„ღიმილიანი საქართველო“ (2023, საქართველო-გერმანია, რეჟისორი ლუკა ბერაძე)
მოვესწარით იმ დროს, როცა დოკუმენტური კინო აღარ ასოცირდება ტელეგადაცემასთან და კინოთეატრებში ბრუნდება, როცა გვახსენდება, რომ დოკუმენტური ფილმი არა მხოლოდ აქტუალური ისტორია თუ საინტერესო ამბავია, არამედ - პირველ რიგში, მხატვრული ნაწარმოები.
ჩაკეტილი სივრციდან დოკუმენტური კინოს გამოყვანის პროცესი განსაკუთრებით აშკარა გახდა სალომე ჯაშის „მოთვინიერების“ საერთაშორისო წარმატების შემდეგ. ახალმა თაობამ შეძლო ის, რაც ბოლო დროს, ალბათ, ყველაზე მეტად უჭირდათ ქართველ კინოდოკუმენტალისტებს - სატელევიზიო გადაცემის სტრუქტურისგან სრული გამიჯვნა. თუკი კინოთეატრები, კერძო კლუბები (მუნიციპალური კინოთეატრი ისევ არ გვაქვს!) გარისკავენ და კვლავაც დაუთმობენ დარბაზს დოკუმენტურ კინოს, ეს პროცესი უფრო დაჩქარდება. და მას ვერავითარი „კინოცენტრი“ ვეღარ შეაჩერებს.
ასევე ნახეთ:
სხვათა შორის, ლუკა ბერაძის ფილმი ნაწილობრივ სწორედ „კინოცენტრის“ დაფინანსებული პროექტია. თუმცა „ღიმილიანი საქართველოს“ ისტორია ისეთივე ანეკდოტურია, როგორც ამბავი, რომელსაც გვიამბობს ფილმი. შარშან „ღიმილიანი საქართველო“ თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანთან“ ერთად კარლოვი-ვარის კინოფესტივალის პროგრამაში ჩართეს. ეროვნულმა კინოცენტრმა ფაქტობრივად დაუმალა ეს ინფორმაცია საზოგადოებას (ახსენა მხოლოდ „მოქალაქე წმინდანი“). როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ფილმის ავტორი კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციას დაუპირისპირდა. თუმცა ლუკას ნამუშევრისგან გამიჯვნის მთავარი მიზეზი, ვფიქრობ, თავად ფილმი უნდა იყოს. იდეოლოგიზებულ კულტურას, მოგეხსენებათ, არ უყვარს, როცა მას არ ემსახურებიან. და, მით უმეტეს, ბრაზდება, თუკი შეატყო, რომ მას დასცინიან.
„ღიმილიანი საქართველო“ მართლაც ძალიან სასაცილო ფილმია. ლუკამ 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიაზე გვიამბო, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სპეციალური სტომატოლოგიური მომსახურება გამოცხადდა - 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას უფასოდ უმზადებდნენ კბილის პროთეზებს. პროგრამას, რომელსაც „ღიმილიანი საქართველო“ დაარქვეს, იმთავითვე გამოეხმაურა ოპოზიცია. „ქართული ოცნება“ და მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკოსები (ბევრი მათგანი დღეს ოპოზიციონერია) ზუსტად ისე დასცინოდნენ სააკაშვილის ინიციატივას, როგორც დღეს გვეცინება ლუკა ბერაძის ფილმში მოთხრობილ ისტორიაზე. ოღონდ ერთი განსხვავება მაინც აშკარაა „სიცილის შინაარსში“. თუკი ხელისუფლებაში მოსვლისთვის მომზადებული ოპოზიცია პოპულიზმში ბრალს სდებდა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, თავის კონკურენტებს, ლუკა ბერაძის ფილმში სასაცილო გახდა როგორც ერთი, ისე მეორე. არსებითად, ახალმა ხელისუფლებამ თავად გაიხადა სასაცილოდ საქმე, როცა პოლიტიკური კონკურენტის პროექტი არა მარტო მასხრად აიგდო, არამედ გაჭირვებული ადამიანები ასე, უკბილოდ დატოვა - პროთეზებს სააკაშვილი დაგპირდათ და მას მიაკითხეთო.
