მისი თქმით, მედიკამენტების დეფიციტის გარდა, ადგილობრივ ჯანდაცვის დაწესებულებებში, სამედიცინო ტექნიკა ხშირად ან გაფუჭებულია, ან ხარვეზებით მუშაობს. აგუნდა პლიევამ სამედიცინო აღჭურვილობის რეესტრი შექმნა და უკვე იცის სად რას ფლობენ, რა არის გაფუჭებული და რა არ აქვთ საერთოდ.
მაგალითად, ცხინვალის რეგიონში რენტგენის აპარატი ორიოდე დაწესებულებას აქვს - 1 გამართულად მუშაობს, 1 ხარვეზებით, ერთი კი საერთოდ გაფუჭებულია. დე ფაქტო რესპუბლიკას არ შეუძლია არც ძველი აპარატურის შეკეთება და არც ახლის ყიდვა - ამისთვის საჭირო თანხები არ აქვს.
ოკუპირებულ რეგიონში საერთოდ არა აქვთ ფლუროგრაფის აპარატი, ამიტომ ცხინვალი მის შესაძენად დახმარებას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს.
მოსკოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ბიუჯეტის დოტაცია 2023 წელს თითქმის ერთი მილიარდი რუბლით შეამცირა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც მედიკოსების დეფიციტია. ამის გამოა, რომ მედპერსონალს ერთდროულად რამდენიმე პოზიცია აქვთ შეთავსებული და მათ ვერ ათავისუფლებენ.
რუსეთი ცხინვალს კატეგორიულად სთხოვს, რომ ე.წ. შემთავსებლების და საბიუჯეტო თანხების უყაირათოდ ხარჯვის პრობლემა მოაგვაროს. აგუნდა პლიევა ამბობს, რომ შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, რადგან ადგილზე მწვავე საკადრო დეფიციტია
„არის შეთავსებები და ამას ჯერჯერობით ვერაფერს მოვუხერხებთ, სანამ რესპუბლიკაში არ ჩამოვლენ ახალგაზრდა სპეციალისტები. საუბარია იმ სპეციალობებზე, რომელთა დეფიციტსაც განვიცდით. დღესდღეობით ჩვენთან შეთავსებებია ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში, რადგან სპეციალისტების ნაკლებობაა არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ რუსეთის ფედერაციაშიც. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პედიატრების დეფიციტი. ამჟამად მაღალი რგოლის 20-30 მუშაკი, ანუ ექიმები, შემთავსებლებად რჩებიან“, - აცხადებს პლიევა.
ცხინვალელები ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემას არ ენდობიან და ჯანდაცვის სერვისების მისაღებად ვისაც სად შეუძლია იქ მიეშურება - ან რუსეთში, ან თბილისში.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ცხინვალის რეგიონისთვის სპეციალური, უფასო პროგრამა მოქმედებს. ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ცხინვალიდან მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად გადმოდიოდნენ სამკურნალოდ.
რობერტ მამისაშვილი ცხინვალელია, ის ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დევნილთა მიმართულებაზე მუშაობს. რობერტი არაერთ ცხინვალელ ნაცნობს და ახლობელს დაეხმარა, თბილისში, სამედიცინო სერვისის მიღებაში.
„იქ, მძიმე მდგომარეობის გამო, ერთგვარ ტენდენციად იქცა, რომ ბოლო წლებში ცხინვალიდან თბილისში პაციენტები გადმოჰყავთ. ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამის ფარგლებში, იქიდან ჩამოყვანილ ადამიანებს ყველა დაწესებულება უსასყიდლოდ ემსახურება. ცხინვალელი პაციენტების ნათესავების დაბინავებაც აქვე ხდება. ეს იმდენად გამაოგნებელია მათთვის, რომ წლიდან წლამდე იმატებს ჩამომსვლელთა რაოდენობა"- ამბობს რობერტ მამისაშვილი და განაგრძობს: "კიდევ რამდენი წელი სჭირდება იქაურ მოსახლეობას ამ ილუზიაში იცხოვრონ, რომ თითქოს რუსეთი მათ სიკეთეს მოუტანთ? დროა მიხვდნენ, რომ ოკუპანტებს საერთოდ არ აინტერესებთ ცხინვალში მოსახლეობის ყოფითი საკითხების მოგვარება. რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთის ერთადერთი მიზანია, რეგიონში გაიუმჯობესოს სამხედრო პოტენციალი და რაც შეიძლება განამტკიცოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო ბაზები".
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ჰუმანიტარული საკითხებით არის დაკავებული, სწორედ წითელი ჯვრის მანქანებს გადმოჰყავთ საქართველოს კლინიკებში ცხინვალის მოქალაქეები.