ბირთვული შეთანხმება, რომლითაც აიკრძალა ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ქონა, წარმოება და გამოცდა, 2019 წლის 2 აგვისტოდან კარგავს ძალას მას მერე, რაც ხელის მომწერმა სახელმწიფოებმა, აშშ-მა და რუსეთმა, ოფიციალურად დატოვეს 31 წლის წინ დადებული ხელშეკრულება.
ინგლისური შემოკლებით INF-ად წოდებული შეთანხმება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს დაიდო და ძალაში შევიდა 1988 წელს. აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანისა, და საბჭოთა კავშირის ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ეხებოდა 500-დან 5 500 კილომეტრამდე მოქმედების ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს. ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტი უვადო იყო, ანუ ამ მანძილზე მოქმედების, ბირთვული ქობინების გადატანისუნარიანი ახალი სახმელეთო სისტემები აიკრძალა სამუდამოდ.
შარშან აშშ-მა რუსეთს ბრალად დასდო შეთანხმების დარღვევა და დაიმუქრა, რომ დატოვებდა მას. მოსკოვი უარყოფდა შეთანხმების დარღვევას. კრიტიკულად განწყობილი მიმომხილველები ფიქრობდნენ, რომ INF-ად მოიტანდა ახალ გამალებულ შეიარაღებას აშშ-სა და რუსეთს, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანას, შორის.
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის შეფასებით, შეთახმების შეწყვეტით მსოფლიო კარგავს ბირთვული ომის შეკავების ძლიერ ინსტრუმენტს. მან ორივე ქვეყანას მოუწოდა გააგრძელონ შეთანხმების მოქმედება. ბალისტიკური რაკეტების საფრთხე გაიზრდება, არ შემცირდება, განაცხადა გუტერეშმა.
ორივე, INF-ი და ცივი ომის პერიოდის START-ის სახელით ცნობილი შეთანხმების მემკვიდრე, New START-ი, სტრატეგიული ბირთვული რაკეტების გამშვებ სისტემათა წარმოების შემცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის დაიდო და ძალაში შევიდა 2011 წელს, ბირთვული იარაღის მქონე ორ უდიდეს ქვეყანას შორის იარაღის კონტროლის ფუნდამენტია. New START-ი ძალაშია 2021 წლამდე, თუ მოსკოვი და ვაშინგტონი მისი მოქმედების ვადას არ გააგრძელებენ.
აშშ-მა და ნატომ არაერთხელ დასდეს ბრალად რუსეთს იარაღის ახალი სისტემების წარმოება, რაც, მათი აზრით, ხელშეკრულების დარღვევას ნიშნავს. ლაპარაკია, პირველ რიგში, 9M729 - იმავე SSC-8 - რაკეტებზე, რომელთა მოქმედების სიშორე, ნატოს თანახმად, 1500 კილომეტრია. რუსეთი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ 9M729-ის მოქმედების სიშორე 500 კილომეტრია და თავის მხრივ ადანაშაულებს აშშ-ს შეთანხმების დარღვევაში.
მაგრამ დადანაშაულება ორივე მხრიდან გრძელდება. რუსეთს ბრალს სდებენ აშშ-ის სენატორები, მნიშვნელოვანი კომიტეტების ხელმძღვანელები. 1 აგვისტოს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ჯიმ რიშმა, რესპუბლიკელმა სენატორმა აიდაჰოს შტატიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, და ასევე რესპუბლიკელმა სენატორმა ოკლაჰომიდან, ჯიმ ინჰოფმა, რომელიც შეიარაღებული სამსახურების კომიტეტს თავმჯდომარეობს.
სენატორებს მიაჩნიათ, რომ შეთანხმებამ შეწყვიტა არსებობა, რადგან რუსეთმა შეგნებულად დაარღვია მისი პირობები.
