1 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკატერინე ციმაკურიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც გამოძიებისა და სასამართლო პროცესებმა გამოავლინა. ეკატერინე ციმაკურიძე თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს წარსულის გამოცდილება და არ უნდა იყოს ისეთივე არაადეკვატური რეაგირებებში, როგორიც მისი წინამორბედი ხელისუფლება იყო. საია-ს იურისტი შენიშნავს, რომ პროკურატურის რეალური რეფორმა არ განხორციელებულა. "დილის საუბრების" სტუმარმა განმარტა თბილისის საქალაქო სასამართლოს 31 მაისის გადაწყვეტილება. საზოგადოების ნაწილის მოლოდინი, რომ სასამართლოს შეეძლო თავად დაედგინა ის გარემოებები, რაც პროკურატურამ არ გამოიძია, ან საგამოძიებო უწყებისთვის დაებრუნებინა საქმე სრულფასოვანი გამოძიებისთვის, არარელევანტურია, რადგან შეჯიბრებით სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლეს აქვს მხოლოდ არბიტრის როლი და ის გადაწყვეტილებას იღებს მხარეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე. ეკატერინე ციმაკურიძე ლაპარაკობს პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე და იმ ნაბიჯების ფასადურობაზე, რაც დღემდე გატარდა, რადგან დღემდე არ არის მიღწეული მიზანი - პროკურატურის დეპოლიტიზაცია და დამოუკიდებლობა.