Prostitution

რამდენი ბავშვია საქართველოში ჩართული პროსტიტუციაში?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის პოვნა თითქმის შეუძლებელია.


დასჯილა ვინმე, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ არასრუწლოვანისგან სექსმომსახურება მიიღო?

პასუხი ისევ გაურკვეველია.


ნამდვილად ხდება ასეთი რამ საქართველოში?

ხდება. ეს ამბები ინგას და ელენეს გადახდათ თავს.


არიან კი ისინი გამონაკლისები?

„თბილისი ცენტრალის“ უკანა მხარეს ავედი. ბაქანს გავცდი, ლიანდაგებს გავუყევი და ნაძვებში შევედი. ბინდდებოდა, როცა უცხო კაცების ჯგუფი შევნიშნე, ჩემკენ მოდიოდნენ. ჩქარ-ჩქარა გადავყლაპე საცხობში ნაყიდი ხაჭაპური, მათთან მივედი და სიგარეტი ვთხოვე. ასე გავიცანი „ძევკები“.

მეორე დღეს მათთან ისევ დავბრუნდი. ზოგი ლუდს სვამდა, ზოგი ეწეოდა, ზოგს იქვე ჰქონდა სექსი. კლიენტებიც იქ მოდიოდნენ. ჩვენ მათ „ვალიკებს“ ვეძახდით. მე ყველაზე პატარა ვიყავი და ჩემთან დალაპარაკებას ყველა ცდილობდა. ეს მომწონდა. წარმოვიდგინე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი მქონდა.

ერთმა კაცმა მითხრა, ამაღამ ჩემთან წამოდიო. მომეწონა და წავყევი.

მთელი ღამე თბილად მექცეოდა. თითქოს კიდეც ვუყვარდი. მაგრამ გამთენიისას უხეშად შენჯღრევამ გამაღვიძა - დროზე ადექი და წადი, არ მინდა მეზობლებმა დაგინახონო. ჩემი ბინძური ტანსაცმლის ჩაცმა რომ დავიწყე, კარადა გამოაღო და სპორტულები მომაწოდა, ჩემი შვილისაა, მაინც აღარ იცვამს და აიღეო. სასწრაფოდ გამომაგდო და მომაძახა, სადმე რომ გადამეყარო ქუჩაში, არ გამომეცნაურო, თორემ ღორივით დაგკლავო.

თენდებოდა. ქუჩაში მოვხეტიალობდი და ვფიქრობდი. მერე ისევ ვაგზალზე მივედი, ჩემს „ტაჩკას“ ხელი მოვკიდე და მუშაობა დავიწყე. 14 წლის ვიყავი.

„ერთ ჯიბეში დედაჩემის ფოტო მედო. მეორეში - „ბრიტვა“. აღმაშენებლის ქუჩა სავსე იყო ბედნიერი ტურისტებით, ყველაფერი კაშკაშებდა. მე კი ისეთი გათიშული ვიყავი, რომ მათი ბედნიერებაც აღარ მშურდა. მეგონა, ტვინში ლურსმანი ჩამაჭედეს. დაღლილი ვიყავი და იქვე ტროტუარზე დავწექი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ლეში ვარ“


ფრაგმენტი ინგას დღიურიდან

სახლიდან რომ წამოვედი, „მეტაჩკედ“ მოვეწყვე, ვაგზალზე. სხვის ბარგს დავათრევდი და დღეში 15-18 ლარს ვშოულობდი. ეს სიგარეტის და საჭმლის ფულია. ძალიან იშვიათად, დღიური ბინის ქირისაც. ერთხელ 20-ლარიანი ჩინური კედებიც ვიყიდე. ისე მიხაროდა!

მაგრამ ამ ფულით ვერც მკერდის ოპერაციას გავიკეთებდი და ვერც ვერაფერი, პარიკიც კი არ მომდიოდა. ისევ ბიჭივით მეცვა. ვფიქრობდი, თუ მაინც ბიჭი უნდა ვყოფილიყო, მაშინ რატომ წამოვედი სახლიდან? რატომ ვეჩხუბე დედას? რა მინდოდა ქუჩაში, ამ სიბინძურეში? ხმა რომ ამომეღო და ჩემთვის ოდნავ ქალური ნიშანი შეემჩნიათ, იმ „ტაჩკას“ თავზე გადამაღუნავდნენ - ვაგზალზე მუშაობას და მოქცევას თავისი წესები აქვს.

ზაფხულში, „სოკოს ბაღში“ მეძინა, თამარ მეფის გამზირის კვეთაზე.

ზამთარში, სადგურზე. იქ დიდი ვენტილატორებიდან სითბო ამოდიოდა. ზემოდან ვწვებოდი და ვიძინებდი. მანდ - თბილოდა.

„მშია, მწყურია, მცივა, მტკივა, მრცხვენია და ყველაფერს განვიცდი, რაც ჩემს ირგვლივ ხდება. ახალი ტასაცმელები მჭირდება. ბანაობა მინდა. ბინა რომ ვიქირაო, საჭმლის ფული აღარ დამრჩება და მშიერი მეორე დღეს „ტაჩკას“ ვეღარ გავათრევ. იმ დღეს 14 ლარი ვიშოვე და საჭმელი ვიყიდე. მერე „თბილისი ცენტრალის“ უკან გავედი, რომ დავმალულიყავი და იქ მეჭამა. არ მინდოდა ხალხს დავენახე“


ფრაგმენტი ინგას დღიურიდან

ინგას ჩვევად ექცა, ურიკის თრევას რომ მორჩებოდა, ნაძვებთან ადიოდა.

იქ „ძევკები“ თავს დაღამებისთანავე იყრიდნენ და ხეებს შორის იყვნენ გაფანტულები. მოდიოდნენ „ვალიკები“ და ეუბნებოდნენ, სახლი თუ არ გაქვს, წამო, ღამეს ჩემთან გაგათევინებო, ვალდებული არ ხარ სექსი გვქონდეს, უბრალოდ მოგეფერებიო. ინგაც მიჰყვებოდა.

ყველას ერთი პირობა ჰქონდა - თუ ინგა მათ სადმე შემთხვევით გადაეყრებოდა, „კლიენტი“ არ უნდა ეცნო. უნდა დაყრუებულიყო და დაბრმავებულიყო.

უფრო ხშირად მაშინ მიჰყვებოდა უცნობებს, როცა წვიმდა.

ზოგი ბინას იქვე, სადგურის მოედანზე ქირაობდა, 20-25 ლარად - ოთახს. ზოგს სადღაც აგარაკზე მიჰყავდა. ქალაქს რომ გასცდებოდნენ ხოლმე, ინგას გულისცემა მატულობდა, მაგრამ ნელ-ნელა ეს შიშიც დაძლია. ამ საქმეში ფულს არავინ სთავაზობდა. შეთანხმება ასეთი იყო: მე გთავაზობ დასარჩენს, შენ მომეცი სხეული. ინგა მანქანაში უზის კაცს და ფანჯარაში იყურება ცოტა შეშინებული.

ძირითადად 30-დან 50 წლამდე კაცები მიდიოდნენ.

გამოცდილი „ძევკები“ ინგას აგულიანებდნენ, შენხელა რომ ვიყო, რას არ მივაღწევდიო. მიდი, გამოიყენე ეგ შენი ახალგაზრდობაო.

როცა ქალაქს გასცდებოდნენ ხოლმე და ყველაფერი სიბნელეში იძირებოდა, კითხვებსაც მაშინ სვამდა - რატომ ვაკეთებ ამას? იმიტომ, რომ გადარჩე და ხვალ ცოცხალი იყო, თვითონვე პასუხობდა და ეს პასუხი ყოფნიდა იმისთვის, მეორე დღესაც იგივე ეკეთებინა.

ნელ-ნელა იმასაც მიეჩვია, რომ მასთან ურთიერთობაში ვიღაც აგრესიულიც გამოერეოდა ხოლმე. როგორც ის, ბორკილებით რომ დააბა სექსის დროს. მერე ისევ „ძევკებმა“ მოახსენეს, ეგო, პოლიციაში მუშაობს და ფრთხილადო.

