საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებით აჩვენებენ სომეხი რეჟისორის ინა სააკიანის ანიმაციურ ფილმს „ავრორას განთიადი“ ავრორა მარდიგანიანი მე-20 საუკუნის დასაწყისში თურქეთში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა და საქართველოს გავლით ამერიკამდე ჩააღწია - იქ მისი მონათხრობით დაიწერა წიგნი, რომლის მიხედვით 1919 წელს ფილმი - „სულების აუქციონი“ - გადაიღეს. ფილმი მოგვიანებით დაიკარგა. დაკარგული კინოსურათის ერთ-ერთი კვალი ბათუმის პორტამდეც მიდის.
Current time-ი, რომელიც ინა სააკიანს ესაუბრა, წერს, რომ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც „სულების აუქციონი“ ეკრანებზე გამოვიდა, იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მაყურებელზე, რომ ყოველმა მესამე ამერიკულმა ოჯახმა სომეხთა ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლების დასახმარებლად ფული გაიღო. შეგროვდა 116 მილიონი დოლარი. ამ თანხით 132 000 ობლად დარჩენილი ბავშვი გადაარჩინეს.
ათეულობით წლის განმავლობაში ფილმი დაკარგულად ითვლებოდა. 1994 წელს, ავრორას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ფილმის ფრაგმენტები იპოვეს. დოკუმენტალისტმა ინა სააკიანმა გადარჩენილი ფრაგმენტები, ანიმაცია და ავრორასთან ჩაწერილი ინტერვიუები გააერთიანა და შექმნა ფილმი „ავრორას განთიადი“. ფილმმა ერევანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯილდო „ვერცხლის გარგარი“ დაიმსახურა. წელს სომხეთმა „ავრორას განთიადი“ ოსკარზეც წარადგინა.
თავდაპირველად ჩანაფიქრი სულ სხვა იყო. რეჟისორებს სომხების ხოცვა-ჟლეტაზე 10 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გაკეთება ჰქონდათ გადაწყვეტილი. ავრორას ისტორია ინა სააკიანს აშშ-ის ზორიანის ინსტიტუტმა შესთავაზა, რომელიც გენოციდის აღიარებაზეა ორიენტირებული.
„არქივში მუშაობისას 100 ინტერვიუზე მეტს გავეცანი. ძალიან რთული შესარჩევი იყო, ყველა ერთმანეთზე საშინელ ამბავს ჰყვებოდა. შემდეგ ზორიანის ინსტიტუტმა ავრორასთან ჩაწერილი ინტერვიუ შემომთავაზა. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ჩანს, ინტერვიუერებმა თავადაც არ იცოდნენ მისი წარსული. მისგანაც ისე იღებდნენ ინტერვიუს, როგორც მორიგი გადარჩენილისგან, მაგრამ როდესაც მან დაიწყო ლაპარაკი ჰოლივუდზე, იმაზე, თუ როგორ მუშაობდნენ ფილმზე, მიხვდნენ, რომ სხვა კითხვებიც უნდა დაესვათ. როცა მასალა ვნახე, მივხვდი, რომ ის უნიკალურია. ძველი პროექტი გვერდზე გადავდეთ და გადავწყვიტეთ, ფილმი მის შესახებ გადაგვეღო“, - ჰყვება ინა სააკიანი Current Time-თან.
ავრორას მძიმე გზა თურქეთის ქალაქ ვანიდან, თბილისის გავლით, ამერიკამდე
„ჩემი ამბავი 1915 წლის აპრილიდან, აღდგომა დილიდან იწყება“ - ასეთია „სულების აუქციონის“ პირველი წინადადება. წიგნი ამერიკაში ინგლისურ ენაზე ავრორა მარდიგანიანის მონათხრობის მიხედვით დაიწერა.
ბანკირის 14 წლის ქალიშვილი სარკესთან დგას და თმის ლურჯი ლენტებით მორთვას ცდილობს. შავი, მბზინვარე თმა აქვს, ბევრს რომ თვალი ზედ დარჩება, ისეთი. უფროსმა დამ, 16 წლის ლუსინემ უთხრა კიდეც, ამპარტავნებაში ხარ ჩავარდნილიო. ავრორამ, გშურსო, უპასუხა და ლურჯ ლენტებს მიუბრუნდა. აპრილის ლამაზი და ბედნიერი დღეა, წესით, მერეც ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ უცებ დებთან დედა შემოდის და იატაკზე ქვითინით ეცემა.
იმ დილას ამბავი მოვიდა, რომ თურქეთში, ქალაქ ვანში სომხები ამოწყვიტეს. ადგილობრივი ფაშა მარდიგანიანებს თავისი ჯარისკაცებით მიადგა და გამოუცხადა, თუ ავრორას ჩემს ჰარამხანაში გამოუშვებთ, დაგიცავთ და არავინ შეგეხებათო. შეშინებული ბავშვი ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ მშობლები და და-ძმა გადაერჩინა, მაგრამ მამამ წასვლა არ დაანება. სახლში დარჩნენ და ბედს მიენდნენ.
ამის შემდეგ იწყება მოვლენები, რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი. ავრორას თვალწინ დააპატიმრეს მთელი ქალაქის კაცები, მოკლეს მღვდელი, რომელსაც აღსარებას აბარებდა. მოკლეს ავრორას მამა და ძმა. მოკლეს ლუსინეც, რომელიც შემდეგ საკუთარი ხელით დამარხა, შოლტების ცემით ამოხადეს სული დედას. ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა დაინაწილეს და გააუპატიურეს გოგონები, მათ შორის ისინიც, ვინც მათი მოთხოვნისამებრ ისლამი მიიღო. ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, უდაბნოს გზას გაუყენეს, გზადაგზა ხოცავდნენ ან უბრალოდ გზაში ტოვებდნენ მოხუცებს და ჩვილებს. ბევრი მდინარეში ჩაახრჩეს. გაუპატიურებულ და დახოცილ გოგოებს ჭებში ყრიდნენ, რომ უდაბნოში დარჩენილ ხალხს წყალი ვერ დაელია. ჯვარზე გააკრეს შიშველი გოგოები, მოგვიანებით ეს კადრი სომხების ხოცვა-ჟლეტის სიმბოლოდ იქცა.
ავრორა მაინც მოხვდა ჰარამხანაში, თან ორჯერ. პირველად რომ გამოიქცა, მდევრისგან დასამალად, ქვიშა გათხარა და შიგ ჩაეფლო. მოგვიანებით ისევ ჩავარდა ტყვედ. ისევ გამოიქცა. სამშვიდობოს რომ გაეღწია, თვეების განმავლობაში ღია ცის ქვეშ მიდიოდა, საკვების ნაცვლად მცენარეები და ფესვები ჰქონდა, წყლის ნაცვლად კლდეებში შემორჩენილი თოვლი. საბოლოოდ ერზერუმში რუსულ გარნიზონამდე ჩააღწია. პირველსავე შემხვედრს ფეხებში ჩაუვარდა და გული წაუვიდა.
ერზერუმში გადაწყდა, ავრორა ამერიკაში გაეგზავნათ.
„ჯარისკაცებმა თბილისში გამიშვეს, სადაც ამერიკულმა ჰუმანიტარულმა კომიტეტმა, რომელიც სომხებსა და სირიელებს ეხმარებოდა, სახსრები გამომიყვეს, რომ პეტროგრადში, შვედეთსა და შემდეგ ამერიკაში წავსულიყავი“, - წერს ავრორა.
ავრორა ერთადერთი არ იყო, ვინც თბილისს შეაფარა თავი. ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე ამბობს, რომ მაშინ ყველაზე მეტი ლტოლვილი სწორედ საქართველომ მიიღო. თბილისის გარდა დევნილები ჩამოდიოდნენ ახალციხის, ახალქალაქის მაზრებში, ბორჯომის რაიონში.
„იყო საერთაშორისო დახმარებაც, ამერიკულიც მათ შორის, მაგრამ ამ ხალხს დაბინავება ხომ სჭირდებოდა და ამას ძირთადად ადგილობრივები აკეთებდნენ. ეს წლების განმავლობაში გაგრძელდა, მათ შორის საბჭოთა პერიოდშიც.
ზუსტად რამდენი ადამიანი დაიხოცა, არავინ იცის, 600 ათასიდან მილიონ ნახევრამდე დაღუპულს ვარაუდობენ. თურქეთს მაშინ ერთიანობისა და პროგრესის პარტია მართავდა. მას სამი ლიდერი ჰყავდა: ჯემალ-ფაშა, ენვერ-ფაშა და თალაათ-ფაშა. ეს ხოცვა-ჟლეტა ამ სამ სახელთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, თურქეთის ხელისუფლებამ მოგვიანებით სამივე დამნაშავედ გამოაცხადა, მაგრამ სომეხმა შურისმაძიებლებმა ეს არ აკმარეს და ორი მათგანი მოკლეს, თალაათ-ფაშა ბერლინში და ჯემალ-ფაშა თბილისში“.
დაკარგული „სულების აუქციონი“ - ჰოლივუდიდან ბათუმის პორტამდე
როცა ავრორამ შტატებამდე ჩააღწია, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, 16 წლის. იქ მას უპატრონეს და შესთავაზეს თავს გადახდენილი ამბავი დოკუმენტურ პროზად გამოეცა. ასე დაიწერა „სულების აუქციონი“ (Ravished Armenia - Auction of Souls). 1919 წელს ამ წიგნის მიხედვით ჰოლივუდმა იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც მალევე გახდა პოპულარული. 30-იან წლებში ფილმი ჯერ კიდევ ეკრანებზე გადიოდა, შემდეგ დაიკარგა.
„ზოგი ფიქრობს, რომ ფილმი სათანადო პირობებში არ შეინახეს. მეორე ვერსიით, ის თურქეთის ლობისტებმა გააქრეს. სულაც არ არის გამორიცხული. ბიბილიოთეკებიდანაც კი ამოიღეს წიგნები, რომლებშიც ამ ფილმზე იყო საუბარი. თუმცა ნომრები და წიგნების ბარათები დარჩა, - ამბობს ინა სააკიანი, - ფილმი 1923 წლამდე გადიოდა. ოპერატორმა, რომელიც წარმოშობით სომეხი იყო, ის ხელმეორედ დაამონტაჟა, ლიცენზიაც მიიღო, რომ სომხეთში ეჩვენებინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის სომხეთში დაბრუნდა და ფილმიც წამოიღო. 9 დისკი ჰქონდა, ჩვენამდე მხოლოდ ერთმა მოაღწია. არის ვერსია, რომ ფილმი ბათუმის პორტში უშიშროებამ ამოიღო. შესაძლებელია, დღემდე რომელიმე არქივში დევს და სადმე რამე აღმოჩნდეს, ხანდახან სასწაულიც ხდება“.
ფილმისგან ახლა მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია დარჩენილი. თუმცა, წიგნი ბევრ ენაზე ითარგმნა და დღემდე იბეჭდება.
„ამერიკაში, სადაც ცხოვრება ისე განსხვავდება ყველაფერ იმისგან, რაც ჩემს ქვეყანაში ხდებოდა, ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს. შეუძლია თუ არა ვინმეს ამ კეთილი ადამიანებიდან, რომლებსაც აქ ვხვდები, წარმოიდგინოს ის ტანჯვა, რომელიც მე განვიცადე იმ ღამეს, როდესაც უკან გადაგრეხილი ხელებით ვიწექი, ფეხებით კი ცხენზე ვიყავი გამობმული. ამ მიწაზე იმდენად ცოტაა ტრაგედია, ნამდვილი ადამიანური დარდი... უკვე რამდენიმე თვეა თავისუფალი ვარ, მაგრამ დღემდე არ მჯერა, რომ არსებობს ეს ქვეყანა, სადაც ხალხს არ სჯიან იმის გამო, რომ მათ ღმერთი სწამთ“, - წერს ავრორა „სულების აუქციონში“.
„არა მგონია, ბებიაზე რამე იცოდეს“
1920 წელს ავრორამ ოჯახი შექმნა. ის ღრმა სიბერემდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა და 1994 წელს, 93 წლისა გარდაიცვალა.
„ვაჟთან ძალიან რთული ურთიერთობა ჰქონდა. ალბათ იმის გამო, რომ ის ფილიპინელ ქალზე დაქორწინდა და არა სომეხზე. საბოლოოდ ავრორა მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. შვილს ცხედარიც კი არ წაუსვენებია. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ფერფლი ლოს-ანჯელესის საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს", - ამბობს ინა სააკიანი, - "ავრორას ვაჟიშვილი 2016 წელს გარდაიცვალა. შვილიშვილიც ჰყავს, მაგრამ მას ვერ ვუკავშირდებით... არა მგონია, ბებიაზე რამე იცოდეს“.