Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოში რუსული პროპაგანდა მძვინვარებს და ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ"


ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი

20 ივნისიდან დაწყებული პროტესტი მიმართულია როგორც ქვეყნის საშინაო გამოწვევების, აგრეთვე რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ მისთვის აქციების მონაწილეთა მოთხოვნები და პოზიციები თავს იყრის ერთში:

„ჩემთვის ეს ყველაფერი გაერთიანებულია - ვინც იმ აქციაზე დგას, მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს უკეთესი მომავალია!“.

ეკა გიგაურის თქმით, არა მხოლოდ ცალკეული სამართალდამცავის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა, არამედ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც 20-21 ივნისს აქციის დარბევისას მოხდა:

„დარწმუნებული ვარ, ამაში ჩართული იყო პირადად მინისტრი. ასეთ გადაწყვეტილებებს ნამდვილად არ მიიღებდა „სპეცნაზის“ უფროსი, ან მისი მოადგილე. გარდა იმისა, რა ტიპის იარაღი გამოიყენეს, ლაპარაკია იმაზე - როგორ გამოიყენეს. ვნახეთ ყველამ ჩვენი მოქალაქეების დევნა მას შემდეგ, რაც აღარვინ იყო აქციის ადგილას, როგორ დასდევდნენ და დამიზნებით ესროდნენ მათ. აქ არა მხოლოდ სამართლებრივი საფუძველია შს მინისტრის გადადგომის, არამედ შს მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.

დასავლეთში ასეთი ტიპის კი არა, ბევრად ნაკლებ კრიზისზე იღებენ პოლიტიკურ პასუხისმებლობას და მიდიან თანამდებობებიდან“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მომხდარის დამაზიანებელ ეფექტს სხვა მასშტაბშიც ხედავს:

„სამწუხაროა, რომ უფრო დიდ სურათში ჩანს - რა მეთოდები გამოიყენა საქართველოს მთავრობამ ანტირუსული დემონსტრაციის წინააღმდეგ“.

ამასთან, ეკა გიგაურის შეფასებით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს მომძლავრებული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. ის აგრეთვე აკრიტიკებს კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც მისი დახურულობისა და არაფორმალური ხასიათის გამო:

„საქართველოში რუსული პროპაგანდა მძვინვარებს და ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ. მართლაც არაფერს!“.

რაც შეეხება ფაქტს, რომელმაც იმპულსი მისცა მიმდინარე პროტესტს - რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში აღმოჩენა, ეკა გიგაური თვლის, რომ არათუ პარლამენტის შენობაში, საერთოდ გაუგებარია რა საჭირო იყო ასეთი ღონისძიების ჩატარება და „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში“ საქართველოს წევრობა.

„დილის საუბრების“ რესპონდენტი რუსეთიდან მომდინარე გზავნილების პასუხად ამბობს, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა რუსი ეროვნების და რუსეთის მოქალაქეების მიმართ აგრესია და ეს ასეც უნდა იყოს. ეკა გიგაური უსაფუძვლოდ თვლის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სახალხო დამცველის მიერ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების თემის წამოწევას.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG