Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრუკს ტიგნერი: რუსეთი აშკარად ცდილობს გადასწიოს ზღვარი


ბრუკს ტიგნერი: რუსეთი აშკარად ცდილობს გადასწიოს ზღვარი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:26 0:00

შავ ზღვაზე ძლიერი პოზიცია შეიძლება ნიშნავდეს ევროპის კონტინენტზე და არამარტო მასზე - იქნება ეს სამხრეთ კავკასია თუ ბალკანეთი, ცენტრალური ევროპა თუ ახლო აღმოსავლეთი - გავლენის ბერკეტებს. სტრატეგიულად რაში მდგომარეობს ნატოს „ადაპტირებული დაწინაურებული ყოფნა“ შავ ზღვაში? რატომ ფიქრობენ, რომ ალიანსი, სამხედრო თვალსაზრისით, პასიურია რეგიონში? - ამ და სხვა შეკითხვებს ბრიუსელიდან უპასუხებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ბრუკს ტიგნერი.

ბრუკს ტიგნერი: მე არ ვიტყოდი, რომ ნატო პასიურობს შავი ზღვის რეგიონში. კი, მან ორი წლის წინ გამოაცხადა, რომ გასააქტიურებლად აპირებს რესურსები გაზარდოს და ამის მისაღწევად გარკვეული დრო დასჭირდა. ახლა ნატო, შესაძლოა, არ იყოს ასული სასურველ დონეზე, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო ინტენსიური გახდა საზღვაო პატრულირება და მნიშვნელოვნად გააქტიურდა საჰაერო, თუმცა ნატოელ მოკავშირეებს, რომლებიც შავ ზღვას ესაზღვრებიან, ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და მეტს მოითხოვენ.

პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით: გარდა საზღვაო და საჰაერო პატრულირებისა, რომელიც უკვე ვახსენე, ნატოში არავის სურს რაიმე სახის სამხედრო პროვოკაციაზე წასვლა - დავუშვათ, სამხედრო ხომალდების აზოვის ზღვაში გაგზავნით...

კობა ლიკლიკაძე: სხვათა შორის, როგორია თურქეთის როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში? ვლადიმირ სოკორი, „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის“ ანალიტიკოსი, ფიქრობს, რომ თურქეთი მხოლოდ სანახევროდ უჭერს მხარს რეგიონში ნატოს უფრო ძლიერ ყოფნას. თქვენ რა აზრის ხართ ასეთ მოსაზრებაზე?

ბრუკს ტიგნერი: ვეთანხმები ამ შეფასებას! როგორც ვიცით, თურქეთს რთული ურთიერთობა აქვს, ზოგადად, ნატოსთან და ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას, ერთი მხრივ, რუსეთთან თავის ურთიერთობასა და, მეორე მხრივ, ნატოს წევრის რანგში თავისი ვალდებულებების შესრულებას შორის. ჩემი აზრით, ეს გარემოება ზღუდავს თურქეთის მოქმედების არეალს - ზღუდავს, რის გაკეთება შეუძლია შავ ზღვაში, რადგან ვერ გააღიზიანებს რუსეთს. ამიტომ მგონია, რომ თურქეთი გარკვეული ხნით მეორე პლანზე ყოფნას ამჯობინებს შავი ზღვის საკითხში.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ ამჟამად ნატოს შტაბბინაში იმყოფებით, სადაც რუსეთ-უკრაინას შორის მომხდარ ბოლო ინციდენტზე მსჯელობდნენ. პრეზიდენტმა პოროშენკომ გერმანიას და სხვა მოკავშირეებს მოუწოდა შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო ძალების გაზრდისკენ, რაც უნდა გახდეს „შემაკავებელი ფაქტორი“ რუსეთისთვის. კანცლერმა ანგელა მერკელმა კი მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ კონფრონტაციის გადასაწყვეტად სამხედრო გზა გამორიცხულია. და მართლაც, რა დახმარება შეიძლება მიიღოს ნატოსაგან უკრაინამ, რომელიც არ არის ალიანსის წევრი?

ნატოში არავის სურს სამხედრო პროვოკაციაზე წასვლა

ბრუკს ტიგნერი: ძალიან კარგი შეკითხვაა და ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომლის წინაშეც ალიანსი დგას. პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით: გარდა საზღვაო და საჰაერო პატრულირებისა, რომელიც უკვე ვახსენე, ნატოში არავის სურს რაიმე სახის სამხედრო პროვოკაციაზე წასვლა - დავუშვათ, სამხედრო ხომალდების აზოვის ზღვაში გაგზავნით ან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან კონფრონტაციით. თუ იქნება სამხედრო დახმარება, ეს ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე უნდა მოხდეს. ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები უკრაინას აწვდის გარკვეულ სამხედრო აღჭურვილობას - მაგალითად, ანტისატანკო „ჯაველინისა“ და სარადარო სისტემებს. ვვარაუდობ, რომ უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებს ნატოს ზოგ წევრთან მეტი იარაღისა და თავდაცვის სისტემების მისაღებად - შესაძლოა, შეტევითი იარაღისაც, ვინ იცის? მაგრამ ეს იქნება მხოლო ორმხრივი ურთიერთობის დონეზე და არა ნატოსაგან იარაღი.

ჩემი აზრით, საქართველოს როლი უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით. მან განგაში უნდა ატეხოს ხოლმე, როცა რაღაც ცუდი ხდება, რაღაც ინციდენტებია, როცა რუსეთი ისეთ რამეს აკეთებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რეგიონზე...

პოლიტიკური თვალსაზრისით: ცხადია, ნატოელ მოკავშირეებს შეუძლიათ კვლავაც დაგმონ რუსეთი, თითი დაუქნიონ მას, მაგრამ პოლიტიკურად სულ ესაა.

ეკონომიკურად: რასაკვირველია, შეუძლიათ მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გაფართოებას. ეს სრულიად გამართლებული იქნებოდა, თუ რუსეთი გააგრძელებს თავის აგრესიას უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ. სანქციები გაფართოვდებოდა, ეკონომიკის მეტ სფეროს შეეხებოდა. ამჟამად პრეზიდენტ პუტინს თითქოს დიდად არ ადარდებს სანქციები, მზად არის გადაიხადოს საფასური, მაგრამ სანქციებს თუ გააფართოებენ, რათა საფასური კიდევ უფრო გაიზარდოს, შესაძლოა ამას შედეგი მოჰყვეს.

კობა ლიკლიკაძე: ჩვენ ახლა დიდ მოთამაშეებზე ვსაუბრობთ - თურქეთზე, რუსეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთზე და, თუნდაც, უკრაინაზე. მაგრამ არსებობს შავიზღვისპირა პატარა ქვეყანა, საქართველო. თქვენი აზრით, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს რა როლი აქვს?

საქართველოს როლი უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით

უნდა გაძლიერდეს რეგიონში ნატოს დაზვერვის, თვალთვალისა და რეკოგნისცირების უნარები, რათა სატელიტების, დრონების გამოყენებით დღე და ღამე აკონტროლონ, რა ხდება შავ ზღვაზე...

ბრუკს ტიგნერი: ესეც კარგი შეკითხვაა. საქართველო, ცხადია, მეტისმეტად პატარა ქვეყანაა იმისათვის, რომ სამხედრო-საზღვაო ძალებით რაიმე გავლენა მოახდინოს. მას ძალიან პატარა სანაპირო დაცვა ჰყავს. ნატო საქართველოს ეხმარება სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაში და ალიანსის რამდენიმე წევრი, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, ეხმარება მას სანაპირო დაცვის გაძლიერებაში. მაგრამ ზოგად სურათს თუ შევხედავთ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

ჩემი აზრით, საქართველოს როლი უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით. მან განგაში უნდა ატეხოს ხოლმე, როცა რაღაც ცუდი ხდება, რაღაც ინციდენტებია, როცა რუსეთი ისეთ რამეს აკეთებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რეგიონზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებმა ხმა აიმაღლონ და სხვები გააფრთხილონ და, რასაკვირველია, ჩამოვიდნენ ხოლმე ბრიუსელში, ნატოში - როგორც დღეს. განიხილონ ნატოსთან ერთად, რისი გაკეთება შეუძლია ყველას ერთად დეესკალაციისათვის, რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისათვის. ეს არის, ჩემი აზრით, საქართველოს მთავარი როლი.

კობა ლიკლიკაძე: მე, გარკვეულწილად, მომიხდება გამეორება იმ შეკითხვისა, რომელიც ჩვენი საუბრის დასაწყისში დავსვი. რამდენად შეესაბამება ნატოს "ადაპტირებული" მიდგომა შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებულ საფრთხეებს? რა შეიძლება შეიცვალოს ? მიდის თუ არა ამ კუთხით მსჯელობა ნატოში?

ბრუკს ტიგნერი: ჩემი აზრით, უნდა გაძლიერდეს რეგიონში ნატოს დაზვერვის, თვალთვალისა და რეკოგნისცირების უნარები, რათა სატელიტების, დრონების გამოყენებით დღე და ღამე აკონტროლონ, რა ხდება შავ ზღვაზე. და აუცილებლად უნდა იმატოს საჰაერო პატრულირებამ. მე როგორც ვიცი, ნატოს რამდენიმე წევრი ძალიან შეშფოთებულია მათ საჰაერო სივრცეში რუსეთის შეჭრით. მაგალითად, რუმინელები ირწმუნებიან, რომ რუსეთის თვითმფრინავები არათუ უახლოვდებიან ხოლმე ქვეყნის საჰაერო სივრცეს, არამედ იჭრებიან მის საჰაერო სივრცეში ყოველდღე სულ რამდენიმე წუთით, რათა შეამოწმონ რუმინეთის საჰაერო დაცვა, რუმინელი სამხედროების უნარი, დაადგინონ მათი შეჭრა. ეს მართლაც უნდა იწვევდეს შეშფოთებას! ეს უარესია, ვიდრე ის, რასაც რუსეთი ბალტიისპირეთში აკეთებს, როცა მისი თვითმფრინავები უახლოვდებიან ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეს და მერე ისევ გაბრუნდებიან ხოლმე. რუმინეთის შემთხვევაში კი თვითმფრინავები პირდაპირ საჰაერო სივრცეში შედიან. ამდენად, რუსეთი აშკარად ცდილობს გადასწიოს იმის ზღვარი, რისი გაკეთებაც გაუვა რეგიონში და ნატომ ეს ასე არ უნდა დატოვოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG