ეკატერინე ლოლაძე, ბელგიაში, ქალაქ მიდელკერკეში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. ის ოსტენდეში მდებარე Az Damiaan-ის მრავალპროფილური კლინიკის შეფ-მზარეულია. ეკატერინე ლოლაძის მეუღლე კოვიდდადებითია. ბელგიაში ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების გამო პაციენტების უმრავლესობა სახლში გადის მკურნალობას. გარდა ამისა, არ იტესტება ყველა პირი, ვინც სიმპტომურად დიდი ალბათობით ინფიცირებულია ახალი კორონავირუსით. მეტიც, კლინიკაში, სადაც ეკატერინე ლოლაძე მუშაობს, პერსონალი, კოვიდდადებითიც რომ იყოს, ვალდებულია გააგრძელოს მუშაობა, თუკი ამისი ფიზიკური უნარი შესწევს.
ბელგიის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის ათჯერ აღემატება საქართველოსას. ბელგიის მთავრობა ეფექტიანად ზრუნავს კოვიდის პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ბელგიის მთავრობას, განვითარებული დასავლეთის არაერთი ქვეყნის მსგავსად, დააგვიანდა ეფექტიანი შეზღუდვების შემოღება და თავიდან ვერ აიცილა ვირუსის უკონტროლო გავრცელება, ეკატერინე ლოლაძის დაკვირვებით, არის ის, რომ ქვეყნის მთავრობამ ვერ წარმოიდგინა, რომ ვერ შეძლებდა ვირუსის მართვას. დღეს ამ სახელმწიფოში კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 34809, გარდაცვლილია 4857 ადამიანი. ინფიცირების პირველი შემთხვევა ბელგიაში თებერვლის დასაწყისში დაფიქსირდა, მეორე შემთხვევა - თითქმის ერთი თვის შემდეგ, 1 მარტს და ამის შემდეგ ყოველ დღე მატების ტემპი მკვეთრად იზრდებოდა.
ეკატერინე ლოლაძესთან ინტერვიუ საქართველოში უმწვავესად აქტუალური თემით - კოვიდპანდემიის ფონზე რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის პრაქტიკით დავიწყე:
„მე ვცხოვრობ ქალაქ მიდელკერკეში და ჩემგან ორასი მეტრის დაშორებით არის ეკლესია, რომელსაც საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავს. ის, რომ აქ ნაკლებად მორწმუნეები არიან, არის აბსოლუტური მითი. აღდგომის დღესასწაულსაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ყოველ შაბათ-კვირას ვუყურებ მათ მრევლს, საკმაოდ მრავალრიცხოვანს. ზუსტად იგივე ხდება, რაც ჩვენთან.
აღდგომის დღესასწაული კი აღინიშნა ძალიან მშვიდად. სასულიერო პირებმა ჩაატარეს წირვა, მრევლის გარეშე, რადგან სახელმწიფომ თქვა - დარჩით სახლში! და ჩვენ დავრჩით სახლში“.
"ეტყობა, შეეშალა ბელგიასაც, რადგან ვერ წარმოიდგინა 21-ე საუკუნეში ასეთი მაღალი დონის ქვეყანას ვერ გაეკონტროლებინა ელემენტარული ვირუსი"
რა ვითარებაა დღეს ბელგიაში, როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო დაწესებული შეზღუდვების განხორციელებას? არაერთი ქვეყანა ამისთვის სამართალდამცავების გარდა სამხედროებსაც იყენებს:
„სამხედროები ქუჩებში არ არიან. ეს ბელგიელებს არ სჭირდებათ. ისინი ძალიან კარგად ემორჩილებიან მთავრობის გადაწყვეტილებებს. არავის მოსვლია აზრად გამოცხადებული წესები დაერღვია. კომენდანტის საათის შემოღებაც არ გახდა საჭირო. პოლიციის პატრული, რა თქმა უნდა, არის ქუჩაში. კონტროლდება ქალაქებს შორის გადაადგილების შეზღუდვის შესრულება. დიდი ქალაქები ჩაკეტილია. მე მაქვს გადაადგილების საშუალება, რადგან კლინიკის პერსონალი ვარ და ჩვენ გვაქვს სპეციალური საშვები“.
ეკატერინე ლოლაძე რადიო თავისუფლების ეთერში იხსენებს ბელგიაში COVID-19-ის გავრცელებისა და ამის კვალობაზე შეზღუდვების დაწესების დინამიკას. იმპორტირებული შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მისი თქმით, იტალიიდან იყო:
„ახლა არ არის ლაპარაკი იმაზე დაგვემართება თუ არა. მე, მაგალითად, კლინიკის თანამშრომელი ვარ და აპრიორი ვიცი, რომ დამემართება. ჩემი მეუღლე კორონავირუსით წევს ზევით. დაგვემართა..."
