სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი არინა თავაქარაშვილი წლებია ურთიერთობს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან. ცალკეული გამოკვლევის მიღმა მას მუდმივად აქვს ურთიერთობა ამ ადამიანებთან და რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათი მდგომარეობა იმდენად უგულებელყოფილია, თავადაც ერიდება მათთვის შეკითხვების დასმა, რადგან მხოლოდ ის შეუძლია მათ საჭიროებებსა და სატკივარზე ინფორმაცია გაავრცელოს:
„ახლა უფრო მძიმეა მდგომარეობა, ვიდრე სხვა დროს იყო. ამ სოფლების უდიდეს ნაწილში არ არის მაღაზია, აფთიაქი. მათ არ აქვთ დასაქმების საშუალება. პრაქტიკულად მთელ ამ პერიმეტრზე, სოფლების უდიდეს ნაწილში ფული აღარ ტრიალებს“.
არინა თავაქარაშვილი ფიქრობს, რომ ამ სოფლების პრობლემების ნუსხა ორად უნდა გაიყოს: ერთია მათი საერთო პრობლემები და მეორე - ცალკეული სოფლის განსაკუთრებული საჭიროებები. საოკუპაციო ხაზის ახლოს მდებარე სოფლებში უმეტესწილად საშუალო ასაკისა და ხანდაზმული მოსახლეობა ცხოვრობს. საერთო პრობლემებია ის, რომ ამ სოფლების უმრავლესობაში არ არის სასურსათო მაღაზია, აფთიაქი, ამბულატორია. ახლა, როცა პანდემიის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, კიდევ უფრო უჭირთ გადაადგილება ასაკოვნებს:
„ამ ადამიანების უდიდეს ნაწილს, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, ითხოვს შესაძლებლობას, რომ სოფელში იყოს წნევის აპარატი და ერთი-ორი ადამიანი, ვინც წნევის გაზომვას შეძლებდა. ითხოვენ წამლების მისაწვდომობას“.
არინა თავაქარაშვილის თქმით, დღეს, როცა პანდემიით გაპირობებული შეზღუდვების გამო, მოსწავლეები ონლაინ-სწავლებაში არიან ჩართული, საოკუპაციო ხაზისპირა სოფლებში პრობლემაა უხარისხო ინტერნეტი, აგრეთვე ის, რომ ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს კომპიუტერები და რამდენიმე მათგანი ერთვება ერთი კომპიუტერიდან.
„დილის საუბრების“ სტუმარი გამოყოფს ზარდიაანთკარში უსახურავოდ დარჩენილი სახლების პრობლემას:
„ხუთი ოჯახის სახლებს სახურავი არ აქვს და რუსული „პალატკა“ რომ არის, ეგ უფარიათ დამწვარ სახლებზე. ეს იცვლება წლიდან წლამდე. ძლიერი სეტყვა და წვიმა თუ იქნება, ჩახევს და ჩაუვათ. ნაკლები იქნება, გაატანს გაზაფხულამდე.
ბიუჯეტში დღემდე არ არის შეტანილი მათი გადახურვის ხარჯი. შედარებისთვის ვიტყვი: ორი დღის წინ გაჟღერდა, რომ გორის მერიამ ბიუჯეტში 800 ათასი ლარი გამოყო ბავშვების ატრაქციონებისთვის. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვისაა ქვეყანა და რა თქმა უნდა, კარგ გარემოში უნდა გაიზარდონ, რომ წინ წავიდეს ქვეყანა, მაგრამ, როცა ასეთ ადგილას სახურავი არ გაქვს და შანსი გეძლევა ადამიანები დაამკვიდრო, ამ დროს კი 800 ათასს აქ გადაისვრი... 12 წლის მანძილზე არ შეიძლებოდა ამის გაკეთება?“.
არინა თავაქარაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს - ერთი, რომელსაც საკუთარი მიწის ნაკვეთები შერჩა, ამუშავებს და თავი გააქვს და მეორე, რომლის მიწებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა და მასთან წვდომა აღარ აქვს: “ეს ნაწილი თანდათნ შორდება სოფელს და ვკარგავთ მკვიდრ მოსახლეობას“.
რადიო თავისუფლების რესპონდენტი განსაკუთრებით აღნიშნავს იმას, რომ ამ სოფლებში ადამიანებს თავი ისევ ერთმანეთის თანადგომით გააქვთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, არინა თავაქარაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია გრძელვადიანი ხედვის შემუშავება, საგანგებო კვლევითი ჯგუფის შექმნა და მის მუშაობაში ადგილობრივების ჩართვა.
მანამდე კი ადამიანებს სჭირდებათ დახმარება - „ყველა სოფელს უჭირს ფქვილი“.