ამბროლაურიდან 28 კილომეტრში, მდინარე შარეულას ხეობას თუ გაუყვები, ტყეში ჩაკარგული გზა სოფელ გოგოლათამდე მიგიყვანს. ამ სოფელს რაჭის "ღია მუზეუმსაც" უწოდებენ, რომლის რეაბილიტაციას და მოვლას ხელისუფლება ადგილობრივებს 2019 წლიდან ჰპირდება.
სოფლისკენ მიმავალ გზას უზარმაზარი კლდეები დაჰყურებს. გოგოლათამდე ქვიანი გზა მიდის და ვაკეს ნელ-ნელა აღმართი ცვლის. სიმწვანეში ჩნდება პირველი სახლის სახურავიც.
სოფელი, რომელიც XIX საუკუნესა და XX საუკუნის პირველ ნახევარში განაშენიანდა და სადაც კულტურულ-არქიტექტურული ღირებულების 54 საცხოვრებელი, აივნიანი ხის სახლი - "რაჭული ოდა" დგას, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ხალხით ივსება.
აქაური ოდები უმეტესად ორსართულიანი იყო და ხის ჩუქურთმიანი აივნები ჰქონდა.
ზამთარში კი აქ მუდმივ მცხოვრებად ორიოდე ოჯახი რჩება. დიდთოვლობის დროს იქ დარჩენა გაცილებით რთულია.
ახლა ზაფხულია, მაგრამ გოგოლათში ამ დროსაც ბევრ ბოქლომდადებულ ჭიშკარს ნახავთ. თუმცა, გოგოლათელები ამბობენ, ზაფხულში მაინც ყველა სახლის კარი იღება, თუნდაც მცირე დროითო.
ძველ ხის სახლებს თითქმის არავინ ყიდის. ან თუ ყიდის, ადვილად ვერ ელევიან. არც იაფია.
ნუნუ კახიძე მიჩვეულია, წელიწადში რამდენჯერმე, სოფელში ჩასული სტუმრები მათი სახლის ფოტოების გადაღებას რომ სთხოვენ ხოლმე. კახიძეების ეს ოდა უკვე ორი საუკუნისაა.
ნუნუ გოგოლათში მარტის დასაწყისში ჩადის და გვიან შემოდგომამდე რჩება. იხსენებს, რომ სახლების აღდგენა-რეაბილიტაციას მთავრობა ხალხს რამდენიმე წლის წინ დაჰპირდა, თუმცა ჯერ არავინ გამოჩენილა.
სოფლის შარაგზის ჩაყოლებაზე ერთიმეორის მიყოლებით გვხვდება ძველი, ჩუქურთმიანი რაჭული ოდები.
ზოგ ეზოში ორი ასეთი სახლი დგას - ძმების, როგორც, მაგალითად, ეს. ადგილობრივი ბადრი სოხაძე გვეუბნება - წესით, მალე ჩამოვლენ ამის პატრონები და ჭიშკარიც გაიღებაო.
ბადრი და მისი მეუღლე, იაც, უკვე რამდენიმე წელია სოფელში გვიან გაზაფხუილზე ჩამოდიან და შემოდგომის ბოლომდე რჩებიან.
ია სოხაძე ხელს მთისკენ იშვერს და ამბობს - იქნებ მეწყრულ უბანზეც დაწეროთო:
"კი გვითხრეს, რომ საშიში არ არისო, მაგრამ მაინც ვღელავთ. იქნებ დროულად გაამაგრონ ტერიტორია, რკინის ჯებირები გააკეთონ. მანდედან წამოსული წყალი ჩვენს ეზოში ამოდის ხოლმე. ჯერ მაგის მომგვარებელი არავიმ გამოჩნდა და იქნებ მაგ ამბავს მაინც მიხედონ დროულად".
რადგან მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ რესტავრაცია მალე დაიწყებოდა, ბევრმა ხელი აღარ შეავლო მისახედ სახლებს, ამ ლოდინში კი ხუთ წელზე მეტი გავიდა. ზოგი სახლის სახურავი ძალიან გაფუჭდა, წყალი ჩადის და მერე ეგ ყველაფერს აფუჭებს.
სოფელ გოგოლათს, რომელიც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 2019 წელს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.
მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადგილზეც ჩავიდა და ხალხს დაჰპირდა, რომ მალე იქ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა.
“სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია საქართველოში”, - თქვა მან მაშინ.
2020 წელს თქვეს, რომ გოგოლათის რეაბილიტაციაში 6 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა.
ამბროლაურის მერი ამბობდა, რომ ადგილზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდებოდა.მაგრამ მერე ყველაფერი გაჩერდა.
სოფელში ამბობენ, რომ პროცესი წინ აღარ წასულა. სახლების რეაბილიტაცია არ დაწყებულა.
2021 წელს, მთავრობა გოგოლათში ისევ ჩავიდა. ამჯერად, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. მანაც გაიმეორა, ჩვენი მიზანი “სოფელ გოგოლათის უნიკალური, ხეში თლილი სახლების შენარჩუნებააო”.
როცა ჰკითხეს, რატომ არ დაიწყო ამ დრომდე ხის უნიკალური სახლების რეაბილიტაციის პროცესიო, წულუკიანმა უპასუხა: “პანდემიამ შეგვიშალა ხელი იმაში, რომ კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოები დაწყებულიყო, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ვიზიტი გააცოცხლებს ამ სოფელსო”.
2021 წლის შემდეგ კიდევ სამი წელი გავიდა, თუმცა სოფელში ჯერ ისევ არაფერი გაკეთებულა.