Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ნამდვილად გამოკვეთილია კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენა და ამ მხრივ წლიდან წლამდე არ უმჯობესდება ვითარება“


ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი
ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი

20 დეკემბერს გასაჯაროვდება გამოკვლევა, რომელიც საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ვითარებას ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ და „ინიციატივამ მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში განახორციელეს სასჯელაღსრულების ოთხი დაწესებულების მონიტორინგი. ეს დაწესებულებებია: ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ბათუმის N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რუსთავის N16 დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და რუსთავის N17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. პროექტი „საქართველოს მთავრობის ვალდებულებების მონიტორინგი და რეფორმების ხელშეწყობა პენიტენციურ სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით“ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებას უზიარებს მონიტორინგის წინასწარ შედეგებს. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა, შეესწავლა, როგორ ხდება მსჯავრდებულთა რისკების შეფასების კლასიფიკაცია, როგორია დისციპლინური პასუხისმგებლობის პრაქტიკა, რამდენად და რა მასშტაბით ხორციელდება მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და როგორია პენიტენციარული დაწესებულების პერსონალის სამუშაო პირობები. დაწესებულებებში ვიზიტების დროს ჩანდა სხვა საკითხებიც, რომლებიც ჯგუფის წევრებმა, მათ შორის სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელმა, მოინიშნეს და ისინი აისახება სახალხო დამცველის ანგარიშშიც:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, პარტნიორობით ნამდვილად არის, ასე ვთქვათ, კომფორტი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომ, ერთი მხრივ, გაუფრთხილებლად მიდიხარ ამა თუ იმ დაწესებულებაში და ეს არ აძლევს ადმინისტრაციას იმის შესაძლებლობას, რომ მოამზადოს ვითარება, მეორე მხრივ, ძირითადად, ამ ოთხ დაწესებულებაში დაუბრკოლებლად გადავადგილდებოდით. გვქონდა შესაძლებლობა, სპეციალური კითხვარებით გავსაუბრებოდით მსჯავრდებულებს, ვითხოვდით სხვადასხვა დოკუმენტაციას და ის დიდწილად ყველგან ხელმისაწვდომი იყო.

მხოლოდ ერთი გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა მე-17 დაწესებულების მთავარმა ექიმმა უარი განაცხადა მსჯავრდებულთა ტრავმების შესახებ აღრიცხვის ჟურნალის ჩვენებაზე. ამ დაწესებულებაში ხშირი იყო სწორედ ასეთი ტრავმები და მნიშვნელოვანი იყო ნახვა, რა ჩანაწერები კეთდებოდა აღრიცხვის ჟურნალში. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დასჭირდათ იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირება და ამის შემდეგ გარკვეული პირობით, რომ იქვე ამოიწერდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ინფორმაციას აღრიცხვის ჟურნალიდან და შემდეგ ეს არ გამოქვეყნდებოდა, გაგვაცნეს ეს ჟურნალი.

ამ დაწესებულებაში არის სხვებთან შედარებით უფრო რთული მდგომარეობა. იმ დროისთვის დაწესებულებაში იმყოფებოდა 1864 მსჯავრდებული, განთავსებულები ოთხ საცხოვრებელ და ერთ სამედიცინო კორპუსში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის იქ გადატვირთულობის პრობლემა“.

გადატვირთულობის გარდა, მონიტორინგის ჯგუფის წევრების დაკვირვებით, მწვავე პრობლემად რჩება კრიმინალური სუბკულტურის გავლენები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაც არის ხელისშემშლელი ფაქტორი, მათ შორის, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესისთვის:

„ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ნამდვილად გამოკვეთილია კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენა, ეს ქმნის რისკებსაც და ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, წლიდან წლამდე არ უმჯობესდება ვითარება“.

ალეკო ცქიტიშვილი ლაპარაკობს სხვადასხვა დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით განაწილების საკითხზე, სასჯელების მოხდის ინდივიდუალურად დაგეგმვის მნიშვნელობაზე, პენიტენციარული სისტემის თანამშრომელთა სწორად შერჩევისა და მათი მოტივაციის გაზრდის საჭიროებაზე:

„ჩვენ მიერ უარყოფითად შეფასდა ის ტრადიცია, როცა დაწესებულებების ხელმძღვანელებად პოლიციიდან გადმოსული კადრები ინიშნებიან და ეს არის სწორედ ძველი და ახალი მიდგომების ჭიდილის გამოძახილი“.

რაც შეეხება კონფლიქტს ძველსა და ახალ მიდგომებს შორის, „დილის საუბრების“ სტუმარი ზოგად სურათს ასე აღწერს:

„საქართველოს პენიტენციური სისტემა არის გარდამავალ პერიოდში - საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სისტემა და სახელმწიფო ორიენტირებული იყო მხოლოდ მსჯავრდებულის დასჯაზე. რაც უფრო უახლოვდება ქვეყანა ევროპას და დასავლეთს, ეს პროცესი მიდის ასოცირების შეთანხმებითაც, უფრო სხვა ტიპის მიდგომები ინერგება სისტემაში და ჩანს, როგორი წინააღმდეგობებია ძველ მიდგომებსა და ახალ მიდგომებს შორის. ერთი მხრივ, სახელმწიფო ნერგავს ახალ მიდგომებს, მაგრამ მაინც ვერ ელევა ძველს - რომ დასჯაა მთავარი მიზანი და არა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG