- საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.
- საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.
ეს წერია საქართველოს კანონში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“. ამავე კანონის თანახმად, საჯარო მოხელე ვალდებულია თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში სრულყოფილად შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია, ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ, სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს და თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს თბილისს მიღმა თვითმმართველობებში მაღალი თანამდებობის პირთა მიერ შევსებული 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია. მათგან თითქმის მეოთხედში 128 დარღვევა აღმოჩნდა.
კვლევამ გამოავლინა სხვადასხვა ტიპის დარღვევა:
- ფლობენ კომპანიებს, თუმცა ინფორმაცია დეკლარაციაში არ აქვთ ასახული;
- კუთვნილი კომპანიები დეკლარირებული აქვთ, თუმცა საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვთ გადაცემული;
- ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას;
- საკუთარი ან ოჯახის წევრების კომპანიების მეშვეობით მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში.
დეკლარაციების შევსებისას აღმოჩენილი დარღვევები და ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ღია რესურსებში მოიძია, აჩვენებს, რომ თვითმმართველობებში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირები ან კანონმდებლობას არ იცნობენ კარგად, ან თავიანთი (და ოჯახის წევრების) ბიზნესების შესახებ ინფორმაციის დეკლარირება ავიწყდებათ ან განზრახ მალავენ ასეთ ინფორმაციას.
თანამდებობის პირის დეკლარაციის შემოწმება არის კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამის ეფექტიანად აღსრულება სახელმწიფოს ევალება. კორუფციის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და ის სხვა საკითხების გარდა ქონებრივი დეკლარაციების კვლევასაც მოიცავს. ორგანიზაციის ზუგდიდის წარმომადგენლობის რეგიონული კოორდინატორი არჩილ თოდუა რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა დეკლარაცია არასრულად არის შევსებული - თანამდებობის პირის ეკონომიკური ინტერესები არ არის მითითებული ან ქონება აქვს დამალული. არის ცალკეული შემთხვევები, როცა არის კავშირი დეკლარაციის არასრულად შევსებასა და გარკვეულ ბიზნესინტერესებს შორის ტენდერებთან მიმართებით და ა.შ.“.
არჩილ თოდუა ამბობს, რომ საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს საჯარო მოხელეთა ინფორმირებაზე მათი ვალდებულებების შესახებ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი ყვება:
„ჩვენ არა მხოლოდ ვსწავლობთ ქონებრივ დეკლარაციებს, არამედ პერიოდულად რეგიონებში ვატარებთ ტრენინგებს თანამდებობის პირებისთვის, როგორ უნდა შეავსონ მათ ქონებრივი დეკლარაციები“.
რაც შეეხება დეკლარაციების შესწავლის პროცესს, ამას არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით აკეთებს:
„პირველ რიგში ვხსნით დეკლარაციების ვებგვერდს, სადაც ვეძებთ თანამდებობის პირის სახელისა და გვარის მიხედვით დეკლარაციას. შემდეგ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზებში ვეძებთ ფლობს თუ არა ეს ადამიანი ისეთ ქონებას ან ბიზნესებს, რაც დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. თუკი გვაქვს შემთხვევა, როცა იდენტური სახელისა და გვარის ერთზე მეტი ადამიანია, ამ შემთხვევაში ცესკოს მონაცემთა ბაზები არსებობს, სადაც ხდება იდენტიფიცირება - კონკრეტული ბიზნესის მფლობელი პირი არის ეს თანამდებობის პირი თუ არა და მერე უკვე გადავდივართ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე. ჩვენც გვაქვს tendermonitor.ge , სადაც მარტივად იძებნება კონკრეტული კომპანიის მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. ჩვენ აგრეთვე ვნახულობთ დეკლარაციის შევსების მომენტში თანამდებობის პირი იყო თუ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის შემომწირველი, რადგან ხშირად ტენდერებსა და შემოწირულობებს შორისაც არის რაღაცა ტიპის კავშირები და საბოლოოდ ასე ვპოულობთ - არის თუ არა კონკრეტულ დეკლარაციაში რაიმე ტიპის ხარვეზი“.
არჩილ თოდუა თვლის, რომ დეკლარაციების მონიტორინგი უფრო ეფექტიანად უნდა ხორციელდებოდეს:
„ჩვენ იმდენს ვიკვლევთ და შეიძლება მეტსაც, რასაც საჯარო სამსახურის ბიურო. 300 დეკლარაცია შევისწავლეთ მარტო ამ ერთი კვლევის ნაწილში, მაგრამ წლის მანძილზე სხვადასხვა რეგიონში გვქონდა უფრო დაბალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციებიც შესწავლილი.
ჩვენ გარე მაყურებელი ვართ. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ჰქონდეს მონიტორინგის გაცილებით უფრო ეფექტიანი მექანიზმი და ზედმიწევნით სწავლობდნენ ისინი ამ დეკლარაციებს და ქმედით ნაბიჯებს დგამდნენ სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ფაქტია, რომ ბიუროს მიერ წელიწადში ერთხელ ანგარიშის გამოქვეყნება, თუნდაც სანქციების დაწესება, არ არის საკმარისი. ვერ უზრუნველყოფს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ეს არის ძირითადი პრობლემა“.
არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორი თვლის, რომ სახელმწიფოს მოვალეობა მხოლოდ დეკლარაციების შემოწმებაც არ არის:
„საჯარო სამსახურის ბიუროს ჩვენი მიმართვის საფუძველზე ძალიან ბევრჯერ დაუჯარიმებია თანამდებობის პირები. პრობლემა გახლავთ ის, რომ, თუკი არის მკვეთრი ინტერესთა კონფლიქტი და იკვეთება ფაქტი, რომ თანამდებობის პირმა თავისი შპს გამოიყენა ტენდერების მოსაგებად, შესაბამისი მკაცრი სანქციები უნდა იყოს დაწესებული სახელმწიფოს მიერ და ზოგადად, დეკლარაციების შევსების მონიტორინგის სისტემა უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს. სწავლების მექანიზმებიც უნდა იყოს - რომ საჯარო უწყებებმა თანამშრომლებს ასწავლონ როგორ შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები“.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამოკვლევაში თავმოყრილ მონაცემებს გადასცემს საჯარო სამსახურის ბიუროს და მოსთხოვს კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას.