საჯარო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს იწყება. ამ თარიღს თბილისის რამდენიმე უბანი გადაკეტილი ქუჩებით, გადათხრილი გზებით და შეზღუდული მოძრაობით ხვდება. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის 5 საკვანძო წერტილში გრძელდება: გლდანში - ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე, ვაკეში - ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე თამარ მეფისა და მშრალი ხიდების მახლობლად და კახეთის გზატკეცილზე.
რამდენად გაართულებს მოძრაობას რეაბილიტაციის პროცესში მყოფ ქალაქში ახალი სასწავლო წლის დაწყება?
თამარი მუხიანში ცხოვრობს, თავისუფლების მოედანთან ახლოს მუშაობს და შვილი ბაღში ფალიაშვილის ქუჩაზე დაყავს. ამბობს, რომ ვაკეში გზის გადაკეტვამ მისი მგზავრობის დრო მკვეთრად გაახანგრძლივა.
“საცობებმა მოიმატა, 45 წუთი მჭირდება ბაღამდე მისასვლელად. კიდევ უფრო პრობლემური გახდა პარკინგი: ზოგჯერ რამდენიმე წრეს ვარტყამ იმისთვის, რომ გავაჩერო მანქანა და ბავშვი გადავიყვანო. იმ მონაკვეთზე, სადაც საბავშვო ბაღია, ხშირად პატრული ეკიპაჟი დგას და 2 წუთითაც კი ამ გამოდის მანქანის გაჩერება, ზოგჯერ მარტოც მიწევს მანქანიდან ბაღში გადაშვება."
თამარის თქმით, საცობებთან ერთად პრობლემაა მომატებული მტვრიანობა ქუჩებში, რასაც აყრილი გზის საფარი იწვევს. მისი თქმით, გლდანში გზები, რომლებიც ახლა ხელახლა უნდა დააგონ, რამდენიმე წლის წინ განაახლეს და არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ თავიდან გამხდარიყო საჭირო მათი სრულად აყრა. მოსახლეობის ეჭვს და უკმაყოფილებას ამძაფრებს ის, რომ გლდანში განსაახლებელი გზის მონაკვეთზე გზის მუშებს იშვიათად ხედავენ.
“ახმეტელიდან ზემოთ ისედაც დატვირთული მონაკვეთია და ახლა, მით უმეტეს, საშინელება გახდა იქ მოძრაობა”- გვეუბნება თამარი.
“მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება. პროექტმა ათეულ წლებს უნდა გაუძლოს” - თქვა ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჭავჭავაძეზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას. მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის უფრო მალე დასრულებაც შეეძლოთ, თუმცა არ უნდოდათ, მოსახლეობას დისკომფორტი შექმნოდა მთელი ქუჩის ერთიანად გადაკეტვის გამო. ამიტომ აირჩიეს ნაწილ-ნაწილ სამუშაოების შესრულება, რაც დროში უფრო გაწელილი პროცესია.
მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად ახალ სასწავლო წელს ჭავჭავაძის გამზირის ერთი ნაწილი - უნივერსიტეტიდან პიქსელის შენობამდე გახსნილი შეხვდება - ამ მონაკვეთზე ასფალტის პირველი ფენა დაიგება და ჩვეულებრივ იმოძრავებს როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე პირადი ავტომობილები.
ჭავჭავაძის გამზირი ერთადერთი ქუჩაა ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელის ერთ მონაკვეთზე რეაბილიტაცია სწავლის დაწყებისთვის ნაწილობრივ დასრულებული უნდა იყოს. ჭავჭავაძეზე მოძრაობა 2019 წლის მაისის ბოლოს გადაიკეტა; მაშინ მერიამ თქვა, რომ ეს იქნებოდა პირველი საპილოტე ქუჩა, სადაც კომუნიკაციები მიწის ქვემოთ განთავსდებოდა (მათ შორის ელექტრო გაყვანილობა და ნაგვის შემკრები რეზერვუარები) და ავტობუსის გაჩერებები გამზირის შუაში მოეწყობოდა - მშენებლობის ვადად განისაზღვრა 3 თვე.
“მრგვალ ბაღთან ვცხოვრობ და ზოგჯერ სასტუმრო “საქართველოსთან” რომ გაჩერებაა, იქამდე ჩავდივარ, სადმე რომ წავიდე. ნაწილობრივ რომც გახსნან, ტრანსპორტი ისევ ისე, როგორც დადიოდა, კარგა ხანს არ ივლის. კი კარგი კეთდება, რაც 50 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, მაგრამ რთულია ასე ცხოვრება” - გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები, რომელსაც ჭავჭავაძეზე ვხვდებით.
16 სექტემბერს, როდესაც გამზირი ნაწილობრივ უნდა გაიხსნას, გაჩერებები კვლავ ქუჩის კიდეებზე იქნება. ველობილიკებიც მოგვიანებით დაემატება - როცა მთელ ქუჩაზე დასრულდება ასფალტის პირველადი ფენის დაგება. დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს დაგეგმილს რამდენით გადაცდება გამზირზე რემონტის დასრულება.
ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2,5 კილომეტრია. სამუშაოებს კომპანია “ჯეუ გრუპი” ასრულებს . კომპანიის ორი მფლობელიდან ორივე “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან. გიორგი მარკოიშვილმა და ნინო კიკაბიძემ 2017 წელს პარტიას ჯამში 50 000 ლარი შეწირეს.
შპს “ჯეუ გრუპი” ჭავჭავაძის გამზირის გარდა:
- აკეთებს კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას, რომლის ღირებულებაც 40 მილიონ ლარს აჭარბებს;
- ახორციელებს საბურთალოს რაიონში ქუჩების და ეზოების კაპიტალური შეკეთებების 4 მილიონის ღირებულების პროექტს;
- 7 მილიონ ლარად შეფასებულ ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის ნაწილის რეაბილიტაციას და არაერთ სხვა მსხვილმასშტაბიან სახელმწიფო პროექტს.
ჭავჭავაძესთან შედარებით მშენებლობის ტემპი ბევრად ნელია გლდანში, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე, რომლებიც ჯამში 8 კილომეტრიან მონაკვეთს ქმნიან. ამ ქუჩების რეაბილიტაცია ქალაქის მთავრობამ თითქმის ერთი თვით ადრე დაიწყო, ვიდრე ჭავჭავაძეზე - მაისის დასაწყისში. ამ დროისთვის გამოცვლილია წყლის სისტემა, მაგრამ გადათხრილ გზებზე ფაქტობრივად არ შეგვხვედრია გზების დაგებაზე მომუშავე ადამიანები. მცირე ჯგუფი, რომელიც რადიო თავისუფლებას ამ მონაკვეთზე 11 სექტემბერს შეხვდა, კომპანია “მაგთიკომის” თანამშრომლები იყვნენ. ისინი ვეკუას ქუჩაზე ელექტო-კაბელების ცვლიდნენ.
“პროექტის განხორციელების დროს, წყლის მიწოდების შეზღუდვისას, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება გვიწევდა, რამაც, რა თქმა უნდა, პროექტის ვადების ცვლილება გამოიწვია. ახლა ყველაზე მთავარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებია, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება.” - ეს თბილისის მერიის 9 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციაა. კონკრეტული ვადებს, როდის დაიწყება გზის საფარის დაგება ან როდის დასრულდება ამ ორი ქუჩის რეაბილიტაცია, ამ დროისთვის თბილისის მერიაში ვერ ამბობენ.
“აგერ მუშაობდნენ, ახლა აღარც მუშაობენ, არაფერს არ ამბობენ. ტალახში ვიხრჩობით” - ჩივიან ვეკუას ქუჩაზე გაჩერებაზე შეკრებილი ადგილობრივები.
“ღმერთმა იცის როდის დამთავრდება, ვინ არის პასუხისმგებელი, ეგ რომ თქვას? ვინ მუშაობს, არავინ არ მუშაობს. ტრანსპორტიც არ დადის წესიერად გზების გამო, ხალხი შეწუხებულია, მაგრამ ვინ ფიქრობს მაგაზე?” - გვითხრა გლდანში, ატალახებულ ქუჩაზე მოსიარულე შუა ხნის ქალმა.
"გლდანში ერთ-ერთ სკოლაში მყავს გუნდი, რომელსაც მუსიკას ვასწავლი და მანქანით ფაქტიურად აღარ მივდივარ , გზას 20 წუთი ემატება და გამოდის, რომ დღეში დამატებით 40 წუთს ვხარჯავ მხოლოდ გადაადგილებისთვის. " - ამბობს რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რესპონდენტი.
სატენდერო პირობების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო დაწყებიდან 255 დღის განმავლობაში. აქვე ვკითხულობთ, რომ “მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.”
ხიზანიშვილი - ვეკუას ქუჩების 8 კილომეტრიანი მონაკვეთისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია “ენსისი” ახორციელებს.
რატომ ჭირდება გზების დასრულებას იმაზე მეტი დრო, ვიდრე ხელშეკრულებაშია გაწერილი
საგზაო უსაფრთოების სპეციალისტი, გელა კვაშილავა ამბობს, რომ გადათხრილი გზები სკოლის დაწყებასთან ერთად კიდევ უფრო დიდი პრობლემა გახდება და მოძრაობაც კიდევ უფრო გაჭირდება, თანაც ის მონაკვეთები არ არის იმდენად დიდი, რომ მათი რეაბილიტაცია მრავალი თვის განმავლობაში იწელებოდეს.
“სხვადასხვა სამსხურებმა ერთად და კოორდინირებულად რომ იმუშავონ, ამდენი დრო არ დასჭირდებოდათ. დისკომფორტი არ შეგვექმნებოდა, თუ სამუშაოები სწრაფად შესრულდებოდა. ხიდებს აშენებენ მთებს შორის ერთ კვირაში, ბოლოს და ბოლოს.”
კვაშილავას თქმით, გზების მშენებლობა ერთადერთი სფერო არ არის, სადაც მერიის კონტრაქტორი კომპანია იმაზე მეტ დროს ანდომებს სამუშაოს შესრულებას, ვიდრე თავდაპირველი მოლოდინი არსებობს და იხსენებს ავტობუსების შესყიდვის ტენდერებს, სადაც გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გაწერილ ვადაში პროდუქტის მიწოდება ქალაქისთვის.
“ტენდერი იმიტომ არის, რომ დათქმულ დროზე შეასრულოს. ტენდერში ხომ ვიღაც იმიტომ იგებს, რომ მისაღებ ვადას და ფასს გთავაზობს. დაპროექტებაც მნიშვნელოვანია, რომ ისე იყოს გაკეთებული, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველა რისკი და ახლოს იყოს იმასთან, რაც კეთდება. ასე ხომ არ შეიძლება, კეთების დროს იცვლებოდეს?” - ამბობს გელა კვაშილავა.
IDFI-ს ანალიტიკოსი, სანდრო ქევხიშვილი კი გვიხსნის, რომ კანონის მიხედვით "დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა, თუმცა იგივე ტიპის შეზღუდვა არ არსებობს კონტრაქტის ხანგრძლივობაზე. ანუ, თუ ორივე მხარე თანახმაა გახანგრძლივებაზე, შეუძლიათ იმდენ ხანს გააგრძელონ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან. თუმცა ვადის ცვლილება უნდა აისახოს შესყიდვების საიტზე.”
სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ამ ეტაპზე არ იძებნება ვადის ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებები; სატენდერო დოკუმენტაციაში არც ჭავჭავაძის გამზირზე განსახორციელებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი, რომელიც წერილობითი დავალების მიცემიდან 5 დღის ვადაში უნდა ყოფილიყო წარდგენილი და რომელიც პროცესის შესახებ წარმოდგენას შეუქმნიდა დაინტერესებულ მოსახლეობას.
რთულად ასახსნელი ჩანს ისიც, რომ გზების მშენებლობის დაწყებიდან ამ დრომდე რამდენჯერმე შეიცვალა რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა, რასაც ქალაქის მმართველები ზეპირ და ოფიციალურ განცხადებებში ასახელებენ. თავდაპირველად ჭავჭავაძის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხად 13 მილიონი სახელდებოდა, ბოლო მონაცემებით ეს პროექტი 15 მილიონი დაუჯდება ქალაქს.