„ვინაიდან ევროპა გახსნილი სივრცეა, დიდი მიმოსვლაა ქვეყნებს შორის როგორც ბიზნესის გამო, აგრეთვე ტურიზმია აქტიური მთელი წლის მანძილზე. ძალიან უყვართ ბელგიელებს ესპანეთი და იტალია. ყოველ არდადაგებზე დადიან. ვირუსი ბელგიაში შემოვიდა იტალიიდან. მარტის დასაწყისი იყო. არდადაგების პერიოდი.
სკოლები დაკეტილი არ იყო, როცა უკვე იყო ცნობილი, რომ იყო ვირუსის იმპორტირებული შემთხვევები. ეტყობა, შეეშალა ბელგიასაც, რადგან ვერ წარმოიდგინა 21-ე საუკუნეში ასეთი მაღალი დონის ქვეყანას ვერ გაეკონტროლებინა ელემენტარული ვირუსი. ვფიქრობ, დაგვიანებული იყო სკოლების დაკეტვა.
ბრიუგე არის ძალიან აქტიური ტურისტული ქალაქი. შვიდი დაინფიცირებული პაციენტი იყო უკვე ბრიუგეს სინტ-იანის კლინიკაში და სკოლები ჯერ კიდევ არ იყო დაკეტილი. ჩემი ქალიშვილი სწავლობს ბრიუგეში კოლეჯში და დაახლოებით ათი დღე ბავშვები რისკის ზონაში იყვნენ, როცა ისინი დადიოდნენ ბრიუგეში სხვადასხვა ქალაქიდან. მერე უცებ დაიწყო შემთხვევების ზრდა და ატყდა განგაში, სკოლები დაიკეტა.
"მე რასაც ვუყურებ საქართველოში, ერი გაიყო შუაზე. იმის მაგივრად, რომ ერი გაერთიანდეს ამ ძნელბედობის ჟამს, გაიყო შუაზე“
სადღაც ათი მარტიდან უცებ დაიწყო ზრდა 200-ით. ასეთი ზრდა ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის. უცებ გახდა საჭირო ყველანაირი რეაგირება მთავრობისგან. ყველაფერი დაიკეტა. დაიკეტა საზღვარი ჰოლანდიასთან, რადგან ჰოლანდია იმ პერიოდში გვისწრებდა ვირუსის გავრცელებით. მაგალითად, ჰოლანდიაში იყო 6 ათასი შემთხვევა, ბელგიაში - 2 ათასი“.
„დილის საუბრების“ სტუმარი რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში მსმენელის მიერ თემის რამდენჯერმე წამოწევის გამო, კვლავ უბრუნდება რელიგიური დღესასწაულების ეკლესიაში აღნიშვნის თემას, კვლავ პირადი გამოცდილების გაზიარებით იწყებს:
„ახლა არ არის ლაპარაკი იმაზე დაგვემართება თუ არა. მე, მაგალითად, კლინიკის თანამშრომელი ვარ და აპრიორი ვიცი, რომ დამემართება. ჩემი მეუღლე კორონავირუსით წევს ზევით. დაგვემართა...
"ძალიან გთხოვთ, ხალხნო, ერთი რამე გაიგეთ - არავინ გიშლით არაფერს. ძალიან კარგია, რომ გწამთ. უბრალოდ, ამ მომენტში ხომ შეიძლება სახლში გწამდეთ?!"
ჯერჯერობით ჩვენ ამას ვზიდავთ, მაგრამ როცა თქვენთან გაივსება საავადმყოფოები და წავა პერსონალის შიდა ინფიცირება კლინიკებში (არ ვგულისხმობ, რომ თქვენი პერსონალი ცუდად არის დაცული საავადმყოფოებში),ოჯახებიდან წავა პერსონალის დაინფიცირება და მერე უკვე პერსონალს აღარ ექნება მუშაობის უფლება, დაიკეტება საავამდყოფოები.
კი ბატონო, წადით, ეს თქვენი სახელმწიფოს პოზიციაა, ბელგიის სახელმწიფოს სხვა პოზიცია აქვს.
„ეკლესიას და პოლიტიკოსებს შორის ზღვარი არის აბსოლუტურად დაცული და კანონი კანონობს. როცა არის გადაწყვეტილება მიღებული, არავინ არავისთან მიდის და არ თანხმდება"
აშშ, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია - ასეთი ძლიერი ქვეყნების მაგალითი გიდევთ წინ, რაც ხდება! რატომ გინდათ ამხელა რისკის ქვეშ დააყენოთ ქვეყანა?! საქართველო ამას ვერ გაუძლებს, ამაზეა ლაპარაკი! თორემ, ის, რომ თქვენ მორწმუნე ხართ, გადასარევია!
...ძალიან გთხოვთ, ხალხნო, ერთი რამე გაიგეთ - არავინ გიშლით არაფერს. ძალიან კარგია, რომ გწამთ. უბრალოდ, ამ მომენტში ხომ შეიძლება სახლში გწამდეთ?!“.
