საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული საპროტესტო აქციები ხშირად აქტივისტთა დაკავებით სრულდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულს იძიებს, 2020 წელს შეტყობინებათა ნახევარზე მეტი - 1721 შეტყობინება - დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან შევიდა.
9 აქტივისტი და 1 იურისტი გვიყვება, თუ რა ხდება დაკავებიდან სასამართლომდე და როგორ უნდა მოიქცეს აქტივისტი.
- სხვადასხვა მიზეზით ან, სულაც, უმიზეზოდ
აქტივისტების გამოცდილება აჩვენებს, რომ აქციაზე დაკავებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, პროტესტის აქტიური მონაწილე ხარ თუ, უბრალოდ, იმ ადამიანის გვერდით დგახარ, ვინც სკანდირებს, სტიკერს აკრავს, პოლიციელს მიმართავს - შეიძლება, სულაც, იქვე იყო ჩამომჯდარი, როგორც თამარ კაკაბაძე, მოძრაობა “დროას“ აქტივისტი, როდესაც დააკავეს:
„საკრებულოს შენობაში იყო გაწევ-გამოწევა. მე დავეცი და პოლიციის უფროსს ვთხოვე პირადად, რომ წამოვეყენებინე. კიბეზე ჩამოვჯექი და ზურგს უკან გავიგონე ხმა: „ეს დააკავეთ“. ჩემი დამკავებელი ძალიან დაბნეული იყო ბრძანებით. “
შუშანა მაცაბერიძე ელენე ხოშტარიას გვერდით იდგა, როცა ის პარლამენტის წინ დროებით აღმართულ ღობეზე წარწერას აკეთებდა. შუშანას პოლიციელმა ხელი გადაუგრიხა, ასე გამოიყვანა ტერიტორიიდან და მანქანაში ჩასვა.
“ოქმში ის გაფორმდა დამკავებლად, ვინც საერთოდ იქ არ იმყოფებოდა და მითხრა, რომ დამაკავეს, რადგან პულვერიზატორით რაღაცებს ვწერდი კედელზე. სასამართლოზე კი ჩვენება მისცა, რომ ნათია ლეთოდიანის დაკავებაში ხელის შეშლის გამო დამაკავეს”.
კანონი პოლიციელებს ავალდებულებს, დაკავების მომენტში განუმარტონ ადამიანს, რისთვის აკავებენ, თუმცა ცხრა აქტივისტიდან, ვისაც ვესაუბრეთ, ასეთი შემთხვევა არც ერთს არ ახსენდება.
„არასდროს განუმარტავთ, რისთვის მაკავებენ, ამიტომ ჩემი ყველა დაკავების კადრში გაკვირვებული სახე მაქვს ხოლმე“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე.
ყველა აქტივისტს ზეპირად შეუძლია ადმინისტრაციული სამართლის 166-ე და 173-ე მუხლების ციტირება. დაკავების ოქმებში სამართალდარღვევად ძირითადად ეს მუხლებია მითითებული.
166-ე მუხლი წვრილმანი ხულიგნობაა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
166-ე მუხლის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
173-ე მუხლი - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაა.173-ე მუხლის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
სტიკერის გაკვრის ან წარწერის გაკეთების შემთხვევაში, ძალაში შედის “თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების” 150-ე მუხლი. ამ მუხლის დარღვევა ითვალისწინებს 50-დან 2000 ლარამდე ჯარიმას.
ედუარდ მარიკაშვილი ადვოკატების არაფორმალური, თვითორგანიზებული ქსელის წევრია. ამ ქსელში ოცამდე ადამიანია გაერთიანებული და აქტივისტებს ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ ეხმარება.
მისი დაკვირვებით, პოლიციის რეაგირება პროტესტის სიმწვავეზეცაა დამოკიდებული:
„იერსახის დამახინჯებას იყენებენ, როცა არის განსაკუთრებული ინტერესი, რომ ხელისუფლებამ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ საინფორმაციო სტიკერებს შენობებზე და მათ გაკვრაზე არავინ [არავის] აჯარიმებს“.
