გივი ტატუნაშვილს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არაერთი კითხვა აქვს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გოგა აფციაური მას ტელეფონით დაუკავშირდა და ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შესახებ გაესაუბრა:
გოგა აფციაური: დღეს ცნობილი გახდა შუალედური ექსპერტიზის დასკვნის ამბები. თქვენ რა ამოიკითხეთ და რა იყო თქვენთვის საინტერესო?
გივი ტატუნაშვილ: უბრალოდ, მე რაც მაინტერესებს, არის ცხვირი აქვს შეცვლილი, ცხვირის ფორმა. ეს ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია და შუბლზე რო წრეები ეტყობოდა, ის არ არის დაფიქსირებული. ვაპირებ შეხვედრას ექსპერტთან და ალბათ, ამიხსნიან, გამაგებინებენ რა არის და როგორ არის.
გოგა აფციაური: დიახ, არც ის წერია, როგორც თქვით, შუბლზე ნაჭდევებზე.
გივი ტატუნაშვილ: კი, ესე იგი, ნატყვიარი არ არისო, ეგრე იძახიან და მაშინ, ამიხსნან, გამაგებინონ რა არის ის წრეები, რისგან არის ნაჭრილობევი რომ ეტყობა შუბლზე. ცხვირი თავისი არ იყო.
გოგა აფციაური: ასობით კვალიაო, როგორც თქვეს. ეს რას ნიშნავს? რას გვეუბნება?
გივი ტატუნაშვილ: რას გვეუბნება და იმას, რომ უღვთოდ იყო ნაწამები. ნაწამები იყო. სხეულზე ადგილი არა აქვს, რომ სისხლჩაქცევები და ნაჭყლეტი ჭრილობები არა ჰქონდეს.
გოგა აფციაური: 7-ში, ზეგ ერგნეთში არის შეხვედრა. ჩვენი ხელისუფლება ითხოვს შინაგანი ორგანოების გადმოცემას. წინა შეხვედრაზევ დადგა ეს საკითხი, მაგრამ უშედეგოდ, ჯერჯერობით. 7-ში კიდევ დააყენებენ ამ საკითხს. თქვენი მოთხოვნაც ძალაში რჩება ამ საკითხთან დაკავშირებით?
გივი ტატუნაშვილ: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხომ უნდა დადგინდეს ბოლო-ბოლო მიზეზი რა იყო. და, მიზეზი იყო წამება. სხვა არაფერი არ იყო მიზეზი ჩემი შვილის მკვლელობის. უღვთოდ იყო ნაწამები და განა, რამდენისთვის უნდა გაეძლო ადამიანს?..
გოგა აფციაური: პრინციპში, ამ შუალედური დასკვნით ვერ დგინდება, ხო, როგორც მეუბნებით?
გივი ტატუნაშვილ: კიდევ კომისიის მოწვევაა საჭირო, რომ ჩართონ კარდიოლოგები, ნეიროქირურგები და შესაძლოა, მაგათ დადონ დაკსვნა, რომ სიკვდილი გამოიწვია წამებამ.
გოგა აფციაური: ესე იგი, აპირებთ შეხვედრას ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან?
გივი ტატუნაშვილ: ვაპირებ აუცილებლად.
გოგა აფციაური: დიდი მადლობა, ბატონო გივი.