Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მქარგავი ქალები მთიანი აჭარიდან


მქარგავი ქალები მთიანი აჭარიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:05:06 0:00

ქარგვას, ქალები მთიანი აჭარიდან, ბავშვობაშივე სწავლობდნენ და ხელსაქმე მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდებოდა. ყველა ქალი ქარგავდა - ეს მხოლოდ გასართობი საქმიანობა კი არ იყო, სავალდებულო ხელსაქმეც, რადგან ნაქარგობების მზითვი ყველა პატარძალს უნდა ჰქონოდა - რაც მეტი და მრავალფეროვანი, მით უკეთესი.

„ქორწილამდე ერთი თვე ამ საქმით ისე ვიღლებოდით, დედოფლობისთვის მოსამზადებლად დრო აღარ გვრჩებოდაო“, - იხსენებს ერთ-ერთი მქარგავი, ფატი ბერიძე, რომლის ოჯახიც წლების წინ ჩამოასახლეს მთიანი აჭარიდან გურიაში, სოფელ დვაბზუში.

მოქარგული ყვავილები, ირმები, ორნამენტები, სცენები „ვეფხისტყაოსნიდან“ თუ სხვა წიგნებიდან, თქმულებების სიუჟეტები თეთრ მიტკალზე, თვეების განმავლობაში იქარგებოდა ხოლმე - განსაკუთრებით, ზამთრის გრძელ ღამეებში.

მოქარგულ ნამუშევრებს ქორწილამდე ერთმანეთს არ უჩვენებდნენ ხოლმე, მერე კი სტუმრებისთვის ნამდვილი გამოფენა ეწყობოდა. ოჯახის შექმნის შემდეგ, ახალ რძალს სხვა უამრავი საქმე ელოდა და ქარგვისთვის დრო აღარ რჩებოდა.

წლების გასვლასთან ერთად, ქარგვის ტრადიციაც ნელ-ნელა მიივიწყეს - აღარც სახლში გამოფენის სურვილი ჰქონდათ და ძველი ნამუშევრები, ძირითადად, მთის სახლებში მიჰქონდათ და იქ კიდებდნენ.

რამდენიმე წელია, აჭარულმა ნაქარგობებმა ისევ მიიქცია ყურადღება და ქალებიც ოცი წლის წინ გადადებულ ხელსაქმეს ისევ მიუბრუნდნენ. აჭარელ ქალებს გული იმაზე სწყდებათ, რომ ახალ თაობას ამ ხელსაქმის სწავლის სურვილი არა აქვს და ეს ცოდნაც, შესაძლოა, მათთან ერთად გაქრეს.

მაგრამ ჯერ ისევ ქარგავენ და თუ მათი ნამუშევრის მსურველი და დამფასებელი გამოჩნდება, მზად არიან ეს ხელსაქმე სხვებსაც ასწავლონ.

მაყვალა ართმელაძეს, მაყვალა ირემაძეს, ფატი ბერიძეს, მაყვალა გორგაძეს და სხვა აჭარელ მქარგავ ქალებს ჩვენ სოფელ დვაბზუში შევხვდით, სადაც მათი ოჯახები მთიანი აჭარიდან წლების წინ ჩაასახლეს, თუმცა აჭარული ქარგვის ტრადიცია მათ არც იქ დაუკარგავთ.

XS
SM
MD
LG