იქ ყველამ ყველაფერი იცოდა. მაგრამ ერთხელ მაინც დაავიწყდათ ეთქვათ ,რომ ის კაცი, რომელსაც ინგა ერთ დღეს სახლში გაჰყვა, აივ/შიდსის მატარებელი იყო.

იმ ღამიდან, დაახლოებით, ერთ წელში, ინგას ანალიზებმაც აჩვენა, რომ აივდადებითი იყო.

2014 წლის სექტემბერში ინგას დედა სამუშაოდ თურქეთში წავიდა. სახლი გააქირავა, ინგას კი უთხრა, რომ შეეძლო დაბრუნებულიყო და სხვენში ეცხოვრა.

სახურავი ჰქონდა, მეტი არაფერი. არც დედა, არც საჭმელი, არც სამსახური.

ოქტომბრის დასაწყისში, მუხიანის აგარაკებზე ავიდა. იმედი ჰქონდა, ეზოებში ხილი იქნებოდა შემორჩენილი. სკოლის ჩანთა წაიღო და მართლა მოაგროვა ხეებზე შერჩენილი კარალიოკი, ვაშლი. ნოემბერში ხილიც მოილია და ჯართის შეგროვება და ჩაბარება დაიწყო. 29 ნოემბრამდე ასე გაძლო.

ერთ დღეს, ზურგზე მოკიდებული,მოგროვებული ჯართით ერთ-ერთ ჩამბარებელ პუნქტს მიადგა, მაგრამ მეპატრონემ უთხრა, აღარ ვიბარებ, ძალიან გაიაფდა, აღარ მიღირსო. სხვაგან რომ წაეღო, კიდევ შვიდი კილომეტრი უნდა გაევლო ფეხით. იქვე ჩამოჯდა და ატირდა.

ჯართის ჩამბარებელი პუნქტის მფლობელმა თავისი შვილის სამშენებლო მაღაზიაში მუშაობის დაწყება შესთავაზა.

ასე დაიწყო ინგამ (მაშინ გიორგიმ) ახალი სამსახური, ამჯერად მტვირთავად.

ცოტა ფული მოაგროვა. სხვენში ლეიბი აიტანა. ტანსაცმელი იყიდა. აღარ შიოდა. მაკიაჟი და პარიკიც იშოვა, რომელსაც იმ ლეიბის ქვეშ მალავდა. თითქოს ოცნებებმა ახდენა დაიწყო, მაგრამ ერთ დღესაც, ეს ყველაფერი ოჯახის ახლობელმა კაცმა უპოვა, რომელსაც მასზე ზედამხედველობა ჰქონდა დავალებული. სცემა და ინგა ისევ გამოიქცა.

„მეშინია, რომ როდესაც ტყეში შევალთ, დანას ამოიღებს და დამარტყამს. კეთილი გულის ბიჭი არ ჩანს. ამიტომ რასაც მეტყვის, უსიტყვოდ შევასრულებ. ძალიან მრცხვენია. არ მინდა ტყეში გავიხადო. შარვლის ჩაწევის მრცხვენია. ვინც ეს კლიენტი გამაცნო, მეკითხება, რამდენი მომცეს. რომ გაიგო, რომ „გადამაგდეს“, შორს წასულ კლიენტს ალქაჯივით დაედევნა და ფული დააბრუნებინა. მომეწონა, რომ ვიღაცამ დამიცვა. იმ ტრანსმა ქალმა სახლში წამიყვანა. მთელი ღამე ფიქრში გავათენე. ვიცი ისეთი სუფთა ვეღარ ვიქნები როგორც ადრე. დედაჩემთან ცხოვრების დროს. ღმერთო, თუკი სადმე არსებობ, ეს არ უნდა დაგეშვა. მაგრამ, ალბათ, შენც არ არსებობ, რადგან არასოდეს მეხმარები“.


ფრაგმენტი ინგას დღიურიდან

პირველად რომ მივიდა ტრანსების „პლეშკაზე“, გადატეხილი ბოთლის რტყმით და თმებში წვდომით ისეთ ჩხუბს შეესწრო, შეეშინდა და იქაურობას მალევე გაეცალა. რომც მოენდომებინა, იქ ასე ადვილად არც არავინ დააყენებდა. ყველა ადგილი მონიშნული იყო. გმირთა მოედნისკენ ჩავიდა და პირველი კლიენტიც იქ გამოჩნდა.

ჯიბეში შვიდი ლარი ედო. უცებ ვიღაცამ ათჯერ მეტი შესთავაზა და გაჰყვა.

თან ფიქრობდა, აი, ბიანკაც ხომ სცემეს სოფელში, მაგრამ ჩამოვიდა, იმუშავა და ქალად შედგა. ეს როგორ გააკეთა? ცირკთან დადგა. მეც ხომ შემიძლია იგივე? შემიძლია. უკვე 15 წლის იყო. პირველ დღეს ვარდისფერი ელასტიკები და ლეოპარდის პრინტიანი პერანგი ეცვა.

იმ ღამით, ახლადგაცნობილმა ტრანსგენდერმა ქალმა, რომელმაც მერე დიდი ხნით შეიფარა, ასლარიანი მისცა და რაც გინდა იყიდეო, უთხრა.

უბნის მაღაზიაში წვენი და ერთჯერადი სუპები იყიდა.

იმავე ღამით, სახლში ჯერ ერთი კაცი მოვიდა. მერე მეორე. მერე სათვალავი აირია.

წამებში მოდიოდა ბევრი ფული. ახალგაზრდა სხეულზე უარს არავინ ამბობდა. კლიენტებს, ძირითადად, სახლში იღებდა. თავიდანვე ქუჩაში არ დამდგარა. მაგრამ მერე მაინც დაიწყო გაპარვა და „პლეშკაზე“ მუშაობა. მას მერე ინგას და მისი მეგობარი ტრანსის გზებიც გაიყო.

ინგას თავადაც შეეძლო ამ საქმით თავი ერჩინა.

კლიენტები განსხვავდებოდნენ. ასაკით, შეხედულებებით, სოციალური მდგომარეობით. მოდიოდა ყველა. ათასნაირი მოთხოვნებით, სურვილებით, საიდუმლოებით.

თან ეკითხებოდნენ: აქციებზე გადიხარ? პრაიდის მომხრე თუ ხარ? არ გინდაო, ურჩევდნენ, რად გინდა ამის აფიშირება, ჩუმად თუ იქნები, უკეთესად იქნებიო. აი, ხომ კარგად ვართო.

რატომ უნდა მეყვირა? ეს არავის აწყობდა.

ეს იყო ხალხი, უამრავი პრობლემით. მათ, როგორც წესი, ჰყავდათ ცოლები, მაგრამ ამბობდნენ, რომ ეზიზღებოდათ ქალთან კონტაქტი. ჩემთან რომ მოდიონენ ხოლმე, მოჰქონდათ ლიფები და მთხოვდნენ მათთვის ჩამეცმია.

მე ვფიქრობდი, რომ ეს ის ხალხია, ვისაც სინამდვილეში კაცთან ურთიერთობა სურდა, მაგრამ მიდიოდა ტრანსთან, რადგან ის სუსტია, ფემინური და მისი არავის ეშინია.

საშინელი მოთხოვნები და სურვილები ჰქონდათ. რატომღაც მგონია, რომ ჰეტეროსექსუალ ქალ სექს-მუშაკებს ისეთ რამეებს არ სთხოვენ, რასაც ჩვენ.

სექს-მუშაკებს შორის მე ყველაზე პატარა ვიყავი. მაგრამ ჩემს გარდა, 15-16 წლის ბავშვები მოდიოდნენ ხოლმე მოპედებით ან ველოსიპედებით, იქვე ტყეში მოითავებდნენ საქმეს და მიდიოდნენ - ისინი არ იყვნენ ჩემსავით სახლიდან გამოქცეულები.

დღეს, მგონი აღარ დადიან, როგორც ვიცი, ყველაფერი ელექტრონულად ხდება. სპეციალურ საიტებზე. შეხვალ, ხედავ, რომ სექს-მომსახურებას გთავაზობს ვითომ 28 წლის ქალი, მიხვალ ადგილზე და 15-16 წლის გოგო გხვდება. უარს არავინ ამბობს.

ეს უჩინარი საქმეა. როცა გარეთ ვიდექი, პოლიცია ყველაფერს კარგად ხედავდა. არასოდეს გავუჩერებივარ და უკითხავს იქ რატომ ვიდექი. ისედაც ყველაფერი გასაგები იყო.

პოლიცია მხოლოდ მაშინ მავიწროვებდა, როცა სოკოს ბაღში მეძინა და ვაგზალზე ვმუშაობდი. თუ ვინმე სადმე ახლოს რამეს მოიპარავდა, მეუბნებოდნენ, აქ ნუ ათევ ღამეს, შენზე ეჭვი რომ არ გვქონდესო.

ასე გავხდი 17 წლის და რესტორანში მიმტანად მუშაობა ვცადე. ეს ისევ სხვა ადამიანის ცხოვრება იყო, ჩემი-არა. კაცის ტანსაცმელში და გარეგნობით. დაბალი ხელფასით. ოპერაციის გაკეთებას ისევ ვერ შევძლებდი და სხვა გამოსავალი ვერ ვნახე, ისევ უკან, ქუჩაში დავბრუნდი.

იმ ადგილს ისე ვებღაუჭებოდი, თითქოს ცირკის „პლეშკა“ კი არა, პარლამენტის დეპუტატის სკამი იყო.

ერთ დღეს ყველაფერი საშინლად აუტანელი გახდა და ქუჩა მივატოვე. ახლაც შეიძლება საჭმლის ჭამის დროს გამახსენდეს რომელიმე კლიენტი, უცებ კოვზი დავაგდო და სახეში ხელები წავიშინო.

ინგასგან სექსმომსახურების მიღებისთვის, როცა ის არასრულწოვანი იყო, არავინ დასჯილა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამბობს - პროსტიტუცია სამართალდარღვევაა და ის ჯარიმით ისჯება.ოღონდ ჯარიმა ეკისრება არა კლიენტს, არამედ მას, ვინც თავის სხეულს ყიდის - პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალს.

პროსტიტუცია - გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.


ამონარიდი სამართალდარღვევათა კოდექსიდან

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაცია საპირისპიროს ამბობს: პროსტიტუციისთვის უნდა ისჯებოდეს ის, ვინც ამისგან სარგებელს იღებს და არა ის, ვინც მათ მომსახურებას უწევს.

საქართველოს 2015 წლიდან რატიფიცირებული აქვს ევროპის საბჭოს, ე.წ. ლანზაროტის კონვენცია , რომელიც ეხება ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას.

ის ამბობს, რომ არასრულწლოვნის სექსუალური მომსახურებით სარგებლობა უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული.

და რომ ნებისმიერი პირი, რომელიც წელს მიუღწეველ ბავშვთან პროსტიტუციის მიზნით სექსუალურ კავშირს დაამყარებს, სისხლის სამართლის ნიშნით უნდა დაისაჯოს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს ცალკე მუხლი, რომელიც ამას ამბობს.

კანონში არის ზოგადი ხასიათის ჩანაწერი, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვთან ნებისმიერი სახის სქესობრივი კავშირი ისჯება.

„ანუ რა გამოდის, რომ თუ, 16 ან 17 წლის პირთან დამყარდება პროსტიტუციის მიზნით სქესობრივი კავშირი, ამისთვის არავის არანაირი პასუხისგებლობა არ ეკისრება. სწორედ ეს ეწინააღმდეგება ლანზაროტის კონვენციას“, - განმარტავს ორგანიზაცია Equality Now-ს იურისტი, თამარ დეკანოსიძე. ეს ორგანიზაცია არაერთი წელია ქალთა უფლებებს იცავს.

თამარი იმ დასკვნმადეც მივიდა, რომ საქართველოში, როგორც წესი, სამართალდამცველები არასდროს მიიჩნევენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლად პროსტიტუციაში ჩართულ 16 წლამდე ბავშვებს.

„პოლიციელები ხშირად ამბობენ, რომ ეს ქალები არ არიან სანდო, როცა გაუპატიურების ფაქტებზე ხმამაღლა საუბრობენ, რადგან სინამდვილეში იმ კლიენტებზე შურისძიება სურთ, ვინც მათ ფული არ გადაუხადაო . სახელმწიფოს არ უღირს რესურსის ხარჯვა იმისთვის, რომ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული სათანადოდ გამოიძიონ“.

