საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქს თავკაციც დემოკრატიულად არჩეული ჰყავდა. ბენია ჩხიკვიშვილი თბილისის მოურავი (მერი) 1919 წლის 2 თებერვლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. საორგანიზაციო საქმიანობაში გაწაფულმა, აქტიური ზომებისა და ხისტი პოლიტიკის მომხრე ბენიამ თავი გაართვა ეკონომიკური ბლოკადით, გაუთავებელი ომებით, დივერსიებით, ძველი სისტემის რღვევითა და ლტოლვილების არნახული მოზღვავებით გამოწვეულ უამრავ პრობლემას, რომელიც თავზე ეყარა მაშინდელ თბილისს. ბენია ჩხიკვიშვილმა საქართველოსა და მის დედაქალაქს შესწირა მთელი ცოდნა, გამოცდილება, ჯანმრთელობა და, ბოლოს, სიცოცხლეც კი, თუმცა, ამგვარი თავგანწირვისა და ამაგის მიუხედავად, მისი ხსოვნა დღემდე ჯეროვნად არ დაფასებულა. თბილისში მხოლოდ ახლახან გაჩნდა ბენიას სახელობის ქუჩა, მემორიალი კი ჯერაც არ დაუდგამთ...
საბჭოთა პროპაგანდა „ქალაქის მამის“ სიმხეცეზე
1923 წლის 13 ნოემბერს, თბილისის საბჭოს არჩევნების წინ, გაზეთი „კომუნისტი“ მოუწოდებდა ამომრჩევლებს („ამხანაგებსა და მოქალაქეებს“) მხარი დაეჭირათ კომუნისტური პარტიისათვის, რადგანაც, წერილის მიხედვით, „მენშევიკებისგან თბილისელებს დარჩათ სრული ეკონომიკური დაშლა, ხალხის დოვლათის შეუწყალებელი დატაცება, არავითარი მშენებლობა, არავითარი ცდა თუნდაც ერთი რომელიმე სამეურნეო საკითხის გადაჭრის. მხოლოდ ჯუღელის დამსჯელი ექსპედიციების ველური თარეში, კედიას განსაკუთრებული რაზმის თავგასულობა, ნოე რამიშვილის ჟანდარმული ღონისძიებანი და „ქალაქის მამის“ ჩხიკვიშვილის სიმხეცე“.
ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, ასეთი პრიმიტიული და უტიფარი იყო საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც ყოველგვარ უკეთურობას მიაწერდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას ისე, რომ შეგნებულად თვალს ხუჭავდა იმ უმძიმეს მემკვიდრეობაზე, რომელიც საქართველოსა და მის დედაქალაქს ერგო იმპერიის დანგრევის შემდეგ.
„დაინგრა, ძირი გამოეთხარა ეკონომიკურ სტაბილურობას - ასეთი იყო 1917-1921 წლების მოცემულობა. იმპერიის პირობებში არსებული საქალაქო თვითმმართველობა იყო ძალიან არაჯანსაღი, რადგან ეს იყო უმცირესობის მართვა-გამგეობა: ქონებრივი ცენზის გამო, უმდიდრესი ფენა [5 %] მართავდა ქალაქს. შესაბამისად, ყველაფერი, რაც კეთდებოდა (გზები, განათება, წყალგაყვანილობა და.შ.), კონცენტრირებული იყო ცენტრალურ უბნებში. არანაირი ბალანსი ცენტრსა და პერიფერიებს შორის. ვითარება იცვლება 1917 წლიდან, როცა ხდება თვითმმართველობის სისტემის გადემოკრატიულება“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
სწორედ ამ უმძიმეს მემკვიდრეობას ასახელებს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი პრობლემის მიზეზად ცნობილი ქართველი მეცნიერი, მიხეილ ზანდუკელიც, მოგონებების წიგნში („ჩემი ცხოვრების გზაზე“):
„მართალია, მენშევიკურ მთავრობას ჰქონდა თავის მმართველობაში შეცდომები, სუსტი მხარეები, ზოგჯერ აჩქარება, ზოგ შემთხვევაში დაყოვნება, მაგრამ ახლა შედარებით დამშვიდებული გონების თვალით რომ ვსინჯავ და ვაფასებ მის საქმიანობას (მე არასდროს ვყოფილვარ მენშევიკი), ბევრი რამე ჩვენი ქვეყნის საბედისწერო გარემოცვითა და მისი პოლიტიკური და ეკონომიური სისუსტით უნდა აიხსნას. მენშევიკურ მთავრობას ცუდი მემკვიდრეობა დარჩა, – ქვეყანა ეკონომიურად განადგურებული, ხაზინა დაცარიელებული, ომის შემდეგ მოსახლეობის გაჭირვებული მდგომარეობა, გზებისა და ტრანსპორტის უვარგისობა, მეურნეობა დაბალი, შეიძლება ითქვას, პრიმიტიულ დონეზე მყოფი, სწავლა-განათლება დამახინჯებული, შევიწროებული, გადაგვარების მიმცემი. ახალი ხელისუფლება სახელმწიფოებრივ მართვაში სრულიად გამოუცდელი, ტრადიციის არმქონე, ყველა მიმართულებით ახალი გზის დამწყები, ქვეყნის ახალ დემოკრატიულ-სოციალისტურ საწყისებზე გარდამქმნელი აღმოჩნდა. არც საჭირო კადრები ჰყავდა.ამას თუ დავუმატებთ გარშემორტყმულ სახელმწიფოთა მიერ არახელშემწყობ პირობებს: დენიკინელების, თურქეთის მოწოლას, სომხეთთანაც კი ომების წარმოებას – ასეთს პირობებში ქვეყნის მართვა შეუძლებელი თუ არა, უძნელესი მაინც იყო“.
რატომ ბენია?
ერთიორად მძიმე ვითარება იყო თბილისში - ქვეყნისა და რეგიონის უმსხვილეს ქალაქში, რომლის მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას ომები და ეკონომიკური ბლოკადა უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა.
„თბილისს ყველა მხრიდან მოაწყდა ლტოლვილთა უზარმაზარი ნაკადები. საქართველო მაინც უსაფრთხო კუნძულივით იყო ამ კატასტროფულ გარემოში. ლტოლვილების იმხელა ნაკადი იყო, რომ ხშირად ქალაქში მათი რაოდენობა ერთი ტიპიური რეგიონული ქალაქის მოსახლეობას - 20-40 ათასს - უტოლდებოდა და მათზე ზრუნვაც ასევე ქალაქს აწვებოდა. პლუს ამას იყო ფუნდამენტური პრობლემები: როცა დემოკრატიული რესპუბლიკა, თანამედროვე ეროვნული სახელმწიფო შენდება, ამას აუცილებლად მოსდევს სახელმწიფო აპარატის გაეროვნულება. მოხელეების უმრავლესობამ არ იცოდა ქართული, ამიტომ საჭირო იყო მათი ჩანაცვლება, რასაც გაფიცვა და საბოტაჟი მოჰყვა... გარდა ამისა, იმპერიისდროინდელი ქალაქის თვითმმართველობა მიჩვეული იყო სხვა ტიპის ურთიერთობას სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. ესეც შესაცვლელი იყო. პურისა და პირველადი მოხმარების საგნების ნაკლებობამაც, ბუნებრივია, ყველაზე მეტად თბილისში იჩინა თავი“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
რა გასაკვირია, ასეთ ვითარებაში სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ („მენშევიკებმა“) ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული უბანი ადმინისტრაციულ საქმიანობაში გამოცდილ, ენერგიულობითა და პრინციპულობით გამორჩეულ მებრძოლს, ბენია ჩხიკვიშვილს, რომ ჩააბარა?
თბილისის თავკაცობამდე ბენია ჩხიკვიშვილი უკვე იყო არაერთი საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორი, ნასაკირალის ბძოლის გმირი, გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი (მეფე), კატორღაგამოვლილი მებრძოლი და სოხუმის თვითმმართველობის თავკაცი.
