დენიელ ფრიდი, ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ მომავალი ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ხელმძღვანელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო კონფერენაციაზე Now What?, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტისა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციის მიღმა დენიელ ფრიდმა თავის კოლეგებთან ერთად შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების შესახებ ის სიტყვაუხვი არ არის, თუმცა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში მოვლენების დემოკრატიულად წარმართვის პერსპექტივა ქართველების ხელშია. დენიელ ფრიდი ხსნის რატომ არის რთული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ საქართველოს გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღება. მისი აზრით, საქართველომ დრო უნდა გამოიყენოს პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად, რომელსაც სათანადო მომენტში გამოიყენებს. თბილისში გამართულ კონფერენციაზე დენიელ ფრიდი მონაწილეობდა ნატოს გაფართოების თემაზე გამართულ დისკუსიაში. მას აქვს საგარეო ურთიერთობათა სფეროში მოღვაწეობის ათწლეულების გამოცდილება და არაერთი ისტორიული მოვლენის მონაწილეა. რადიო თავისუფლების ინტერვიუ რუსეთის თემით იწყება და დიდწილად საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს ეძღვნება:
რადიო თავისუფლება: რა გასწავლათ რუსეთზე თქვენმა ძალიან ხანგრძლივმა კარიერამ საგარეო ურთიერთობების სფეროში? რა მუშაობს და რა არა კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ?
საქართველოს ნატოში გაწევრიანება რთული, კომპლექსური გადაწყვეტილებაა, ეს არ არის იოლი. ეს რომ ადვილი ყოფილიყო, დიდი ხნის წინ მივიღებდით.
დენიელ ფრიდი: ორი პრინციპული დაკსვნა მაქვს რუსეთზე: ერთი - მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი განწირულია თავის ყველაზე ცუდ ისტორიულ ტრადიციებამდე დაშვებისთვის. არ მიმაჩნია, რომ რუსეთი ყოველთვის იქნება ისეთივე ცუდი მოთამაშე, როგორიც დღეს არის; ჩემი მეორე შთაბეჭდილება კი არის ის, რომ, როცა რუსეთი ცუდ პოზიციაზე დგას და აგრესიულად მოქმედებს, საჭიროა თავისუფალმა მსოფლიომ, თუ შეიძლება ეს ტერმინი რომ გამოვიყენო, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ აგრესიას იმისთვის, რომ დავაჩქაროთ იმ დღის დადგომა, როცა უკეთესი რუსეთი აღმოცენდება.
რადიო თავისუფლება: იცით, სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს - დასავლელ ადამიანებს ვგულისხმობ: პოლიტიკოსებს, მკვლევრებს, ამ კონფერენციაზეც არაერთმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება - არ მიეცა საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - იყო შეცდომა. აგრეთვე, ბევრი ადამიანი ხედავს პირდაპირ კავშირს ამ გადაწყვეტილებასა და საქართველოში აგვისტოს ომს შორის. როგორ შეიძლება ამის გამოსწორება და შეიძლება, თუ არა ამის გამოსწორება?
ერთი რამ მინდა ვთქვა - აშშ არ ცდილობს მოკიდოს ხელი საქართველოს და შეათრიოს ალიანსში. საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ ბიძგი თავად ქართველებისგან მოდის და ასეც უნდა იყოს.
დენიელ ფრიდი: მე ბუქარესტში ვიყავი და ეგ ყველაფერი კარგად მახსოვს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ბუში, პოლონელები, ბრიტანელები, ბალტიელები მხარს უჭერდნენ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას, მაგრამ ალიანსის წევრთა პოზიციები გაყოფილი იყო და ბოლოს მათ მიაღწიეს კომპრომისს - განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და ეს იყო სრულიად კეთილგონივრული პოზიცია, რომელიც ალიანსმა დაიკავა. მე მგონია, რომ თქვენ გულისხმობთ და არსებობს კიდეც საფუძველი ასეთი არგუმენტისთვის, რომ ნატოს დანაწევრებულობის წარმოჩენას შეიძლებოდა წაეხალისებინა პუტინი საქართველოზე თავდასხმისკენ, რაც მან რამდენიმე თვეში, იმ ზაფხულს გააკეთა. შესაძლებელია, ასეც იყო. მაგრამ, ასევე სიმართლეა ის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რთული, კომპლექსური გადაწყვეტილებაა, ეს არ არის იოლი. ეს რომ ადვილი ყოფილიყო, დიდი ხნის წინ მივიღებდით. მაგრამ, არ არის ადვილი - ეს რთული გადაწყვეტილებაა ალიანსისთვის. საჭიროა მკაფიო პოზიცია გვქონდეს იმაზე, რომ საქართველოს სუვერენიტეტს ვუდგებოდეთ სერიოზულად. ერთი რამ მინდა ვთქვა - აშშ არ ცდილობს მოკიდოს ხელი საქართველოს და შეათრიოს ალიანსში. საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ ბიძგი თავად ქართველებისგან მოდის და ასეც უნდა იყოს. ჩვენ არ გვსურს ალიანსში იყოს ის, ვისაც თავად არ უნდა ალიანსში ყოფნა. თუკი დემოკრატიული ქვეყნის თავისუფალ ხალხს სურს ნატოს წევრობა, ჩვენ მათ უნდა ვუპასუხოთ. ესაა დილემა და ჩვენ დღემდე ამ დილემის პირისპირ ვდგავართ.
