„ისინი მას ძაღლივით მიათრევდნენ“
უკრაინიდან გიულენის პირველი მომხრის დეპორტაცია 2018 წლის 11 ივლისს მოხდა, როდესაც კერძო მეწარმე სალიგ ზეკი იგითი უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) აგენტებმა ქალაქ ოდესაში დღისით დააკავეს. ჟურნალისტი იუნუს ერდოგდუ თავისი თურქული წყაროებიდან ფლობს ინფორმაციას, რომ SBU-ს აგენტებმა იგითი ხერსონის რეგიონში გადაიყვანეს და იქიდან თავზე ტომარაჩამოცმული მეწარმე სპეციალური რეისით სტამბოლში გადააფრინეს.
მეორე შემთხვევა მოხდა12 ივლისს, როდესაც ადგილობრივი მიკოლაევის ოლქის პოლიციისა და SBU-ს აგენტებმა თურქი ჟურნალისტი, იუსუფ ინანი, მისი ცოლის სახლის მახლობლად დააპატიმრეს.
როგორც ინანის უკრაინელმა ცოლმა, ეკატერინამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, უკრაინელმა სამართალდამცველებმა - ექვსმა ნიღბიანმა ადამიანმა - მას დაავალეს ქმრისათვის გადაეთარგმნა, რომ ინანს მის მშობლიურ ქალაქ იზმირში ეძებენ.
ეკატერინას თქმით, SBU-ს აგენტებმა მის ქმარს თავზე ხელი წაავლეს და მანქანისკენ, როგორც ძაღლი, ისე წაათრიეს. წინასწარი დაკავების განყოფილებაში ერთღიანი პატიმრობის შემდეგ იუსუფ ინანი, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექსტრადირებული იქნა თურქეთში. ამის შესახებ ეკატერინამ შეიტყო ერთ-ერთი თურქული სააგენტოს საშუალებით, რომელმაც გამოაქვეყნა მისი ხელებზე ბორკილდადებული მეუღლის ფოტო თურქეთის სახელმწიფო დროშის ფონზე.
ორივე ექსტრადიცია, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, განხორციელდა ისე, რომ მათ ვერ შეძლეს გამოეყენებინათ უკრაინის კანონით დადგენილი გასაჩივრების ხუთდღიანი ვადა.
თვალი თვალისა წილ?
აღწერილი მოვლენებიდან მალევე, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, კალინი, მიესალმა ექსტრადიციებს, როგორც უსაფრთხოების დაცვაში თურქეთისა და უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს.
ამან ზოგიერთი მიმომხილველი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ექსტრადიცია შეიძლება იყოს შედეგი თურქეთისა და უკრაინის პოლიტიკურ ლიდერებს შორის არსებული ნდობისა. თუმცა დანამდვილებით ძნელია იმის თქმა, იყო თუ არა თურქეთის ორი მოქალაქის ექსტრადიცია უკრაინის პრეზიდენტის კომპრომისი სხვა საკითხების სანაცვლოდ.
როგორც ჟურნალისტმა ერდოგდუმ და სხვა კრიტიკოსებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისინი დარწმუნებული არიან, რომ პეტრო პოროშენკოს ხელისუფლება დაეხმარა თურქეთის სპეცსამსახურებს, რათა, თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტის დახმარებით მიეღწია ანექსირებულ ყირიმში დაპატიმრებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლებისათვის.
არსებობს ვარაუდი, რომ ერდოანმა დაარწმუნა ვლადიმირ პუტინი გაეთავისუფლებინა ყირიმელ თათართა ლიდერები, ახტემ ჩიგოზი და ილმი უმეროვი, რომლებსაც ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
კიდევ ერთი მიმართულება, რაშიც ერდონი დაეხმარა უკრაინას, შესაძლოა ყოფილიყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა მოსკოვის საპატრიარქოსაგან, რაშიც გადამწყვეტი სიტყვა თქვა სტამბოლში მოქმედმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.
ამ ნაბიჯს, ანუ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტომოსის მინიჭებას,სასტიკი წინაამღდეგობა მოჰყვა მოსკოვის ხელისუფლებისა და რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან.
„უცნობია, როგორ, მაგრამ აშკარაა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეძლო თურქი კოლეგის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის, დარწმუნება, რომ თუ ხელს არ შეუწყობდა ტომოსს (ავტოკეფალიის მინიჭებას), სულ მცირე, ხელი მაინც არ შეეშალა ამ პროცესისთვის“, - წერს ჟურნალისტისაკენ აიმურზაევი, უკრაინის რელიგიურ საქმეთა მიმომხილველი.
ბოლოს პოროშენკო და ერდოანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ 5 იანვარს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი სტამბოლში იმყოფებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, რათა დასწრებოდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ ტომოსის ხელმოწერას.
პასპორტების გაუქმება
გარდა იმისა, რომცდილობს დაარწმუნოს სხვა, უკრაინის მსგავი, ქვეყნები თურქი დისიდენტების ექსტრადიციაში, თურქეთის ხელისუფლება სხვა მეთოდებსაც იყენებს საზღვარგარეთ მყოფი გიულენისტების ცხოვრების გასართულებლად, - ამბობენ ჟურნალისტი იუნუს ერდოგდუ და მისი ცოლი, ალექსანდრა, რომელიც კიევის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის და კიდევ უამრავ საქმეს აკეთებს ოჯახს გარეთ მას შემდეგ, რაც მის მეუღლეს აღარ შეუძლია ბინიდან გასვლა.
თურქეთმა, ალექსანდრას თქმით, უარი უთხრა ახალი პასპორტების გაცემაზე გიულენის მომხრე თურქეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ.
წყვილმა ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ალექსანდრა კიევში მდებარე თურქეთის საელჩოში მივიდა თავიანთი ახალშობილისათვის ახალი პასპორტის ასაღებად.
„სისტემა თქვენთვის არ მუშაობს. ახალი პასპორტის მიღება მხოლოდ თურქეთში დაბრუნების შემდეგ შეგიძლიათ“, - ამ სიტყვებით გამოისტუმრეს საელჩოდან ალექსანდრა, რომელიც დარწმუნებულია, რომ თურქეთში დაბრუნება „მათთვის გარდაუვალ დაპატიმრებას ნიშნავს“.
რთული არჩევანის წინაშე აღმოჩენილმა თურქეთის ზოგიერთმა მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ დალოდებოდა პასპორტის ვადის ამოწურვას, რაც არ ნიშნავს აპატრიდობას, მაგრამ უკრაინის შიგნით მათ არსებობასაც ართულებს, რადგან, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის სამუშაოსა და საცხოვრებლის მოძებნას.
რამდენიმე სასოწარკვეთილი თურქეთის მოქალაქე თავშესაფრის საძებნელად ევროკავშირში შეეცადა გადასვლას, მაგრამ უკრაინელმა მესაზღვრეებმა ისინი დააკავეს 29 დეკემბერს, სწორედ იმ დროს, როდესაც პოლონეთში გადასვლას ცდილობდნენ.
ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, თურქეთის საელჩოს კიევში კომენტარი არ გაუკეთებია.