„დახვრეტა, გადასახლება“ - 1937 წლის რეპრესიებისდროინდელი ტერმინები დღეს ისევ ისმოდა გორში. დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და კომუნისტებს შორის იმ სტიკერების დარიგებისას დაიწყო, რომლებზეც იყო წარწერა -„რუსეთი ოკუპანტია“. ამ სტიკერებმა სტალინისტები გააღიზიანა და დახვრეტა- გადასახლება გაახსენა. სამოქალაქო აქტივისტმა ირინა ცააძემ სტიკერები მაინც დაარიგა.
სტალინისტი ზურაბ ზუმბულიძე კი ამტკიცებდა, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნას ტოტალიტარული სიმბოლიკის აკრძალვის თაობაზე არ დაემორჩილებოდა.
მოგვიანებით კომუნისტების მიტინგზე პოლიციელებმა საბჭოთა კავშირის დროშა, ნამგალით და უროთი, მუზეუმის ტერიტორიიდან სტალინისტებს მაინც გაატანინეს. კომუნისტური პარტიის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ მისი კონსტიტუციური უფლება - გამოხატვის თავისუფლება - სამართალდამცავებმა შეზღუდეს, თუმცა ლურსმანაშვილი და სხვა ლიდერები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ „თავისუფლების ქარტიის“ მოთხოვნები შეესრულებინათ.
დროშა კი აკრძალეს, მაგრამ ქალაქის ცენტრში სტალინის ბიუსტის თვითნებურ დადგმაზე ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიციას რეაქცია არ ჰქონია. სტალინის საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელმა ჯეირან კიკრიაშვილმა ბიუსტი იმ ადგილას დადგა, სადაც 2010 წლამდე საბჭოთა დიქტატორის მონუმენტი იდგა. კიკრიაშვილი აცხადებს, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და არ აინტერესებს ხელისუფლების რეაქცია.
ბიუსტი ქალაქის ცენტრში 2 საათზე მეტხანს იდგა. ბოლოს ისევ ჯეირან კიკრიაშვილმა მოხსნა და მანქანაში ჩადო. გორის უნივიერსიტეტში კი ამ დროს ტოტალიტარიზმის გავლენაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ევროპულ ღირებულებებზე საუბრობდნენ. „ანტიტოტალიტარული 9 მაისი“ - ასე ერქვა ფორუმს, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა „მარომ“ გამართა. სახელი მარო მაყაშვილის პატივსაცემად შეირჩა. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ტოტალიტარულ მემკვიდრეობაზე, კოლექტიური მართვის სტილსა და ინიციატივის დასჯაზე ილაპარაკა, რითაც დღევანდელი ხელისუფლებას ისევ ხელმძღვანელობს.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა დღესვე დაიწყო გორში ხელმოწერების შეგროვება ქალაქის ცენტრალური ქუჩისთვის სტალინის სახელის გადარქმევის თაობაზე. ხელმოწერილი პეტიცია გორის მერიასა და საკრებულოში განსახილველად შევა.