რადიო თავისუფლება: დიახ, ბატონო ფრიდ, მაგრამ ნატოს წევრებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანებაზე. ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს სვლას ნატოსკენ. ეს უმრავლესობა ელოდება მომენტს, როცა ეს მოხდება და ეს უმრავლესობა ფიქრობს - ნეტა, როდის მოხდება ეს და რა ვითარებაში?
იმუშავეთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, რადგან ეს შექმნის პოლიტიკურ კაპიტალს, რომელიც საქართველოს სჭირდება და რომელსაც ის გამოიყენებს, როცა ამის დრო დადგება.
დენიელ ფრიდი: კი, ბატონო! მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ალიანსში არ არის კონსენსუსი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. ვფიქრობ, ქართველებმა ეს კარგად იციან. არ ვაპირებ ისეთი რამის თქმას, რაც არ არის მართალი, მხოლოდ იმისთვის, რომ ვასიამოვნო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ნატოში გაწევრიანება სურთ. ფაქტი არის ის, რომ ნატოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საბოლოო ბედი, თუკი ის ამას აირჩევს, არის ნატოს წევრობა, სავსებით კეთილგონივრული პოზიციაა. აგრეთვე სიმართლეა, რომ დღევანდელ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ შესრულდება. პრაქტიკულად, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ეს ნიშნავს: ერთი - თუკი საქართველოს სურს, მან უნდა შეინარჩუნოს თავისი მიზნები და მეორე - საქართველოს აქვს შესაძლებლობა რეალურად ახლავე დაიწყოს ალიანსის წევრობისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რადგან საქართველოსთვის ღიაა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა, რაც სავსებით არ არსებობდა პოლონეთისთვის 30 წლის წინ. ასე რომ, საქართველოს აქვს როგორც არახელსაყრელი პოზიციები, აგრეთვე უპირატესობები. ჩემი რჩევა ქართველებისთვის დღეს არის: იყავით პრაქტიკულები! იმუშავეთ ორმხრივ სამხედრო კავშირებზე აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნებთან და რაც ყველაზე მთავარია, იმუშავეთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, რადგან ეს შექმნის პოლიტიკურ კაპიტალს, რომელიც საქართველოს სჭირდება და რომელსაც ის გამოიყენებს, როცა ამის დრო დადგება.
რადიო თავისუფლება: ნება მომეცით, კიდევ ერთ საკითხზე ვთქვა, რომელიც აგრეთვე მიჩნეულია ერთგვარ შეცდომად - ეს არის დასავლეთის რეაქცია რუსეთის 2008 წლის აგრესიაზე საქართველოს წინააღმდეგ. ეს რეაქცია დიდად განსხვავდება იმისგან, რაც დასავლეთს ჰქონდა 2014 წელს, უკრაინის ტერიტორიის ანექსიის შემდეგ. სულ მცირე, ამის გამოსწორება მაინც არის შესაძლებელი?
დენიელ ფრიდი: არ ვიცი, რას გულისხმობთ შეცდომაში: რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთს არ მოუხდენია საქართველოს ტერიტორიის ანექსია, არამედ შეეცადა მოეგლიჯა საქართველოსთვის ორი სეპარატისტული რეგიონი. გარკვეული თვალსაზრისით ეს აგრეთვე იყო რუსეთის მცდელობა ძალის გამოყენებით შეეცვალა ქვეყნის საზღვრები. დასავლეთმა ამას არ უპასუხა სანქციებით, როგორც ეს გააკეთა 2014-ში, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. ბუშის ადმინისტრაციას დრო ეწურებოდა და რაც მან გააკეთა სანქციების ნაცვლად, ეს იყო მობილიზაცია, თუ არ ვცდები, 4 მილიარდი დოლარისა.
2008 წელს ჩვენ არ ვიყავით სანქციების გამოყენებაში ისეთი საზრიანები, როგორებიც ახლა ვართ. 2008-დან 2014 წლამდე სანქციების მიმართ უფრო ჭკვიანური მიდგომა ჩამოგვიყალიბდა.
რადიო თავისუფლება: 4,5 მილიარდისა.
დენიელ ფრიდი: დიახ, 4,5 მილიარდი დოლარის ფონდის მობილიზაცია, რომელშიც 1 მილიარდი ამერიკული ფული იყო. ამას ორგანიზება გაუწია ბუშის ადმინისტრაციამ, იმ დროისთვის სენატორ და ოპოზიციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენთან ერთად. ამას ხაზს ვუსვამ იმის გამოც, რომ ახლა ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისთვის იბრძვის. ის შუაგული, გახურებული საარჩევნო კამპანიის ფონზე დაეხმარა ბუშის ადმინისტრაციას საქართველოს მხარდაჭერაში. ეს მას არ გაუკეთებია რაიმე პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. ჯო ბაიდენმა ეს გააკეთა იმის გამო, რომ ასე თვლიდა სწორად. ბუშის ადმინისტრაციამ კი მიიღო ჯო ბაიდენის რჩევა. ეს მოხდა შექმნილი რთული ვითარების გამო და იყო შუაგულ საარჩევნო კამპანიაში ორპარტიული თანამშრომლობის შესანიშნავი წარმოჩენა. მე მიხარია, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ეს გააკეთა და ეს არის, რაც ჩვენ გავაკეთეთ სანქციების ნაცვლად. თქვენ შეიძლება მომიტრიალდეთ და მითხრათ - რატომ ორივე არ გააკეთეთო? და მე შეიძლება დაგეთანხმოთ, თუმცა, 2008 წელს ჩვენ არ ვიყავით სანქციების გამოყენებაში ისეთი საზრიანები, როგორებიც ახლა ვართ. 2008-დან 2014 წლამდე სანქციების მიმართ უფრო ჭკვიანური მიდგომა ჩამოგვიყალიბდა. 2014 წელს მე ვიყავი სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი სანქციების საკითხზე. ასე რომ, მე და ჩემმა კოლეგებმა ხაზინიდან გავუწიეთ ორგანიზება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მაშინ რომ ის მცოდნოდა, რაც ახლა ვიცი, მე იგივესთვის ვიბრძოლებდი 2008-შიც. მაგრამ მაშინ ეს ცოდნა არ მქონდა.
ქართველებმა შესანიშნავად იციან როგორი უნდა იყოს დემოკრატია და ამის გაკეთება ქართველების ხელშია. თქვენ შეუდექით ამის კეთებას „ვარდების რევოლუციით“. ეს იყო თქვენი მიზანი, როცა ქართველებმა არჩევნების გზით გაუშვით ხელისუფლებიდან სააკაშვილი.
რადიო თავისუფლება: გმადლობთ ამ გულწრფელი პასუხისთვის. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოსნაირმა ქვეყანამ იმისათვის, რომ საბოლოოდ დააღწიოს თავი საბჭოთა წარსულსა და რუსეთის ზეგავლენას?
დენიელ ფრიდი: ეს ქართველებზეა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ თქმა ადვილია და გაკეთება ძნელი. მე იოლ გზას ავირჩევ და გეტყვით - ააშენეთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ძლიერი ლიდერი არ ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ძლიერი საქართველო არის: მთავრობა ძლიერი ინსტიტუტებით, რომლებიც დამოუკიდებლები არიან და მუშაობენ კანონის უზენაესობის დაცვით; ძლიერი საზოგადოება, ასევე დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, საქართველოს ძლიერება ეს არის და ეს ქართველების გასაკეთებელია. ამერიკელების საქმე არ არის გითხრან როგორ გააკეთოთ ეს. ქართველებმა შესანიშნავად იციან, როგორი უნდა იყოს დემოკრატია და ამის გაკეთება ქართველების ხელშია. თქვენ შეუდექით ამის კეთებას „ვარდების რევოლუციით“. ეს იყო თქვენი მიზანი, როცა ქართველებმა არჩევნების გზით გაუშვით ხელისუფლებიდან სააკაშვილი.
რადიო თავისუფლება: ახლა რა?
დენიელ ფრიდი: ეს ქართველების საქმეა. ამერიკელებისგან არ გჭირდებათ იმის თქმა, რა უნდა გააკეთოთ. მომდევნო არჩევნები მოდის და შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის გზავნილი საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის მიმართ არის ერთი - ეს თქვენი ქვეყანაა და ქართველების ხელშია მოვლენები წარმართონ დემოკრატიული გზით და რადგანაც მთავრობის ხელშია ძალაუფლება, მთავრობისავე ხელშია - სათანადოდ იმუშავებს, თუ არა დემოკრატია.
რადიო თავისუფლება: თქვენ აქ შეხვედრები გქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არა?
დენიელ ფრიდი: ამერიკელები ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებიან ხოლმე. დიახ.
რადიო თავისუფლება: კარგით და, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ინფორმაცია ამ შეხვედრების შესახებ?
დენიელ ფრიდი: მე „ატლანტიკურ საბჭოს“ წარმოვადგენ, რომელიც შეხვდა: ბატონ ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტის სპიკერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ოპოზიციას. ყოველთვის ასე ვიქცევით - ვხვდებით მთავრობას და ოპოზიციას. სხვათაშორის, საქართველოს ელჩი ვაშინგტონში ასევე ხვდება რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს - ადმინისტრაციასა და ოპოზიციას. ეს მისი საქმეა და ამას კარგად აკეთებს.
რადიო თავისუფლება: რა იყო მთავარი გზავნილი? უკაცრავად, რომ გეკითხებით.
დენიელ ფრიდი: სავსებით გამართლებულია ამის კითხვა. ჩვენი გზავნილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ იყო ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ.
რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა.