Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია არის ორმხრივი პროცესი"


"ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია არის ორმხრივი პროცესი"
please wait

No media source currently available

0:00 0:51:41 0:00

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) მკვლევრებმა ევროკავშირის მხარდაჭერით შეისწავლეს ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ეთნიკურ უმცირესობებს ეფექტიანი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ცხოვრებაში.

GIP-მა მოამზადა რამდენიმე ნაშრომი, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობების - სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების ქვეყნის ცხოვრებაში ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნება. ერთ-ერთი დოკუმენტის დასკვნით ნაწილში წაიკითხავთ:

„პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების როლი ფორმალურია. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხოლოდ იმ სოფლებში ახერხებენ ეთნიკური უმცირესობები პოლიტიკურად აქტიურობას, სადაც ისინი უმრავლესობაში არიან, ხოლო რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე მათი პოლიტიკური წარმომადგენლობა და მონაწილეობის ხარისხი ნომინალურია. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურად გასაძლიერებლად მინიმალური ნაბიჯები იდგმევა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც და საკმაოდ სუსტია მათი კომუნიკაცია ეთნიკურ უმცირესობებთან. საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის მთავარი ბარიერი ენის არცოდნა და ინფორმაციის ნაკლებობაა, რაც, თავის მხრივ, აღრმავებს უთანასწორობისა და გარიყულობის პრობლემას. გარდა ამისა, ჯერაც ღრმად გამჯდარია პოსტ-საბჭოთა მტრული მეხსიერება, რის დასაძლევადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ჭრილში, სხვა ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება“.

GIP-ის მკვლევრებმა - სალომე კანდელაკმა და ნინო სამხარაძემ 8 სექტემბერს რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკეს გამოკვლევის პროცესსა და შედეგებზე. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორი, სალომე კანდელაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თვლის კვლევის იმ ეტაპს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან პირისპირ კომუნიკაციას ითვალისწინებს. ის შენიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული ზოგიერთი ბარიერი თანხვედრაშია ზოგადი მოსახლეობის წინაშე არსებულ ბარიერებთან - მაგალითად პოლიტიკური ჩართულობის საკითხი შეიძლება აწუხებდეს როგორც მარნეულის, ისე ტყიბულის მცხოვრებს. სალომე კანდელაკი ორ ძირითად ბარიერს გამოყოფს - ენის ბარიერსა და არაინფორმირებულობას. გამოკვლევის პროცესში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იყო ის, თუ რამდენად სარგებლობენ ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის სიკეთეებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა გამოიკვეთა. მათ „დილის საუბრების“ ერთ-ერთი სტუმარი ჩამოთვლის:

  • პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი
  • ინფორმირებულობის პრობლემა/დეზინფორმაცია
  • ევროსკეპტიციზმი - რამდენად იღებენ სარგებელს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული პროცესებით/სერვისების მიწოდება
  • მიწის რეგისტრაციის პრობლემა

როგორც სალომე კალანდაძე აღნიშნავს, ვიზალიბერალიზაციის უმრავლესად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა სარგებლობს. აგრეთვე, გაცილებით ნაკლებად არიან ინფორმირებულები DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზეც:

„არა აქვთ ინფორმაცია არა მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესზე და როგორია ჩვენი საგარეო კურსი, არამედ ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ თუ სახელმწიფო პროგრამებზეც. შესაბამისად, დაწევა ვერ ხდება. თუ დანარჩენ მოსახლეობას კონკრეტულად DCFTA-ს პროგრამაში გარკვევა უჭირს, ეთნიკური უმცირესობები მაგ ეტაპამდეც ვერ მიდიან. ზოგმა ისიც კი არ იცის, რა საგარეო კურსი აქვს საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის.

პოლიტიკური ჩართულობის ნაწილში ინფორმირებულობა და ენის ბარიერია მნიშვნელოვანი, მაგრამ მაგის გარდა ასახელებენ ცენტრსა და პერიფერიებს შორის უფსკრულს: თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ბევრად უფრო ადაპტირებულები არიან, ვიდრე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებნი.

გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ადგილობრივ დონეზეც კი ვერ ახერხებენ თავიანთი საჭიროებების ლობირებას, რომ აღარაფერი ვთქვათ პარლამენტამდე ხმის მიწვდენაზე. ყველა სხვა გამოწვევის გვერდით, პრობლემაა ამ ხალხის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია“.

პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია ყველაზე აქტუალური, რასაკვირველია, არჩევნების კონტექსტშია და დიდი ალბათობით, გამონაკლისი არც 2020-ის საპარლამენტო არჩევნები იქნება.

GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ორმხრივი ინტერესი და ორმხრივი პროცესია:

„არა მხოლოდ ეროვნულ უმცირესობებს სჭირდებათ ეთნიკურად ქართულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ რეალობაში ინტეგრაცია, არამედ ჩვენც გვჭირდება, რომ გავეცნოთ მათ რეალურ ყოფას.

ის, რომ კულტურული განსხვავებები არსებობს ეთნიკურ უმცირესობებსა და ჩვენს შორის, ეს ფაქტია და არათუ ვერ გავექცევით, არც უნდა გავექცეთ. პირიქით, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის თვითმყოფადობა, რაც მათ აქვთ კულტურული თვალსაზრისით, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთ დეტალში უნდა დავეთანხმო მაყურებელს, რომ გადაფასება სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი ხელს უშლის დემოკრატიულ წინსვლას და ამ გადაფასების პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ (და ჩვენც უნდა უზრუნველვყოთ ეს ჩართულობა) ეთნიკური უმცირესობები.

ყველა პრობლემა ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ის, რომ ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ინტეგრაციის სურვილი, პირიქით აქვთ აგრესია, რომ გაემიჯნონ სახელმწიფოს და „ჩაკეტილად ცხოვრობენ“ ჩვენსავე სახელმწიფოში, ეს არის მცდარი აღქმა“.

ნინო სამხარაძე იხსენებს ეთნიკურ უმცირესობებთან კომუნიკაციის გამოცდილებას და თვლის, რომ:

„ეს ადამიანები თავის თავს სრულფასოვნად გრძნობენ საქართველოს ნაწილად. მათ არ აქვთ არანაირი სენტიმენტები მეზობელი სახელმწიფოების კონკრეტულ პოლიტიკებთან, ქცევებთან მიმართებით. ისინი უსმენენ მათ ტელეარხებს, იციან როგორ მუშაობს სომხური პოლიტიკა, აზერბაიჯანული პოლიტიკა, თუმცა, მათი პირდაპირი ციტირებებიც შეგიძლიათ წაიკითხოთ კვლევაში: ისინი არიან საქართველოს ნაწილი, არ მოსწონთ რომ აზერბაიჯანული დაფინანსება შემოდის ადგილზე. არ მოსწონთ, ვგულისხმობ, რომ ისინი უკმაყოფილო არიან, რომ ამას ვერ აბალანსებს ქართული სახელმწიფო, რომლის ნაწილად ყოფნაც სურთ. მაგალითად, სურთ, რომ განათლებაზე წვდომა ჰქონდეთ ქართული სახელმწიფოს გავლით და არა პირობითად აზერბაიჯანული ან სომხური (იქ რუსული ფაქტორიც არის).

აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ თვითონ ეს ადამიანები ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არ არიან განწყობილები როგორც უცხოტომელები. ერთადერთი, იქ ისინი კომპაქტურად არიან ერთმანეთთან კავშირში და ეს ქმნის განწყობას, რომ ისინი არიან გარკვეული საფრთხის შემცველი, პოლიტიკური, ტერიტორიული ამბიციების თვალსაზრისით. სინამდვილეში, ისინი აბსოლუტურად კეთილგანწყობილად მოტივირებული არიან საქართველოს სახლემწიფოს მიმართ. სურთ, რომ ჩაერთონ სხვადასხვა საქმიანობაში, იქნება ეს პოლიტიკური პროცესები, თუ ევროინტეგარციის სიკეთეების მიღება.

მაგალითად, როცა ევროკავშირთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე ვლაპარაკობთ, იმდენად ჰგავს ქართულენოვანი საზოგადოებისას, ნათელია, რომ ერთ ბილიკზე მივდივართ, უბრალოდ რაღაცები იქ ერთი ნაბიჯით გვიან ხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები, ვინც მასშტაბურ ანტისახელმწიფოებრივ საფრთხეებს ხედავენ კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში, უნდა შეარბილებენ ამ განწყობებს და მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა ვაგრძნობინოთ მათ, რომ უფრო აქტიურ კონტაქტზე გამოვიდნენ“.

XS
SM
MD
LG