Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არასრულწლოვანთა პროცესები დახურულია. რომ მივიდეთ, შეგვიძლია ამ ღიობებიდან ბავშვის დანახვა და ისიც ხედავს, რომ ჩვენ მას ვხედავთ"


გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე
გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე

სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია კანონთან კონფლიქტში მყოფი, დაზარალებული და მოწმე ბავშვების უფლებების დაცვის ხარისხი სასამართლო განხილვების პროცესში. ეს დოკუმენტი ეყრდნობა 2019 წლის მეორე ნახევარში თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს. გამოკვლევა სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა ორგანიზაციასათან - „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ - თანამშრომლობით. ჯგუფის წევრები დაესწრნენ 49 პროცესს. მათი უმრავლესობა თბილისის საქალაქო სასამართლოზე მოდის.

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე რადიო თავისუფლების ეთერში აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი თავისთავად პროგრესული, კარგი დოკუმენტია. სპეციალური ანგარიშით კი სახალხო დამცველს სურდა იმის შეფასება, როგორ ასრულებენ ამ კოდექსს სასამართლო პროცესების მონაწილეები: მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სხვა აქტორები, ვინც მოზარდების ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობს:

„სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს გამოწვევები დანახული. პირველი არის ის, რომ სპეციალიზაცია, რაც აქვს ამ ხალხს, ვგულისხმობ: პროკურორს, მოსამართლეს, ადვოკატს, ზოგიერთ შემთხვევაში არ არის სრულყოფილი. გვქონდა ძალიან კარგი დასაბუთებების მაგალითები, ანგარიშშიც მითითებულია და ძალიან საამაყოა, რომ ეს საქართველოში ხდება, მაგრამ ასევე გვქონდა შემთხვევები, როცა, მაგალითად, ისეთი კითხვები იყო დასმული სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული მცირეწლოვანი გოგონასთვის, რომელიც შესაძლოა სრულწლოვნისთვისაც არ იყოს რელევანტური და სწორი.

ასევე გვქონდა შემთხვევები, როცა სხვადასხვა ლოჯისტიკური საკითხიდან გამომდინარე ხდებოდა პროცესის დაჩქარება და ა.შ.“

სახალხო დამცველის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო პროცესების ფიზიკურ გარემოზეც, რომელში ყოფნაც განსაკუთრებით დამთრგუნველია არასრულწლოვნისთვის:

„სასამართლო დარბაზი სტრესულია. მე და თქვენც რომ წაგვიყენონ ბრალი, ჩვენს ახლობელს რომ წაუყენონ ბრალი და ჩვენ იქ ვისხდეთ, მაინც სტრესია. ის რიტუალური გარემო, დარბაზი, მანდატური, მოსამართლე - მაღლა რომ ზის, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, სტრესს იწვევს ზრდასრულ ადამიანებშიც. ბავშვებისთვის შესაბამისი ოთახები არ გვაქვს.

ერთი გამორჩეული მაგალითი გვაქვს საქართველოში და ეს არის რუსთავი, რომელმაც ამ კუთხით ინფრასტრუქტურა კარგად მოაწყო და ბავშვები ცალკე ოთახში არიან, რომელიც ვიდეო და აუდიოსაშუალებით უკავშირდება დარბაზს და არასრულწლოვანს არ უწევს იმ რიტუალურ გარემოსთან შეხება, რაც ძალიან კარგი პრაქტიკაა, მაგრამ სხვა შემთხვევებში სასამართლო დარბაზის კარებს აქვს ღიობები. ჩვენი კანონმდებლობით არასრულწლოვანთა პროცესები დახურულია. ცნობისმოყვარეობის გამო რომ მივიდეთ, შეგვიძლია ამ ღიობებიდან ბავშვის დანახვა და ისიც ხედავს, რომ ჩვენ მას ვხედავთ.

არის გარკვეული მცდელობები - მოსამართლეები ცდილობენ მაღლა არ ისხდნენ, დაბლა ჩამოვიდნენ, მაგრამ მთელი ინფრასტრუქტურა საჭიროებს ცვლილებას.

გვქონდა რამდენიმე მაგალითი და ანგარიშშიც წერია, რომ მანდატურები პროცესის დაწყებამდე საჯარო აცხადებდნენ სახელებს და გვარებს იმ არასრულწლოვნების, ვისი პროცესიც უნდა გამართულიყო ან ვინც უნდა დაკითხულიყო, რაც ჩვენი აზრით, დაუშვებელია“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს არასრულწლოვნის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესი, არის მისთვის გასაგები კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ამა თუ იმ საკითხისმისთვის გასაგებ ენაზე განმარტება. გიორგი ბურჯანაძე აქაც განსხვავებულ პრაქტიკებს აღწერს:

„ჩვენ გამოვკვეთეთ პოზიტიური მაგალითებიც უფლებების განმარტების კუთხით, როცა მარტივი, გასაგები ენით უმარტავდნენ, მაგრამ ხშირად გვქონდა შემთხვევები, როცა მოსამართლე კანონის ტექსტს პირდაპირ უკითხავდა არასრულწლოვანს. კანონის ტექსტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ზრდასრულებისთვისაც არ იყოს მარტივად გასაგები“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ასახელებს არაერთ მაგალითს, როცა სასამართლო პროცესში მონაწილეების არასათანადო მომზადებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააზარალოს დაზარალებულის სტატუსში მყოფი არასრულწლოვანი:

„ბუნებრივია, პროკურორს ევალება დაამტკიცოს ბრალი, ადვოკატს ევალება დაიცვას შესაბამისი პირის ინტერესები. მაგრამ, ორივეს საერთო ვალდებულება არის ის, რომ ისეთი კითხვები დასვან, რომლებიც არ იქნება მიმანიშნებელი, გასაგები იქნება არასრულწლოვნისთვის, არ ახდენდეს მის ვიქტიმიზაციას, მისი სიტუაციის დამძიმებას. გვქონდა წარმატებული მაგალითები როგორც ადვოკატების, ისე პროკურორების შემთხვევაში, მაგრამ იყო ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როცა ხდება ერთი და იგივე საკითხის რამდენჯერმე გამეორება, რაც საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით არ ითვლება სწორად, როცა არასრულწლოვანს ეხება საქმე. თუ მან გასცა პასუხი, არ უნდა ჩაეკითხო რამდენჯერმე. გვქონდა შემთხვევები, როცა ისინი სვამენ ისეთ კითხვებს, რაც იწვევს დადანაშაულებას არასრულწლოვნების და ეს განსაკუთრებით ეხება ოჯახური დანაშაულის შემთხვევებს, როცა, მაგალითად, შვილი არის მოწმე და ეკითხებიან პოლიციას რატომ არ მიმართეო და ახდენენ ხაზგასმას მისი შესაძლო პასუხისმგებლობის. ასევე გვაქვს შემთხვევები, როცა ისეთი კითხვებია დასმული, რაც არასრულწლოვანს არ უნდა დაესვას. ეს განსაკუთრებით ეხება სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს და დეტალიზაცია ხდება ისეთი საკითხების, რაც ბავშვს არ უნდა ჰკითხო. გვქონდა ასევე შემთხვევა, როცა სპეციალიზაციის არმქონე იყო რამდენიმე ადვოკატი და ესეც მითითებული გვაქვს შესაბამის ანგარიშში“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG