„დეპრესია დავამარცხე. ახლა ვებრძვი შფოთვებს... ჯოჯოხეთურია ეს ბრძოლა, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან ადამიანი ვარ... აუცილებლად გავიმარჯვებ და დაგიბრუნდებით“, - ცოტა ხნის წინ, რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, ეს იყო პირველი სიტყვები, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ამ სიტყვებს წინ მძიმე დეპრესიასთან ბრძოლის ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა, როცა უკეთ ყოფნის წუთებს ისევ უიმედო დღეები ცვლიდა. ბრძოლას - დანებება. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ ნაცნობი თუ უცნობი უთვალავი შეტყობინება მიიღო - ზოგი ამხნევებდა, ზოგი თავისი დეპრესიის ამბავს უზიარებდა, ზოგი დახმარებას სთავაზობდა, ზოგი კი, პირიქით, რჩევას მისგან ელოდა.
დღეს გიორგი კეკელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში პირველად ჰყვება ღიად იმ გზაზე, რომელიც მას შემდეგ გაიარა, რაც ხმამაღლა თქვა: მე დეპრესია მაქვს და ეს არ არის სირცხვილი და გადაწყვიტა, თავისი ამბავი სხვა ათასობით ადამიანისთვის გაეზიარებინა, ვინც, შესაძლოა, ამ დაავადებას დღესაც მარტო ებრძვის.