Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის დღეს პრემიერს და მის მეუღლეს ძვირფასი არადეკლარირებული საათები ეკეთათ


ირაკლი ღარიბაშვილის საათი, დაახლოებით, 36 ათასი ლარი, ნუნუკა თამაზაშვილის კი, დაახლოებით, 18 ათასი ლარი ღირს. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ეს ნივთები პრემიერს ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს.

2021 წლის 26 მაისს სოციალურ ქსელში, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ასახულია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები. ერთ-ერთ ფოტოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლეა აღბეჭდილი - ფოტოზე მკაფიოდ ჩანს ორივე მათგანის მაჯის საათი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს უკეთია IWC-ს ბრენდის საათი, მოდელი პორტოფინო (PORTOFINO AUTOMATIC). საქართველოში ამ ბრენდს იცნობენ როგორც შაფჰაუზენს და მისი საბაზრო ღირებულება დღეს, დაახლოებით, 36 ათასი ლარია. საათი მექანიკურია, ავტომატური მომართვით, დამზადებულია 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან, აქვს ალიგატორის ტყავის სამაჯური. ამ მოდელის მთავარი ღირსება საათის უკანა მხარეს ოქროზე გრავირებული ქალაქ პორტოფინოს ნავსადგურია.

პრემიერ ღარიბაშვილს ქონებრივ დეკლარაციებში ამ ორი მაჯის საათიდან არც ერთი არა აქვს მითითებული. ბოლო დეკლარაცია ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, 2020 წლის ოქტომბერში შეავსო. კანონმდებლობის მოთხოვნით, თუ მოძრავი ნივთის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება, ის აუცილებლად უნდა აისახოს დეკლარაციაში, ასევე აუცილებელია 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრად მიღებული ნივთების დეკლარაციაში ასახვა. ღარიბაშვილს არც ამ გრაფაში აქვს საათები მითითებული.

ხომ არ შეიძინეს ეს საათები პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბოლო ქონებრივი დეკლარაციის შევსების შემდეგ, ანუ 2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე პერიოდში? ეს ნაკლებსავარაუდოა. რადიო თავისუფლებამ, დაახლოებით, 1 წლის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის ძვირად ღირებული მაჯის საათების შესახებ, მასალაში ნაჩვენები იყო ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის ფოტოები, სადაც მათ სხვადასხვა დროს 8 სხვადასხვა საათი ეკეთათ, ჯამურად, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების. ირაკლი ღარიბაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში არც ერთი ძვირად ღირებული საათი არ ჰქონდა შეტანილი.

1 წლის წინ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება ამ ორ საათსაც მოიცავდა, რაც, იმის დასტურად გამოდგება, რომ ეს ნივთები პრემიერს ბოლო დეკლარაციის შევსების შემდეგ არ შეუძენია და, კანონით, მათი, ასევე სხვა სულ მცირე 6 მაჯის საათის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში უნდა აესახა.

რატომ მალავს ღარიბაშვილი საათებს დეკლარაციაში? პრემიერმა მათი წარმომავლობის შესახებ რადიო თავისუფლების შეკითხვებს არც ამჯერად უპასუხა. რადიო თავისუფლებამ მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი 28 მაისს გაგზავნა: ვითხოვდით ფოტოზე აღბეჭდილი საათების მოდელების დაზუსტებას და ამ საათების შეძენის დროისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციას. მთავრობის ადმინისტრაციამ არც წერილზე გვიპასუხა და არც ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე.

ერთი წლის წინ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ღარიბაშვილი თავისი საათების კოლექციიდან მხოლოდ ერთ, როლექსის ფირმის “დეიტონას” მოდელის საათს (Rolex Cosmograph Daytona) ატარებდა, რომლის ფასიც, დაახლოებით, 100 ათასი ლარია. 26 მაისს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ, სპეციალისტის დახმარებით, ღარიბაშვილის მაჯაზე მისი კოლექციიდან სხვა ბრენდის საათი შევნიშნეთ.

IWC-ს ბრენდის საათები მსოფლიოში პოპულარულია, მას ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს, მათ შორისაა რეჟისორი კვენტინ ტარანტინო, კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, მსახიობი ჯონ მალკოვიჩი. ირაკლი ღარიბაშვილის საათის იდენტურ მოდელს ატარებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

პრემიერის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის, კარტიეს ბრენდის საათის ანალოგიურ მოდელს ატარებს მსახიობი ჯულია რობერტსი, ასევე კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი, რომელსაც ამ მოდელის საათი მეუღლემ, პრინცმა უილიამმა, აჩუქა.

“პრემიერს კანონით ევალება ნივთი, რომელიც შეიძინა და მისი ღირებულება აჭარბებს 10 ათას ლარს, ასევე საჩუქარი, რომლის ღირებულებაც არის 500 ლარზე მეტი, ასახოს ქონებრივ დეკლარაციაში. თუ ეს გაკეთებული არ არის, ეს ცალსახა კანონდარღვევაა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი, გია გვილავა. დეკლარაციის არასრულად შევსებისა და იქ კანონით გათვლისწინებული ინფორმაციის დაფარვის შესწავლა საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციაა. იურისტი ამბობს, რომ ფაქტის საბოლოოდ დადასტურების შემთხვევაში პრემიერს სანქციები ელის: “ასეთ შემთხვევაში ორ სანქციას ითვალისწინებს კანონი: თუ ეს არის განზრახ, სპეციალურად დამალული, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული; თუ უნებლიეთ გამორჩა, ითვალისწინებს ჯარიმას. კანონი იმპერატიულია და სხვა ვარიანტებს არ იცნობს”.

XS
SM
MD
LG