ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესახებ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის გამფორმებული ხელშეკრულების შესახებ „რუსთავი2“-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებამ მეტი კითხვა გააჩინა პროექტის მართებულობასა და იმ ვალდებულებების მოტივზე, რასაც სახელმწიფო იღებს. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ამდენი ხანი იყო კონფიდენციალური. რასაც ნენსკრა ჰესის მომხრეები - ნათელა თურნავა, მაშინდელი საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კალაძე და ა.შ. - მედიაში აცხადებდნენ, რომ ნენსკრა ჰესისგან შესასყიდი დენი იმაზე იაფია, ვიდრე იმპორტირებული ელექტროენერგია, რომ ნენსკრა ჰესი პრაქტიკულად გამოყვანილი იყო როგორც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების გარანტი, ამ ხელშეკრულებით ყველაფერი დადგა თავდაყირა. გამოჩნდა, რომ საქმე გვაქვს გარკვეული ჩინოვნიკების მხრიდან სახელმწიფოსთვის მიზანიმიმართულ ზიანის მიყენებასთან“.
„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ხაზს უსვამს ხელშეკრულების გამორჩეულობას აქამდე არსებული ინფრასტრქტურული პროექტების კონტრაქტებისგან:
„დავიწყოთ ტარიფით. საკმაოდ რთული ხელშეკრულებაა და ასეთი არ მინახავს სხვა ჰესებთან და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. გაწერილია სცენარები - რა შემთხვევაში რა ტარიფი უნდა იყოს. საინტერესოა, რომ რაც დრო გადის და რაც გვიან ჩაეშვება ნენსკრა ჰესი, ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება. ოდენობა განსაზღვრულია აშშ ცენტებში. მაგრამ სახელმწიფომ კომპანიას ფაქტობრივად ეს ტარიფი ჩაუდო როგორც მზარდი ტარიფი. აშშ ცენტების გაუფასურების რისკებიც დაუზღვია. პირველი 13 წლის განმავლობაში ნენსკრა-ჰესის შესასყიდი ფასი გაიზრდება 3%-ით.
2023 წელს, როცა უნდა ამუშავდეს, ადგილზე შესასყიდი ტარიფი იქნება 8,9 ცენტი და შემდგომ წლებში, მეცამეტე წლის ბოლოს ის მიაღწევს 12,7 ცენტს. შემდგომი 23 წლის განმავლობაში, ჩვენ გვჭირდება თუ არა ამ ჰიდროელექტროსადგურის დენი, მოგვიწევს მთლიანი დენის შესყიდვა 12,7 ცენტად. ლაპარაკია მილიარდ ორასი მილიონი კილოვატ/საათის შესყიდვაზე“.
დავით ჭიპაშვილი შენიშნავს, რომ მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიაზე ფასის კლების ფონზე სახელმწიფოსთვის ზარალიანი იქნება ნენსკრა ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი.
„დილის საუბრების“ სტუმრის ინფორმაციით, სახელმწიფო ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიას უზღვევს ჰიდროლოგიურ რისკებსაც. გარდა ამისა, ის აცხადებს:
„რაც ყველაზე მთავარია, აქ ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ნენსკრა ჰესს ზამთრის პერიოდის დეფიციტი უნდა შეევსო. ამ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია, რა რაოდენობის ენერგია უნდა მიაწოდოს სახელმწიფოს. ნენსკრა ჰესი დეფიციტურ პერიოდში სახელმწიფოს მიაწვდის 260 მილიონ კვტ/საათს. ეს ზამთრის პერიოდში დღეს არსებული დეფიციტის 43%-იც არ არის.
სახელმწიფოს 950 მილიონი კვტ/საათის ყიდვის ვალდებულება აქვს იმ პერიოდში, როცა ან ექსპორტზე გაგვაქვს ელექტროენერგია, ან უბრალოდ წყალი იღვრება ჭარბწყლიანობის გამო. ანუ ჩვენ გვაიძულებენ პირველი 13 წლის განმავლობაში საშუალოდ გადავიხადოთ 10,6 ცენტი დენში, რომელიც არ გვჭირდება“.
დავით ჭიპაშვილის თქმით, ეს აუცილებლად აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე:
„ნენსკრას გამომუშავება იქნება ქვეყნის მთლიანი გამომუშავების 12-13% და ის საგრძნობ გავლენას იქონიებს დღევანდელ 4,9 ცენტიან ტარიფზე“.
„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ყვება იმაზეც, რომ სახელმწიფომ, საგადასახადო შეღავათის გავრცელების მოტივით, ნენსკრა ჰესი აღიარა არამატერიალურ აქტივად:
„როგორ შეიძლება ჰიდროელექტროსადგური იყოს ისეთივე აქტივი, როგორიცაა სავაჭრო ნიშანი. ეს, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს იქიდან, რომ უნდოდათ თავის არიდება ზედმეტი გადასახადების გადახდისგან, მათ შორის - ქონების გადასახადისგან.
მაგრამ ყველაზე საინტერესო მოხდა, რაც ხელშეკრულებაში წერია რაც არის, ჩემი აზრით, გამოძიების საგანი - 2016 წელს შემოსავლების სამსახურმა მიწერა სახელმწიფოსაც და კომპანიასაც, რომ არ შეიძლებოდა ჰესი არამატერიალურ აქტივად ჩათვლილიყო. და რა მოხდა ამის შემდეგ? კომპანია „ქეი ვოთერსმა“ ჩათვალა, რომ ეს არის საგადასახადო ცვლილება, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას იქონიებს კომპანიის შემოსავლებზე და შესაბამისად სახელმწიფოსგან მოითხოვა ამ ზიანის კომპენსაცია. მთავრობა დათანხმდა და თქვა, რომ დიახ, ეს არის საგადასახადო რეჟიმის ცვლილება. რატომ ჩაითვალა ასე, გაუგებარია.
ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ამ ხელშეკრულებას ხელს აწერენ დღევანდელი ეკონომიკის მინისტრი, მაშინდელი საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის მოადგილე და მაშინდელი ვიცეპრემიერი, თბილისის ახლანდელი მერი“.
„მწვანე ალტერნატივა“ აპირებს მიმართოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს და მოითხოვოს მოსმენების გამართვა:
„სწორედ პარლამენტში უნდა დაისვას ეს კითხვები. ეს არ არის რიგითი ხელშეკრულება.
გვინდა პარლამენტი რეალურად დაინტერესდეს ამ საკითხებით. ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. ეს პროექტი ყველაფერია ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების გარდა“.