თუ არასრუწლოვანი დუმს, თუ ის პოლიციასთან არ თანამშრომლობს, თუ ამბობს, რომ მას ფული არ აუღია, მაშინ ვერავინ ვერაფერს ამტკიცებს. ხმაური არც კლიენტს აწყობს - ის თავისით არასოდეს ალაპარაკდება. არ არის რეალური პროსტიტუცია? არ არის სამართალდარღვევაც. და არ არის პრობლემაც.

„გახმაურება არ აწყობს არც ერთ მხარეს. გოგოებს უნდათ მუშაობა, კლიენტს უჩინარობა, პოლიციას კი - ნაკლები პრობლემა. ამიტომ, ყველაფერი მიდის ჩუმად და დაფარულად“.- ყვება „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ იურისტი ციალა რატიანი.

„საქართველოს კარიტასი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მიუსაფარი ბავშვების უფლებებს იცავს. ამ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არასრულწლოვნების პროსტიტუცია მასშტაბური არ არის, მაგრამ 16 წელს მიუღწეველი მოზარდების პროსტიტუციაში ჩართვის შემთხვევებს ადასტურებენ.

სექს-სამუშაოში უმეტესად ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სახლიდან წამოსული, მიუსაფარი ბავშვები ერთვებიან. თამარ შარაშიძის ვარაუდით, პროსტიტუციაში ჩართული უნდა იყოს 13-14 წლის ასაკის, დაახლოებით, 4-5 მოზარდიც იმ ბავშვებს შორის, ვისზეც „კარიტასი“ მზრუნველობს.

ბავშვები, ამას, როგორც წესი, მალავენ. ვინც ფაქტი ერთხელ მაინც დაადასტურა, „კარიტასმა“ ამბავი შესაბამის სტრუქტურებს შეატყობინა. თითქოს მოკვლევაც დაიწყო, მაგრამ პროცესი შორს არ წასულა. „კარიტასს“ არა აქვს ინფორმაცია, აგო თუ არა რომელიმე სრულწლოვანმა ადამიანმა - „კლიენტმა“ პასუხი.

ინფორმაცია, რომელიც პროსტიტუციაში ჩართული ბავშვების შესახებ „კარიტასს“ გააჩნია, ძალიან ფრაგმენტულია. ისევე როგორც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სახელმწიფო უწყებების (და ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მოსაგროვებლად რადიო თავისუფლებამ რამდენიმე მათგანს (გაეროს ბავშვთა ფონდი, სახალხი დამცველი, საია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, GCRT, თანადგომა) მიმართა .

„კარიტასში“ მხოლოდ მიახლოებით იციან პროსტიტუციაში არასრუწლოვნების ჩართვის ორი სავარაუდო ადგილი - ერთი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მოქმედი თურქული ბარების სიახლოვეს და მეორე, კონკრეტულ ღამის კლუბში, რუსთავში.

სწორედ აქ შენიშნა „კარიტასის“ მობილურმა ჯგუფმა არასრულწლოვანი გოგოები, მათ შორის არა მხოლოდ თავიანთი ბენეფიციარები.

რას გვიყვება სტატისტიკა? ბავშვთა პროსტიტუციაში ჩაბმის რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი და შესაბამისად, დასჯილა თუ არა ვინმე ამისთვის? აღიარებს თუ არა სახელმწიფო არასრულწლოვანთა პროსტიტუციას, როგორც პრობლემას? რადიო თავისუფლებამ ეს და სხვა არაერთი კითხვა გაგზავნა როგორც შს სამინისტროში, ისე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

მოკლე პასუხი მივიღეთ მხოლოდ შსს-გან - კერძოდ შსს-მ მოგვაწოდა 2018-2019 წლებისა და 2020 წლის იანვარი-აპრილის თვის პერიოდში, სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან („პროსტიტუციაში ჩაბმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ“) დაკავშირებით, გამოძიების დაწყების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაცია.

2018 წელს გამოძიება დაიწყო სულ 5 ფაქტზე:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1
  • აჭარა - 2
  • ქვემო ქართლი - 1

2019 წელს გამოძიება დაიწყო 2 ფაქტზე:

  • თბილისი - 1
  • ქვემო ქართლი - 1

2020 წელს - იანვარი-აპრილის თვეში მსგავს ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

მე განსხვავებული ვარ, - ეს იყო ინგას პირველი სიტყვები, როცა ფსიქოლოგ მაია ცირამუას პირისპირ პირველად აღმოჩნდა.

კარგი, ეს შენი საქმეა. მოდი ვილაპარაკოთ, - უპასუხა მაიამ.

ინგა მაიასთან ოჯახში ძალადობის გამოცდილების გამო მოხვდა. იმ პერიოდში პროსტიტუციაშიც უკვე ჩაბმული იყო.

მაია გვიზიარებს თავის დაკვირვებას და კვლევებზე დაყრდნობით სტატისტიკასაც იშველიებს, როცა ჩამოთვლის იმ ადამიანებს, ვინც ბავშვებთან სექსუალურ კავშირს ამყარებს.

მათ უმრავლესობას თავად ჰქონია მსგავსი გამოცდილება, როგორც წესი, ისინი თავად არიან ტრავმირებულები და რადგან მათ არასოდეს არავინ დახმარებია, აგრძელებენ ამ ე.წ. ტრავმულ თამაშს.

არის მეორე კატეგორიაც, ანტისოციალური პერსონოლოგიური აშლილობის მქონე პირები - ძალიან დაბალი მორალით, რომელთაც თუ ბავშვი „ხელში ჩაუვარდათ“, მათთან სექსუალურ კავშირზე უარს არ ამბობენ.

და პროცენტულად ყველაზე ცოტანი, პედოფილები, რომელთათვისაც ბავშვი ცალსახად სექსუალური ობიექტია.

მათი ტრავმული გამოცდილება თაობიდან თაობას გადაეცემა და თუ ამ პროცესში არ ჩაერია სახელმწიფო ყველა საჭირო სერვისით, ოჯახი - თანადგომით, ეს უწყვეტი ჯაჭვი არასოდეს წყდება.

მაია ცირამუა ამბობს, რომ პოლიცია ხედავს ამ ბავშვებს და ფსიქოლოგებზე წინ, სწორედ მათ აქვთ სამუშაო.

„ისინი ღამის პეპლებს ემსგავსებიან, რომლებიც იმავე ცეცხლში იწვებიან, რომლისკენაც ილტვიან. ასეთ ბავშვებს აქვთ ხოლმე სირცხვილის და ბრალეულობის აბსოლუტურად დამანგრეველი განცდა. არ არსებობს მსხვერპლი, რომელიც საკუთარ თავს არ იდანაშაულებდეს იმაში, რაც მას დაემართა. არადა ის მხოლოდ მსხვერპლია და მას რაღაც ეტაპზე არ გამოუჩნდა მხარდამჭერი ქსელი, ინტელექტი, განათლება, ოჯახი. თავდახსნა თითქმის შეუძლებელია“, - გვეუბნება მაია ცირამუა.

ეს გახმაურებული ამბავი ქუთაისში რამდენიმე წლის მოხდა.

„როცა ვიხსენებ, თავი მართლა ძალადობის თემაზე გადაღებულ კოშმარულ ფილმში მგონია. არადა, ყველაფერი აქ, ქუთაისში მოხდა“, - გვიყვება თეა ფანჩულიძე, „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის“ იმერეთის ბიუროს ფსიქოლოგი.

გოგო, რომელსაც პირობითად ელენეს დავარქმევთ, 13 წლისა იყო, როცა ოჯახში დაწყებული კონფლიქტის გამო სახლიდან წამოვიდა.

ქუჩაში დარჩენილმა, 28 წლის კაცი გაიცნო. ეს ნაცნობობა კი სექსუალური კავშირით დასრულდა - როგორც ელენე ამბობდა, ის ჯერ ნარკოტიკებით გააბრუეს, შემდეგ გააუპატიურეს.

პოლიციას არავინ დაუკავებია. მეტიც, როგორც თეა ყევება, გოგო გაამტყუნეს. ორი წლის წინ გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თეა და პოლიციის ის ჩინოსანიც, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, ფსიქოლოგმა მისგან ასეთი ფრაზა მოისმინა:

„ყველაფრის გამომწვევი გოგო იყო, ის გოგო იყო პროვოკატორი“.

13 წლის ბავშვზე ლაპარაკობდა.

თეასთან ელენე ძალადობის ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ მოხვდა. ამ დროს ის უკვე ჩართული იყო პროსტიტუციაში. როგორც თეამ გვიამბო, გოგო იმასაც ამბობდა, რომ ამ საქმეში მარტო არ იყო. მუშაობდნენ სხვა მისი თანატოლებიც.

თერაპიის პროცესის შუაში იყვნენ, როცა ელენე მოულოდნელად სადღაც გაქრა.

ეძებდა ყველა, მათ შორის, ცხადია, პოლიციაც. დაახლოებით 6 თვე. ამ ხნის განმავლობაში ელენემ ერთი-ორჯერ სცადა ფსიქოლოგთან დაკავშირება. ნომერი, რომლითაც რეკავდა, პოლიციას გადასცეს, მაგრამ გოგო მაინც ვერ იპოვეს.

ზუსტად ექვსი თვის შემდეგ, როცა ელენე 15 წლის იქნებოდა, ვიღაცამ ის სახლის მახლობლად დატოვა - ჩამოგლეჯილი ტანსაცმლით, დასუსტებული, არაერთი ვენერიული დაავადებით.

ელენე დაუჯერებელ ამბებს ყვებოდა: თუ როგორ წაიყვანეს ვიღაც უცნობებმა და სხვა გოგონებთან ერთად ჩაკეტეს სახლში, სადაც ძირითადად სხვა ეროვნების კლიენტებს ემსახურებოდნენ. ელენე ვარაუდობს, რომ ეს აჭარაში ხდებოდა. ამბობდა იმასაც, რომ სექს-მომსახურებას არ აიძულებდნენ. და იმასაც, რომ ფულს თავად არ იღებდა.

ელენეს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა.

პოლიციას რამდენჯერმე მისცა ჩვენება, მაგრამ შემდეგ ბოლომდე აღარ ითანამშრომლა. ამბობდა, რომ ქუთაისის ტერიტორიაზე ხედავდა იმ პირს, ვინც ის პროსტიტუციაში ჩართო და აქტიურობის ეშინოდა. ეშინოდა, რომ მის ოჯახს რამეს დაუშავებდნენ. დღემდე ამ ამბავს არა აქვს დასასრული - პასუხი არავის უგია.

თეა ფანჩულიძე და იმერეთში მომუშავე ერთ-ერთი ორგანიზაციის სოცმუშაკი გვიყვებიან, რომ დღემდე პროსტიტუციაში ჩაბმული არასრულწლოვნების ნაწილი ქუთაისის ერთ-ერთ კაფე-ბართან იკრიბება. მეორე ნაწილი კი, ქართველი და ბოშა ბავშვები, იმერეთის გავლით ტრანზიტულად მოძრავი ტრაილერის მძღოლებს ემსახურებიან.

ტრაილერი კონკრეტულ ადგილას ჩერდება. მძღოლი გოგოს მანქანაში ისვამს, მიჰყავს, ბოლოს ე.წ. „ტრაილერების ტეკასთან“ ჩამოსვამს და ფულს უხდის. სექსმომსახურების საფასური საშუალოდ 10 დოლარიდან 20 დოლარამდე მერყეობს. პროსტიტუციაში ჩართული ბავშვების ასაკი კი 12 წლიდან იწყება.

სოცმუშაკი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოლიციამდე მიტანილი რამდენიმე კონკრეტული ამბავი დღემდე არ არის გამოძიებული.

„როდესაც პოლიციას ვეკითხები, რა ქენით, დააკავეთ დამნაშავე? პასუხი სულ ერთია - გვაცადეთ, მიმდინარეობს გამოძიება.

თუმცა გამოძიების შედეგი დღემდე არავის უნახავს.