28 მაისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში უზბეკეთიდან 26 მაისს ჩამოასვენეს.
დაკრძალვამდე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
„თვალსაჩინო პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტიური მონაწილე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედი, თავისი ღირსეული საქმიანობით, ცხოვრების წესით, ქართული სულის განსახიერება და ამავე დროს ნამდვილი ევროპელი, ალექსანდრე ლომთათიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის იბრძოდა და როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, ალექსანდრე ლომთათიძემ, მიუხედავად კარგად გაცნობიერებული უდიდესი საფრთხისა, გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. ამით იგი ბუნებრივია, ბოლშევიკური რეჟიმის სამიზნე გახდა და საბოლოოდ, სულ ახალგაზრდა, ერთ-ერთი პირველი შეეწირა ტერორს. თავისი ხანმოკლე, მაგრამ გმირული ბიოგრაფიით, ალექსანდრე ლომთათიძემ ჩვენი სამშობლოსთვის მსახურების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის თავდადების უკვდავი მაგალითი შექმნა მომავალი თაობებისთვის. მსუბუქი იყოს ალექსანდრე ლომთათიძისთვის სამშობლოს მიწა!“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1921 წლის 25 თებერვლის, თბილისის დაცემის დღეს, გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის, ალექსანდრე ლომთათიძის რადიოგრამა, გაგზავნილი ერთა ლიგის თავმჯდომარის, ლეონ ბურჟუასა და ალბერტ ტომასისთვის, რომელშიც ის საერთაშორისო სამთავრობთაშორისო ორგანიზაციას „საბჭოთა მთავრობის ველურობისგან“ დაცვას სთხოვდა.
„მივაქცევთ რა მთელი განათლებული კაცობრიობის ყურადღებას რუსეთის საბჭოთა მთავრობის ასეთ ველურობას, გამოვსთქვამთ ჩვენს ღრმა აღშფოთებას და ვაცხადებთ პროტესტს, რათა ევროპის ხალხებმა ხმა ამიღონ საქართველოს დასაცავად ველურთა ურდოებისგან. ქართველი ხალხი კი თავის მხრივ საქვეყნოდ აცხადებს, რომ მას შეურყევლად აქვს გადაწყვეტილი სამშობლოს დაცვა წითელი ბარბაროსებისგან. ის იარაღით ხელში ბრძოლის ველზეა გასული, თავს დასდებს იქ, მაგრამ თავისუფალ და დემოკრატიულ სამშობლოს არ დათმობს“, - წერდა ალექსანდრე ლომთათიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განსაკუთრებით უზბეკეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით.
"ალექსანდრე ლომთათიძე დაიკრძალა დიდუბის პანთეონში, თავისი შვილის, ასევე საზოგადო მოღვაწის გიორგი ლომთათიძის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა ალექსანდრე ლომთათიძეს, ისევე როგორც დამფუძნებელი კრების სხვა ხელმძღვანელებს, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებისთვის, მიანიჭა ჯილდო თავისუფლების საპარლამენტო ორდენი. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი წინაპრების ღვაწლი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩოსა და ქართველი მკვლევარების მიერ იქნა მოძიებული, ნეშტის გადმოსვენება კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.