ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის ზუგდიდში კანდიდატების ნაწილი უკვე ცნობილია, თუმცა ამომრჩევლებს კანდიტების სრული სია ოფიციალურად მხოლოდ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააცნო. სხვა პოლიტიკური სუბიექტები ზუგდიდში კანდიდატების წარდგენას სექტემბერში გეგმავენ.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის კანდიდატები ანაკლიაში გასულ კვირაში წარადგინა. პარტიის ლიდერებმა ნიკა მელიამ, ზაალ უდუმაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებს ზუგდიდის მერობის კანდიდატად ქალაქის საკრებულოს წევრი ლევან კონჯარია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად მისი კოლეგა ანა წითლიძე წარუდგინეს, რომელიც, ამავდროულად, ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიცაა.
კანდიდატებმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, რომ დარწმუნებული არიან საკუთარ წარმატებაში და იბრძოლებენ მხოლოდ გამარჯვებისთვის:
„არაფერი არ კეთდება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში. ჩვენ მოვალთ და გაჩერებულ პროექტებს ყველაფერს გავაგრძელებთ“, – ამბობს ლევან კონჯარია.
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყოველთვის, ამ არჩევნებზეც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. სხვა გეგმა და მიზანი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე ასევე დასახელდნენ მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქის ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატები.
ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, პარტია „ევროპული საქართველო“ კანდიდატებს ზუგდიდში სექტებერში წარადგენს, მანამდე კი საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს ჯერ კიდევ ივლისში პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ თბილისში საზოგადოებისთვის ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარდგენილი პარლამენტარი ლელა ქებურია.
როგორც რადიო „თავისუფლებას“ ლელა ქებურიამ უთხრა: „ევროპული საქართველო“ სექტემბერში ზუგდიდში წარადგენს როგორც მის კანდიდატრურას, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეობისა და ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც. მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რადგან მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა სწორედ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.
„პირველი, რასაც ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, არის ის, რომ იმ რაიონებში, სადაც „ევროპული საქართველო“ გაიმარჯვებს, მოქალაქე ადგილობრივი ბიუჯეტიდან პენსიაზე დანამატის სახით მიიღებს იმდენს, რა შესაძლებლობაც აქვს ადგილობრივ ბიუჯეტს. ყველა რაიონში ეს არის სხვადასხვა, იმიტომ, რომ სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნია ადგილობრივ ბიუჯეტს. ზუგდიდის შემთხვევაში, ეს დათვლილი გვაქვს და არის 25- ლარიანი დანამატი“, – აღნიშნა ლელა ქებურიამ.
ასევე, სექტემბერში გეგმავს საარჩევნო კანდიდატების დასახელებას ზუგდიდში მმართველი პარტია. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოქმედი გამგებელი ლაშა გოგია იქნება. ეს ინფორმაცია მან რადიო „თავისუფლებას“ თვითონ დაუდასტურა, თუმცა, უფრო კონკრეტულად, თუ როგორი იქნება მისი საარჩევნო პროგრამა, მისი თქმით, ამაზე მას შემდეგ ისაუბრებს, როცა კანდიდატად ოფიციალურად დასახელდება.
რაც შეეხება მმართველი პარტიის ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ის შესაძლოა გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია გახდეს. წოწერიამ რადიო „თავისუფლებას“ დაუდასტურა, რომ, ამ კუთხით, კონსულტაციები მიმდინარეობს:
„კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით“, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც განცხადებები გაუკეთებიათ და არც კანდიდატები წარუდგენიათ.