ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემამ ბოლო ხანს შედარებით უკანა პლანზე გადაიწია. არსად მიდის პრობლემები, რაც არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში აქვს საზოგადოებას. ერთ-ერთი არის ზიანის შემცირების საკითხი, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს განეკუთვნება და რისი ეფექტიანობაც მცირდება არალიბერალური ნარკოპოლიტიკის ფონზე.
26-27 მარტს თბილისში გაიმართება „ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია“, რომელშიც 150-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, პოლიტიკოსი, მკვლევარი, თემის წარმომადგენელი და დაინტერესებული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, "მსოფლიო ექიმების" წარმომადგენელი, გიორგი სოსელია რადიო თავისუფლებას ეუბნება:
"ეს კონფრენცია წარმოგვიდგენია როგორც ინსტრუმენტი, რომ დღის წესრიგში დავაყენოთ ისევ ის საკითხები, ვიმსჯელოთ იმაზე, სად ვართ, რა უნდა გავაკეთოთ. ლაპარაკია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანზე. ზიანის შემცირების პროგრამები დღეს გარე წყაროებიდან ფინანსდება და ყოველდღიურად იზრდება სახელმწიფოს მზარდი კონტრიბუციის საჭიროება, რისი პოლიტიკური ნებაც დღეს არ არსებობს".
გიორგი სოსელია იხსენებს პერიოდს, როცა მიმდინარეობდა აქტიური დიალოგი სამოქალაქო ჯგუფებსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს შორის:
"თუმცა, მაისის მოვლენების მერე გაჩერებულია და არანაირი ძვრა ამ მიმართულებით არ არის. კანონპროექტი შემოდებულია თაროზე. გრძელდება რეპრესიებზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა. არის რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები და საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები მარიხუანაზე".
"დილის საუბრებში" გიორგი სოსელია განმარტავს ზიანის შემცირების არსსაც:
"ზიანის შემცირება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების კომპლექსური მიდგომა, რომ ადამიანს, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარს, შევუმციროთ ამით გამოწვეული ზიანი. ეს იქნება მისთვის სტერილური საინექციო საშუალებების მიწოდებით, რითაც ვამცირებთ ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს და მეორე, როდესაც ვაწვდით მას ინფორმაციას და ვუქმნით გარემოს, სადაც მას შეუძლია მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება. ამით ვამცირებთ შეუქცევად სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებებს, როგორიცაა ზედოზირება. ზიანის შემცირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდანაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს".
"დილის საუბრების" სტუმარი აღნიშნავს, რომ საქართველოში ზიანის შემცირება არსებითად ცე ჰეპატიტისა და აივ ინფექციის გავრცელების პრევენციის ზომად განიხილება. პროგრესული მიდგომა კი ბევრად უფრო მრავალმხრივია.