მიხაილ გორბაჩოვმა, ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა, რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ 1 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება დატოვოს INF, „გლობალურ პოლიტიკას ხდის არაპროგნოზირებადად და მის განვითარებას -ქაოტურად“. გორბაჩოვმა მოუწოდა ორივე სახელმწიფოს შეეცადონ New START-ის შენარჩუნებას, როგორც გლობალური სტრატეგიული უსაფრთხოების ბოლო საფუძვლისა. გორბაჩოვი აცხადებს, რომ თუ აშშ-ის გამონათქვამებით ვიმსჯელებთ, ამ შეთანხმების მომავალი გაურკვეველია. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ გეგმავდა INF-ის ხელშეკრულების დატოვებას და წინასწარ გააფრთხილა რუსეთი, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდოდა 2 აგვისტოს.
„რუსეთმა, სამწუხაროდ, პატივი არ სცა შეთანხმებას, ამიტომ გავდივარ ხელშეკრულებიდან“, გამოაცხადა თეთრმა სახლმა.
ანგარიშვალდებულების აღდგენა
აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის იარაღის კონტროლის სფეროში ანგარიშვალდებულების აღდგენას ესწრაფოდა და „დიპლომატიის ექვსმა წელიწადმა და 30-მა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო, ვერ მოხერხდა დაერწმუნებინათ რუსეთი, რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულება, რომელიც INF-ის ხელშეკრულებით იკისრა“. ტრამპი მოწოდებით გამოვიდა, ბირთვული სფეროს ირგვლივ მომავალ მოლაპარაკებებში ჩართულიყო სხვა ბირთვული ქვეყანა, ჩინეთი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მოსკოვს თებერვალში მოუწოდა შეესრულებინა შეთანხმების პირობები და იქვე თქვა, ვემზადებით INF-ის ხელშეკრულების გარეშე დარჩენილი მსოფლიოსთვისო. რუსეთმა მარტში გამოაცხადა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ რუსეთი წყვეტს ხელშეკრულების პირობების შესრულებასო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრალად დასდო აშშ-ის ოფიციალურ პირებს, რომ 1 აგვისტოს მათ უარი თქვეს მცდელობაზე მოძებნილიყო ერთობლივი ფუნდამენტი INF-ის გარშემო მსჯელობისთვის.
„ტასის“ თანახმად, ზახაროვამ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა რუსეთში წამოიწყო აგრესიული საინფორმაციო კამპანია, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ლამის რუსეთი დაადანაშაულა ხელშეკრულებიდან გასვლაში.
1 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი გამოეხმაურა INF-ის საკითხს და რუსეთი დაადანაშაულა: საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა ხელშეკრულების გადასარჩენადო. მისი თქმით, INF-ის დასასრული ევროპის უსაფრთხოების შესუსტებაცაა და ზრდის გამოწვევებს; ამასთან მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ New START-ი, როგორც იარაღის საერთაშორისო კონტროლის მთავარი სვეტი.
„INF-ის ხელშეკრულების გარეშე, ასევე New STARTის ვადის გასვლის პირობებში, პირველად თითქმის ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, აღარ იქნება იურიდიული ძალის მქონე კონტროლირებადი შეზღუდვა მსოფლიოს ორი ბირთვული არსენალისა“, - განაცხადა იარაღის კონტროლის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ტომას კანტრიმენმა, INF-ის დასრულების წინა დღეს. მისი ორგანიზაცია, ACA, არაკომერციული, ვაშინგტონში დაფუძნებული ჯგუფია, რომელიც ხელს უწყობს იარაღის კონტროლის თაობაზე ამ სფეროში პოლიტიკის გარშემო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
INF-ის ხელშეკრულების დასრულების ფონია საერთაშორისო თანამეგობრობის ბრძოლა, როგორ უპასუხონ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ არსენალს, და მცდელობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა, გადაარჩინონ ბირთვული შეთანხმება, რომელიც ზღუდავს ირანის ბირთულ პროგრამას და რომელიც შარშან აშშ-მა დატოვა.