ეკატერინე ლოლაძე ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ბელგიურ გამოცდილებას ლაკონურად ასე აღწერს:
„ეკლესიას და პოლიტიკოსებს შორის ზღვარი არის აბსოლუტურად დაცული და კანონი კანონობს. როცა არის გადაწყვეტილება მიღებული, არავინ არავისთან მიდის და არ თანხმდება. ეკლესია ემორჩილება იმ გადაწყვეტილებას, რასაც იღებს მთავრობა, რადგან აქ მართავს მთავრობა და არა ეკლესია და რომის პაპი.
„დღესდღეობით ბელგიაში მაგის საშუალება ნამდვილად აღარ არის, რომ თითოეულ მოქალაქეს გაუკეთდეს ტესტირება"
...ბელგიაში ასეა: როცა მეტყვიან, რომ უნდა დავჯდე, უნდა დავჯდე. იმიტომ კი არა, რომ ზომბირებული ვარ და ჩემი აზრი არ გამაჩნია, არამედ ვიცი, რომ ასეა საჭირო და სახელმწიფო, მთავრობა მე მიცავს, ეს ჩემთვის არის საჭირო.
მე რასაც ვუყურებ საქართველოში, ერი გაიყო შუაზე. იმის მაგივრად, რომ ერი გაერთიანდეს ამ ძნელბედობის ჟამს, გაიყო შუაზე“.
ძალიან მნიშვნელოვანია „დილის საუბრების“ სტუმრის მონათხრობის ის ნაწილი, სადაც მკაფიოდ ჩანს ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების ფაზაში როგორ იცვლება სახელმწიფოს პრიორიტეტები გამოწვევის მასშტაბისა და რესურსების ოპტიმალურად გამოყენების შეჯერების შედეგად:
„დღესდღეობით ბელგიაში მაგის საშუალება ნამდვილად აღარ არის, რომ თითოეულ მოქალაქეს გაუკეთდეს ტესტირება. როგორც უკვე გითხარით, მეუღლე არის დაინფიცირებული. ტესტირება გაიარა და დადებითია პასუხი. მე ტესტირება გავიარე როგორც კლინიკის პერსონალმა და არ დამიდასტურდა. მეუღლეს იმიტომ გაუკეთდა ოპერატიულად, რომ გულის პრობლემები აქვს. ძირითადად ძალიან ბევრი პაციენტი იმართება ასე: ადამიანი სახლშია, ხდება
"ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც გაქვთ თქვენ და ძალიან გთხოვთ, ეს შეირგოს ხალხმა. აქ უკვე მართვადი აღარ არის გავრცელება, იმდენად ბევრია დაინფიცირებული"
დისტანციურად დაკავშირება ექიმთან. სახლის ექიმების ჯგუფი არის ძალიან დატვირთული, რადგან 24-საათიან რეჟიმში არიან ახლა. ხდება დისტანციურად დიაგნოსტირება. ხშირ შემთხვევაში, თუ მსუბუქია პაციენტი და არ აქვს თანმხლები მძიმე დაავადება, მხოლოდ ზეპირი დიაგნოსტირება ხდება და არა - ტესტირება. უბრალოდ, პაციენტი ვალდებულია დარჩეს სახლში და პროცესი ძირითადად იმართება პარაცეტამოლით.
ჩვენ აღარ გვაქვს ის ფუფუნება, რაც გაქვთ თქვენ და ძალიან გთხოვთ, ეს შეირგოს ხალხმა. აქ უკვე მართვადი აღარ არის გავრცელება, იმდენად ბევრია დაინფიცირებული. ოფიციალურ სტატისტიკაზე შეიძლება სამჯერ მეტი დაინფიცირებული იყოს ბელგიაში“.
„თუკი კლინიკის კოვიდინფიცირებულ პერსონალს - ექიმიდან დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული - არ აქვს მაღალი სიცხე, არ აქვს რთული ფორმა ავადმყოფობის და შესწევს მუშაობის უნარი, ყველამ უნდა იმუშაოს"
ეკატერინე ლოლაძე გვიზიარებს კიდევ ერთ გამოცდილებას, რაც პირადად მასაც ეხება, როგორც ერთ-ერთი კლინიკის პერსონალს:
„თუკი კლინიკის კოვიდინფიცირებულ პერსონალს - ექიმიდან დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული, არ აქვს მაღალი სიცხე, არ აქვს რთული ფორმა ავადმყოფობის და შესწევს მუშაობის უნარი, ყველამ უნდა იმუშაოს.
იმდენად ვიცავთ უსაფრთხოებს ზომებს, კლინიკის პერსონალს შორის შიდა გადაცემა არ ყოფილა. ყველა დაინფიცირდა ოჯახის წევრებისგან.
აქ ძალიან კარგად უვლიან პერსონალს, რადგან ასე თუ არ მოიქცევიან, კლინიკა დაიკეტება, რაც იქნება კატასტროფა.
ამიტომ, ვისაც გვაქვს საშუალება, რომ ვიაროთ სამსახურში, უნდა ვიაროთ - ვართ დაინფიცირებულები, თუ არ ვართ დაინფიცირებულები“.