ამ სტატიაში გიყვებით, როგორ იპოვეს ახალი მისია იმ უკრაინელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც იძულებულები გახდნენ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები დაეკეტათ და რუსეთის ოკუპაციას უსაფრთხო ადგილას გაქცეოდნენ.
ჟურნალისტებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიევის ერთ-ერთ მედიაფორუმზე შევხვდი. კონფერენცია რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, როცა საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო.
მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ რუსეთმა დედაქალაქზე ახალი იერიში მიიტანა.
იმ დროს, როცა გამაფრთხილებელი ხმა გაისმა, ჟურნალისტებს სიტყვით უკრაინაში ევროკავშირის ელჩი მიმართავდა - მისი გამოსვლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გეგმებზე შეწყდა.
კონფერენციის სტუმრები, უსაფრთხოების წესების შესაბამისად, დაუყოვნებლივ იმავე შენობაში მოწყობილი თავშესაფრისკენ გავემართეთ.
თუ ფიქრობთ, რომ კონფერენცია შეწყდა, ცდებით, მეც ასე მეგონა იქამდე, სანამ თავშესაფარში ბეტონის ცივი კედლების ნაცვლად, ალტერნატიული სივრცე დამხვდებოდა - განათებით, სცენით, გახმოვანებით, სკამებით, მაგიდებით. ეს იყო ე.წ. სათადარიგო გეგმა, რომელსაც განგაშის გამოცხადების შემთხვევაში უნდა მიჰყოლოდნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრიდან მეორე წელს ყველა ფორუმი და კონფერენცია ასე იგეგმება. ორგანიზატორები ეძებენ შენობებს თავშესაფრით, სადაც ალტერნატიული სივრცის მოწყობას შეძლებენ.
„ვალდებულები ვართ, გავზომოთ რისკები და ვივარაუდოთ, რა შეიძლება მოხდეს, შესაბამისად მოვიფიქროთ ალტერნატიული გეგმა. ეს უსაფრთხო გამოსავალია. ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, რაშიც მთელი ენერგია ჩავდეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ესაა რეალობა, ესაა ჩვენი ცხოვრება - არ ჩერდები და აგრძელებ, ომის პირობებშიც კი“, - მეუბნება ჟურნალისტი, რომან კიფლიუკი, მედიაფორუმის ერთ-ერთი მონაწილე.
„პირველად ვესწრები კონფერენციას თავშესაფარში”, - ამ ფრაზით ვიწყებ დიალოგს იური ლარინთან. ის ხარკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ლარინი Dumka.media-ს ჟურნალისტია. თავშესაფარში გაჩერება დიდად არ სურს, კონფერენციაზე რომ არ იყოს, არც ჩავიდოდა. ასე არ იქცეოდა ომის დაწყების პირველ თვეებში.
მეორე წელს შეხედულება შეეცვალა, თუმცა ეს, მისი მხრიდან, არც პროტესტია და არც დაუდევრობისკენ მოწოდება: „უბრალოდ ასე გადავწყვიტე. თუ განგაშის ყოველ სიგნალზე თავშესაფარში ჩავედი, დრო აღარაფრისთვის მეყოფა. ჩვენ ვმუშაობთ, ოჯახები გვყავს მისახედი, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. თავშესაფრებში ვერ გადავცხოვრდებით. სამაგიეროდ, ორკედლიანი ბინა ვიპოვე, ცუდი ალტერნატივა არ არის, შედარებით დაცულად ვგრძნობთ თავს. ვფიქრობ, სხვა გზა არ მაქვს, უნდა გადავრჩე და თან, ჩემს ბინაში“.
საჰაერო განგაში 4 საათი გაგრძელდა. ბოლო დროისთვის ეს რეკორდული ხანგრძლივობაა. განგაშის მოხსნას მწვანე შეტყობინებით გვამცნობენ. თავშესაფარს ვტოვებთ და სამუშაო ოთახებში ვინაცვლებთ. რამდენიმე წუთში ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლების დისკუსია უნდა დაიწყოს. ყველა მათგანი ან ოკუპირებული ტერიტორიიდანაა, ან ქალაქებიდან, რომლებიც მიწასთან გაასწორეს.
დისკუსიის დაწყებიდან 10 წუთში ისევ განგაშის ხმა ისმის. ისევ თავშესაფარში ჩავდივართ. ჟურნალისტებმა ადგილი ერთ-ერთ კუთხეში იპოვეს, სკამები მოიტანეს, პატარა მაგიდის გარშემო შეიკრიბნენ და პრობლემებზე მსჯელობა ასე განაგრძეს.
ჟურნალისტებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან სამი პრობლემა აქვთ:
- სად არის მათი აუდიტორია?
- როგორ უკავშირდებიან ამ აუდიტორიას?
- და რა უნდა დაწერონ მათთვის?
ერთ-ერთი მომხსენებელი ანა რომანენკოა, ონლაინმედია 0629-ის მთავარი რედაქტორი. მისი გამოცემა ქალაქ მარიუპოლის ამბებს აშუქებდა, თავადაც ამ ქალაქიდანაა. ორი წლის წინ, თებერვალში, სახლიც დაკეტა და სამსახურიც. მისი ჟურნალისტები სხვადასხვა რეგიონში გაიფანტნენ, ნაწილი მარიუპოლში დარჩა, თუმცა პროფესია მიატოვეს.
მოქმედი რედაქცია კიევში, ვინიცასა და დნიპროში გადანაწილდა.
ოკუპაციის შემდეგ ანა რომანენკოს პროფესიულ საქმიანობაში ბევრი რამ შეიცვალა. ის ახლა ამბებს რამდენიმე აუდიტორიისთვის ჰყვება: მარიუპოლში დარჩენილებისთვის, მარიუპოლიდან წასულებისთვის, მათთვის, ვინც ისევ უკრაინაშია და მათთვისაც, ვინც არა მარტო ქალაქი, არამედ ქვეყანაც დატოვა.
მისთვის ჟურნალისტურ მასალაზე მუშაობისას მთავარი ღირებულება რესპონდენტის უსაფრთხოებაა, ასე იყო ომამდეც. გვიყვება ამბავს ქართველ ქალზე, სახელად დალი. ანა რომანენკომ ის მატარებელში 2015 წელს გაიცნო, როცა კიევიდან მარიუპოლში მიემგზავრებოდა. დალი საქართველოდან უკრაინაში აგვისტოს ომის შემდეგ ჩავიდა - დონეცკში და პატარა ქართული კაფე გახსნა.
„მომიყვა, რომ 2014 წელს კარგად დაინახა, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რამდენად ჰგავდა იმას, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა. დონეცკში მისი მეზობლები პრორუსები იყვნენ. დალიმ მათ საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და უთხრა, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი. მან მეზობლების დარწმუნება შეძლო. მე დავწერე მის შესახებ ისტორია და ვკითხე, შემეძლო თუ არა გამოქვეყნება. მაგრამ უარი მივიღე... შეეშინდა, რომ თავს საფრთხეში ჩაიგდებდა. შევთანხმდით, რომ ამ ისტორიას ომის დასრულების შემდეგ გამოვაქვეყნებდი და პირობის შესასრულებლად დღემდე ვიცდი“, - ამბობს ანა რომანენკო.
როგორ აგროვებენ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
ჟურნალისტები ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი თავიანთი კოლეგების, მეგობრების, ახლობლების, ნაცნობების დახმარებით აგროვებენ. ამ ადამიანების უსაფრთხოება მთავარი გამოწვევაა. ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ნაწილთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. რისკების დასაზღვევად რამდენიმე გზას მიმართავენ:
- რესპონდენტის ანონიმურობის დაცვა (ხმის შეცვლა, სახის დაფარვა, ფსევდონიმი...);
- ინფორმაციის გაცვლისთვის უსაფრთხო სისტემების გამოყენება.
„ადამიანებს ქუჩაში აჩერებენ და ტელეფონებს უმოწმებენ. თუ იპოვიან ვაიბერს, სიგნალს ან სხვა დაცულ მოწყობილობებს, შესაძლოა, დააკავონ კიდეც. ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვაიდერები გვბლოკავენ, მაგრამ ჩვენ ვაღწევთ აუდიტორიამდე ტელეგრამის, ჩატბოტების, VPN-ის დახმარებით“, - ამბობს ანასტასია რუდენკო, ონლაინგამოცემა “აღმოსავლეთის ვარიანტის” რედაქტორი.
კავშირების აღსადგენად კრეატიულ გზას მიმართა ონლაინგამოცემა “ბახმუტმა” და მკითხველს შესთავაზა საიტი, სადაც ერთმანეთთან კომუნიკაციას თავადვე შეძლებენ, სპეციალურ ჩატებსა თუ არხებში, სტატიისა და ვიდეოების კომენტარებში.
„ეს შესაძლებლობა განამტკიცებს არა მხოლოდ კავშირებს, არამედ გვეხმარება წყაროების პოვნაში“, - ამბობს ჟურნალისტი ირინა ბენცაკი.
რეპორტიორ იულია დიდენკოს ორჯერ მოუწია სახლისა და სამსახურის დატოვება. პირველად 2014 წელს, დონბასიდან მარიუპოლში წავიდა. 2022 წელს კი - მარიუპოლიდან ლვოვში. ის News of Donbas-ის ერთ-ერთი რედაქტორია. გამოცემა 2022 წლამდე მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს ფარავდა, გასული წლის თებერვლის შემდეგ კი სხვა ოკუპირებული რეგიონებისთვისაც მუშაობენ, მათ შორისაა ხერსონი და ზაპოროჟიე.
სრულმასშტაბიანმა ომმა მათ წყაროებზე დიდი გავლენა მოახდინა. თებერვლამდე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში ჟურნალისტები ჰყავდათ, ისინი გამოკითხვებს ატარებდნენ, იღებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს, აგროვებდნენ ისტორიებს, ახლა კი ეს რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო შეუძლებელია. ახლა მხოლოდ კომენტარებს და პატარა წინადადებებსაც სჯერდებიან. მთავარია რეგიონებთან კავშირი არ გაწყდეს.
„ეს ჩვენი ხალხია, არ აქვს მნიშვნელობა, რას აიძულებენ მათ რუსები, აცხოვრებენ თუ არა მათ შიშში ყოველ წუთს. ეს ადამიანები ელოდებიან დღეს, როცა უკრაინა დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. რუსული პროპაგანდა ძლიერია და არ ვფიქრობ, რომ უკრაინელმა ჟურნალისტებმა ეს ხალხი ამ პროპაგანდასთან პირისპირ უნდა დატოვონ“, - ამბობს იულია დიდენკო.
რუსული პროპაგანდა VS ნამდვილი ამბავი
„ბახმუტს რუსები ააშენებენ“; „კიევი ოკუპირებულია“, „ქალაქები უკრაინელებმა დაბომბეს“, „ზელენსკი ოლიგარქია“, „დასავლეთი იარაღს და ფულს აღარ აძლევს“, - ამ ფრაზებს რუსული პროპაგანდა ხშირად იყენებს. მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების შეცდომაში შეყვანა, შეშინება და დამორჩილებაა.
ამას ემატება მზარდი პრორუსული განწყობებიც. უკრაინული მედიის ერთ-ერთი მიზანი ამ პროპაგანდასთან ბრძოლაა. მათი ნაწილი ფაქტების გადამოწმებას მიმართავს, იღებს ვიდეოებს ან წერს სტატიებს იმაზე, თუ რა არის სიმართლე და რა - ტყუილი. ან აუდიტორიას ალტერნატიულ ინფორმაციას სთავაზობს. მაგალითად, მათ მთავარ პრობლემებზე - როგორ უნდა დაიძლიოს მაღალი ფასები, სად შეძლებენ დასაქმებას, როგორ დაიცვან უსაფრთხოება და ა.შ.
„ეს ადამიანები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, ასეთი კითხვაც კი დაუსვამთ - კიევი ოკუპირებულია? უსამართლობაა, ვთქვათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილები პრორუსები არიან და ამიტომ არაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, თითქოს ეს არჩევანი თავად გააკეთეს“, - ამბობს ანასტასია რუდენკო.
ინფორმაციული ვაკუუმისას პროპაგანდა მანიპულაციისთვის მთავარი იარაღია. ამაში „დონეცკის ინფორმაციის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ლუბა რაკოვიცია თავად დარწმუნდა, როცა ომის დაწყების პირველ დღეებში მარიუპოლში დარჩენილ მამას ესაუბრა.
„სამი კითხვა დამისვა. "რა მოხდა მარიუპოლში?" - იმის გამო, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მეორე კითხვა იყო "რა მოხდა უკრაინაში?" და მესამე კითხვა: "რა მოხდა მსოფლიოში?" ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი ინფორმაციის გარეშე არ უნდა დარჩეს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან. უნდა ვეცადოთ მათ გამოყვანას ამ ძალიან საშიში მდგომარეობიდან უკრაინის ტერიტორიაზე”, - ამბობს ლუბა რაკოვიცია, „დონეცკის ინფორმაციის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.
საუბრის დასასრულს ისევ თავშესაფარში ვართ. კიდევ ერთი საათი გვიწევს გაჩერება, გარეთ ყოფნა უსაფრთხო ჯერ კიდევ არ არის.
კონფერენციის მიმდინარეობისას, 10 და 11 ნოემბერს, ანუ ორი დღის განმავლობაში, კიევში სულ 4-ჯერ ჩაირთო საჰაერო განგაშის სიგნალი. თავშესაფარში, ჯამში, 9 საათი გავატარეთ.