19 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაზე, რომლითაც იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკების საქმიანობა ისედაც ყველაზე რეგულირებულია სახელმწიფოს მიერ და მისთვის დამატებითი შეზღუდვის დაწესებამ შეიძლება არ იქონიოს დიდი ეფექტი მოსახლეობის ჭარბვალიანობის შემცირების მხრივ, რადგან სესხის აღება ადამიანებს შეუძლიათ არასაბანკო სექტორიდან. გიორგი კეპულაძე თვლის, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა უფრო მეტად არასაბანკო სექტორის პრობლემაა, ვიდრე ბანკებისა.