დაახლოებით 6 თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბათუმთან ახლოს 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხების აღმოჩენის შესახებ. ინფორმაციის წყარო იყო ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია. ამას თან ახლა ინფორმაცია ეპარქიის განზრახვის შესახებ, რომ აღმოჩენილი ნეშტების ქრისტიანული წესით დაკრძალვას აპირებდნენ. ეს ინიციატივა გააპროტესტა საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ და ეპარქიამ შეაჩერა პროცესი.
სამარხების აღმოჩენიდან მალევე აჭარის მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც საკითხის შესწავლა, ნეშტების იდენტიფიკაციაზე მუშაობა, დაკრძალვის ორგანიზება და მემორიალის მოწყობა დაევალა. დღემდე კომისიის ორი სხდომა ჩატარდა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) თავიდანვე ჩაერთო ბათუმსა და აჭარაში რეპრესირებული და დახვრეტილი პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიებაში. ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზეც ჩავიდნენ, ნახეს სამარხები, გადასვენებული ნეშტები და კომისიის ერთ სხდომასაც დაესწრნენ. სულ ახლახან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა წერილით მიმართა აჭარის მთავრობას და საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამაროვნებისა და ნეშტების კვლევის, დაკრძალვისა და ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის და პროცესების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებისკენ მოუწოდა. ორიოდე დღის წინ IDFI-მ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საკითხის ისტორიაა აღწერილი და რომელიც სრულდება რეკომენდაციებით ხელისუფლებისადმი.
IDFI-ს საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„რაც აღმოვაჩინეთ ეს 5%-მდეც არ არის იმის, რა მასშტაბიც ჰქონდა მასობრივ ტერორს 1937-38 წლებში და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს თუნდაც იმავე პოლიგონთან ახლოს [სამარხების ძებნის პროცესი]. ეს სამხედრო პოლიგონია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა რიცხული და სავარაუდოა, რომ იქვე ახლოს იყოს სხვა სამარხები. ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ და დავდეთ მათი სრული სია, ვინც დახვრიტეს ამ წლებში აჭარაში. კერძოდ, ბათუმთან და ეს არის 1050 ადამიანი. ახლა აღმოჩენილია მხოლოდ 150 ადამიანის ნეშტი. კიდევ 900 აღმოსაჩენია და ამას გარდა, კიდევ სხვა დიდ ქალაქებში. ყველაზე დიდი მასშტაბი ამას, რა თქმა უნდა, თბილისში ჰქონდა. ქუთაისშიც, სხვა ქალაქებშიც არის ასეთი ადგილები მოსაძიებელი.
ეს არის პირველი, რომელიც აღმოჩნდა. აქამდე მსგავსი ტიპის სამარხი ჩვენ არ გვქონდა აღმოჩენილი. რადგან არის პირველი, მის მიმართ უნდა განხორციელდეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც იქნება სამაგალითო სხვა მსგავსი ადგილების მიმართ მიდგომაში“.
IDFI-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, ყველა ნეშტიდან აღებულია დნმ-ისთვის საჭირო მასალა. მათი დაკრძალვისა და მემორიალის აგების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ანტონ ვაჭარაძის თქმით, მისი ორგანიზაცია აგრძელებს რეპრესირებულთა შთამომავლების მოძიებასა და მათგან ინფორმაციის შეგროვებასაც:
„რამდენიმე ნეშტის იდენტიფიკაციაც რომ მოხდეს, დანამდვილებით შეგვეძლება თქმა, რომელ დღეს დახვრეტილ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ამაზე გავავრცელებდით ინფორმაციას. თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებით ბევრი ასეთი ადამიანის შთამომავალს ვიპოვნიდით“.
ამის თაობაზე მიმდინარე წლის აპრილში "დილის საუბრებში" IDFI-ს პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილიც ამბობდა.
ანტონ ვაჭარაძე ყვება იმის შესახებ, როგორ დგებოდა დასახვრეტების სიები, როგორ ადვილად და სწრაფად მიიღებოდა ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობის გადაწყვეტილება, როგორ დგებოდა „სტალინური სიები“:
„არც თუ იშვიათად მოგვისმენია, რომ თითქოს სტალინმა ამის შესახებ არ იცოდა და ეს ადგილზე წყდებოდა. ეს ყველაფერი არასწორია, რადგან პირდაპირ სტალინის ხელმოწერით, კრემლში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოდიოდა სია, რომ აი, ესენი და ესენი უნდა დაიხვრიტონ. შემდეგ აქ იმართებოდა ფორმალური სასამართლო - ე.წ. შინსახკომის „ტროიკა“, განსაკუთრებული სამეული, რომელიც ხანდახან გრძელდებოდა 15-20 წუთი და გამოუტანდნენ განაჩენს ამ სიაში რამდენიმე ათეულ ადამიანს.
შემდეგ მათ დახვრეტდნენ, ერთად მოათავსებდნენ მათ გვამებს, ერთ დიდ სამარხში, გადააყრიდნენ დიდი მანქანით მიწის გროვას და სწორედ ასე აღმოჩნდებოდნენ ისინი ერთად. ასეთი არის 5 სამარხი. 1050 ადამიანის სია რომ ვახსენეთ, იქ სწორედ არის დიდი ჯგუფები - ერთად იხვრიტებოდა 39, 49, 60-მდეც აღწევდა ერთად დახვრეტილთა რიცხვი“.
„დილის საუბრების“ სტუმრის თქმით, ნეშტებთან ერთად აღმოჩენილია ზამთრის ტანსაცმელი, რაც სავარაუდოდ გაცხრილავს ზაფხულსა და თბილ სეზონებზე დახვრეტილთა სიას და უფრო გააადვილებს სამარხებში აღმოჩენილთა ვინაობის დადგენას.
მემორიალის გარდა, ანტონ ვაჭარაძე მუზეუმის შექმნის საჭიროებაზეც ლაპარაკობს, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა დახვრეტილების ხსოვნისადმი პატივის მიგების, საგანმანათლებლო, ტურისტული თვალსაზრისით. IDFI მზად არის მუზეუმის შექმნაშიც ჩაერთოს:
„ამის გამოცდილება არსებობს და ჩავერთვებით ბოლომდე ჩვენ და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც, რომლებიც ამას უკვე 20 წელზე მეტია აკეთებენ და საუკეთესოს გავაკეთებთ, თუ ეს სურვილი იქნება მთავრობის, კერძო სექტორიც ალბათ დაინტერესდება და ბევრი შემომწირველიც ეყოლება ალბათ ამ საქმეს“.