აფხაზეთში დასვენება ყველა საბჭოთა მმართველს უყვარდა - სტალინით დაწყებული, გორბაჩოვით დამთავრებული. ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით ააშენეს. ახლა იქ დასვენება რუსეთის პირველ პირებსაც შეეძლებათ. რუსეთის დე ფაქტო ელჩმა სოხუმში მიხაილ შურგალინმა თქვა, რომ „მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს ობიექტი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ასოცირდება“. მან ასევე ახსენა სერგეი ლავროვიც.
ფოტოების ნაწილი აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან.
27 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადაეცა.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ნაგებობები და 184 ჰექტარი ფართობის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადავიდა.
ბიჭვინთა გაგრის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. აფხაზეთის ომამდე იქ დაახლოებით 11 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა 4 ათასამდე მოსახლეა დარჩენილი.
აფხაზურად ბიჭვინთას „ლდძაა“ ჰქვია. აქ მდებარეობს აფხაზების შვიდი სიწმინდიდან ერთ-ერთი ლდძაა-ნიხა.
1966 წელს შეიქმნა ბიჭვინთა-მიუსერის ეროვნული პარკი. მიზანი ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვა იყო.
ნაკრძალის მთავარი მშვენება ბიჭვინთის ფიჭვია. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეებიდან ხარობს: ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, ლაფანი, უთხოვარი, კოლხური ლეღვი, კავკასიური ხურმა.
1958-1961 წლებში სკკპ ცკ-ის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი აშენდა. იქ ის ისვენებდა და სტუმრებსაც იღებდა.
სწორედ ბიჭვინთაში დასვენებისას შეიტყო ხრუშჩოვმა, რომ კრემლში მისი გადაყენების საკითხი დააყენეს.
ხრუშჩოვის შემდეგ სახელმწიფო აგარაკებს ლეონიდ ბრეჟნევი იყენებდა. 1974 წელს მან ბიჭვინთაში საფრანგეთის პრეზიდენტს ჟორჟ პომპიდუს უმასპინძლა.
1967 წლის 5 ნოემბერს კურორტი საზეიმოდ გაიხსნა. დამსვენებლებისთვის აშენდა რამდენიმე 15-სართულიანი კორპუსი: „ბიჭვინთა“, „ბზიფი“, „ივერია“, „ოქროს საწმისი“, „კოლხეთი“, „ამრა“, „შუქურა“. ფიჭვის ტყის გარდა, მისი მთავარი მშვენება ქვიშიანი სანაპირო და კამკამა ზღვა იყო. კურორტი ბიჭვინთის კონცხზეა განლაგებული.
ბიჭვინთაში დაიდგა მერაბ ბერძენიშვილის რვამეტრიანი ქანდაკება „მედეა“.
გოგი ოჩიაურმა გააკეთა სკულპტურა „ზღვა“ ბიჭვინთის დასასვენებელი კომპლექსის შესასვლელისთვის.
„ზღვა ორ ნაბიჯზეა. აქ ბიჭვინთაში მას განსაკუთრებული იერი აქვს. Როცა იგი მშვიდია, მის ფერს სიტყვებით ვერ აღწერ. აი, ვთქვათ, გაგრაში ან სოხუმში მისი ელფერების გამა სულ სხვაა“, - წერდა „კომუნისტი“ 1967 წელს.
ბიჭვინთა კარგი იყო არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ სამკურნალოდაც. აქ ხშირად ჩამოდიოდნენ გულ-სისხლძარღვთა და ნერვიული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტები.
ბიჭვინთაში იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებ. 1978 წელს სწორედ ბიჭვინთაში დაამარცხა მაია ჩიბურდანიძემ ნონა გაფრინდაშვილი და მსოფლიოს ქალთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.
აფხაზეთის ომის შემდეგ, სახელმწიფო აგარაკები, რომლის ფართობი 180 ჰექტარია, იჯარით რუსულ მხარეს გადასცეს.
რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი, 2009 და 2011 წლებში, ორჯერ ჩავიდა აფხაზეთში პრემიერ-მინისტრის რანგში.
2013 წელს უკვე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბიჭვინთაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა.
2017 წელს პუტინი შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას.
კურორტის საიტზე წერია, რომ დღეს დასასვენებელი კომპლექსი გათვლილია 2662 კაცზე. ოთახების აივნები ან ზღვას გადაჰყურებს, ან - ტყეს. აქ არის საკონცერტო დარბაზი, აუზი, დელფინარიუმი, დისკოტეკა, საუნა, მასაჟის კაბინეტები, კაფე-რესტორნები და გასართობი ცენტრები.
ბიჭვინთის საეპისკოპოსოს ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, X საუკუნე. 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი. თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემით, ბიჭვინთის ეკლესიის ადგილას იდგა ივერიელთა მთავარი სალოცავი — ბოჩის ტაძარი.
ბიჭვინთაში IV საუკუნიდან იყო საეპისკოპოსო ცენტრი. საქართველოს პატრიარქი იმავდროულად არის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
ბიჭვინთაში არის სხვა ტაძრებიცა და კულტურული ძეგლებიც. ბიჭვინთა, როგორც ზღვისპირა დასახლება, უხსოვარი დროიდან ჩართულია სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებში.
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ჰყვება, პუტინმა საკითხი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურისთვის გადაცემის თაობაზე 2020 წელს, მასთან შეხვედრისას წამოჭრა.
ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას ანექსია უწოდეს საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებში. ამ შეთანხმების წინააღმდეგია აფხაზური ოპოზიციის ნაწილი და საზოგადოება.