განუკითხაობა თბილისის ქუჩებში და ჩაშლილი "ღირსების მარში" - მოვლენების ქრონოლოგია

5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისი პრაიდს" დედაქალაქში “ღირსების მარში” უნდა გაემართა. მათი მზადების პარალელურად, საპატრიარქომ მხარდამჭერების მობილიზება გამოაცხადა და კონტრაქცია დაანონსა. ხელისუფლების წარმომადგენლების უმრავლესობა აცხადებდა, რომ მათთვის მარშის ჩატარება მიუღებელია, ევროპარლამენტარები და დიპლომატები კი მოუწოდებდნენ მთავრობას, დაეცვა ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლების. მარში საღამოს 6 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამოქალაქო აქტივისტების და დიპლომატიური კორპუსის მოლოდინი არ გამართლდა - დღეს საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა მხოლოდ ძალადობრივმა ჯგუფებმა შეძლეს. მთელი დღის განმავლობაში, სამართალდამცველების პასიურობის ფონზე, ისინი სცემდნენ ჟურნალისტებს და არბევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:

10:59

სიძულვილის ჯგუფები პარლამენტთან ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიერ გაშლილ კარვებს ყრიან. თავდასმხმის შედეგად, დაშავდა 10-ზე მეტი ჟურნალისტი.

11:00

პარალელურად, პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის ამბობს, გამოხატვის თავისუფლება ყველა აქვს, მაგრამ პარლამენტთან “რაღაც მარშების” ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია. იგი ირწმუნება, რომ პრაიდის ორგანიზატორებს მიხეილ სააკაშვილი უმაგრებს ზურგს და ამატებს, საქართველოში ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, “არავითარი პრობლემები” არ ექმნებათ.

11:42

სიძულვილის ჯგუფები პარლამენტთან ხსნიან ევროკავშირის დროშას და აღმართავენ წმინდა ნინოს ჯვარს.

12:08

სიძულვილის ჯგუფებმა მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან გადაინაცვლეს და იქ შეღწევა სცადეს. სადარბაზოში ფიზიკურად გაუსწორდნენ ტვ პირველის ჟურნალისტს. იმის მიუხედავად, რომ ეს წინასწარ დაანონსეს, რადიკალებს შენობასთან პოლიცია არ დახვდათ.

12:28

შსს განცხადებას ავრცელებს. უწყება იტყობინება, რომ დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლებით, თუმცა არ აკონტკრეტებს, დააკავეს თუ არა რომელიმე თავდამსხმელი. პრემიერის კვალდაკვალ, მათაც მოუწოდეს პრაიდის ორგანიზატორებს, უარი თქვან "ღირსების მარშის" ჩატარებაზე.

13:20

სიძულვილის ჯგუფები თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ, და აივნიდან ცისარტყელას დროშა ჩამოხსნეს. შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება დაკავებულების შესახებ.

13:28

მრგვალ ბაღთან ფიზიკურად გაუსწორდნენ “რადიო თავისუფლების” ორ ჟურნალისტს იმ დროს, როდესაც ისინი საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

13:31

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცველებს, შეასრულონ საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და აღკვეთონ ძალადობა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის სიტყვებმა ხელი შეუწყო სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას.

13:58

ტელეკომპანია "კავკასია" ავრცელებს კადრებს - "ფორმულას" ჟურნალისტს, რატი წვერავას, ქაშვეთთან ფიზიკურად უსწორდებიან.

14:15

საპატრიარქო მოუწოდებს სიძულვილის ჯგუფებს, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.

14:47

პარლამენტთან ისმის პირდაპირი მოწოდებები ძალადობისკენ. "თბილისი პრაიდი" აცხადებს, რომ "ღირსების მარში" აღარ გაიმართება. აქტივისტების თქმით, ხელისუფლებამ არათუ არ დაიცვა მათი გამოხატვის თავისუფლება, არამედ პირიქით - წაახალისა ძალადობა. ორგანიზაციაში პრემიერ-მინისტრის განცხადებას “სამარცხვინოს, ძალადობრივს, ანტისახელმწიფოებრივს და ანტიდასავლურს” უწოდებენ.

15:00

“რიონის ხეობის მცველები” აცხადებენ, რომ უერთდებიან ქაშვეთში გასამართ პარაკლისს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ძალადობას გმობს, თუმცა თბილისში სიძულვილის ჯგუფების მხარდასაჭერად “სულიერი მამის” მოწოდების საფუძველზე ჩამოდის. წინა დღით მან “თბილისი პრაიდს” “მართული ჯგუფი” უწოდა.

15:23

ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს ძალადობა.

15:31

ირაკლი კობახიძე იმეორებს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ თბილისი პრაიდი ოპოზიციის მიერაა მართული. იგი ასევე ამბობს, ვითარების მართვა რთულია "ობიექტური გარემოებების" გამოო.

15:52

ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს უცხოელი ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა.

16:00

სიძულვილის ჯგუფებმა ჟურნალისტების ცემისა და "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევის შემდეგ პარლამენტის წინ ცეკვა დაიწყეს.

16:20

ამ დროისთვის დაშავებულია 30-მდე ჟურნალისტი. დაზიანებულია ტექნიკა. შსს ჯერაც არ აზუსტებს, რომელიმე მოძალადე დააკავა, თუ არა.

16:50

ამერიკის საელჩო დიპლომატიური კორპუსის (17 საელჩოს), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლობების საერთო განცხადებას ავრცელებს. ისინი გმობენ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე, შეახსენებენ ხელისუფლებას მის პასუხისმგებლობას და მოუწოდებენ, დაგმოს ძალადობა, დაიცვას ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

17:05

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პირი, რომელმაც ხეთაგუროვის ქუჩაზე ადამიანი დაჭრა, დაკავებულია. ეს პირველი ინფორმაციაა დაკავების შესახებ, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდა.

17:30

განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი გმობს ძალადობას და მოუწოდებს “შესაბამის ორგანოებს”, აღკვეთონ ძალადობა და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

18:30

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზაობას, დაიცვას დაზარალებულთა უფლებები. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პროცესების ეფექტიანად მართვა და სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალის მობილიზება, რამაც დამატებით შეუწყო ხელი პროცესების გამწვავებას” - აცხადებს ორგანიზაცია.

19:10

“თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ სიძულვილის ჯგუფები აქტივისტებს მთელი დღის განმავლობაში დევნიდნენ.

19:14

მიტროპოლიტი შიო პირობას დებს - რამდენჯერაც იქნება მცდელობა „მსგავსი ღონისძიების ჩატარების“, იმდენჯერ „ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ“. „გადაცდომა“, „არაკორექტული ქმედებები“, „დაზიანდა რამდენიმე ადამიანი“ - ასე აფასებს იგი განვითარებულ მოვლენებს.

20:05

სიძულვილის ჯგუფები კვლავ რუსთაველის გამზირზე არიან. იმისდა მიუხედავად, რომ “ღირსების მარშის” გაუქმებიდან ხუთ საათზე მეტი გავიდა, ისინი დაშლას არ აპირებენ.

21:11

შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 ადამიანი. ამასთანავე, უწყების ცნობით, სულ დღის განმავლობაში დაშავდა 55 პირი. მათგან 53 ჟურნალისტია.

23:50

სიძულვილის ჯგუფების აქცია რუსთაველის გამზირზე დაიშალა.