2018 წელი პოლიტიკური კრიზისების გამწვავების წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი რეგიონისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის. ამ სტატიაში ამ კრიზისების თავისებურებებზე ვისაუბრებ ისე, რომ გარკვეულ პროგნოზებსაც შემოგთავაზებთ.
დავიწყებ მსოფლიოში არსებული ვითარების მიმოხილვით. დასავლეთის ქვეყნები ამ წელს ე.წ. ლიბერალური კონსენსუსის რღვევის და პოტენციურად, გლობალური წესრიგის დესტაბილიზაციის საფრთხეებთან ბრძოლით იყვნენ დაკავებული. მემარცხენე და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიები ამომრჩეველს მასობრივად კარგავენ. ისინი ყველაზე მეტად მემარჯვენე პოპულისტური პარტიების დარტყმის ქვეშ ექცევიან. ასეთი დარტყმები უფრო ძლიერია ამერიკის კონტინენტზე და დიდ ბრიტანეთში (სადაც ამ მოძრაობებმა უკვე ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს), ვიდრე კონტინენტურ ევროპაში. ეჭვის ქვეშ დგება ლიბერალური წესრიგის ისეთი ფუნდამენტური ელემენტები, როგორიცაა, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობა და მულტიკულტურალიზმი (და მასზე დაფუძნებული საიმიგრაციო პოლიტიკა). თუ აქამდე ვინმეს შეიძლებოდა ჰგონებოდა, რომ მემარჯვენე პოპულიზმის აღზევება სისტემაში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ხარვეზია, რომელიც მალევე გამოსწორდება, 2018 წლისთვის უკვე ნათელია, რომ ეს მოძრაობები სერიოზულად არიან განწყობილნი და ისინი ნელ-ნელა ცვლიან მსოფლიო პოლიტიკას.
2018 წელმა მკაფიოდ დაგვანახვა, რომ მემარჯვენე პოპულისტური და, ზოგადად, პოპულისტური მოძრაობები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან ცენტრისტული პარტიების რღვევის ხარჯზე. მაგალითად, საფრანგეთში ემანუელ მაკრონის ლიბერალური ცენტრისტული მთავრობა ღრმა კრიზისშია „ცენტრიზმის“ რებრენდინგის მცდელობის მიუხედავად. მაკრონს ებრძვის „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა, რომელმაც, როგორც ეტყობა, რადიკალი მემარცხენეებისა და მემარჯვენეების ნაწილი გააერთიანა. იტალიაში საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, მაგრამ საბოლოო ჯამში პოპულისტებმა ცენტრისტულ პარტიებზე ბევრად მეტი ხმა დააგროვეს; მთავრობის დაკომპლექტებაშიც სწორედ მათ შეასრულეს გადამწყვეტი როლი. ბრექსიტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დანარჩენი წევრების მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ეს ევროკავშირში არსებულ კრიზისს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.
დღევანდელი გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ მომდევნო წელს დასავლეთში პოპულისტური პარტიები - განსაკუთრებით, მემარჯვენე პოპულისტები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდებიან. ევროკავშირში რომ სიტუაცია ფუნდამენტურად შეიცვალოს, ამისათვის საჭიროა, რომ წამყვან ქვეყნებში - საფრანგეთსა და გერმანიაში ცენტრისტული მთავრობები შეიცვალოს, რასაც მომდევნო წელს ნაკლებად უნდა ველოდოთ. უფრო მეტად მოსალოდნელია ის, რომ პოპულისტური მოძრაობები ერთმანეთთან კავშირს გააძლიერებენ და უფრო აგრესიულები გახდებიან. თუ ლიბერალური პარტიები მოსახლეობას ახალ ხედვას არ წარუდგენენ იმავე ევროკავშირთან დაკავშირებით, სავარაუდოა, რომ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამწვავდება.
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ დასავლეთის ქვეყნების შიდა პოლიტიკური კრიზისების გამწვავებით რუსეთი პირდაპირ არის დაინტერესებული. კრემლის რეჟიმი განსაკუთრებით ცდილობს დასავლეთში ულტრაკონსერვატორული ტენდენციების წახალისებას და ამ გზით არეულობის გამოწვევას. როგორც წინა ბლოგში დავწერე, ევროპელი და ამერიკელი პოპულისტების ნაწილი კრემლთან ღიად თანამშრომლობას არც ერიდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, აშშ-ში და ევროპაში არსებული პოლიტიკური კრიზისით რუსეთმა მაინცდამაინც ვერ იხეირა. უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ისევ ძალაშია, რაც რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. 21 დეკემბერს, ევროკავშირმა ეს სანქციები ექვსი თვით - 2019 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა.
შიდა და გარე ეკონომიკური შოკების მოლოდინში, რუსეთის მთავრობა ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ნაწილს მომავლისთვის ინახავს. ამავე მიზეზით, 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საპენსიო ასაკის ხუთი წლით გაზრდას, რამაც მის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, როგორც ეტყობა, ზღვარს უახლოვდება. აზოვის ზღვის ჩაკეტვა ერთ-ერთი ის ბოლო ნაბიჯია, რაც რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ გადადგას.რუსეთთან ომმა უკრაინული ნაციონალიზმი გააძლიერა და ამის ფონზე მთელი უკრაინის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა კრემლს ძალიან გაუჭირდება. უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომი განსაკუთრებით გართულდება იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური კრიზისის გამწვავების მოლოდინში, რუსეთმა სამხედრო ხარჯები 20%-ით შეამცირა.
საქართველოსთან მიმართებაში ნატოს და ევროკავშირის ერთსულოვანი პოზიცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს, რაც რუსეთს საქართველოში ვითარების გამწვავების შესაძლებლობებსაც უზღუდავს. ერთი სიტყვით, შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებიდან იმპერიალისტურ საგარეო პოლიტიკაზე ყურადღების გადატანა კრემლს მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება, რადგან რუსეთის შესაძლებლობები გარკვეულ ზღვარს უახლოვდება.
დასავლეთში და რუსეთში არსებული კრიზისისგან განსხვავებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იზოლირებული და ლოკალური მნიშვნელობის არის. მას რეგიონების ქვეყნების პოლიტიკაზე მარგინალური გავლენა აქვს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მართალია დარღვევებით, მაგრამ მეტწილად მშვიდობიანად ჩაიარა. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და პატრონ-კლიენტელისტური ურთიერთობები ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება. როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ქართული ოცნება მოსახლეობას თვისებრივად ახალს ვერაფერს სთავაზობენ და ძირითადად საკუთარი დანაშაულებების მეორე მხარისთვის გადაბრალებით არიან დაკავებული. ნაცმოძრაობის ერთპიროვნული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ისევ რევოლუციური რიტორიკით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. პოლიტიკური ენის რადიკალიზაციას განსაკუთრებით უწყობს ხელს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი.
საბოლოო ჯამში, ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს. ეს, რაღაც აზრით, ლოგიკურიც არის, რადგან საქართველოს ბედი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება დასავლეთსა და რუსეთში. თუკი 2019 წელს ევროკავშირში კრიზისი გამწვავდება, მაგრამ ასევე გამწვავდება კრიზისი რუსეთშიც, ეს ორი ერთმანეთს გააწონასწორებს და საქართველოსთვის, სავარაუდოდ, ბევრი არაფერი შეიცვლება - არსებული სტატუს კვო შენარჩუნდება. სხვა შემთხვევაში, რაიმე სახით რუსეთის გაძლიერება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას კიდევ მეტად დაძაბავს, რადგან რუსეთი შეეცდება ქვეყნის შიდა საქმეებში თავის სასარგებლოდ ჩარევას, რაც დემოკრატიის ხარისხს ბევრად გააუარესებს. როგორც აღვნიშნე, უფრო სავარაუდოა ის, რომ ასე არ მოხდება, რადგან დასავლეთიც და რუსეთიც ისეთი ფუნდამენტური კრიზისების წინაშე დგანან, რომ მომავალ წელს სავარაუდოდ, საქართველოს ამჟამინდელზე მეტ ყურადღებას არ დაუთმობენ. ამის გათვალისწინებით, 2019 წლისთვის ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ რამენაირად შევძლოთ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მშვიდობიან და სამართლებრივ ჩარჩოში გადაყვანა და ისეთი მყარი პოლიტიკური ინსტიტუტების შენება, რომელთა დანგრევაც გაუჭირდებათ ავტორიტარული მიდრეკილების ძალებს. სამწუხაროდ, ამ მიზნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.