1919 წლის 2 თებერვლის საქალაქო საბჭოს არჩევნებში, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარდა, დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატებმა. მაშინდელი კანონმდებლობის შესაბამისად, საქალაქო საბჭოს მეორე სხდომაზე, 1919 წლის 17 თებერვალს, ქალაქის მოურავად აირჩიეს ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი, რომელსაც ხელფასად განესაზღვრა 2 250 მანეთი.
„აღსანიშნავია, რომ ყველას არ მოსწონდა ჩხიკვიშვილის მერად დანიშვნა – მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერის, სპირიდონ კედიას, აზრით, არსებულ მძიმე ვითარებაში თბილისის მოურავად არა ჩხიკვიშვილი, არამედ ,,მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის, უმაღლესად განვითარებული და ქალაქის მეურნეობის ზედმიწევნით მცოდნე ადამიანი” უნდა აერჩიათ. პასუხად სოციალ-დემოკრატმა რაჟდენ არსენიძემ განაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატებს სჯეროდათ, რომ ჩხიკვიშვილი მათ იმედებს გაამართლებდა“, - ვკითხულობთ ირაკლი მახარაძის ავტორობით გამოსულ ბენია ჩხიკვიშვილის მემორიალურ ალბომში, რომელიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) დაბეჭდა 2020 წელს.
ბენიას პორტრეტი
როგორც ირაკლი მახარაძე აღწერს, „თანამედროვეთა გადმოცემით, ბენია იყო არაორდინალური, რადიკალური, ფეთქებადი და ფიცხი; ხშირად თავისი ხასიათით პრობლემებსაც ქმნიდა. 1920 წლის შემოდგომაზე რესტორანში სუფრასთან ისხდნენ ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი, ვალოდია გოგუაძე, ბიქტორ თევზაია და თედო ღლონტი. შეზარხოშებულებმა თურმე დალიეს მთავრობის წევრების და მეორე ინტერნაციონალის ლიდერის, კარლ კაუცკის, სადღეგრძელო. თედო ღლონტს ეს არ მოეწონა და სუფრის წევრებს „სამშობლოს მოღალატეები” და „დასავლეთის კაპიტალისტების აგენტები” უწოდა. ატყდა ჩხუბი, რომლის დროსაც ბენიამ სოციალისტ-ფედერალისტი ოპონენტი ღლონტი სცემა“.
ბენია ჩხიკვიშვილის სიფიცხე საკუთარ თავზე გამოსცადა კიდევ ერთმა ფედერალისტმა, შემდგომში ცნობილმა მეცნიერმა, შალვა ნუცუბიძემ: 1921 წლის პირველ თებერვალს, ოკუპაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში ბენია და შალვა ნუცუბიძე შელაპარაკდნენ, რის შემდეგაც ჩხიკვიშვილმა მუშტი დაარტყა შალვა ნუცუბიძეს თვალში და ხელი რევოლვერისკენ წაიღო. ჩხიკვიშვილი გააკავეს, ხოლო ნუცუბიძემ ხელი სტაცა და ისროლა სკამი, რომელიც ბენიას ასცდა.
ცნობილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, გენერალი შალვა მაღლაკელიძე თავის მოგონებეში ასე აღწერდა ბენია ჩხიკვიშვილს:
,,ცნობილი როგორც გურიის პრეზიდენტი, ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი იყო. აჯანყებისთვის გამოდგებოდა, იარაღსაც იხმარდა, სკოლა არ უნდოდა მაგისთვის, გურიაში უდიდესი სახელი ჰქონდა. კატორღიდან დაბრუნდა, ჩახლეჩილი ხმა, არწივისებური ცხვირი, წვერები, ულვაშები ჰქონდა, ვეებერთელა კაცი იყო”.
„ბრიტანული ხელმძღვანელობის მიერ დანიშნული ბათუმის საბჭოს თავმჯდომარე მასლოვი საკუთარ მემუარებში წერდა: ჩხიკვიშვილი – მაღალი, გამხდარი, გატანჯული და დაქანცული სახით, გრძელი რუსული წვერით, ნამდვილი სოციალ-დემოკრატის ტიპი“.
„გატანჯული და დაქანცულიც“ იმიტომ იყო, რომ ადრეული ასაკიდან ჩაება ბრძოლაში და იწვნია ცარისტული რეჟიმის სისასტიკე.
,,როგორც ნამდვილ წყაროებიდან გავიგეთ, ბენია ჩხიკვიშვილი, რომელიც ამჟამათ ქუთაისის სატუსაღოში იმყოფება, მეტად ცუდ მდგომარეობაში ყოფილა. სატუსაღოს ნესტიან და აუტანელ პირობებს საშინლად უმოქმედნია ჩხიკვიშვილის ორგანიზმზე, რის გამოც ავათ იმყოფება ეხლა. ხანდახან სისხლსაც აღებინებს ხოლმე”, - წერდა 1906 წლის 29 ივნისის გაზეთი ,,ახალი ცხოვრება”.
ბოლო პატიმრობიდან 1912 წელს გათავისუფლდა, თუმცა გადასახლებაში 1917 წლამდე მოუწია დარჩენა. გადასახლებაშივე გაიცნო მომავალი მეუღლე, ვლადიკავკაზელი რევოლუციონერი, სოციალ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი („ესერი“) ნადეჟდა კალოევი.
ბენია - თბილისის მოურავი
ბენიას თბილისის მოურაობა დაემთხვა უმძიმეს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზსს, რომლის მასშტაბსაც კარგად აღწერს 1920 წლის მარტში თბილისის საბჭოში გამგეობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაერთიანებული კრების ჩანაწერი.
„კრებაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქის საქმეებსა და ფინანსებში ჩახედული პირები. მოწვეული იყო აგრეთვე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი. სხდომა ქალაქის მოურავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა გახსნა, აღნიშნა მდგომარეობის სიმწვავე და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად განსაკუთრებული ზომების მიღებისკენ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას. მან შეკრებილ საზოგადოებას აუწყა არასახარბიელო პროგნოზი, რომ 1920 წლის განმავლობაში ქალაქის გასავალი 250 მილიონამდე იგეგმებოდა, შემოსავალი კი 70 მილიონს არ აღემატებოდა. მაშასადამე, ქალაქის შემოსავალი ფარავდა გასავლის მხოლოდ მეოთხედს“, - ვკითხულობთ თბილისის ცენტრალური არქივის დირექტორის, მაკა კვარაცხელიას, წიგნში „თბილისის თვითმმართველობა 1917-1921“.
მიუხედავად ამგვარი „საბიუჯეტო გარღვევისა“, ბენია ჩხიკვიშვილმა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება შეძლო.
დიდი მონდომებით იბრძოდა სპეკულაციის წინააღმდეგ.
ყურადღებას უთმობდა ქალაქის სანიტარიულ-ჰიგიენურ დასუფთავებას, ატარებდა ინფექციური დაავადებებისა და ქოლერის საწინააღმდეგო აქტიურ ღონისძიებებს.
„ქალაქის თავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა თბილისის ქუჩებში სასმელი წყლის ვედროებით გაყიდვა აკრძალა. მისი მეცადინეობით გადაწყდა, ღარიბებისთვის მოწყობილიყო უფასო აბანო და ნომერ პირველ საავადმყოფოში სახადიანი პაციენტებისთვის გამოყოფილიყო 120 საწოლი“ [გაზეთი „ერთობა“, 8 აგვისტო, 1919].
,,ქალაქში უკვე იყო ხოლერის შემთხვევა. უკვე სიცხე იწყება და შეიძლება ხოლერის ეპიდემიამაც იფეთქოს. იცოდეთ, რომ ეხლანდელ პირობებში საუკეთესო საშუალება ხოლერის წინააღმდეგ არის აცრა. ვაკცინაციები დამზადებულია ქალაქთა კავშირისა და სამხედრო მედიცინის ლაბორატორიაში და გადასინჯულია სპეციალური კომისიის მიერ. ეს აცრა უვნებელი და უმტკივნეულოა. მოქალაქენო! აიცარით ხოლერა, ურჩიეთ აცრა თქვენს ნაცნობებსაც, ამით თქვენ დაიფარავთ თქვენ თავსაც და ახლობლებსაც საშინელი ავადმყოფობისაგან. ბ. ჩხიკვიშვილი” [,,საქართველოს რესპუბლიკა”, 29 ივლისი, 1919].
ბენია ჩხიკვიშვილმა ენერგიულად მიჰყო ხელი დანაშაულის აღმოფხვრას, განსაკუთრებით, თუ ამას ჩინოვნიკები და მილიციის მუშაკები სჩადიოდნენ: ,,ჩემსა და მილიციის უფროსის, ვალოდია სულაქველიძის მიერ მიღებულმა ზომებმა ჯერ კიდევ ვერ მოიტანეს დადებითი შედეგი. ზოგიერთი მილიციონერები განაგრძობენ ძველი გზით სიარულს, იღებენ ქრთამებს და ხშირად უმიზეზოდ შეურაცხყოფენ მოქალაქეებს”[ირაკლი მახარაძე, „ბენიამინ ჩხიკვიშვილი“].
მიხეილ ზანდუკელის მოგონებების მიხედვით, თბილისის საქალაქო საბჭომ საბინაო კრიზისის გადასაწყვეტად შესაძლებლად მიიჩნია ბინების რეკვიზიცია და კერძო სახლების პატრონებისათვის დიდი შენობების ჩამორთმევა.
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ (19 ოქტომბერი, 1919) მიხედვით, ბენია ჩხიკვიშვილი კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ გზად ასევე განიხილავდა „ქალაქიდან უსაქმური ელემენტების გასახლების საკითხს“.
ბენია ჩხიკვიშვილის პერიოდში ქალაქის თვითმმართველობა აქტიურად ზრუნავდა თეატრზე და ცდილობდა სტუდენტთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას.
ტიციან ტაბიძე, გაზეთი ,,ბარიკადი”, 1922 წ., 22 იანვარი“: ,,მაშინ ქართველ არტისტებისათვისაც არ იყო თეატრი. თუ შემდეგ ეს თეატრი აშენდა, ამის ერთადერთი მიზეზი იყო მაშინდელი ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი. უნდა ითქვას პირდაპირი ისტორიული სიმართლით, რომ ქართულ ხელოვნებისათვის არავის ამდენი არ გაუკეთებია იმ დროს, როგორც ბენია ჩხიკვიშვილს. ამ ადამიანში იყო ბედნიერი გამონაკლისი, მას სძულდა მეშჩანობა, რომელიც მაშინ ძვალში ქონდა გამდგარი მმართველ პარტიას. ნამდვილი ფირალის გამბედაობით და თვითნებობით გააკეთებდა, რასაც მოისურვებდა. მას უყვარდა ქართული ხელოვნება.... იქნება დიდი უმადურობა ამის არ თქმა. ბ. ჩხიკვიშვილი იყო ერთად ერთი შეგნებული მეცენატი ქართველ ხელოვანთა. ყოველ იუბილეზე ის გამოჩნდება დონ-კიხოტის ფიგურით და ყველაზე დიდი საჩუქარი და აღტაცებული სიტყვა მისი იყო“.
ირაკლი მახარაძის მიხედვით, ბენია ჩხიკვიშვილმა ასევე დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების შეგროვებაში:
„როცა ცნობილი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი შევარდნაძე თბილისის დუქნებსა და სამიკიტნოებში ფიროსმანაშვილის ტილოებს აგროვებდა, ერთ მიკიტანს ფიროსმანის ნახატების ძვირფასი კოლექცია აღმოაჩნდა, მაგრამ მან უარი განაცხადა გაყიდვაზე. შევარდნაძემ მიმართა ბენია ჩხიკვიშვილს, რომელიც დაემუქრა მიკიტანს, დუქანს დაგიხურავო. სურათები შეძენილ იქნა, მაგრამ როცა დუქნებს გადასახადები დაადეს, ის მიკიტანი მივიდა ჩხიკვიშვილთან და მოითხოვა გადასახადებისაგან გათავისუფლება და უნდა ითქვას, მიაღწია კიდეც მიზანს“.
ბენიას დაბრუნება
თბილისის საქალაქო საბჭოს მორიგი არჩევნები 1921 წლის 27 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ 11-12 თებერვალს ღამით საქართველოს თავს დაესხა რუსეთის მე-11 წითელი არმია. ბენია ჩხიკვიშვილსაც, საარჩევნო კამპანიის ნაცვლად, ომში მოუწია ჩართვა. იბრძოდა როგორც იარაღით, ასევე სიტყვით. ისტორიას შემორჩა მისი, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორის, მიმართვა, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკის“ 22 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა:
„...მებრძოლნო, იარაღით ხელში ფრონტისკენ!
წესიერებას ყველა უნდა იცავდეს!
ერთი წვეთი ღვინო არ დაილიოს, ერთი მთვრალი ქალაქში არ იყოს!
ცნობის მოყვარე მოქალაქენი ქუჩებში უსაქმოდ სეირნობით ხელს ნუ გვიშლიან.
ვისაც ყავს ცხენი გამოსადეგი, ყველამ თავისით მოიყვანოს ზურგის უფროსის სამმართველოში.
ვისაც აქვს თოფ-იარაღი და ხმარება არ შეუძლია, გადაეცით მთავრობას. ერთი ვაზნაც არ დაიტოვოთ სახლში.
ყველაფერი ფრონტს, ყველაფერი თავდაცვას უნდა მოხმარდეს!
სიმშვიდე, წესიერება, ერთსულოვნება და გაბედულება - აი, რა გვიხსნის ჩვენ საბოლოოთ და რას უნდა ემსახურებოდეს ყველა მოქალაქე.
ესაა ჩვენი ყველასი ვალდებულება დემოკრატიული, დამოუკიდებელი და თავისუფალი სამშობლოს წინაშე და ვინც ამას ნებით არ შეიგნებს, ასეთებისათვის მთავრობას იძულებითი საშუალებანი აქვს. ის ორგულებს არ დაინდობს.
აღმ. საქართველოს გენ. გუბერნატორი ჩხიკვიშვილი. 19 თებერვალი, 1921 წელი, თბილისი.“
ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, 1924 წლის მაისში ბენია ჩხიკვიშვილი ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასა და ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, 25 ივნისს ვერაზე, უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლში, ალექსანდრე ლანდიას ბინაზე მყოფი ბენია ჩხიკვიშვილი იმ დროს დააკავა „ჩეკამ“, როცა სხვა კონსპირაციულ ბინაზე გადასვლას ცდილობდა.
1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს, ამერკავკასიის სფსრ მთავრობის მოთხოვნით, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ, ფელიქს ძერჟინსკიმ, გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერების - ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერიკის, გოგიტა ფაღავას, ვასილ ნოდიას და გიორგი წინამძღვრიშვილის დახვრეტის სანქცია გასცა. ისინი დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.
ირაკლი ხვადაგიანის თქმით, ბენია ჩხიკვიშვილის ხსოვნა ჯეროვნად არ არის დაფასებული, ვერსად ნახავთ ბენიას ვერც ძეგლს და ვერც რამე სხვა სახის მემორიალს.
„ცნობილია, თუ სად ცხოვრობდა თბილისში: განოვის (გალაკტიონის N 3) და ქიქოძის (პაშკევიჩის N 10) ქუჩებზე. გეგმაში გვქონდა, მემორიალური ფირფიტით მოგვენიშნა ბენიას უკანასკნელი მისამართი, საიდანაც ის ჩეკისტებმა წაიყვანეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სახლი ვარაზისხევში, უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს, აღარ არსებობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ხვადაგიანმა.
ბენიას მეორე დაბრუნება
თუმცა ისე მოხდა, რომ ბენია კიდევ ერთხელ დაბრუნდა თბილისში. 2017 წელს ახვლედიანის ქუჩაზე ყოფილმა სამხედრომ, ლევან გრიგოლიამ, გახსნა ღვინის ბარი „ბენია 18-21“, რომლის ინტერიერი გაჯერებულია ბენიასა და მისი თავგანწირული ბრძოლის ატმოსფეროთი და თემატიკით.
ლევან გრიგოლია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის დედით გურულია, რომ მისი ბაბუა, მირიან ასამბაძე, იყო წინააღდეგობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი და კომუნისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებული.
„გურიაში ვარ აღზრდილი, ჩოხატაურში. ამიტომ ბენია - ეს სახელი მთელი ბავშვობა მესმოდა, სულ იყო საუბარი მასზე. ბაბუას არ მოვსწრებივარ. ძალიან პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა, მაგრამ ბებია, დედაჩემი, ჩვენი ნათესავები სულ საუბრობდნენ ბენიაზე... მერე ისე მოხდა, რომ თბილისში, ვახო რურუასთან ოჯახში გავიცანი თემურ ჩხიკვიშვილი, ბენიას შვილიშვილი, რომელიც სამხატვრო აკადემიაში იყო კათედრის გამგე. ისეთი ურთიერთობა შედგა ჩვენ შორის და იმდენი რამე გავიგე შემდეგ ბენიაზე, რომ მარტო სახელი და ლეგენდა აღარ იყო ჩემთვის. ბენიას ყველა ისტორია, მისი შვილების ამბავი, ბენიას ღვაწლი წინააღმდეგობის მოძრაობაში, როგორ დაბრუნდა საქართველოში, როგორ დახვრიტეს... ოკუპაციის მუზეუმი რომ გააკეთა ნიკა რურუამ, ამ საქმეში ვახტანგ რურუას დიდი წვლილი იყო როგორც გაფორმების, ასევე ისტორიების მოძიების კუთხით... ყოველივე ამის შემსწრე ვარ. ვახოს ოცნება იყო, რომ სადმე ყოფილიყო თავისუფლების სივრცე, სადაც ადამიანები შეიკრიბებოდნენ და ეს ატმოსფერო - თავისუფლებისათვის ბრძოლის, ბენიას ატმოსფერო იქნებოდა. ფაქტობრივად, ვახო რურუას აუხდენელი ოცნება ავასრულეთ“, - ამბობს ლევან გრიგოლია, რომელიც დანანებით შენიშნავს, რომ ფოტოების გარდა, ბენიას ნივთებიდან, ფაქტობრივად, არაფერია გადარჩენილი არც თბილისში და არც ბენიას მშობლიურ საყვავისტყეში.
არადა, ბენიას დაკითხვის ოქმიდან ცნობილია, რომ ჩეკისტებმა დაპატიმრებისას მას ჩამოართვეს: „თერმომეტრი - ერთი, ქიმიური ფანქრის ნაჭერი, საყელო - ორი. შარვლის სამაგრი - ერთი. ნაჭრის ქამარი - ერთი, საათი უბრალო ძეწკვით და პატარა ლექსიკონი - ერთი”.
ყველა ეს ნივთი ისევე გააქრეს ჩეკისტებმა, როგორც მისი პატრონის სხეული და საფლავი, თუმცა, სამაგიეროდ, ვერც ჩეკამ და ვერც 70- წლიანმა ოკუპაციამ ვერაფერი დააკლო ბენიასა და მისი თანამებრძოლების გმირული ბრძოლის ნაყოფს - საქართველოს დამოუკიდებლობას, რომლის აღდგენიდან სულ მალე 30 წელი აღინიშნება.
„თუ ვინმეს ეროვნული გმირის წოდება ეკუთვნის, პირველ რიგში - ბენია ჩხიკვიშვილს. ძალიან ვცდებით მისი ხსოვნის წინაშე. თბილისში ბენიას ძეგლი თუ არ იქნება, ბიუსტი მაინც უნდა იყოს... ჩვენი დამოუკიდებლობა „გურიის რესპუბლიკით“ იწყება, ბენიას ბრძოლით იწყება. 1918-1921 წლები 1905 წლის ბრძოლით, ნასაკირალის შეტაკებით იწყება და ყველაფერს ბენიას სახელი ჰქვია“, - უთხრა ლევან გრიგოლიამ რადიო თავისუფლებას.