12 ივნისს მსოფლიო ბავშვთა შრომის საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს.
შრომის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ბავშვთა შრომაში 152 მილიონი ბავშვია ჩართული. ათიდან შვიდი - სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს.
2015 წლის ბოლოს საქართველოში ჩატარებული გამოკვლევა კი ამბობს, რომ დამაზიანებელ შრომით საქმიანობას იძულებით 24 ათასი (4.2 %) 5-17 წლის ასაკის ბავშვი ეწევა - მათი თითქმის 64% სახიფათო შრომას ასრულებს. მსოფლიოში ბავშვთა შრომა აკრძალულია, საქართველოს კანონმდებლობაში კი ამ დრომდე ისიც არ არის განსაზღვრული, თუ რა არის სახიფათო შრომა.
2019 წლის დასაწყისში, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, 12 წლის ბიჭი ჯართის შეგროვებისას დაიღუპა. როდესაც ეს საქმე შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ 12 წლის ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან მისი ასაკისთვის მძიმე სამუშაოების შესრულება უწევდა. სწორედ სიღარიბეა ბავშვთა შრომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი - ამას ამბობს სახალხო დამცველი, ამას იმეორებს გაეროს ბავშვთა ფონდი, ბავშვთა უფლებების დამცველი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველი საგანგაშოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ბავშვებს სიღარიბისა და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, კვლავ უხდებათ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში, თავის ასაკთან შეუსაბამო შრომა.
ეს შრომა განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ხოლმე სეზონურად, ზაფხულში - კურორტებზე, სადაც ბავშვები სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს ასრულებენ. მაგალითად, ზღვის სანაპიროზე სადაც მათი ასაკისთვის დაუშვებელი წონის ტვირთს (ცივ სასმელებს, მოხარშულ სიმინდს და ა.შ) დაატარებენ - სახელმწიფო ამ პროცესს ვერ აკონტროლებს.
სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ სუსტია სოციალური მუშაკებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა ჩართულობა ქუჩაში ბავშვთა მუშაობის შემთხვევებზე რეაგირების, დროული გამოვლენისა და გადამისამართების კუთხით.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ განსხვავებით საერთაშორისო კანონმდებლობისგან, საქართველოს კანონი არ გამოკვეთს ბავშვებისთვის სახიფათო სამუშაოების ნუსხას.
ეს ხარვეზი, მისი აზრით, ბავშვთა კოდექსმა უნდა გამოასწოროს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.
„პრობლემათა ჯაჭვს სახელმწიფომდე მივყავართ - საჭიროა არსებობდეს ქმედითი მექანიზმები, რომლითაც ბავშვებს საზიანო შრომისგან დავიცავთ. ამიტომ არის საჭირო მიზეზების კვლევა. ძირითადი მიზეზი, როგორც წესი, მძიმე სოციალური მდგომაროებაა, სიღარიბე, რაც ბავშვებს უბიძგებს სარჩოს საძებნელად გავიდნენ ქუჩაში, ან თავად ჩაერთონ მძიმე შრომაში“, - ამბობს მაია ქურციკიძე.
ბავშვთა შრომას არ მოაქვს დადებითი შედეგი. ეს, როგორც წესი, არაკვალიფიციური შრომაა და ძალიან ხშირად, ასეთი ბავშვები სწავლასაც თავს ანებებენ, რაც როგორც მაია ქურციკიძეც ამბობს, ასევე მათი უფლების დარღვევაა, რადგან სწორედ განათლება უნდა იყოს მომავალში დასაქმებისკენ მიმავალი გზა.
კანონი: როდის შეუძლია ბავშვს მუშაობა?
საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობა ამბობს, რომ დასაქმებისთვის დასაშვები ასაკი 16 წელია. 16 წლამდე მოზარდებმა რომ იმუშაონ, ამისთვის მეურვის თანხმობაა საჭირო. თან იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობის სპეციფიკა და შრომითი ურთიერთობა არ ზღუდავს ბავშვის ინტერესებს, „ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას“.
14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შრომითი ხელშეკრულების დადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს სპორტულ, კულტურულ ან სარეკლამო საქმიანობას ეხება.
აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.
კანონი ასევე აწესებს ბავშვებისთვის შრომის ხანგრძლივობასაც:
16-17 წლის არასრულწლოვანი კვირაში 36 საათზე მეტს არ უნდა მუშაობდეს, ხოლო 14-15 წლის მოზარდები - 24 საათზე მეტს.
ბავშვები არ უნდა მუშაობდნენ ღამის საათებში.
„ბავშვთა შრომა“ და „მომუშავე ბავშვები“
ეს - ორი სხვადასხვა რამეა.
ბავშვთა შრომა ბავშვებს ართმევს ბავშვობას და მავნეა მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.
მომუშავე ბავშვები კი ის კატეგორიაა, ვინც საკუთარი სურვილით და მშობლის თანხმობით, არასასწავლო პერიოდში მისთვის სასურველ საქმეს აკეთებს, რაშიც უხდიან. ან, შესაძლოა, ბავშვი ეხმარებოდეს საკუთარი ოჯახის წევრებს რაიმე საქმიანობაში.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ბავშვთა უფლებების დამცველი ანა არგანაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ძალიან ხშირად, ბავშვთა შრომა არასწორად არის გაგებული - რომ ეს არის ბავშვებისთვის შრომის სწავლება. სინამდვილეში კი:„ ბავშვთა შრომა, თუ ის არღვევს ბავშვის სხვა რომელიმე უფლებას, არის უარყოფითი მოვლენა".
ანა არგანაშვილის სიტყვებით, ამ პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო რამდენიმე კრიტიკულ კითხვაზე პასუხით შეძლებდა.
კითხვათა შორის კი უმთავრესია - რატომ არიან ბავშვები ბავშვთა შრომის ნეგატიურ ფორმებში ჩართული? ამ კითხვაზე პასუხი სახელმწიფოს მიერ ბავშვების უფლებების სისტემური დარღვევის აღიარებას ნიშნავს. პასუხი კი, ანას აზრით, შემდეგია:
„იმიტომ რომ ბავშვებს შიათ; იმიტომ, რომ მათ აიძულებენ; იმიტომ რომ გამოსავალი არ არის. სახელმწიფო კი ამ პასუხებს არ აღიარებს, არც კითხვებს სვამს, რის გარეშეც, პრობლემის გადაჭრა ვერც კი დაიწყება. ბავშვთა ჩაბმა ქუჩაში სხვადასხვა საქამიანობაში, მოწყალების თხოვნა, ნივთების გაყიდვა - უმეტესად არის ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, ტრეფიკინგის საფრთხესაც კი შეიცავდეს, თუმცა, სამწუხაროდ ამაზეც სახელმწიფო არარეალურ სტატისტიკას აწარმოებს და წელიწადში სულ 2-3 ბავშვზე უთითებს და თვალს ხუჭავს, თითქოს ეს ბავშვები არ არსებობენ“.
სხვათა შორის, ზემოთ ნახსენებ ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არ უკვლევიათ. ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მომაცემის გარეშე ვერც სრულფასოვანი სტატისტიკა და შესაბამისად, სურათი გვექნება.
ბავშვთა კოდექსი - პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების გზა
პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი ბავშვთა კოდექსს, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, ბავშვთა შრომითი უფლებების მდგომარეობაც უნდა დაარეგულიროს.
კოდექსის პროექტში (მუხლი 54) . წერია, რომ „აკრძალულია ბავშვის ჩაბმა მათხოვრობაში, იძულებით, შანტაჟით, მოტყუებით, წაქეზებით, მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამოყენებით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით“.
კოდექსი ასევე ამბობს, რომ „დაუშვებელია ბავშვის დაყოლიება, წაქეზება, ჩაბმა, იძულება ან გამოყენება სხვა ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც ხელს უშლის ბავშვს განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობის, ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისთვის“ - პასუხისმგებელი კი ბავშვის დაცვაზე სახელწიფოა.
P.S.
ბავშვთა უფლებების დამცველები შენიშნავენ, რომ ჯართის შეგროვებისას დაღუპული მერვეკლასელი ბიჭის ამბავი ძალიან შორსაა ბავშვთა შრომის საწინააღმდეგო მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანის შინაარსისგან - „ბავშვები მინდორში კი არა, ოცნებების ასახდენად უნდა მუშაობდნენ“.
გიგამ ოცნებები ვერ აისრულა.