შესაძლოა, წარწერას სულაც დროებით ღობეზე აკეთებდე. თუ პოლიციელმა გითხრა, შეწყვიტეო, მაგრამ მაინც აგრძელებ, უკვე 173 მუხლის დარღვევაა.
- მტკივნეული
„დაკავების პროცესი ხშირად არის ძალდობრივი, ყოველთვის ცდილობენ რაღაც გატკინონ გზაში. გააჩნია, როგორი პოლიციელი შეგხვდება - ამის მიხედვით გადაწყდება, ბორკილი ხელში სისხლს გაგიჩერებს თუ არა, ან თავი ჩახრილი გაქვს მთელი გზა და ხელები უკან გიდევს მთელი გზა თუ არა“, - ამბობს ნოდარ რუხაძე, რომელსაც გზა დაკავებიდან განყოფილებამდე სამჯერ აქვს გავლილი.
ალექსანდრე მილორავას დაკავება ქართული ოცნების ოფისთან
განყოფილებაში მოხვედრამდე, შეიძლება, ხელბორკილებით მანქანაში რამდენიმე საათიც დაგტოვონ. სამოქალაქო აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ და მასთან ერთად “ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებულმა აქტივისტებმა უკან შეკრული ხელებით, ასე, ოთხი საათი გაატარეს:
„მანქანა საპატრულო პოლიციის შენობასთან 4 საათის განმავლობაში ეყენა და ეტაპობრივად მოჰყავდათ დაკავებულები. მთელი ეს დრო გვამყოფეს ხელბორკილებში. ამ დროს გეწყება მხრების გაუსაძლისი ტკივილი, ადამიანის წამებაც კი არის, იმდენად რთულია ამ ყველაფრის ატანა. ყველანაირად ცდილობენ, რომ გაუსაძლის პირობებში გვამყოფონ, რომ შევუშინდეთ შემდეგ აქტივიზმს და პროტესტის გამოხატვას“.
ხშირად პოლიცია ცდილობს აქტივისტი დანარჩენ ხალხს დააშოროს. ამ დროს შეიძლება ათობით პოლიციელის შუაგულში აღმოჩნდე. ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტი გენრი დოლიძე იხსენებს, როგორ გაუსწორდნენ პოლიციელები ფიზიკურად:
„იზოლირება გამიკეთეს ისე, რომ ტელეფონებს ვერ გადაეღოთ როგორ უმოწყალოდ მცემდნენ. გზაში მომმართავდნენ ხისტად - ადამიანად არ გთვლიან და შენი ღირსება არაფერს ნიშნავს“.
პოლიცელების მხრიდან ძალის გადამეტების განსაკუთრებით მძიმე გამოცდილება გიორგი მჟავანაძეს აქვს. გიორგი 2020 წლის 9 ნოემბერს კომენდანტის საათის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ამბობს, რომ ძალადობა მანქანაშივე დაიწყო.
„მანქანაში მარჯვნივ რომელი პოლიციელიც იჯდა, იმან გადმომიწია მარცხენა ხელი და მარჯვენამ - მარცხენა. დაკავების პროცესიც ხომ ემოციურია, ჰაერი არ მყოფნიდა და გაშვება ვთხოვე, მერე გავღიზიანდი და შეურაცხოფა მივაყენე, ამის მერე ძალადობა დაიწყეს, მირტყეს ნეკნებში. რომ გადამიყვანეს კახეთის გზატკეცილზე, გადმომიყვანეს, სახე დამადებინეს ასფალტზე და უკან მთელი ძალით გადამიჭირეს ბორკილები. ვღრიალებდი, ამ დროს ნებისმიერი შეხება ძალიან მტკივნეული ხდება“.
პოლიციის ეზოში გიორგიზე ძალადობას კიდევ ორი აქტივისტი, ნოდარ რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი შეესწრნენ. ამის შემდეგ გიორგი პოლიციის ფურგონში ხელისკვრით შეაგდეს, მანქანა კუთხეში მიაყენეს. მასთან ერთად ფურგონში ორი პოლიციელი შევიდა.
„გაჩერდა თუ არა მანქანა, ერთ-ერთმა, გაიოზ აკოშვილმა, მითხრა ,შენო რა გგონიაო, სულ ფორმა მაცვიაო? აი, ამ ფორმას გავიხდი და დედას მოგი...ავო. მაგაზე მეც შევეპასუხე. ისეთი სიტუაცია იყო, ან თავი უნდა გაწირო, ან დაუხარო. მანქანიდან როგორც კი გამოვედი, სხვა პოლიციელს ჩავართვევინე კამერა და მოვუყევი ყველაფერი, რაც მოხდა. სადღაც იქნება ეს ჩანაწერი, მაგრამ ამ მანქანის თავზე 4 კამერა იყო და იმ კამერების ჩანაწერებიდან მხოლოდ იმისი ჩანაწერი მისცეს სახელმწიფო ინსპექტორს, სადაც სიბნელე ჩანს. იცოდნენ, სადაც მიდიოდნენ და რას დაინახავდა ის კამერა. აკაკი ფურცელაძე და გაიოზ აკოშვილი მირტყამდნენ და მაგინებდნენ. შემდეგ მოვიდა ჩემი ადვოკატი და ეგრევე ეს ტიპები გაქრნენ.[..] არავის უნახავს მაგის მერე“.
სახელმწიფო ინსპექტორმა - პროკურატურას დაქვემდებარებულმა ორგანომ, რომელსაც ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიება ევალება - გიორგი მჟავანაძის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაადასტურა, თუმცა ის დაზარალებულის სტატუსს პროკურატურისგან ჯერაც ელოდება.
- პოლიცია ოქმს შეავსებს, იქვე გადაწყდება, სად გადაგიყვანენ და რამდენი ხნით. უნდა მოითხოვო საკუთარი უფლებებით სარგებლობა
დაკავებულის უფლებაა განყოფილებაში მოხვედრისას დარეკოს ახლობელთან, აუხსნას, რა მოხდა, სად იმყოფება და სთხოვოს ადვოკატით უზრუნველყოფა. ზარის მიმღები შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი - როგორც ოჯახის წევრი, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ან სახელმწიფო ინსპექტორი. დაკავებულს აქვს უფლება დაკავების ოქმის შევსებას მისი ადვოკატი ესწრებოდეს, ადვოკატს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს ესაუბროს კონფიდენციალურად. პრაქტიკაში ამ უფლებების განხორციელება რთულია, ხშირად - შეუძლებელი.
„ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი ღამე ვითხოვდი ადვოკატთან დაკავშირებას, მაგრამ ეს არ მოხდა”, - ამბობს ნოდარ რუხაძე.
შუშანა მაცაბერიძე: „ვერ მივაღწიე იმას, რომ ზარის უფლება განვახორციელო. პირველ დაკავებაზე საერთოდ არ დამარეკინეს. მეორე დაკავებაზე ძალიან დიდი კამათის შემდეგ მომცეს ტელეფონი, დავურეკეთ ელენე ხოშტარიას და როცა გაიგეს, ვის ვურეკავდით, გათიშე, მე მაგასთან ვერ დავრეკავო“.
გენრი დოლიძე: „ადვოკატთან ზარი გაგრძელდა 45 წამი. აღვწერე ჩემი სიტუაცია და პასუხი ვერ მოვისმინე, გამათიშინეს“.
ოქმის შევსებას რაც შეეხება, აქაც დაბრკოლებებია - ძირითადად იმიტომ, რომ ოქმს დამკავებელი არ ადგენს ხოლმე. მართალია, 166-ე და 173-ე მუხლები საკმარისად ფართოა, რომ საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ყველა სამართალდარღვევა დაფაროს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მაინც არაა საკმარისი.
მაგალითად, 3 აპრილის აქციაზე, გენრი დოლიძე მედია პლატფორმის სახელით იმყოფებოდა და გარეთ ყოფნის საშვიც ჰქონდა, თუმცა პოლიციამ როგორც აქტივისტი, ისე დააკავა. სიმართლე მხოლოდ განყოფილებაში გაარკვიეს.
“ჩემი დაკავების ოქმს რომ წერდნენ, ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვარ და საშვი მქონდა. მაგის მერე გადახიეს ეს ოქმი და ახლის წერა დაიწყეს და რეკავდნენ, ამას საშვი ჰქონია და ახლა რა ჩავწეროთო. იყვნენ ძალიან არაკომპეტენტურები. ითხოვნდნენ, რომ ოქმზე ხელი მომეწერა ისე, რომ არც ვიცოდი რაზე მაკავებდნენ“.
დაკავებულს აქვს უფლება ოქმზე ხელი არც მოაწეროს, თუმცა ბევრმა ამის შესახებ არ იცის.
„თუ აქტივისტი არის გამოუცდელი, ატყუებენ, რომ ეს ხელმოწერა არაფერსაც არ ნიშნავს. პოლიციელები ამით სარგებლობენ და შეცდომაში შეჰყავთ ხოლმე. ჩვენ არაფერზე არ ვაწერთ ხოლმე ხელს“, - ამბობს აქტივისტი თამარ კაკაბაძე.
ოქმის შედგენამდე დაკავებულს ჩხრეკენ. თუ დაკავებული ქალია, ის ქალმა პოლიციელმა უნდა გაჩხრიკოს. ოქმში არის დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობის გრაფაც, რომლის შევსებაც პოლიციელის ინტერესშია: თუ ამას სათანადოდ არ გააკეთებს და დაზიანებები იზოლატორში გადაყვანის დროს გამოაშკარავდება, ჩნდება ეჭვი, რომ ეს დაზიანებები დაკავებულმა პოლიციის ხელში ყოფნის დროს მიიღო.
თუკი დაკავებული ითხოვს, პოლიცია ვალდებულია, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახოს.
განყოფილებაშივე გადაწყდება, შემდეგ სად წაგიყვანენ - იმის მიხედვით, როდის ხარ დაკავებული. თუ სასამართლო სხდომა იმავე დღეს გაიმართება, იზოლატორიდან სასამართლო პროცესზე წაგიყვანენ, თუმცა რამდენიმე საათს საქალაქო სასამართლოს საკანში გაატარებ.
„ერთხელ ცხოვრებაში, მე მგონი, ყველა ადამიანმა უნდა ნახოს, რა ხდება საქალაქო სასამართლოს ქვედა სართულებზე“, - ამბობს ნოდარ რუხაძე. - „ბოლო ორი დაკავება მქონდა კოვიდის პიკში. საპონს ვითხოვდი, რომ ხელი დამებანა და საპონი არ იშოვებოდა. წყალი ვითხოვე და ჩამოაქვთ მესამე სართულიდან ჭიქით. სიბინძურე აუწერელია, ყველგან აბლაბუდებია. ორი გრძელი დასაჯდომია და ყველა ადამიანი, რომელიც უნდა ავიდეს პროცესზე, ზის ერთად. მქონია მომენტი, როცა 9-დან 5-მდე ვიყავი იქ და ველოდებოდი პროცესის ჩანიშვნას”.
სასამართლოს სხდომები საღამოს არ ინიშნება. 18:00 საათის შემდეგ დაკავებულები ღამეს დროებითი დაკავების იზოლატორში ატარებენ მარტო ან ჯგუფად - გააჩნია, რამხელა იყო საპროტესტო აქცია და რამდენ ადამიანთან ერთად დააკავეს.
- გააჩნია, სად მოხვდი და რამდენი ხნით
აქტივისტების თქმით, იზოლატორის თანამშრომლები შედარებით ლმობიერი არიან და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. აი, განთავსების პირობები კი სხვადასხვაა იმის მიხედვით, სად წაგიყვანენ და რამდენი ხნით.
„ზაჰესში ნორმალური იზოლატორია და, შედარებით, ადამიანივით იგრძნობ თავს”, - იხსენებს გიორგი მჟავანაძე. - „მაგრამ მე უმიზეზოდ თბილისის ცარიელი იზოლატორიდან წამიყვანეს მარნეულის იზოლატორში, სადაც იყო საშინელი პირობები. შედიხარ თუ არა, ეგრევე ტუალეტის სუნია, არაფრით არ არის გამოყოფილი ნახვრეტი იატაკში და მაგის ზემოდან არის შლანგი. ყველაფერი - პირის დაბანა, კბილების გამოხეხვა, იქ უნდა გააკეთო. ორსართულიანი საწოლებია, სადაც გაცრეცილი პლედები გდია“.
იზოლატორში კვებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. უარის შემთხვევაში ხელს აწერ, რომ საკვებზე უარი თქვი. აქტივისტების დიდი ნაწილი ამჯობინებს მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების მოწოდებული საკვები მიიღოს.
თვითდაზიანების თავიდან ასარიდებლად, დაკავებულებს აჭრიან ფეხსაცმლის ზონრებს, ართმევენ ყველა პირად ნივთს.
აქტივისტი ბექა წიქარიშვილი იხსენებს, რომ სიგარეტს ფილტრებს აძრობდნენ, რადგან, როგორც უთხრეს, ერთხელ ერთმა დაკავებულმა ფილტრებისგან ბასრი ნივთის გაკეთება მოახერხა.
ბექა წიქარიშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში ყველაზე ხანგრძლივი დრო გაატარა - 2018 წელს მას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
“დიღმის იზოლატორში, სადაც დაკავებულების უმეტესობა მიჰყავთ, არის ძალიან პატარა სივრცე. ოთახს აქვს რკინის კარები “ფორტოჩკით”, სადაც გაქვს კომუნიკაცია, გაწვდიან საჭმელს. ყველაზე საშინელება არის ის, რომ, ფაქტობრივად, არ შემოდის დღის სინათლე: სარკმელი, ბევრი გისოსებით, უყურებს კედელს და არა ცას. სრული შეგრძნება გაქვს, რომ დრო არ არსებობს. ამას ამძაფრებს განათება - მისი ატანა ყველაზე რთული იყო. ბოლოს ვემალებოდი და პლედს ვაფარებდი, რომ ამ სინათლისთვის არ მეყურებინა. ასევე ცუდია, რომ კვირაში ორჯერ შეგიძლია 15 წუთით შხაპში გასვლა”.
დაკავებულებს ერთსაათიანი გასეირნების უფლება აქვთ მავთულბადით გადახურულ ასფალტის მოედანზე. ბექა ცდილობდა ენერგია გასეირნების დროს მაქსიმალურად დაეხარჯა, რომ ადვილად ჩასძინებოდა.
„ვარჯიში და წიგნები ერთადერთი გასართობია. კომუნიკაციის არქონის გამო ძალიან გამიჭირდა. თანამშრომლები მინიმალურად მცემდნენ ხმას, მხოლოდ დილით შემოწმებაზე“.
- პოზიტიური დისკრიმინაცია
“გოგოებს კაპეზეზე არ უშვებენ“ - ეს აქტივისტებში გავრცელებული გამოთქმაა, თუმცა თავად ქალებს პოზიტიური დისკრიმინაცია არ მოსწონთ - ამბობენ, რომ აქტივიზმს სქესი არ აქვს.
ნათია ლეთოდიანის, შუშანა მაცაბერიძის, თამარ კაკაბაძის სასამართლო პროცესი იმავე დღეს ვერ ესწრებოდა, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს.
„სამი საათი გავატარეთ ეზოში და ხელწერილი იყო შედგენილი, რომ აუცილებლად გამოვცხადდებოდით სასამართლოს სხდომაზე“, ამბობს ნათია. შუშანა ამატებს, რომ პოლიცია მათი დაკავების ფაქტით მანიპულირებდა: „სხვა აქტივისტებს უთხრეს, რომ თქვენ თუ დაიშლებით, ჩვენ ამ გოგოებს გამოვუშვებოთო, ანუ მძევლებად აგვიყვანეს, ასე ვთქვათ“.
“ნამდვილად არის პოზიტიური დისკრიმინაცია. ხშირად გამიგია პოლიციელისგან ცინიკურად: დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ… თითქოს სუსტად წარმოგაჩენენ, გოგო რომ ხარ და აღელვებული რომ ხარ. იმიტაციაა ზრუნვის და თვალთმაქცობაა. ლოგიკა, ვფიქრობ, ისაა, რომ საზოგადოების წინაშე სახის დაკარგვას უფრთხიან, თუ გოგოს დაიჭერენ“, - ამბობს თამარ არველაძე, რომელიც არ დააკავეს, რადგან აქციის დროს ხელი პოლიციის მანქანაში მოჰყვა, თუმცა 173-ე მუხლით ბრალი მაინც წარუდგინეს.
- შეინარჩუნე სიმშვიდე - „თუ გამოვალთ მწყობრიდან, ეს შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. თანამშრომლებს არ უნდა მოვექცეთ ცუდად, პოლიციელი არ უნდა გადაიკიდო. ადვოკატი მოვითხოვოთ და მასთან ერთად დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე“, - გენრი დოლიძე, სამოქალაქო აქტივისტი.
- გადაიღე რაც შეიძლება მეტი - „ერთადერთი ბერკეტი, რაც გაგვაჩნია აქტივისტებს მათ [პოლიციის] წინააღმდეგ, არის გადაღება. მობილური თუ არ გაქვს, რაიმე სახის სამართლის პოვნაზე პრეტენზია არც უნდა გქონდეს. მე ხშირად გამიგია, როგორ უთქვამს ერთ პოლიციელს მეორესთვის, წაართვი კამერაო. ტელეფონი სულ უნდა გქონდეს თან, პოტენციურად უნდა შევძლოთ სხვისი გადაღებაც და საკუთარი უფლებების დაცვაც“, - თამარ არველაძე, მოძრაობა „დროას“ აქტივისტი.
- პოლიციის მხიდან შენი უფლების დარღვევის შემთხვევაში, ეცადე დაუკავშირდე სახალხო დამცველის წარმომადგენელს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს -„სახალხო დამცველის მისიაა დაიცვას ადამიანის უფლებები. მან უნდა გააკონტროლოს, რა უფლებები დაირღვა დაკავების მომენტში. მის წარმომადგენელთან, ისევე როგორც ადვოკატთან, საუბარი უნდა იყოს კონფიდენციალური. ცემის ფაქტის შემდეგ შეუძლია მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც. ის უფლებამოსილია გამოიძიოს პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაული“, - ედუარდ მარიკაშვილი, იურისტი.
- გააფრთხილე მეგობრები - “ჩვენ იმდენად დიდი გამოცდილება გვაქვს ამ საქმეში, რომ გარეთ დარჩენილმა მეგობრებმა მოგვიძიეს ადვოკატი, სანამ შიგნით ვიყავით“, - ალექსანდრე მილორავა, სამოქალაქო აქტივისტი.
- თუ იზოლატორში ხარ, არ მოდუნდე - “ენერგიის ფიზიკურ დახარჯვას მიაქციონ ყურადღება, სხეულზე ძალიან ცუდად მოქმედებს იქ ყოფნა. შეიძლება ფსიქიკურ არასტაბილურობას შეუწყოს ხელი”, - ბექა წიქარიშვილი, აქტივისტი.
- დაბოლოს, თუ ეწევი, ესეც გაითვალისწინე - „პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ თუ სიგარეტს ეწევით, აქციაზე რამდენიმე კოლოფი სიგარეტი წაიღეთ წინასწარ“, - ნოდარ რუხაძე, მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი