Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაქცევა ევროპიდან. როგორ მოახერხა რუსმა „ბოევიკმა“ ჩეხეთიდან კვლავ ყირიმში დაბრუნება?


ალექსანდრ ფრანჩეტი (ფოტოკოლაჟი)
ალექსანდრ ფრანჩეტი (ფოტოკოლაჟი)

რუსმა „ბოევიკმა“ ალექსანდრ ფრანჩეტიმ, რომელსაც ყირიმის ანექსიაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად, ჩეხეთის ციხეში წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ მოახერხა ანექსირებულ ყირიმში დაბრუნება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ელოდებოდა ექსტრადირებას უკრაინაში, სადაც 8 წლით პატიმრობა ემუქრებოდა 2014 წელს უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებში „ყირიმის თავდაცვასა“ და „ჩრდილოეთის ქარში“ მონაწილეობის გამო.

ანექსირებულ ყირიმში დაბრუნებაზე, ალექსანდრ ფრანჩეტიმ პრორუსულ საიტ ForPost-ს უამბო. მისი მონაყოლით ირკვევა, რომ მან და მისმა ადვოკატმა შეცდომაში შეიყვანეს ჩეხეთის სასამართლო, რის შედეგადაც იგი 2022 წლის 20 ოქტომბერს გათავისუფლდა პატიმრობიდან.

„ჩვენ მოვამზადეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მე აქ (ყირიმში 2014 წლის ანექსიის დროს-რ.თ. )ფიზიკურად არ ვიმყოფებოდი“, - განაცხადა ალექსანდრ ფრანჩეტიმ, რომლის თანახმად, „ჩეხ პროკურორს არც კი უცდია რაიმე მტკიცებულების მოძებნა“.

საპატიმროდან გამოსვლისთანავე ალექსანდრ ფრანჩეტიმ დატოვა ევროკავშირი. ჩეხეთიდან ავსტრიისა და უნგრეთის გავლით ჩაფრინდა სერბეთში, იქიდან 2022 წლის 28 ოქტომბერს - სოჭში, ბოლო კი სევასტოპოლში აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ ფრანჩეტის მიმართ საქმის განხილვა ჩეხეთში შეწყდა, უკრაინაში იგი კვლავ ეჭვმიტანილად ითვლება და, როგორც „ყირიმ. რეალიიმ“ დაადგინა, მას კიევი ისევ ეძებს.

ფიტნესის ინსტრუქტორობიდან ბოევიკობამდე

რუსეთის ქალაქ ვორონეჟის მკვიდრი ალექსანდრ ოლენევი, ასეთი გვარი ჰქონდა ალექსანდრ ფრანჩეტის, ჩეხეთის დედაქალაქში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა. პრაღაში იგი დარეგისტრირებული იყო როგორც კერძო მეწარმე და ერთ-ერთ ფიტნესკლუბში მწვრთნელად მუშაობდა.

მაგრამ მისი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა - მწვრთნელობამდე და მწვრთნელობის შემდეგ ბოევიკობამდე, რაზეც მან თავადვე უამბო ჟურნალისტებს.

ამ მონაყოლით ირკვევა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წინ, 2014 წელს ალექსანდრ ფრანჩეტი სევასტოპოლში, თავის შეყვარებულ გოგოსთან ჩავიდა. ფრანჩეტი ამტკიცებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე სწორედ იმიტომ ჩავიდა, რომ „რადიკალური უკრაინული ორგანიზაციებისგან“ დაეცვა თავისი შეყვარებული.

2014 წლის გაზაფხულზე ალექსანდრ ფრანჩეტიმ სევასტოპოლში შექმნა სადაზვერვო ჯგუფი „ჩრდილოეთის ქარი“, რომელიც მიზნად ისახავდა დივერსიებისგან რეგიონის დაცვას.

როგორც ფრანჩეტი თავად ჰყვება იუტუბზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, დაჯგუფება „დივერსანტებისგან გაზსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს იცავდა.“

მთლიანობაში „ჩრდილოეთის ქარში“ 12 მოხალისე ირიცხებოდა, მათგან ცნობილია მხოლოდ ოთხის ვინაობა, მათ შორისაა ფრანჩეტი და სერბი დეიან ბერიჩი.

ანექსირებულ ყირიმში ფრანჩეტის საბრძოლო გმირობების შესახებ, ძირითადად მისი და მისი თანამებრძოლის, სერბი დეიან ბერიჩის მონაყოლიდან ცნობილია მხოლოდ ერთი ეპიზოდი და ისიც - ფრაგმენტულად.

დაახლოებით 2015-2016 წლებში დივერსიულმა ჯგუფმა „ჩრდილოეთის ქარმა“ სევასტოპოლის ერთადერთი წყალსაცავის მახლობლად, ჩერნორეჩენსკის კანიონთან, აღმოაჩინა 11-12-კაციანი დივერსიული ჯგუფი. მაგრამ უცნობია ამ ოპერაციის დეტალები და თავად ამ „დივერსანტების“ ბედი.

ალექსანდრ ფრანჩეტის მონაწილეობა 2014 წლის ყირიმის მოვლენებში აღნიშნულია მედლით „ყირიმის დამსახურებისთვის“, რომლითაც იგი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მრავალ ფოტოზე პოზირებს. რუსეთის საჯარო რეესტრის თანახმად, ალექსანდრ ფრანჩეტი არის ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სევასტოპოლის დაცვის“ თანადამფუძნებელი.

და ამ მიზნით მუდმივად მორიგეობდა სევასტოპოლის სატყეო მეურნეობაში. ღიად ხელმისაწვდომ ფოტოებზე იგი გამოსახულია მედლით, რომელიც გარეგნულად წააგავს „რუსეთის მიერ ყირიმის უკან დაბრუნებისთვის“ დაწესებულ მედალს.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ალექსანდრ ფრანჩეტი შეეცადა სევასტოპოლში პოლიტიკური კარიერის გაკეთებას. იგი კენჭს იყრიდა ოკუპირებული ქალაქის ნახიმოვის რაიონის საბჭოში, მაგრამ არჩევნები წააგო. შემდეგ შეეცადა დაემყარებინა კონტაქტი ჩეხ პოლიტიკოსებსა და სევასტოპოლის ხელისუფლებას შორის. მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკას ჩამოშორდა და ხან სევასტოპოლში ცხოვრობდა და ხანაც ჩეხეთის დედაქალაქში.

პრაღა. ჩეხეთი
პრაღა. ჩეხეთი

დაკავება და დაპატიმრება

ჩეხეთში ალექსანდრ ფრანჩეტის პრობლემები 2021 წლის სექტემბრიდან იწყება, როდესაც პრაღაში მორიგი ჩასვლის დროს, ის სამართალდამცველებმა აეროპორტშივე დააკავეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა ჯერ კიდევ 2020 წელს გადასცა ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ფრანჩეტის ექსტრადიციის შესახებ მომზადებული თხოვნა, რომელიც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში -„ყირიმის თავდაცვასა“ და „ჩრდილოეთის ქარში“ მისი მონაწილეობის გამო ყირიმისა და სევასტოპოლის პროკურატურების მიერ წარდგენილ ოფიციალურ ბრალდებებს ეფუძნებოდა.

2021 წლის 14 სექტემბერს პრაღის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრ ფრანჩეტის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

თავად ეჭვმიტანილი სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. არ აღიარებდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას, მაგრამ დაადასტურა, რომ 2014 წელს ნამდვილად იყო სევასტოპოლის „სახალხო პატრულის“ წევრი.

სასამართლოზე რუსეთის მოქალაქემ განაცხადა, რომ უკრაინაში ექსტრადიცია მისთვის იქნებოდა „ნელი სიკვდილი“, ვინაიდან მას აქვს რევმატიზმი, ხოლო უკრაინაში ასეთ ავადმყოფებს თითქოს „საშინლად ცუდად“ მკურნალობენ.

როგორ გადაარჩინა ფრანჩეტი რუსეთის ომმა

2022 წლის ოქტომბერში ჩეხეთის სასამართლომ ფრენჩეტის მოუხსნა ბრალდებების ნაწილი, რომელიც 2014 წლის ყირიმის ანექსიის დროს 11 პროუკრაინელი აქტივისტის უკანონო დაკავებას შეეხებოდა.

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება ბრალდების დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებებით ახსნა და რუსეთის მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლა.

უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში ალექსანდრ ფრანჩეტის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

2021 წლის 14 სექტემბერს პრაღის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრ ფრანჩეტის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
2021 წლის 14 სექტემბერს პრაღის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრ ფრანჩეტის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

2022 წლის თებერვლის შუა რიცხვებში პრაღის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა ალექსანდრე ფრანჩეტის ექსტრადირება უკრაინაში, რათა მისი საქმე უკრაინის სასამართლოს განეხილა. მაგრამ მალე რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ინტერვენცია უკრაინაში და ამის შემდეგ, ჩეხეთის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა ალექსანდრ ფრანჩეტის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება. როგორც ჩეხური გაზეთი Czeske Noviny წერდა, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო „უკრაინაში სამხედრო მდგომარეობისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის გამო“.

ასე დაეხმარა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ალექსანდრ ფრანჩეტის, თავიდან აეცილებინა უკრაინაში გასამართლება.

ომი ლვოვში უნდა დასრულდეს“

სევასტოპოლში დაბრუნების შემდეგ გამოცემა ForPost-თან ინტერვიუში, ალექსანდრ ფრანჩეტი ჰყვება, თუ როგორ მოახერხა ევროკავშირის დატოვება ისე, რომ თავიდან აეცილებინა სხვა ქვეყნებში დაკავება.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუ საზღვარს გადავლახავდი პოლონეთთან ან გერმანიასთან, უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე დამაპატიმრებდნენ და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, არ დაგვეკარგა დრო და ავსტრიისა და უნგრეთის გავლით მივაშურე სერბეთს, საიდანაც სოჭში გადავფრინდი“, - ჰყვება ალექსანდრ ფრანჩეტი.

როგორც სამშვიდობოს გასული რუსეთის მოქალაქე აცხადებს, იმისთვისაც მზად იყო, „რომ უკრაინისათვის გადაეცათ“, რადგან დარწმუნებულია, რომ რუსეთი „დაიცავდა და ვინმეში გაცვლიდა“.

ამჟამად ფრანჩეტი სევასტოპოლში ცხოვრობს და მხარს უჭერს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში. ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვმიტანილი ბოევიკი აცხადებს, რომ შეეძლო „სარგებელი მოეტანა ფრონტის წინა ხაზზე“, მაგრამ ჯანმრთელობა არ აძლევს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის საშუალებას.

ალექსანდრ ფრანჩეტი არასწორად მიიჩნევს ტერმინ „სპეცოპერაციას“, როგორც კრემლი უწოდებს უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს. მისი აზრით, ეს ტერმინი უნდა გაუქმდეს, რადგან „ომი რუსეთის წინააღმდეგ წარმოებს“. ჩეხეთში დაპატიმრებასაც, ალექსანდრ ფრანჩეტი, ამ ომის ნაწილად თვლის, ომისა, რომელიც მისი რწმენით „ლვოვში უნდა დამთავრდეს“.

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა კი აცხადებს, რომ ფრანჩეტი ადრე თუ გვიან აუცილებლად წარდგება უკრაინული მართლმსაჯულების წინაშე.

უწყებაში გაიმეორეს, რომ უკრაინის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ალექსანდრ ფრანჩეტი კვლავინდებურად არის ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას გულისხმობს. მასზე კვლავ არის გამოცხადებული ძებნა, ხოლო უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ალექსანდრ ფრანჩეტის შესახებ ნათქვამია, რომ „ემალება წინასასამართლო გამოძიებას“.

  • 2014 წელს, კიევში პროდასავლური „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც ქვეყნიდან გააძევეს კრემლის მეგობარი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსია მოახდინა.
  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ როდესაც უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს, გამოსწორდება ყველაფერი, რაც „ნახევარკუნძულზე ოკუპანტებმა ჩაიდინეს“ და აღდგება სამართლიანობა, რისთვისაც მოწოდებულია „ყირიმის პლატფორმა“.
  • უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა შარშან მაისში Sky News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთთან ომის გარდამტეხი მომენტი აგვისტოს შუა რიცხვებისთვისაა მოსალოდნელი. „შედეგად, ჩვენ აღვადგენთ უკრაინის ხელისუფლებას მთელ ჩვენს ტერიტორიაზე, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით“, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.
  • 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული ყირიმსა და სევასტოპოლში თითქმის ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმები. რუსეთის ხელისუფლება ამას „უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების“ იერიშებითა და რუსეთის „საჰაერო თავდაცვის მუშაობით“ ხსნის.

ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა უკრაინის უპილოტო თვითმფრინავებს ყირიმის „მთავარი საფრთხე“ უწოდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG