მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მოგვეცა, ხელების დაბანაა - საფუძვლიანად და წესების დაცვით, სუფთა წყლით და საპნით.
საქართველოში შინამეურნეობების 6 %-ს ამ რეკომენდაციის შესრულება არ შეუძლია - მათ არ გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ხელის დასაბანად, ანუ წყალი ან საპონი.
ოჯახების თითქმის ნახევარი ვერ მოიხმარს უსაფრთხოდ მართულ წყალს, ანუ წყალს, რომელიც სუფთაა და უწყვეტად მოდის საცხოვრებელში. ასეთ წყალზე წვდომა საქართველოში შინამეურნეობების მხოლოდ 56 %-ს აქვს. არსებობს რეგიონები, სადაც წყალმომარაგებით ოჯახების მხოლოდ მესამედია უზრუნველყოფილი. თუმცა ის, რომ წყალი ონკანში მოდის, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ის სუფთა და უსაფრთხოა მოხმარებისთვის. იუნისეფის კვლევის მიხედვით, ოჯახების 31% სასმელად მოიხმარს წყალს, რომელშიც გამოვლენილია ეშერიხია კოლის ბაქტერია. ესაა ადამიანებისა და ცხოველების ნაწლავში მცხოვრები ბაქტერია - ვრცელდება დაბინძურებული წყლითა და საკვებით, იწვევს ფაღარათს.
სუფთა წყალზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებიდან ერთ-ერთია. საქართველოში გვეუბნებიან, რომ წყლის ხარისხი სახელმწიფოს პრიორიტეტადაა გამოცხადებული და საკითხს თავად პრემიერ-მინისტრი აკონტროლებს.
2018-21 წლების რეგიონალური განვითარების პროგრამაში წერია, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის, მათ შორის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 841 მილიონი ლარი იხარჯება.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ფინანსური აუდიტები აჩვენებს, რომ წყალმომარაგების სისტემების გამართვაზე ფული იხარჯება, თუმცა დამონტაჟებული სისტემების დიდი ნაწილი უვარგისია და არ მუშაობს. პრობლემა სისტემურია და გვხვდება თითქმის ყველგან: დუშეთის, ხარაგაულის, ქობულეთის, წალკის, ჩხოროწყუს, სიღნაღის, მცხეთის, ამბროლაურის, ლაგოდეხის, ხელვაჩაურის, თერჯოლისა და გორის მუნიციპალიტეტებში. აქ მოსახლეობას წყალი შეფერხებებით მიეწოდება. არის შემთხვევები, როცა სასმელი წყლის ნაცვლად ონკანში ტექნიკური წყალიც კი მოდის. ამავე დროს, უფუნქციოდ რჩებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აშენებული წყლის გამწმენდი ნაგებობები. მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მოიხმარს ჭისა და ბუნებრივი წყაროს წყალს.
რამდენიმე ქალაქში - მაგალითად, დუშეთში, წალკაში, ჩხოროწყუში, მცხეთასა და ქობულეთში - ის კომპანიები, რომლებსაც წყალმომარაგების სისტემების გამართვა ევალებათ, თავად ქალაქის მმართველობების მიერაა შექმნილი. ეს კომპანიები შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებენ. მუნიციპალიტეტები რიგ შემთხვევებში დაწყებულ პროექტებს ვერ ამთავრებენ, იქ კი, სადაც ამთავრებენ, არ ამოწმებენ შესრულებული სამუშაოებისა და წყლის ხარისხს.
როგორ შენდება წყალგაყვანილობები რეგიონებში - დასკვნები აუდიტის სამსახურის ანგარიშებიდან
დუშეთის მუნიციპალიტეტმა 2017-18 წლებში 1 765 000 ლარი დახარჯა წყლის მომარაგების სისტემების მშებენლობასა და რეაბილიტაციაზე. მოსახლეობის ნახევარს წყალი კვლავ არ ან შეფერხებით მიეწოდება. აქ მცხოვრები 9114 ოჯახიდან მუდმივად წყალი მხოლოდ 5 404 ოჯახს აქვს.
წყალმომარაგების სისტემების შედეგები დუშეთის მუნიციპალიტეტში
2017 წელი |
სოფელი ბულაჩაური |
წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე დაიხარჯა 152 900 ლარი |
მოსახლეობას წყალი პერიოდულად მიეწოდება |
2017 წელი |
სოფელი მჭადიჯვარი |
წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე დაიხარჯა 188 200 ლარი |
ონკანების ნაწილი მოტეხილია, წყალი შეფერხებით მიეწოდება |
2018 წელი |
ჩრდილელიანთკარი |
წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე დაიხარჯა 456 100 ლარი |
მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება |
2018 წელი |
სოფელი ჩინთი და დაბა ჟინვალი |
წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე დაიხარჯა 443 000 ლარი |
დაბა ჟინვალში წყალი არ მოდის |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წყლის გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო გაუფილტრავი წყალი მიეწოდება, 2017-18 წლებში წყლის სისტემების გაუმჯობესებისთვის 55.0 ათასი ლარის დახარჯვა იგეგემებოდა, თუმცა აქედან მხოლოდ 7.6 ათასი ლარი დაიხარჯა.
მუდმივად წყალი აქ მცხოვრები ოჯახების ნახევარს მიეწოდება, 866 ოჯახი ჭის ან წყაროს წყალს მოიხმარს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის 4,557.4 ათასი ლარი დახარჯა. საბავშვო ბაღებში ჩატარებულმა წყლის ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის დაბინძურება კვლავს პრობლემად რჩება. 27 საბავშვო ბაღიდან 16-ში სასმელად გამოუსადეგარი წყალი მოდიოდა.
წალკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილს, 1 062 ოჯახს, წყალი გრაფიკით მიეწოდება, 330 ოჯახს - შეფერხებით. იმის გამო, რომ გამწმენდი ნაგებობები არ ფუნქციონირებს, მოსახლეობას ძირითადად ტექნიკური წყლის მოხმარება უწევს.
წყალი ლაბორატორიულად მოწმდება მხოლოდ ახალი ჭაბურღილის ან ახალი სათავე ნაგებობის მოწყობის დროს, ერთჯერადად. სხვა შემთხვევებში კი მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი არ ხორციელდება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლუატაციისთვის 2017-18 წლებში 101,7 ათასი ლარი დახარჯა. 6 სოფელში 1 544 ოჯახს წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება, 24 სოფელში, სადაც წყლის სისტემები მოწყობილი არ არის, 7 558 ოჯახი ჭისა და წყაროს წყალს მოიხმარს.
კომპანიამ, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა დააარსა და რომელიც წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კვლევებს აწარმოებდა, 2017-18 წლებში წყლის დაბინძურების 27 შემთხვევა დააფიქსირა. მდგომარეობა მას შემდეგ მნიშვნელოვნად არ გამოსწორებულა. ქალაქის მმართველობამ კიდევ ერთი შპს დააარსა მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად. კომპანიის ბიუჯეტის 75 % დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაზე დაიხარჯა, წყლის სისტემების სარემონტო სამუშაოებს კი დარჩენილი 25% მოხმარდა.
მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული 59 სოფლიდან სათანადოდ გაწმენდილი წყალი მხოლოდ 33 სოფელს მიეწოდება. 2017 წელს მუნიციპალიტეტში არსებული 17 საბავშვო ბაღის შემოწმებისას 9 ბაღში მიკრობულად დაბინძურებული სასმელი წყლის არსებობა დადასტურდა, 2018 წელს 24 ბაღი შემოწმდა - 10 ბაღში წყალი ისევ არ იყო სუფთა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ბოლქვში, ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, რომელიც 35.2 ათასი ლარი დაჯდა, ისე უხარისხოდ არის შესრულებული, რომ ვერ ხერხდება ამოსული წყლის საუბნო ქსელში ჩაშვება.
მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა დგას, წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები წინა წლებში მხოლოდ ნაწილობრივად სრულდებოდა.
ხელვაჩაურიის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს 6 საქლორატორო ააშენა და ამისთვის 63,049 ლარი დახარჯა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შენობებში საქლორატორო დანადგარები არ დგას და წყლის დაქლორვა კუსტარული წესით ხდება.
ის, რომ სასმელი წყლის სისუფთავის პრობლემა მწვავედ დგას, 2020 წლის მარტში რეგიონალური განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას დაადასტურა.
„ბოლო წლებში წყლის სექტორის დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ძალიან ბევრ დასახლებაში პრობლემად რჩება 24-საათიანი წყალმომარაგება. სამწუხაროდ, სასმელი წყლის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ბევრი მუნიციპალური ქსელი საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს. ბევრია გასაკეთებელი წყლის ეფექტიანი სისტემების დასანერგად, რაზეც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ“, – თქვა მაია ცქიტიშვილმა 6 მარტს. მისი ამ გამოსვლიდან ირკვევა, რომ 2019 წელს მხოლოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის ინფრასტრუქტურის 276 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დააფინანსა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 60%-ით მეტია.
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს უსაფრთხო წყლით უზრუნველყოფის სისტემების შექმნისთვის საკმაოდ მსხვილ ფულად რესურსებს დებენ. აი რამდენიმე მაგალითი:
ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2013 წლის აგვისტოში ფინანსური ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს მთავრობასთან „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის დაფინანსებაზე. პროექტის ორმოცი მილიონი ევრო ევრო იყო და მის ფარგლებში „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ წყლისა და წყალარინების პრიორიტეტული პროექტები უნდა შეესრულებინა. პროექტი 2018 წელს დასრულდა.
2015 წლის ოქტომბერში ევროპის საინვესტიციო ბანკმა კიდევ ერთი პროექტისთვის გამოყო 100 მილიონი ევრო. ქუთაისის წყალარინების პროექტი, რომელიც 2020 წელს სრულდება, წყალარინების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ადეკვატურად არ არის გაცნობიერებული სუფთა სასმელი წყლის მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ერთიანი ხედვა წყლის უფლების უზრუნველსაყოფად. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN საქართველოს მთავრობას სასმელი წყლის ხარისხზე სახელმწიფო მონიტორინგის სისტემატიზაციას, რეგულარულ კონტროლსა და ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნას ურჩევს. ასევე კვლევის ჩატარებას რამდენიმე მუნიციპალიტეტში იმის გასარკვევად, თუ რა აბრკოლებს უსაფრთხო სასმელი წყლის ხელმისაწვდომობას, ამ კვლევის საფუძველზე კი ქმედითი გეგმის შედგენას, რაც მუნიციპალიტეტებს ფინანსების რაციონალურად დახარჯვაში დაეხმარება.
მანამდე კი ათასობით ოჯახისთვის საქართველოს სხვადასხვა წერტილში ხელების დაბანის შესახებ რეკომენდაციის შესრულებას ცუდად განხორციელებული პროექტები და "წყალში გადაყრილი" ფული ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.