ორჯერ ვნახე ფილმი და მაინც მიჭირს ავხსნა, როგორ ახერხებს ამას რეჟისორი - დასცინოს მოვლენას, დასცინოს სისტემას, პოპულიზმს, როგორც ჩვენი დროის მოუშორებელ ჭირს და, ამავე დროს, ასეთი სინაზით, ასეთი სიყვარულით, მოკრძალებულად, ძალიან ფრთხილად გვიამბოს მთელი ამ საგიჟეთის მსხვერპლებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავხედურად მოატყუეს. არა, განა ამ გულუბრყვილო ხალხზე არ გვეცინება? როგორ არა! თან სოფელს, რომელიც ლუკამ გადასაღებად აირჩია, „უსახელო“ ჰქვია! ეს დამთხვევაც მწარე ღიმილს იწვევს. ისევე, როგორც თავად ამ ადამიანების თვითირონია და მართლაც რომ ხალხური იუმორი. ქართულ კინოში იშვიათია ამბავი უბრალო ადამიანებზე, რომლებიც თითქოს არაფრით გამოირჩევიან. წარუმატებელი ხალხის ამბავი კინოსაც ნაკლებად აინტერესებს და მედიასაც.
მედია ლუკას ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გმირია. თუკი, მაგალითად, პედრო ალმოდოვარი სკანდალების მოყვარულ ტელევიზიას მხატვრულ კინოში დასცინის, ლუკა ბერაძე ზუსტად იმავეს აკეთებს დოკუმენტურ ფილმში. გამოგონება და „გამხატვრულება“ არ სჭირდება ქართულ სატელევიზიო მედიას - „ღიმილიან საქართველოში“ ის თავის თავს გვიჩვენებს და ასევე ძალიან სასაცილოა. აგერ უკვე არა 2012 წელი, არამედ 2020 წელია. ქვეყანაში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო. ოპოზიციურ მედიას გაახსენდა კბილებდაძრობილი მოსახლეობის ამბავი და დაზარალებულთა საძებნელად რეგიონებში გაემართა. „მასალა არ გამოვა“, თუკი მსხვერპლს არ მიაგნებენ. დრო კი ძალიან ცოტაა. სიუჟეტი საღამოს საინფორმაციოში უნდა გავიდეს. არჩევნებია!
არა. ლუკა ბერაძე ასე არ იქცევა. ფილმის გადაღების დაწყებამდე „ღიმილიანი საქართველოს“ რეჟისორი ჩავიდა ჭიათურის რაიონის სოფელ „უსახელოში“ და იქაურები გაიცნო. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ძველი ხელისუფლების ავანტიურის, მეორე მხრივ კი, ახალი ხელისუფლების ცინიზმის მსხვერპლთა გულწრფელობის, მათი „შავი იუმორის“, აბსოლუტური თავისუფლების, ხანდახან რაღაცნაირი სევდიანი ოპტიმიზმის გამოხატვა შესაძლებელი გახდა არა იმდენად იმიტომ, რომ „ღიმილიანი საქართველო“ ძალიან კარგადაა გადაღებული და შესანიშნავადაა აწყობილი (არადა, ურთულესია ააწყო ფილმი, რომელსაც მთავარი გმირი არ ჰყავს). მნიშვნელოვანია. თუმცა მთავარი მაინც ავტორის ნდობაა თავისი გმირების მიმართ. გაიცნო, შეუყვარდა, გახსნა ეს ხალხი და სწორედ ამიტომაც გაუმკლავდა ეგზოტიზაციას, რისი საშიშროებაც მუდმივად იქმნება ხოლმე ასეთი ტიპის დოკუმენტურ ფილმებში. ყველას, ვინც „ღიმილიან საქართველოს“ ფინალურ კადრამდე უყურებს, გაახსენდება, თავადაც რამდენჯერ დაუჯერებია ტყუილის, რომელიც თანამედროვე სამყაროში პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. კარგი დოკუმენტალისტი კი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, ყოველთვის სიმართლეს იცავს.
რა თქმა უნდა, ასეთ ფილმს, რომელშიც ყველა ადამიანი საკუთარ თავს ამოიცნობს, დღევანდელი ჩვენი კულტურული პოლიტიკის პირობებში მაყურებლამდე მისვლა გაუჭირდება. თუკი მხატვრულ კინოში ცენზურის მოტყუების დიდი ტრადიცია გვაქვს, დოკუმენტური ფილმი ეზოპეს ენას ნაკლებად დამორჩილდება. ამიტომ „ღიმილიან საქართველოს“ და ბოლო დროს ქართველი დოკუმენტალისტების მიერ გადაღებულ კარგ ფილმებს პირველ რიგში ჩვენი დაცვა სჭირდებათ. არ გამოტოვოთ, ნახეთ დიდ ეკრანზე!