Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სისტემური პრობლემა კი არა, სისტემის არარსებობა იწვევს ამ ყველაფერს"


ეკა ჭყონია, "საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების" თავმჯდომარე
ეკა ჭყონია, "საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების" თავმჯდომარე

გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიყენებული დაზიანებების შედეგად პაციენტის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვლილის და უარყოფს კლინიკის ვერსიას, რომ პაციენტს დაზიანებები ეპილეფსიური შეტევის ფონზე მიადგა. "საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების" თავმჯდომარე, ეკა ჭყონია თვლის, რომ შემთხვევა საგანგაშოა, ვისაც რომელი ვერსიის უნდა სჯეროდეს:

"ის, რომ ასეთი დაწესებულების პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება მიიყენოს მძიმე დაზიანებები, ეს ბუნებრივია, რადგან იქ ასეთი მძიმე კატეგორიის კონტინგენტი თავსდება, რომელსაც სჭირდება ინტენსიური ზრუნვა. ასეთი პაციენტი იმიტომაც მიჰყავთ ამ დაწესებულებაში, რომ საშუალება არ მისცენ თავის დაზიანების და მოვლა სჭირდება, მოვლა და ყოველწამიერი ყურადღება".

- ამბობს "დილის საუბრებში" ფსიქიატრი და პროცესების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს:

"ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ჩვენ გარკვეული პერიოდი შედარებით ჩუმად ვიყავით, რადგან ეს იყო სამუშაო პროცესი და გვქონდა იმედი, რომ რაღაცნაირად წინ მიდის საქმე, თუმცა, ვხედავთ, რომ თანმიმდევრულობა ამ პროცესებს აკლია. ამის შედეგია ბოლო ორი თვის განმავლობაში სამი ტრაგიუკული შემთხვევა, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. მსგავსი შემთხვევები ხდება და ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა".

ეკა ჭყონია "დილის საუბრებში" ასე აფასებს სფეროში არსებულ ვითარებას:

"სიმართლე გითხრათ, სისტემური პრობლემა კი არა, სისტემის არარსებობა იწვევს ამ ყველაფერს. დღეს საქართველოში არ გვაქვს მინიმალური, აუცილებელი, ბაზისური საჭიროების შესაბამისი ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა".

ფსიქიატრი განმარტავს, რომ ფსიქიკური ჯანდაცვის სფერო არა შენობების რემონტის დონეზე, არამედ შინაარსობრივად არის შესაცვლელი, რაც არ ხდება. სფეროში არსებულ პრობლემებსა და საკუთრივ ხონის დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე არაერთხელ განუცხადებია სახალხო დამცველსაც.

ეკა ჭყონია ლაპარაკობს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს სტანდარტიზაციისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე. სტანდარტი უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საკმარისი რაოდენობისა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების ყოლას.

"100 პაციენტზე 3-4 მედპერსონალი როცა გყავს, სრულიად გასაგებია, რომ ასეთი შემთხვევები გარდაუვალია. დღიურად 17 ლარია გამოყოფილი და ამაში შედის ყველაფერი, პერსონალის ხელფასის ჩათვლით. შეუძლებელია იმედი გქონდეს, რომ რაიმე ხარისხს მიაღწევ".

ხონის დაწესებულება არ არის გამონაკლისი. ეკა ჭყონია სხვა დაწესებულებებზეც ლაპარაკობს და ხაზს უსვამს იმას, რომ, ვიდრე არ დაიწყება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს კონცეპტუალური ცვლილება, როგორი რემონტიც უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ დაწესებულებაში, ეს არაფერს შეცვლის:

"იზოლირებული ინსტიტუციების ეპოქა უნდა დასრულდეს. ისინი უნდა დაემსგავსოს თანამედროვე სერვისებს. რა რემონტიც უნდა გაკეთდეს ასეთ დაწესებულებებში, არის წყალში გადაყრილი თანხა, რადგან შინაარსობრივად არაფერი იცვლება - კვლავ ვახდენთ იზოლირებას და ცვლილება არ ეხება სერვისებს.

გვაქვს დაქსაქსული სერვისები და მთლიანობაში შეკრული სისტემა არ გვაქვს. ინსტიტუციური სერვისები არ ფუნქციონირებს. დროულად ვერ აწვენ პაციენტს და ვერ აწვდი შესაბამისი ხარისხის მომსახურებას. რადგან მისი შინაარსობრივი განვითარების არანაირი ნება არ არსებობს".

ეკა ჭყონია მოგვითხრობს, რომ უკვე ორი წელიწადია ის და მისი კოლეგები (ქართველი და უცხოელი) მუშაობენ სტანდარტებზე. შესაბამისი დოკუმენტი შეტანილია სამინისტროში და ის სტანდარტების გარდა მონიტორინგის ინსტრუმენტის ამუშავებასაც გულისხმობს.

"იმისთვის, რომ ტრაგედია არ მოხდეს, იმისთვის, რომ ჩვენი პაციენტები დაცულები იყვნენ ასეთი შედეგებისგან, საჭიროა სტანდარტები და მონიტორინგი. შევდივართ ჩიხში და უფრო მეტი ასეთი შემთხვევა გვექნება, სამწუხაროდ".

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალები თანამშრომლობენ სამინისტროსთან:

"სამინისტრო თითქოს გვესაუბრება, თითქოს რაღაცაზე ვთანხმდებით და სრულიად სხვა პროცესები მიდის მერე. სრული სიურპრიზებია ხოლმე. ძირითადად უდგებიან ფინანსური კუთხით და არა პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე".

"ძალიან ვერიდებით გამოსვლას და საქვეყნოდ საუბარს, ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას, რადგან ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები არიან ასევე ამ მდგომარეობის მსხვერპლი. ვცდილობთ შიგნით მოვაგვაროთ ეს საქმე, მაგრამ ეს ხომ არ იმალება, მაინც გვიტრიალდება ბუმერანგივით და ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჩვენ გვაქვს არა მარტო პროფესიული, არამედ მორალური ტვირთი, რომ ვაიძულოთ პასუხისმგებელი პირები, განახორციელონ რადიკალური ცვლილებები ამ მიმართულებით".

ეკა ჭყონია ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები ყოველდღე აწყდებიან მწვავე პაციენტის სტაციონარში განთავსების პრობლემას. როგორც წესი, არ არის ადგილები, რაც კვლავ სფეროს არასწორი დაგეგმვისა და არასათანადო დაფინანსების შედეგია.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG