Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბიზნესის კეთების "მუღამი" ამ ხალხმა არ იცის. გრძელვადიან პერსპექტივაში საქმის წარმოების სპეციფიკა ამ ხალხმა არ იცის"


გიგა ბექაური, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აქტივისტი
გიგა ბექაური, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აქტივისტი

„რა უნდა მოვთხოვოთ, როგორ უნდა ვესაუბროთ კერძო კომპანიებს შრომით უფლებებზე, რომ მათ არ შეუშალონ ხელი პროფკავშირების ჩამოყალიბებას, როცა მთავარი ხელისშემშლელი, მთავარი ექსპლუატატორი ქვეყანაში გვყავს სახელმწიფო კომპანია რკინიგზის სახით და თუნდაც „საქართველოს ფოსტის“ სახით. ეს კომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ერთი მხრივ, დასაქმებულები შეავიწროვონ და მეორე მხრივ, არ მისცენ მათ საშუალება სოციალურ დიალოგში იყვნენ დამსაქმებელთან. მაგალითად, ისინი არ ცნობენ მედიაციასაც კი, რაც სრული მარაზმია ქვეყანაში“, - ასე ეხმაურება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აქტივისტი, გიგა ბექაური რკინიგზელთა პროტესტზე დამსაქმებლის პასუხს.

მისი დაკვირვებით, წარმატებული სამედიაციო პროცესები უფრო მეტად კერძო დამსაქმებლებთან ახსენდება, ვიდრე სახელმწიფო სექტორთან, თუმცა, აღნიშნავს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ წარსულში გამართული აქციების ეფექტსაც. ამასთან, გიგა ბექაური განმარტავს ამ ეტაპზე რკინიგზელებსა და მენეჯმენტს შორის შეუმდგარი მედიაციის პროცესის მნიშვნელობას:

„მედიაციის პროცესი არის სოციალური დიალოგი, რომ ჩვენ ვისაუბროთ და მერე გადავწყვიტოთ რომელი მოთხოვნაა პოპულისტური თუ არაპოპულისტური. რკინიგზელს ჰკითხოს ადმინისტრაციამ - რეალურად არის თუ არა პოპულისტური მოთხოვნა, რომელსაც რკინიგზის ახალი პროფკავშირი აჟღერებს.

ბიზნესის კეთების მუღამი ამ ხალხმა არ იცის. გრძელვადიან პერსპექტივაში საქმის წარმოების სპეციფიკა ამ ხალხმა არ იცის. დიდი ბიზნესის შენება არ იცის. ამ ხალხმა იცის, როგორც ერთი ადამიანი იტყოდა, „ცეხავიკობა“ - დღეს, ხვალ და ზეგ ფული როგორ „გაჩითონ“ საიდანღაც“.

გიგა ბექაური „დილის საუბრებში“ ყვება აგრეთვე შვედური კომპანიის „ევოლუშენ გეიმინგის“ პროტესტზეც. აღნიშნული კომპანია ონლაინ სერვისებს სთავაზობს სათამაშო ბიზნესში მოქმედ კომპანიებს. ის წელიწადზე მეტია შეიქმნა და უკვე სერიოზული მოგებაც აქვს:

„გაიზარდა შრომაც. დასაქმებულებმა არაერთგზის შვიდობიანად მიმართეს დამსაქმებელს და გარკვეულ პოზიციებზე მოსთხოვეს ხელფასების გაზრდა, მიიღეს უგულებელყოფა.

პრობლემებია შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის კუთხით.

პირდაპირ ეთერებში საათობით უწევთ მუშაობა. არ არსებობს გაგრილების სისტემა. ცუდად არის გამართული. არ აქვთ ბიულეტინით სარგებლობის საშუალება. ოფისში არის ძლიერი დამტვერიანება. არის სისუფთავესთან დაკავშირებული პრობლემები.

დასაქმებულებმა გადაწყვიტეს საპროტესტო აქციების დაწყება. შინაარსობრივად ეს არის გაფიცვა. დაიწყესშრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა. 400 ადამიანი გაიფიცა. სრული უმრავლესობა არიან ახალგაზრდები“.

გიგა ბექაური აღნიშნავს იმასაც, რომ იშვიათია ახალგაზრდების მონაწილეობა „რეალური უფლებებისთვის ბრძოლაში“:

„ამ ადამიანებმა სერიოზული პრეცედენტი შექმნეს. დააფუძნეს პროფკავშირული ორგანიზაცია. ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში სერიოზულ წვლილს შეიტანს“.

პროფკავშირების გაერთიანების აქტივისტის თქმით, „ევოლუშენ გეიმინგის“ თანამშრომლების პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს ამავე კომპანიის დასაქმებულებმა ლატვიაში.

ზოგადად, დასაქმებულთა უფლებების მიმართ დამოკიდებულებაზე გიგა ბექაური „დილის საუბრებში“ ამბობს:

„მე რაც მახსოვს, საქართველოში მოქმედი არც ერთი ხელისუფლება რეალურად არ იზიარებს ევროპულ პრინციპებს. მათთვის ევროპული პრინციპები არის მხოლოდ ფასადი და როგორც ერთი ადამიანი იტყოდა, ეს მხოლოდ სახელმწიფო უწყებებზე მოფრიალე ევროკავშირის დროშებია და სხვა არაფერი“.

„დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს იმ დასაქმებულების მიმართ, ვინც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG