9 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნაზე საქართველოსა და ევროპაში, აგრეთვე განმარტა 8 და 9 მაისს აღნიშვნის მიზეზი. გიორგი კლდიაშვილმა ეთერის საშუალებით მიულოცა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს "უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვების დღე" და აღნიშნა: "საქართველომ ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა ამ ომში. ეს იყო ერთი ტოტალიტარული სახელმწიფოს დამარცხება, მაგრამ აღზევდა მეორე ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში გვახსოვს ძალიან ბევრს". რაც შეეხება საქართველოში ამ დღის საბჭოთა-ტოტალიტარული სიმბოლიკის თანხლებით აღნიშვნას, "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ ასეთი სიმბოლიკა არ უნდა იყოს შენობებსა და აგრეთვე ქუჩების დასახელებებში და ეს ეწინააღმდეგება "თავისუფლების ქარტიას", თუმცა, 9 მაისის აღნიშვნისას ამ სიმბოლიკის გამოყენებაზე საინტერესო განმარტებას აკეთებს და ხაზს უსვამს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს, აგრეთვე მსმენელს უზიარებს ევროპის განსხვავებულ პრაქტიკას ამ კუთხით.