Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს არის ყველაზე კრიტიკული ანგარიში ამ ხელისუფლების პირობებში"


გიორგი გოცირიძე, საია-ს კონსტიტუციური სამართალწარმოების იურისტი
გიორგი გოცირიძე, საია-ს კონსტიტუციური სამართალწარმოების იურისტი

ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში კრიტიკულია და ეს არის მისი არსი. მსგავსი განმარტება შესთავაზა საზოგადოებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმაც - „საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში კრიტიკულია - როგორიც უნდა იყოს ქვეყნის დიდი მეგობრის, მთავრობის დიდი მეგობრის მიდგომა იმ საკითხებისადმი, რომელთა შესახებაც ანგარიშის მომზადების კანონიერი ვალდებულება გვაქვს”. სხვა საკითხია, რამდენად კრიტიკულია ორი დღის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტი? საია-ს კონსტიტუციური სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის „ყველაზე კრიტიკული ანგარიშია“.

„ეს ანგარიში არის სარკე ქვეყნისა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. შეფასებები ნაკლებია. არის ფაქტები, რომელთა უმრავლესობა ვიცოდით“.

იმათ საყურადღებოდ, ვინც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ მიწოდებული ცნობების „კომპილაციად“ თვლის, ან ფიქრობს, რომ დეპარტამენტს კომპეტენტური წყაროების მოძიებაში დაეხმაროს, გიორგი გოცირიძე განმარტავს:

„ანგარიშებს წერს აშშ-ის საელჩოს ადამიანის უფლებათა ოფიცერი. ამ ინფორმაციის გადამოწმება ხდება სხვა ავტორიტეტიანი წყაროების ანგარიშებთან, როგორებიცააა „ამნესტი ინტერნეიშენალი“ და „ჰიუმან რაიტს უოჩი“. იმავე საია-ს გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვერ მოხვდებოდა ანგარიშში, რომ არ ყოფილიყო გადამოწმებული სხვა წყაროებთან. ამ ანგარიშში უამრავია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ციტირებაც“.

გიორგი გოცირიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებაა:

საქართველოს უამრავი ვალდებულება აქვს ნაკისრი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ დაიცავს ადამიანის უფლებებს. იგივე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის უფლებების დაცვის საშუალება და საქართველო ანგარიშვალდებულია ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, - ესენია არა საქართველოს შიდასამართლებრივი, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. პოზიცია „ნუ მაკრიტიკებ“ არ არის სწორი პოზიცია და რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებს ჰგავს“.

საიას იურისტი „დილის საუბრებში“ ლაპარაკობს პოზიტიურ ცვლილებებზეც, რის შესახებაც აღნიშნულია ანგარიშში და შეეხება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. გიორგი გოცირიძის თქმით, ანგარიშში ის ბევრ ძალიან ნაცნობ საკითხთან ერთად წააწყდა ისეთსაც, რომლებზეც საზოგადოება არ მსჯელობს და ეს ბავშვთა შრომას ეხება, კერძოდ, იმ ბავშვებისა, რომელთა ოჯახებიც მესაქონლეობას მისდევენ და თვეების მანძილზე საძოვრებზე ყოფნის გამო, ბავშვები სკოლას არიან მოწყვეტილები.

გიორგი გოცირიძესთან საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მსგავსად, ოკუპაციით გამოწვეულ დანაშაულებსა და დარღვევებზე, აგრეთვე მართლმსაჯულების სფეროში არსებულ პრობლემებს დაეთმო.

მთლიანობაში, გიორგი გოცირიძე თვლის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ყველაზე კრიტიკული ანგარიშია:

„ეს არის ყველაზე კრიტიკული ანგარიში ამ ხელისუფლების პირობებში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ წინა ხელისუფლების პერიოდშიც იყო მსგავსი კრიტიკული ანგარიშები, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკულია და მთავარი გამოწვევა არის სასამართლო რეფორმა“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG