რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც, მშობელთა მტკიცებით, სკოლაში ადგილობრივი ბანდიტები მიიწვიეს ჰომოსექსუალობის საფრთხის თაობაზე ყმაწვილებით სავსე აუდიტორიის წინაშე ლექციის წასაკითხად.
22 იანვარს სოფელ პერვომოაისკოეს სკოლაში გამართული ლექციის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მშობელმა რუსულ ონლაინფორუმ Pikabu-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა.
მსგავსი ლექციები რეგულარულად ტარდება რუსეთში. მოწაფეებს ესაუბრებიან დასავლური კულტურის საფრთხესა და ოპოზიციის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე.
ანონიმი მშობელი იუწყებოდა, რომ აღნიშნული სკოლის ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად სოფლის თავკაცმა სკოლაში ლექციების წასაკითხად მიიწვია პირთა ჯგუფი, რომელსაც ადგილობრივები კარგად იცნობენ თავისი დანაშაულებრივი საქმიანობით. ასევე ყოფილმა დირექტორმა დაავალა მასწავლებლებს, რომ ლექციის მოსასმენად სკოლის მთავარ დარბაზში შეეკრიბა მეხუთე-მეშვიდე კლასის ბიჭები.
მიწვეულმა სტუმრებმა, თითქოსდა, ბავშვებს განუმარტეს კრიმინალური სამყაროს კოდექსი და უამბეს, თუ რა ბედი ელის ციხეში მოხვედრის შემდეგ კაცს, რომელიც სხვა მამაკაცთან სექსუალურ ურთიერთობაში შევა.
ამასთან, სკოლის მოწაფეები გააფრთხილეს, რომ მშობლებისათვის არაფერი ეთქვათ ლექციის შესახებ.
„რატომ აძლევენ ბანდიტებს უფლებას, რომ დაამახინჯონ ჩვენი ბავშვები და თავისთვისვე გაზარდონ ბანდიტების ახალი თაობა?“ - წერს ანონიმი მშობელი პოსტში, რომელშიც მრავალჯერ არის განმეორებული სასოწარკვეთილი მოწოდება: „გთხოვთ, გვიშველეთ!“
ღონისძიების დროს ბავშვებს ჩააცვეს პატიმრის ტანსაცმლის მსგავსი სამოსი და გადაუღეს სურათები, რომლებიც ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
იმავე ონლაინფორუმში ისტორიას მოჰყვა გაგრძელება.
მშობელი წერდა, რომ სოფლის თავკაცმა ალექსანდრ უხაბოტინმა მომდევნო დღეს სკოლაში მოიწვია კრება, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, ადგილობრივი უბნის ინსპექტორი, რამდენიმე მშობელი და მოწაფე. პოსტის თანახმად, სოფლის თავკაცს აუხსნია აუდიტორიისათვის, რომ ლექციაზე მიწვეულ პირებს არაფერი საერთო არ აქვთ დამნაშავეობასთან და ურჩია მათ, არ გაეტანათ სოფლის გარეთ ეს ამბავი.
შესაძლო „ვულგარული ლექციის“ ფაქტზე იმავე ღამეს პრიმორსკის რეგიონალურმა პროკურატურამ გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით დაიწყო გამოძიება, რასაც საგამოძიებო სამმართველოს საიტზე გამოქვეყნებული ცნობაც ადასტურებს.
ალექსანდრ უხაბოტინმა, რომელიც სკოლაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა დირექტორად და რომლის შვილი სკოლის მოწაფეა, ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ მის მიერ ლექციის ორგანიზება იყო პასუხი სკოლის ბიჭებს შორის მომხდარ სექსუალურ ძალადობაზე. მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად მან გადაწყვიტა ყმაწვილებისთვის გაეგებინებინა, თუ რა საფრთხის მატარებელია ერთი და იმავე სქესის პირებს შორის სექსუალური ურთიერთობა.
ყოფილი დირექტორის მიერ მოწვეულ პირებს ეთხოვათ, რომ „კაცურად“ ელაპარაკათ ბიჭებთან იმ კონფლიქტის შემდეგ, რომლის დროსაც მოწაფეების ჯგუფი შეეცადა მეხუთეკლასელი ბიჭი ეწვალებინათ და ეს სცენა ვიდეოზე აღებეჭდათ.
„საუბარი დავიწყეთ იმით, რომ მამაკაცი და ქალი ღმერთმა შექმნა“, - წერს თავის წერილში უხაბოტინი.
„ბევრი ქვეყანა უწევს პროპაგანდას გეი-აღლუმებს და არატრადიცულ ურთიერთობებს, მაგრამ ჩვენ რუსეთში საკუთარი ტრადიცია გვაქვს. დღეს ბიჭები თავს ბევრის უფლებას აძლევენ. გავლენას ახდენს ინტერნეტი, სადაც ბევრ ცუდს უჩვენებენ“.
სოფელ პერვომაისკოეს მსგავსი ლექციები რეგულარულად ტარდება რუსეთში. მოწაფეებს ესაუბრებიან დასავლური კულტურის საფრთხესა და ოპოზიციის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე.
მაგრამ ასეთ გამაფრთხილებელი ხასიათის საგანმანათლებლო ლექციებში ბანდიტები, როგორც ჩანს, ძალიან იშვიათად მონაწილეობენ.
თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებმა თავი შეიკავონ, როგორც მათ ეუბნებიან, „ნაგვის სახლის გარეთ გატანისაგან“, ისინი ხშირად მობილურით ცოცხალ ეთერში ინტერნეტით უჩვენებენ ასეთ ლექციებს.
გასული წლის ნოემბერში მურმანსკის პროკურატურამ დაიწყო იმის გამოძიება, დაარღვია თუ არა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალურმა უწყებამ კანონი პოლიციელის პროფესიის შესახებ არასრულწლოვნებისთვის ჩატარებული სპეციალური „მასტერ-კლასებით“.
ღონისძიების დროს ბავშვებს ჩააცვეს პატიმრის ტანსაცმლის მსგავსი სამოსი და გადაუღეს სურათები, რომლებიც ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
მოგვიანებით, როცა ხმაური ატყდა, უწყებამ რედაქცია გაუკეთა თავისსავე ინფორმაციას, ხოლო აღშფოთების გამომწვევი ფოტოები საიტიდან წაშალა.