მაშინ ჯერ კიდევ არ ერქვა ნიკოლო. საერთოდ სხვა სახელი ერქვა, ქალის სახელი.
რეზინობანას მოთამაშე უბნის გოგოების თხოვნით, ბოძივით იდგა - ფეხებზე რეზინგამობმული. ისიც გოგოდ დაიბადა, მაგრამ რეზინობანა, თოჯინები და დედაშვილობანა არასოდეს ჰყვარებია. იმ გოგომ, რომელიც მოგვიანებით ნიკოლოს (და მეტსახელად ბარტს) დაირქმევდა, იცოდა, რომ კაცი იყო. მაგრამ ჯერ არ წარმოედგინა, როგორი მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა ელოდა ქვეყანაში, რომელშიც დაიბადა - საბჭოთა კავშირში. და მერე უკვე დამოუკიდებელ საქართველოშიც.
დღეს ნიკოლო ღვინიაშვილი, იგივე ბარტი, 46 წლისაა - ის ტრანსგენდერი კაცია და თავის ქვეყანას სტრასბურგში უჩივის იმ უარის გამო, რომლითაც ამ ქვეყანამ მის თხოვნას უპასუხა. თხოვნას - პასპორტში სქესის ჩანაწერის შეცვლაზე - ნიკოლო ღვინიაშვილი ითხოვდა, რომ პასპორტში ქალის ნაცვლად ჩაიწერათ ის, ვინც სინამდვილეშია - კაცი.
ბრძოლა აღიარებისთვის
ოთხი წელია ამისთვის იბრძვის. 2014 წელს ტრანსსექსუალობის ცნობაც აიღო. 2015-ში კი ნიკოლომ ჯერ საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, შემდეგ კი სერვისების განვითარების სააგენტოს სთხოვა იგივე. უარის მოტივი ის იყო, რომ მას ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა. ან საიდან ექნებოდა, ნიკოლოს სქესის შეცვლის ოპერაცია არ გაუკეთებია. წლების წინ, როცა ეს ოპერაცია ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ის 5000 მანეთი ღირდა. ბარტის მშობლების საბჭოური ხელფასი კი 150 მანეთს აღწევდა.
უარი სასამართლოში გაასაჩივრეს. იქაც უშედეგოდ.
„ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ სასამართლოს გამბედაობა ეყოფოდა. ვერ გაბედა... არადა, ჩვენთვის, ტრანსებისთვის, ეს ერთადერთი გზაა, რომ სრულყოფილი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრო“.
ნიკოლომ საქართველოში ყველა ინსტანცია წააგო და ახლა ის საქართველოს უარს გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ასაჩივრებს. მის ინტერესებს სტრასბურგში იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად.
ნიკოლო მხოლოდ საკუთარი უფლებებისთვის არ დავობს.
სტრასბურგის პასუხმა შეიძლება სხვა ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაც შეცვალოს - ეს დღეს ნიკოლოს აქტივისტური ბრძოლის ნაწილი უფროა, რადგან მის ცხოვრებას ეს ჩანაწერი ვეღარ გააადვილებს ისე, როგორც 20-25 წლის ასაკის ტრანსგენდერი ადამიანებისას.
ათჯერ მეტი ბრძოლის, რისკის, მონდომებისა და ცდის ფასად, ვიდრე ეს ჰეტერონორმატიულ ადამიანებს უწევთ, ნიკოლომ მაინც შეძლო ეპოვა თავისი ადგილი. ალბათ, ეს ნაპოვნი ადგილი და მისი დღევანდელი პოზიცია თემში, უბიძგებს კიდეც ბარტს ამ ბრძოლისკენ, ცვლილებების მოთხოვნისკენ.
ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ მის საჩივარში ისიც წერია, რომ საქართველოში კანონი არ არეგულირებს გენდერის აღიარებისთვის საჭირო, ეფექტიან და ხელმისაწვდომ პროცედურებს. სახელმწიფო კი ითხოვს სქესის შეცვლის ოპერაციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და სახიფათო პროცედურაა.
სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევად მიიჩნია ევროპულმა სასამართლომაც 2017 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ მიღებულ საქმეზე A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE“, - წერია სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ სარჩელში
„სქესის ჩანაწერის სადმე წარდგენა, სამსახურის შოვნის კუთხით, შეიძლება აღარ დამჭირდეს, რადგან თვითდასაქმებული ვარ. თუმცა იყო პერიოდი, როცა ზუსტად მაგის გამო გამომიშვეს საჯარო სამსახურიდან, პოლიციიდან“, - იხსენებს ბარტი.
„დასმენა“ პოლიციაში
იყო ასეთი დროც, როცა ბარტი პოლიციაში მუშაობდა. თუმცა ერთხელ, ერთ-ერთ ოფიცერთან შეკამათება იმით დასრულდა, რომ მან ბარტი პოლიციის უფროსთან „დაასმინა“ - ეგ ლესბოსელია და გოგოებს ელაპარაკებაო. კაბინეტში დაიბარეს და სამსახურიდან გაგდების შესახებ ამცნეს. იმ საღამოსვე, პოლიციის იმ კონკრეტული განყოფილების მთელი პერსონალი, როგორც ბარტი იხსენებს, უფროსთან შევიდა და სთხოვა, ნიკოლო ღვინიაშვილი სამსახურიდან არ დაეთხოვათ, რადგან ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო.
„ზუსტად ასე მითხრა მეორე დღეს: გავიგე, მაგრამ ჩემ გადაფურთხებულს ვერ ავლოკავ, ამიტომ დაწერე შენით განცხადება და წადიო“.
მაშინ ნიკოლომ გადაწყვიტა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა - პოლიციაში ნდობის გარეშე მუშაობა აღარ უღირდა. შიგნით მტრების ყოლა არ სურდა.
მერე წლები იმუშავა მშენებლობებზე - ფიზიკურად. საჯარო სამსახურში აღარასოდეს დაბრუნებულა. თუმცა არც კერძო სამსახურებს აკლდა სირთულეები, გააჩნია, რამდენად „ჩანდი“ და ამ ღიად გამოჩენით რამდენად „შეურაცხყოფდი“ სხვების გრძნობებს. სხვა რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა იმ ხალხს, ბარტის ყოფილი ერთ-ერთი სამსახურიდან, როდესაც 2016 წლის 17 მაისთან დაკავშირებული ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მერე, სადაც ნიკოლოს ლგბტ დროშა ეჭირა და თანამებრძოლების უფლებებს იცავდა, შემოუთვალეს, ამ ქუჩაზე გავლილი აღარ დაგინახოთო.
ირიბად მიანიშნეს. ამ „არმისვლა - არგამოჩენაში“ სამსახურიც იგულისხმებოდა. არჩევანი მაშინაც ჰქონდა - საქმეში სახალხო დამცველი ჩაერია, კანონით ჭიდაობა დაეწყო. მაგრამ მაშინ სხვა გზა არჩია: „მაშინ გადავწყვიტე, არასწორი გზით, ე.წ. ძველი ბიჭების ჩარევით მომეგვარებინა ეს პრობლემა“.
ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე - მშობლებს უჭირდათ იმის აღიარება, რომ გოგოდ დაბადებულ მათ შვილს ქალის არაფერი იზიდავდა. არც ტანსაცმელი. მამა რომ დედას საყვედურობდა, სულ შარვალს ნუ აცმევო, ეს ბარტს დედამ მოუთხრო მოგვიანებით - საყვედურს დედა მის გამო იმსახურებდა და იმიტომ. დილით, როცა ის სამსახურში მიდიოდა, ჯერ მძინარე ბარტის საწოლზე კაბას გადაუფენდა ხოლმე, მაგრამ ბარტი ადგებოდა, კაბას შარვლით ცვლიდა და ძილს აგრძელებდა.
უბანში ერთი გოგო იყო, დანარჩენი ბიჭები. ნიკოლოც მათთან ერთად თამაშობდა ომობანას, ორდროშობონას და იმ დროის სხვა თამაშებს. ფეხბურთი უყვარდა, ხშირად ჩხუბობდა კიდეც. სკოლაშიც არაერთხელ გაურჩევია საქმე, ცხვირიც იმიტომ გაუტეხეს, რომ ერთხელ სკოლაში ვიღაც გოგო დაიცვა. ხან მამას მოპარავდა ხოლმე მანქანას და იმით დაქროდა. ბარტმა თავიდანვე იცოდა, ვინ იყო - უბრალოდ, საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ თავისი იდენტობისთვის სწორი სახელი დაერქმია.
პირველად საქმე მაშინ გართულდა, როცა მეოთხეკლასელს თავის სოფლელი გოგო შეუყვარდა და უთხრა კიდეც. გოგომ სახლში მიიტანა ამბავი. ნიკოლოს კი ორი წლით სოფელში წასვლა აეკრძალა.
მაგრამ ეს ბავშვური ამბები იყო, მალე გადაიარა.
პირველი პროტესტი მაშინ გაჩნდა, როცა უკვე მოზრდილს ძლიერი სიყვარული ეწვია.
„მაშინ მქონდა პირველად ეს განცდა: რატომ ისეთი არ ვარ, როგორც ყველა-მეთქი. გავბრაზდი სამყაროზე, ღმერთზე, როგორც ხდება ხოლმე. მაგ სიყვარულის გამო მატარეს ფსიქიატრებთან. მაგ სიყვარულის გამო თოფითაც დამდევდნენ. მაგ სიყვარულის გამო წავედი სახლიდანაც. ბევრი რამე გადავიტანე მაგ სიყვარულის გამო და დღეს რომ ვფიქრობ, ღირდა, რადგან დღეს ის ადამიანი ჩემ გვერდითაა. ეგ ერთადერთი რამეა, რაშიც გამიმართლა“.
უთქმელი ქამინგ აუთი
პირისპირ ღია საუბარი ქამინგაუთზე მშობლებთან არ ჰქონია. რაღაც რომ „ისე“ არ იყო, როგორც სხვა ოჯახებში, ეს ნათლად ჩანდა და მათაც ის ერთადერთი გზა მოძებნეს, რაც იცოდნენ თუ გაეგონათ - ბარტისთვის ემკურნალათ. ჯერ ფსიქიატრთან წაიყვანეს და როცა პასუხად მიიღეს, რომ მათი შვილი სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იყო, იმედიც კი გაუცრუვდათ. ესე იგი, სხვა გზა იყო მოსაძებნი.
მერე ნიკოლო სექსოლოგის კაბინეტშიც აღმოჩნდა.
ის დღე არასოდეს დავიწყებია. უფრო სწორად კი ის წამები, როცა ექიმის მაგიდაზე თავისი დღიური დაინახა, რომელშიც თავის დარდებს იწერდა ხოლმე.
ექიმმა მათ ბარტის „ნორმალურ ადამიანად ქცევის“ ორი გზა შესთავაზა. ან ძვირადღირებული ოპერაცია (რაც იმ კაბინეტშივე გამოირიცხა), ან 6 თვის განმავლობაში მასთან ორსაათიან სეანსებზე სიარული.
„ეს სიტყვებიც კარგად მახსოვს, რაც მან ჩემს მშობლებს უთხრა - აქედან ისეთი ქალი გავა, ქართლის დედას შეშურდებაო. ცხადია, არსად სიარულს არ ვაპირებდი“.
და არც მისულა.
სიზმარი - ბარტის სხვა ცხოვრება
ამ სიზმარს ექვსთვიანი ოჯახი ერქვა.
იძულებით შექმნილი ერთობა კაცთან, რომელიც არ უყვარდა. ეს უფრო დროებითი დანებების მცდელობა იყო, „ნორმალურად“ ეცხოვრა. ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ისე ეცხოვრა, როგორც მის მშობლებს სურდათ. თითქოს ისინიც დააწყნარა და თან თავის გეგმებსაც დაამთხვია ეს გადაწყვეტილება - თავის მთავარ სიყვარულთან ახლოს ყოფილიყო.
ეს ამბავი 6 თვე გაგრძელდა. და ეს იყო ყველაზე რთულად გასაძლები თვეები ნიკოლოს ცხოვრებაში - ამბობს, თუ ასე გავაგრძელებდი, თავს მოვიკლავდიო. არც გაუგრძელებია, თუმცა დაშორებიდან მალე, მისი პირველი და ერთადერთი შვილი დაიბადა.
ნიკოლო დედა გახდა.
„ჩემი ცხოვრების ამ პერიოდმა ერთ რამეში დამარწმუნა - ტრანსგენდერი ვერ გახდები. ასეთი უნდა დაიბადო. მე - ყველაფერი ვცადე, ყველა გზა, ამ ყველაზე მტკივნეული გზის ჩათვლით. და მაშინ მივხვდი, რომ შვილმა მშობლის ცხოვრებით არასოდეს არ უნდა იცხოვროს“.
თავის გოგონასაც იმის საპირისპირო წესებით ზრდიდა, როგორც თვითონ გაზარდეს. და ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც ბარტმა აუხსნა, რომ ის ტრანსგენდერი კაცი იყო.
„ჩამეხუტა და მითხრა, რომ ვხვდებოდიო. და მე შენ ეგეთი მიყვარხარო, ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. მერე შვილიშვილებიც მეყოლა და შედარებით დალაგდა ჩემი ცხოვრება. მე მგონია, რომ ცოტა სიყვარულს არ გავცემ და მეც დავიმსახურე სიყვარული“.
მაგრამ ეს შემდეგ იყო.
მანამდე, ანუ 2006 წლამდე, იყო მალვის პერიოდი - უჩინრად ცხოვრების წლები. ადამიანები ფსევდონიმებით - ე.წ. ნიკებით ვირტუალურ სივრცეში ახერხებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას, ურთიერთობას და წვეთ-წვეთობით ინფორმაციის მიღებას.
„შეგეძლო, ბრიჯიტ ბარდოს ავატარი დაგეყენებინა და ისე დალაპარაკებოდი ვისაც გსურდა“.
მაგ წელს დაარსდა თბილისში პირველი ლგბტ ორგანიზაცია, „ინკლუზივი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა საბელაშვილი იყო. იმ დღიდან 2009 წლამდე ყოველი კვირის პარასკევი თემის წევრებისთვის შეხვედრის დღედ იქცა. ჟურნალიც გამოდიოდა, სახელად „მე“, რომელშიც ლგბტ თემზე წერდნენ.
„ამ ჟურნალს ხანდახან ავტობუსში ვტოვებდი ხოლმე, ვითომ დამრჩა - მინდოდა, რომ სხვებს ეპოვათ და ჩვენ შესახებ წაეკითხათ“.
ღიად ქუჩაში ნიკოლო და თემის წევრები 2011 წლის 17 მაისს გავიდნენ - ჰომოფობიისა და ტრანფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს. ბარტი ფიქრობდა, რომ 5-10 ადამიანი გაბედავდა ქუჩაში გაპროტესტებას. იმ დღეს მეტეხის ხიდთან 50 ადამიანი მივიდა. მაშინ მიხვდა, რომ თემი მზად იყო ღიად ელაპარაკა. ლგბტ ადამიანები, მისი ჩათვლით, ბრძოლისთვის მზად იყვნენ.
მათი ხმა ხმამაღლა გაისმა. თუმცა სირთულეები, რის გამოც ბარტი და მისი მეგობრები დღემდე იბრძვიან, მათთვის ისევ გადაუჭრელი პრობლემების რიგშია. მაგალითად, ერთი შეხედვით, ადამიანის ისეთი მარტივი უფლება, როგორიც საზღვრის თავისუფლად გადაკვეთაა.
„ამერიკის ვიზაც ამ მიზეზით ვერ მივიღე - მიუხედავად იმისა, რომ ტრანსსექსუალობის ცნობაც წარვადგინე, ექვსი თვის შემდეგ მომივიდა პასუხად პასპორტზე დაკრული ყვითელი ქაღალდი, რომელზეც ეწერა bad print, F or M - ცუდი დაბეჭდილია, კაცია თუ ქალიო. შენიშვნა თითქოს პასპორტს ეხებოდა, მაგრამ რეალურად მე დავიჩაგრე, მე მითხრეს უარი. იმიტომ, რომ საპასპორტო სქესი არ შეესაბამებოდა ჩემს გენდერს“, - იხსენებს ნიკოლო ღვინიაშვილი.
და იყო უფრო მძიმე და უხერხული მომენტებიც, როდესაც ბევრი ხალხის წინაშე, მესაზღვრეების თვალწინ უხდებოდა საკუთარი იდენტობის მტკიცება.
სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ სქესის კორექტირება საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს გაუადვილებს ცხოვრებას. მოეხმარება, წინ წავიდეს, განვითარდეს, ოცნებები აიხდინოს.
„ამ ეტაპზე თუ საპასპორტო სქესის შეცვლისკენ ვიბრძვი, შემდეგი ეტაპი ამ ადამიანების დასაქმება იქნება. განსაკუთრებით ტრანსგენდერი ქალებისა, რომლებისთვისაც „პანელზე“ დგომა ნიშნავს იმას, რომ არ იცი, დღის ბოლოს ცოცხლები იქნებიან თუ არა“, - გვეუბნება ბარტი.
ეს კი,
ბარტ ნიკოლოს მანიფესტია სახელმწიფოსადმი:
მინდა იცოდე, რომ მე ვარსებობ. და დამალვას არ ვაპირებ, რადგან მთელი ცხოვრების ასე გატარება ძალიან დამღლელია. ჩვენ კი ასე ვცხოვრობთ.
ვიმალებით, რადგან ანგარიშს ვუწევთ ოჯახს, მშობლებს, და-ძმას, შვილებს, მეგობრებს. მე კიდევ მგონია, რომ რადგან ადამიანი ერთხელ იბადები, უნდა ეცადო იცხოვრო და არა - იარსებო.
მე ვარ გადასახადების პატიოსანი გადამხდელი და როგორც მე გიწყობ ხელს, რომ გაიზარდო და განვითარდე, შენც უნდა შემიწყო ხელი, რომ მე თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო. იმიტომ, რომ მე შენი ნაწილი ვარ.
ბევრ რამეზე ვფიქრობდი, როდესაც გიჩივლე.
მე მგონია, რომ ადამიანი რაღაც მისიის გამო ევლინება ქვეყანას. და ყოველთვის, როცა გადავრჩებოდი ხოლმე (და აქ ბავშვობისდროინდელ სუიციდის მცდელობებსაც ვგულიხსმობ), ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იმიტომ არ მოვკვდი, რომ კიდევ რაღაც დამრჩა გასაკეთებელი.
მე არ მინდა, რომ ვიღაცამ ისეთი დამცირება, შეურაცხყოფა და ტკივილი გადაიტანოს, რომელიც მე გადავიტანე ჩემი ცხოვრების მანძილზე.
ამიტომ გიჩივლე. და ამიტომ შეგებრძოლე.